"გადაირია, მაიცა, ის გამოშტერებული კახაბერი შენა ხარო?! თუმცა სხვა სიტყვა თქვა, ვერ გავიმეორებ..."
"...ამ ბოლოს წავიდნენ არაჩვეულებრივი - ჯემალ ღაღანიძე, თამარ სხირტლაძე და ვინღა დავრჩით?! თენგიზ არჩვაძე სპექტაკლებში აღარ მონაწილეობს და მე დავრჩი ერთადერთი, რომელიც ჩემს ჭიას ვახარებ და დავდივარ, სცენაზე ვარ... უკმაყოფილებას ვერ გამოვთქვამ, რომ ცოტა ხანს ვიცოცხლე. მიკვირს კიდეც, რომ იტყვიან, წუთისოფელიო, ვერ ვიტყვი, რომ წუთისოფელია, მე ძალიან გამიგრძელდა ეს წუთი...", - ამბობს ლეგენდარული მსახიობი ლეო ანთაძე, რომელმაც საყოველთაო აღიარება და სიყვარული ჯერ კიდევ ათეული წლების წინ მოიპოვა...
მსახიობი ფენომენალური მეხსიერებითაც გამოირჩევა და თავისი საინტერესო ცხოვრებიდან საინტერესო მონაკვეთები გაგვიზიარა....
- ჩემი საქმე, მსახიობობა ძალიან შემიყვარდა, ძალიან ბევრი ბედნიერება მომანიჭა, პოპულარობაც მომიტანა და საოცრად ბევრი სასიამოვნო დღე მაჩუქა...
- როგორ გახსენდებათ სცენაზე პირველი ნაბიჯები?
- ქართული თეატრის ასი წლისთავი რომ იყო, ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში სპექტაკლი დავდგით... იმ პერიოდში სკოლაში ცალკე ვიყავით ვაჟები და გოგონები.
სპექტაკლისთვის შეგვკრიბეს, სადაც მონაწილეობდა კონსტანტინე გამსახურდიას ქალიშვილი - თამრიკო გამსახურდია, მანანა ხიდაშელი, ჯულიეტა ვაშაყმაძე, სხვები... სპექტაკლში წარმოდგენილი იყო მანანა ორბელიანის სალონი, სადაც მე ილია ორბელიანს განვასახიერებდი. მახსოვს, როგორი გრიმი, დიდი ულვაშები გამიკეთეს. როგორც კი გამოვედი, იქ დიალოგის სცენა იყო, ცალი ულვაში მყისვე ამძვრა... რომ ვლაპარაკობდი - თ-უს ან ფ-უს რომ ვიტყოდი, ეს დარჩენილი ულვაში ყალყზე დგებოდა... ამის გამო, სპექტაკლი ისეთი კომედია გახდა, მსგავსი სიცილი მე არ მახსოვს, ხალხი სიცილით დაიხოცა. პირველი განყოფილება ასე ჩავატარეთ... მეორე განყოფილება ნაწყვეტი იყო "გაყრა"-დან, სადაც მე იოანეს მსახური ვითამაშე და წილად ძალიან დიდი წარმატება მხვდა... მახსოვს, ქართულის პედაგოგი ჩემთან მოვიდა და მითხრა, შენ აუცილებლად მსახიობობა უნდა დაიწყოო. უკვე მეთერთმეტე კლასში გახლდით, სკოლას ვამთავრებდი და ვუთხარი, რომ უკვე გადაწყვეტილი მქონდა თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება. გაიკვირვა, რა გინდა თეატრალურში, პირდაპირ სცენაზე წადიო... ეს სიტყვები ისეთი პათოსით მითხრა, არასოდეს დამავიწყდება.
სკოლის დამთავრების შემდეგ მართლაც ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში... კომისიის თავმჯდომარე აკაკი ხორავა იყო, წევრი გახლდათ დოდო (დიმიტრი) ალექსიძე... გულწრფელად რომ გითხრათ, აკაკი ხორავას არ მოვეწონე. თავისი თეატრისთვის მაღალი აღნაგობის, მხარბეჭიან მსახიობ ვაჟკაცებს არჩევდა...მე პატარა ტანის, ძალიან გამხდარი ვიყავი და როგორც შევხედე, მაშინვე შევატყვე, რომ დიდად არ მოვწონდი... ჩემს პირდაპირ დაჯექიო და იმდენად ახლოს დამსვა, ერთმანეთს ნახევარი მეტრი გვაშორებდა. მითხრა, დაწერე, თითქოს წერილს შენს მეგობარს წერო... ერთ წერილში, თითქოს რამეს სთხოვ, მეორეში - სასიხარულო ამბავს ამცნობ, მესამეში - სამწუხაროს და ასე შემდეგო... მაშინ ტექნოლოგია არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეკეთებინა, ახლა კი ვიცი, რომ წერ, მართლა რომ უნდა იფიქრო... მიმიკები დავიწყე, სადაც მწუხარება მინდოდა, იქ წარბებს შევჭმუხნიდი, სადაც სიხარული, იქ ვიღიმოდი და ყველაფერი შინაგანად კი არა, გარეგნულად შევასრულე, მართლაც ცუდად ჩავატარე...
