ბათუმის სანაპიროზე ოდესის მისადგომებიდან მოწყვეტილი მოტივტივე საზღვაო ნაღმი აფეთქდა - კვირის პალიტრა

ბათუმის სანაპიროზე ოდესის მისადგომებიდან მოწყვეტილი მოტივტივე საზღვაო ნაღმი აფეთქდა

13 თებერვალს, საღამოს შვიდი საათისთვის, ბათუმის სანაპიროზე მძლავრი აფეთების ხმა გაისმა და ჰაერში მაღლა ავარდა შავი კვამლი, რისი დაფიქსირებაც თვითმხილველებმა მობილურ ტელეფონის ვიდეოკამერით მოასწრეს...

უდავოა, რომ ეს ღუზამოწყვეტილი მოტივტივე საზღვაო ნაღმი გახლდათ, რომლის მოცურებას ოდესის მისადგომებიდან ბათუმამადე, ჯერ კიდევ 11 თვის წინ ვწინასწარვმეტყველებდი...

„როდის ველოდოთ აჭარის სანაპიროზე ღუზამოწყვეტილ მოტივტივე საზღვაო ნაღმების "სტუმრობას", მაშინ როდესაც რუმინელები და თურქები მათ უკვე "იჭერენ" - ამ სათაურით სტატია ჩემს ბლოგში 2022 წლის 29 მარტს გამოვაქვეყნე, რომელშიც ვწერდი: „...უკრაინაში შეჭრიდან ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა, გაძლიერებულმა ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების ფლოტებიდან სპეციალურად ჩამოყვანილი დიდი სადესანტო ხომალდებით, რომ ვერ მოახერხა ოდესასთან საზღვაო დესანტის გადასხმა, ეს იმ საზღვაო ნაღმების დამსახურებაცაა, რომლებიც უკრაინელებმა სანაპიროს დესანტსაშიშ მონაკვეთებთან, ზღვის ფსკერზე განათავსეს.

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდას რომ არ დაეჯერება, არ ახალია, მაგრამ მის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან - უკრაინელების დაყენებული ნაღმები, შტორმმა ღუზებიდან მოწყვიტა და ბოსფორის სრუტისკენ წაიღოო - ორიოდე დღეში მართლაც, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სანაპიროებთან რამდენიმე საბჭოთა წარმოების მოტივტივე საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს და გაანადგურეს...

... თუკი მართლაც უკრაინელების მიერ ოდესის სანაპიროსთან დაყენებული საზღვაო ნაღმები შტორმმა მასობრივად მოწყვიტა ღუზებს, მაშინ, შავი ზღვის დინებების მიმართულებების გათვალისწინებით, ამ მოტივტივე ხიფათს ადრე თუ გვიან ჯერ აჭარის სანაპიროსთან, შემდეგ კი ფოთის პორტთანაც უნდა ველოდოთ...

13022023-2027-1676305689.41_REC.png
საზღვაო ნაღმი ბათუმის ნაპირიდან ორ ათეულ მეტრში,აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე...

ზოგიერთი მკითხველი ირონიულად უდგება თავისუფლად მოტივტივე საზღვაო ნაღმებისგან წამოსულ საფრთხეს - ერთი მაგათ ქართული ატომური ავიამზიდი არ ჩაგვიძირონო...

ავიამზიდზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ბათუმისა და ფოთის პორტები საქართველოს მთავარ საზღვაო კარიბჭეს წარმოადგენენ და მათი გავლით შემოდის ქვეყანაში პროდუქტებისა თუ საწვავის ლომის წილი, ისევე, როგორც ამ პორტებიდან გადის აზერბაიჯანიდან ტრანსპორტირებული ნავთობი.

როგორ მიგაჩნიათ, როდესაც ტანკერისა თუ მშრალტვირთმზიდის კაპიტანს, როდესაც მისი გემის ბორტის სიახლოვეს სახიფათოდ მოტივტივე „ეშვებიან“ საზღვაო ნაღმს დალანდავს, რისი სურვილი გაუჩნდება - გააგრძელოს მარშრუტი ქართულ პორტებისკენ თუ თავს და გემსაც უშველოს და უკან გაბრუნდეს?“

3-p-1676305711.jpg
საზღვაო დინებების მიმართულებები შავ ზღვაში

ბათუმის სანაპიროზე 13 თებერვლის საღამოს აფეთქებული საზღვაო ნაღმი სავარაუდოდ ЯМ -ის ტიპისა იყო.

