"არავის არაფერი დაუნახავს, არც ჩხუბის ხმა გაუგია ვინმეს. ამიტომ ვფიქრობ, ქალი სხვაგან მოკლეს" - ცნობილი ხდება ხობში ნაპოვნი გარდაცვლილის ვინაობა - კვირის პალიტრა

"არავის არაფერი დაუნახავს, არც ჩხუბის ხმა გაუგია ვინმეს. ამიტომ ვფიქრობ, ქალი სხვაგან მოკლეს" - ცნობილი ხდება ხობში ნაპოვნი გარდაცვლილის ვინაობა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში 50 წლამდე ასაკის ქალის ცხედარი ადგილობრივმა შემთხვევით ქუჩაში იპოვა. ქალს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

როგორც ირკვევა, მოკლულია ხათუნა ლაზარია. მას სხეულზე რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებოდა. ბიჭმა მაშინვე დარეკა პოლიციაში და შემთხვევის ადგილზე მალე მივიდნენ სამართალდამცავები. დიდხანს მუშაობდნენ იქ, შემდეგ ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. მალევე გაირკვა, რომ მოკლული ქალი ადგილობრივი არ იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ის ზუგდიდში მცხოვრები ხათუნა ლაზარიაა და მის მკვლელობაში ბრალდებულიც 30 წლამდე ასაკის ქალია.

სამართალდამცავებმა დამნაშავეც მალევე დააკავეს. ამბობენ, რომ ის ბრალის აღიარებით თავად მივიდა პოლიციაში. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა. მათ შორის დავა ფულის გამო მოხდა. მოკლულს მკვლელობაში ბრალდებულის ვალი ჰქონდა და სწორედ ეს გახდა მკვლელობის მიზეზი.

რამდენად სწორია ეს ვერსია, მალე გამოძიებით გაირკვევა. ჯერჯერობით უცნობია რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება და რა ჩვენება მისცა თავად მკვლელობაში ბრალდებულმა.

"მოკლული ქალი ადგილობრივი არ არის, ერთადერთი ეს ვიცი, რომ ჩემი სოფლიდან არ არის არც მკვლელი და არც მოკლული. აქ მაცხოვრებელმა ბიჭმა ნახა ცხედარი, შემთხვევით, ქუჩაში დაგდებული და პოლიციაში დარეკა. ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მეორეხარისხოვანი გზაა და იქ იპოვეს. არის ვარაუდი, რომ ქალი მოკლეს და შემდეგ ცხედარი აქ გადმოაგდო ვიღაცამ. არავის არაფერი დაუნახავს. არც ჩხუბის ხმა გაუგია არავის. ამიტომ, ვფიქრობ, სხვაგან მოკლეს და აქ დატოვეს. ახლა ამბობენ მკვლელიც ქალიაო. ზუგდიდელები ყოფილან. ჩვენ სხვა არაფერი ვიცით. ბიჭი, ვინც შემთხვევით ქუჩაში მოკლულის ცხედარი ნახა, ამ დრომდე პოლიციაშია დაკითხვაზე",- გვითხრა ადგილობრივმა.

ხობის პოლიციაში მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ მოკლა ქალმა ქალი. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლს სხეულზე მძიმე დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. რა ჩვენება მისცა გამოძიებას დამნაშავემ და რა დეტალები გაარკვიეს სამართალდამცავებმა, ეს ჯერჯერობით უცნობია. მომხდარის ოფიციალური ვერსია ჯერ ძალოვნებს არ გაუვრცელებიათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

(სპეციალურად საიტისთვის)

თეა ხურცილავა