აკაკი ხორავასგან განსხვავებით, დოდო ალექსიძეს ჩემი გარეგნობა თვალში მოუვიდა და შესასრულებლად ნორმალური ეტიუდი მომცა, რომელიც ძალიან კარგად შევასრულე. მას ჯგუფი აჰყავდა და მაშინვე თქვა, ამ ყმაწვილს მე ავიყვან, ჩემთან იქნებაო. ასე გამიღიმა ბედმა და დოდო ალექსიძის ჯგუფში მოვხვდი.
- თავს იღბლიან მსახიობად მიიჩნევთ?
- დიახ... ძალიან ბევრი შემძინა დოდო ალექსიძესთან მუშაობამ. სულ კომედიური ჟანრის როლებს მაძლევდა. სპექტაკლში - "ორი ბატონის მსახური" მსახურის როლი რომ ვითამაშე, სახელი უცებ გამივარდა. იმდენად დიდი მოწონება დავიმსახურე, სხვა პედაგოგები ხათრით კარგ ნიშნებს მიწერდნენ... მარქსიზმს და პოლიტიკურ საგნებს არ ვსწავლობდი, მაგრამ მპატიობდნენ.
აქედან იწყება ჩემი ოქროს ხანა! სტუდენტობა არაჩვეულებრივად მახსენდება, ჩემს საქმეში ძალიან წარმატებული ვიყავი. ძალიან დიდი და საუკეთესო სამეგობრო წრე შევიძინე. მხოლოდ ჩემი კურსელები კი არა, ჩემთან სხვებიც მეგობრობდნენ, გარს მეხვეოდნენ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი... ბედმა გამიღიმა და ერთმანეთზე უკეთესი, საოცარი პედაგოგები მყავდა - დიმიტრი ალექსიძე, მიხეილ თუმანიშვილი, სერგო ზაქარიაძე... მათ ძალიან ბევრი შემძინეს.
სერგო ზაქარიაძე მხატვრულ კითხვას მასწავლიდა და ეს საქმე იმდენად შემაყვარა, დღეს თბილისის გარეუბნებში, საქართველოს პერიფერიებში დავდივარ და ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონს", "სტუმარ-მასპინძელს" ზეპირად ვკითხულობ... სულ მოვლილი მაქვს საქართველო, ყველგან ვიყავი.
როდესაც წავიკითხავ, ქალბატონები, გოგონები ჩემთან მოდიან, მეხვევიან, მკოცნიან... ზრდილობის საკითხია და ისინი რომ მკოცნიან, მეც ხომ უნდა ვუპასუხო?! ვართ ასე, ჩახუტებულები, ხვევნა-კოცნაში... როცა მეკითხებიან, ბატონო ლეო, როგორ ბრძანდებით, ხომ ჯანმრთელად და კარგად ხართო? ვპასუხობ, - ცოტა მეხსიერების პრობლემები მაქვს-მეთქი... რა მეხსიერება მოგაკლდათ, "ბახტრიონი" თავიდან ბოლომდე ისე წაიკითხეთ, ერთი არ შეგშლიათო, უკვირთ... ვპასუხობ, ვაჟა-ფშაველას პოემები სულ ზეპირად მახსოვს, მაგრამ თქვენ გაკოცეთ თუ არა, ეს აღარ მახსოვს-მეთქი... მეუბნებიან, არაო და ისევ თავიდან ვიწყებთ ხვევნა, კოცნას... (იცინის)
- თქვენი სტუდენტობის პერიოდში თეატრალურ ინსტიტუტში ლამაზი გოგონები სწავლობდნენ?
- დიახ, ძალიან კარგები... ახლაც ლამაზი ქალბატონია ჩვენი თანაკურსელი - ნუნუ ხეთერელი... ჩემს კურსზე სწავლობდა - ასმათ ქანდაურაშვილი, მან ითამაშა ფილმში "სხვისი შვილები", იმ კაცის საყვარელი რომ არის... ჩვენს შემდეგ კურსზე იყვნენ ჯულიეტა ვაშაყმაძე, ლია ელიავა... მეტი სილამაზე რაღა იქნებოდა?!
მე და ჯულიეტა ვაშაყმაძე ფილმში "ყვავილი თოვლზე" მთავარ როლებს ერთად ვთამაშობდით... თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის დროს ისე ახლოს არ ვიყავით, როგორც მერე დავმეგობრდით. ამ ფილმმა იმდენად დიდი წარმატება ჰპოვა, დღესაც ყოველ ახალ წელს აჩვენებენ.
ამ ფილმთან დაკავშირებით ერთი სასაცილო ეპიზოდი უნდა გიამბოთ: ეს ამბავი ახლახან მოხდა.