საზღვაო ნაღმი - ЯМ ძალიან ძველი მოდიფიკაცისაა (მან მეორე მსოფლიო ომის ბოლოსაც კი მოუსწრო) და ის ზღვის ფსკერზე (მაქსიმუმ 12 მ-ის სიღრმეზე) დადებულ სიმძიმეზე ღუზით არის გამობმული, ხოლო თავად „ ეშვებიანი“ ნაღმი კი ზღვის ზედაპირიდან ნახევარ მეტრზეა ჩაძირული და არ მოჩანს, მაგრამ როგორც კი ხომალდის კორპუსის წყალქვეშა ნაწილი შეეხება ნაღმის „ეშვებიდან“ ერთ-ერთს, 172 კგ-იან ნაღმში მოთავსებული 20 კგ ტროტილის დეტონაცია ხდება და...

ამ საზღვაო ნაღმს „შაქრიანსაც“ იმიტომაც ეძახიან, რომ მისი ზღვაში ჩაშვების მომენტში ტალღამ ხომალდის კორპუსზე მიჯახებისას აფეთქება არ გამოიწვიოს, ნაღმს უყენდება სპეციალური დამცველი, რომელშიც ...შაქარია ჩაყრილი!

დიახ, ჩვეულებრივი შაქარი, რომელსაც ნაღმის ზღვაში ჩაშვების შემდეგ წყალი ხსნის და ნაღმიც 10-40 წუთში (დამოკიდებულია ზღვის წყლის ტემპერატურაზე, მაგალითად, +20 გრადუსის შემთხვევაში, შაქარი წყალში ათიოდე წუთში იხსნება, ხოლო ნული გრადუსის დროს ამ პროცესს 40 წუთი მაინც სჭირდება), საბრძოლო მდგომარეობაში გადადის.

ამ მოძველებულ საზღვაო ნაღმებს ბევრი ტექნიკური ნაკლი აქვთ, მათ შორის ისიც, რომ ზღვის წყალქვეშა დინების სიჩქარემ თუკი წამში ერთ მეტრს გადააჭარბა, დიდი შანსია, ნაღმი ღუზას მოწყდეს და „თავისუფალ ცურვაში“ გადავიდეს.

იმის გამო, რომ ეს მოძველებული საზღვაო ნაღმები არ არის აღჭურვილი თვითლიკვიდაციის მექანიზმით, მათ შეიძლება წლები იცურონ ზღვაში და მუდამ საფრთხეს შეადგენდნენ ნებისმიერი სამოქალაქო გემისთვის თუ სამხედრო ხომალდისთვის. ამის მაგალითს მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი ასეთივე საზღვაო ნაღმები წარმოადგენენ, რომელთა ნაწილი 75 წლის შემდეგაც საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფება.

4-p-1676305739.jpeg
პლაჟზე გამორიყული საზღვაო ნაღმი. ასეთის დანახვის შემთხვევაში, აუცილებლად გაერიდეთ მონაკვეთს

ზღვაში ასე, თავისუფლად მოტივტივე (ღუზიდან მოწყვეტის შემდეგ ნაღმის კორპუსი სანახევროდ ამოდის ზღვის ზედაპირზე) ნაღმების გასაუვნებელყოფად, როგორც წესი, იყენებენ სნაიპერულ შაშხანებს, მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებს ან, სულაც, სახომალდო ქვემეხებს, რათა ტყვია თუ ჭურვი როგორმე მოარტყან ნაღმის რომელიმე მგრძნობიარე „ეშვს“ და გამოიწვიონ დეტონაცია, თუმცა, ხომალდი, რომლიდანაც ნაღმს ესვრიან, არანაკლებ ორას მეტრზე მაინც უნდა იყოს დაცილებული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.

ოდესიდან წამოსული შავი ზღვის დინება საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობს და გვერდს უვლის ჯერ რუმინეთის, შემდეგ კი - ბულგარეთის სანაპიროებს, სტამბოლთან ჩაუვლის ბოსფორის სრუტეს და თურქეთის სინოპის, სამსუნისა და ტრაპიზონის გავლით საქართველოს ბათუმისა და ფოთის პორტებს მოადგება...

დიდი ალბათობით სწორედ ეს მარშრუტი გამოცურა ოდესიდან ბათუმამდე ამ საზღვაო ნაღმმა, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის საწყისი ეტაპის ექო თითქმის ერთი წლის შემდეგ „ჩამოაცურა“ ქართულ ნაპირთან...