"საინტერესოა, როგორი იქნებოდა უკრაინის პოლიტიკური ელიტის პოზიცია, იანუკოვიჩი რომ ჩამოგვეყვანა და რაიმე თანამდებობაზე დაგვენიშნა"
ნაწყვეტი "კვირის პალიტრის" ინტერვიუდან საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტ გიორგი გობრონიძესთან
ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი და მმართველ პარტიას გამოყოფილი ე.წ. ხალხის ძალა ბოლო ხანს, ფაქტობრივად, ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებენ. ამან ჩვენი საზოგადოების ნაწილში გააჩინა კითხვა, სად არის საქართველო შექმნილ ვითარებაში, როდესაც უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა, ფაქტობრივად, ორად გაყო მსოფლიო, რომლის ერთ მხარეს ცივილიზებული სამყაროა, მეორე მხარეს კი რუსეთი...
- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლება ცდილობს ოქროს შუალედი იპოვოს, რამდენად გამოსდის ან არსებობს თუ არა ამგვარი შუალედი საერთოდ, სხვა საკითხია. მოდი, გავიაზროთ რამდენიმე მომენტი. მაგალითად, როდესაც ლაპარაკია, თუ რატომ არ გავიზიარეთ ევროკავშირის ქვეყნების მიდგომა და არ დავუწესეთ ჩვენც ცალმხრივი შეზღუდვები რუსეთს, ჯერ ერთი, ჩვენ არა ვართ ევროკავშირის წევრი და არ ვიყავით მზად ამის უარყოფითი ეფექტისთვის ისე, როგორც ევროკავშირის ქვეყნები. ჩვენ არც იმის გარანტიები მიგვიღია, რომ ამის შემდეგ ჩვენი ეკონომიკური სისტემა თუ უსაფრთხოება დაცული იქნებოდა და ა.შ. ჩემი აზრით, პრობლემა იყო არა ის, რომ არ და ვერ დავაწესეთ ამგვარი სანქციები, არამედ ის, თუ როგორ მივაწოდეთ ამის თაობაზე ინფორმაცია გარე სამყაროს. მარტივად და ლოგიკურად შეგვეძლო ამის ახსნა, მაგრამ ეს არ გააკეთეს. არაფერი განსხვავებული იმისგან, რაც, მაგალითად, გააკეთა მოლდოვამ, არ გაგვიკეთებია.
ვერ ვიტყოდი, რომ ამ გლობალურ დაპირისპირებაში ჩვენ რუსეთის მხარეს ვართ, უბრალოდ, ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვჭირდება. პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად ვერ გავუწევთ უკრაინას დახმარებას. ეს ქვეყნები ნატოს ქოლგის ქვეშ არიან, შესაბამისად, მათ უსაფრთხოების გაცილებით მეტი გარანტია აქვთ, ვიდრე ჩვენ. თურქეთიც კი, რომელსაც ალიანსში რიგით მეორე არმია ჰყავს, ისიც ძალიან სიფრთხილით მოეკიდა სანქციების საკითხს. ის ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას თავისი ინტერესები. თურქული დიპლომატია მეტად საინტერესოა თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ერთადერთი ქვეყანა იყო რეგიონში, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა არ მიუღია. ჩვენ სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ ზოგჯერ ნამდვილად იბადება კითხვები, ხომ არ ვაჭარბებთ ან ამა თუ იმ ვითარებაში რამდენად სწორად ვიქცევით?
ცალკე პრობლემაა საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთობა, რომლის გაუარესებაც ომის დროს არ დაწყებულა. ამ ურთიერთობაში სააკაშვილის ფაქტორმა ძალიან ცუდი როლი ითამაშა. დიპლომატიური ურთიერთობის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ამ ხელისუფლების შეფასებით მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა, რომელზეც გამოცხადებული იყო ძებნა, უკრაინაში კი სხვადასხვა ხელისუფლების დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობას აბარებდნენ. საინტერესოა, როგორი იქნებოდა უკრაინის პოლიტიკური ელიტის პოზიცია, იანუკოვიჩი რომ ჩამოგვეყვანა და რაიმე თანამდებობაზე დაგვენიშნა. მოკლედ, ვცდილობ ობიექტურად ავხსნა, თუ რამ გამოიწვია საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთობის გაუარესება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ეს რიტორიკა, რაც ორივე მხრიდან გვესმის, მისაღებია.
- სააკაშვილი ახსენეთ და, გასულ კვირას ექსპრეზიდენტს სასამართლომ სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა. ჩვენშიც და ქვეყნის გარეთაც ბევრი მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო.
- აქ მე ვხედავ ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას - ჩვენს ქვეყანას რომ ჰყავდეს სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებები არ გამოიწვევდა კითხვებს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, არ გახდებოდა ეს საკითხი საეჭვო და ამდენი მითქმა-მოთქმის საფუძველი. სანამ არსებობს კითხვები სასამართლო სისტემაზე, მანამდე იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი პროცესები, სულერთია, ვისაც არ უნდა შეეხებოდეს. შესაბამისად, ჩვენ უპირველესად გვაქვს ინსტიტუციური პრობლემები. აუცილებელია ქვეყანაში, ბოლოს და ბოლოს, დამკვიდრდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მაღალი სტანდარტი.
სხვა ქვეყნების ისტორიაშიც არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაუკავებიათ, მაგრამ ამას სჭირდება დასაბუთება და პროცესის ისე წარმართვა, რომ არ გაჩნდეს კითხვები. სააკაშვილი შეიძლება განვიხილოთ როგორც პოლიტიკური პატიმარი არა იმიტომ, რომ ის უდანაშაულოა, არამედ იმიტომ, რომ მისი დაკავება იმთავითვე იქცა პოლიტიკური პროცესის ნაწილად.
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია ხელისუფლების დამოკიდებულებაც. წესით, მისთვის ყოველმხრივ მომგებიანი უნდა იყოს მისი შეწყალება და როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოდან გაშვება. ეს იქნებოდა კრიზისიდან უმტკივნეულო გამოსავალი. არ მესმის, ხელისუფლება რატომ არ იქცევა ასე და სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებით რა სარგებელს იღებს.