როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში - რას ამბობენ სინოპტიკოსები
საქართველოში უამინდობა 18 თებერვლამდე გაგრძელდება, 19 თებერვალს ტემპერატურა ოდნავ მოიმატებს, თუმცა არამდგრადი ამინდი თებერვლის ბოლომდე შენარჩუნდება.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა შესაძლოა, -3 გრადუსამდე შენარჩუნდეს, მთაში -8, მაღალ მთაში კი, ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსამდე დაიწევს.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა იქნება -6 ან -7გრადუსი, მთაში -12 ან -13 და მაღალ მთაში -15 გრადუს. თუმცა, ზოგან ტემპერატურა შესაძლოა, -21 გრადუსამდეც დაეცეს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა ღამით -2 ან -3 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. დღისითაც საკმაოდ დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
„წუხელ დასავლეთ საქართველოში თითქმის ყველგან თოვდა. მთაში და მაღალ მთაში იყო ქარბუქი და ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი თოვდა, ძირითადად მაღალ მთებში და შიდა ქართლში, ქროდა ქარიც. კონკრეტულად დღეისთვის ნალექი შედარებით შეისვენებს. თუმცა, ამინდის გაუარესება ხვალიდან კვლავ არის მოსალოდნელი ოღონდ, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში კი, ზოგიერთ რაიონებშია ამინდის გაუარესება მოსალოდნელი, სავარაუდოდ, ინტენსიურად მოთოვს. შენარჩუნდება ძლიერი ყინვა. გასულ ღამეს კობში -23 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა, თბილისში -2, ბოლნისში -6, გურჯაანში -7 გრადუსი. ყინვა იყო ასევე დასავლეთ საქართველოში. იგივე მდგომარეობა შენარჩუნდება უახლოეს დღეებში. ამგვარი ცივი და ნალექიანი ამინდი 18 თებერვლამდე შენარჩუნდება. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ქარბუქი, გზებზე - ლიპყინული. ასევე, გუშინ შტორმი იყო ზღვაზე, რაც შესაძლოა, ისევ შენარჩუნდეს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სვეტლანა ნიორაძემ.
IPN