ქუჩაში მოვდიოდი, უკვე სახლს ვუახლოვდებოდი და ტაქსიმ გამიჩერა, მძღოლი, რომელიც კახელი გახლდათ, ლეო პაპაო, - მეძახდა... დამაძალა, მოდი, დაჯექი, სახლთან მიგიყვანო, უარი ვუთხარი, აქვე ვცხოვრობ-მეთქი, მაგრამ არ მიიღო, ხათრი არ გავუტეხე და დავჯექი... გზაში მითხრა, ლეო პაპა, მე შენ ძალიან დიდ პატივს გცემ, შენი მონაწილეობით რამდენი ფილმი მინახავსო და ჩამოთვალა... ბოლოს მკითხა, პირველად რომელ ფილმში ითამაშეო და რომ ვუთხარი "ყვავილი თოვლზე", კახაბერის როლი-მეთქი, გადაირია, მაიცა, ის გამოშტერებული ტიპი შენა ხარო?! თუმცა გამოშტერებულის ნაცვლად სხვა სიტყვა თქვა, რომელსაც ვერ ვიტყვი... მსიამოვნებს ასეთ რაღაცებს რომ ვხვდები.
- გადაღების პერიოდიც ძალიან სასიამოვნო იყო?
- ძალიან სასიამოვნო... გადაღებები ბაკურიანში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. თოვლი რომ აღარ იყო, უკვე გაზაფხულმა მოგვისწრო და რაღაც სცენა კი გადასაღები იყო... მახსოვს, იმ სცენისთვის ყაზბეგში გადავედით და იქ გადავიღეთ. იქ ერთი მოხევე შეგვხვდა და დაინტერესდა, რას იღებთო... რომ ვუთხარით, ფილმს, "ყვავილი თოვლზე"-თქო, გაუკვირდა, ყვავილს თოვლზე რა უნდა, დევ-გმირებზე გადაიღეთო...
ბაკურიანში იმდენად გავკაჟდი, ორი წლის განმავლობაში სურდოც კი არ მქონია... დილით გარიჟრაჟზე ვდგებოდით და თოვლში რომ გავდიოდით, ფეხები სულ მისველდებოდა. ასე, დილიდან საღამომდე სველი ფეხებით ვიყავი და ერთხელაც კი არ გავცივებულვარ... საოცარი პერიოდი იყო, იქ ყველანი ძალიან ვმეგობრობდით.
- განსაკუთრებული პოპულარობა რამ მოგიტანათ?
- განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ - "ჩემი ცოლის დაქალებში" ჯემალის როლმა მომიტანა... რამდენი სხვა, ბევრად უკეთესი როლი მაქვს ნათამაშები თეატრსა თუ ფილმებში, მაგრამ იმ როლებით იმდენად არ მიცნობენ, როგორც - ჯემალის როლით.
- ალბათ, თავიდან ადვილი არ იყო თქვენი დათანხმება, სერიალში გეთამაშათ...
- თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინვე დავთანხმდი, რადგან ამ პერსონაჟის ხასიათი მომეწონა, რომ აღმიწერეს... უფრო მეტად მუდო ტიპი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე ცოტა განვავითარე: ჯემალის ბრძანებებიც უყვარს, მთელი ოჯახი ხელში უჭირავს, ცოლის ცოტა კი ეშინია, მაგრამ მაინც ცოლსაც ჯობნის - რა გინდა ქალო, რა?! - ცოტა ასე შევუცვალე გზა ჯემალის. ვფიქრობ, საინტერესო ხასიათი გამოვიდა.
ჯემალის პერსონაჟის სიყვარული ჩემზეც გადმოდის და ამას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ... ძალიან უხარიათ ჩემი დანახვა.
ამიტომაც ვიმეორებ, რომ ჩემი პროფესიის უზომოდ კმაყოფილი ვარ! შრომა მიყვარს. ეს ისეთი პროფესიაა, სადაც შრომა გახალისებს, ბედნიერი ხარ და თან ამ ყველაფერში გარკვეულ გასამრჯელოს იღებ.
- სამწუხაროდ, თქვენი სამეგობრო წრიდან გარდაიცვალნენ ხელოვანები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს...
- ეს წარმოუდგენელი საშინელებაა... ამ ბოლოს წავიდა არაჩვეულებრივი - ჯემალ ღაღანიძე, მანამდე, თამარ სხირტლაძე და ვინღა დავრჩით?! თენგიზ არჩვაძე სპექტაკლებში აღარ მონაწილეობს, მე დავრჩი ერთადერთი, რომელიც ჩემს ჭიას ვახარებ და დავდივარ, სცენაზე ვარ... უკმაყოფილებას ვერ გამოვთქვამ, რომ ცოტა ხანს ვიცოცხლე. მიკვირს კიდეც, რომ იტყვიან, წუთისოფელიო. ვერ ვიტყვი რომ წუთისოფელია, ძალიან გამიგრძელდა მე ეს წუთი...
(სპეციალურად საიტისთვის)
ასევე დაგაინტერესებთ: