"ვანო მერაბიშვილი ჩემთვის დღეს ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს"
ვანო მერაბიშვილი ჩემთვის დღეს ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს, შესაბამისად, ვერანაირ “წითელ ხაზებზე” ვერ ვისაუბრებ - ჩემთვის ჭორიკნობაა საუბარი იმ შეთქმულების თეორიებზე, რომელიც სადღაც, რომელიღაც პარტიაშია. ეს ძალით შემოტანილი თემაა , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში დღეს გაცილებით მეტი პრობლემაა, ვიდრე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკითხის განხილვა.
როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის პარტიას თვითონ მიხედავს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ სამიზნე „პრორუსული „ქართული ოცნებაა“, რომელიც ღალატის პარტიად ჩამოყალიბდა“.
„ვფიქრობ, რომ საზოგადოება და განსაკუთრებით მედია, რაც ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს ამ მეორეხარისხოვან საკითხებს, მით უფრო კარგად წავა ქვეყანა, იმიტომ რომ ამ ქვეყანას რუსეთიდან მართული მარიონეტული რეჟიმი მართავს. ადამიანებს სამუშაო ადგილები არ აქვთ, საქართველოს ყოველი მეოთხე მოქალაქე ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობს, ფასები უკიდურესად იზრდება. უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა.
ძალიან ვწუხვარ, რომ ოპოზიციური პარტიები საერთოდ ამ დიალოგში შედიან, რადგან პირდაპირ ვფიქრობ, რომ ეს არის რუსეთიდან მართული მარიონეტული რეჟიმის განმტკიცების და გამაგრების ერთადერთი გზა, რომ ოპოზიციაში დაქსაქსულობა და გახლეჩილობა შემოიტანოს. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის პარტიას თვითონ მიხედავს. ეს ჩემი გასარჩევი არ არის. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სამიზნე არის პრორუსული „ქართული ოცნება“, რომელიც ღალატის პარტიად ჩამოყალიბდა, ანტიქართულ, ანტიეროვნულ, ლაჩრულ განცხადებებს აკეთებს, თავს ესხმის უკრაინას, დასავლეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. იმასაც კი ბედავენ, რომ დასავლეთს ასწავლიან ჭკუას, მედიათავისუფლება როგორ სტანდარტებში უნდა იყოს.
ჩვენი ქვეყნის პრობლემა არის ის, რომ განვითარების გზას აგვაცდინეს. ეს არის მთავარი პრობლემა და არა ის მეორეხარისხოვანი საკითხები, რომელშიც ჩართული ხართ მთელი მედიასაშუალებები და პოლიტიკურ ჭორაობად დავამსგავსეთ ტელევიზიაში დისკუსიებიც. ჩემთვის ჭორიკანობაა საუბარი იმ შეთქმულების თეორიებზე, რომელიც სადღაც რომელიღაც პარტიაშია. "ნაციონალურ მოძრაობაში“ რა ხდება არ მაინტერესებს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მან ასევე აქციებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა აქტივობას მიესალმება, რომელიც "ქართული ოცნების“ დასუსტებისკენ არის მიმართული.
როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთთავდასხმასთან დაკავშირებით მორატორიუმს აცხადებს.
მისივე თქმით, სხვადასხვა მიმართულებით ოპოზიციას ერთმანეთთან თანამშრომლობა მოუწევს, მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ევროინტეგრაციის და უკრაინის მიმართ სოლიდარობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
"მე საერთოდ მორატორიუმს ვაცხადებ ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთთავდასხმაზე და არავისზე თავდასხმა არ გაგვიკეთებია, ვინც ჩვენ თავს დაგვესხა“, - განაცხადა ვაშაძემ.
"ინტერპრესნიუსი"