"რამშტაინ-9"-ზე უკრაინასთან ერთად საქართველოს სამხედრო დახმარებასაც განიხილავენ... - კვირის პალიტრა

"რამშტაინ-9"-ზე უკრაინასთან ერთად საქართველოს სამხედრო დახმარებასაც განიხილავენ...

დღეს,14 თებერვალს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში "რამშტაინის" ფორმატში მე-9 შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ალიანსის წევრი 30-ვე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები რუსეთთან ომში მყოფ უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების დეტალებს განიხილავენ...

თუმცა "რამშტაინის" ფორმატში ეს მე-9 შეხვედრა იმით განსხვავდება წინებისგან, რომ იქ, ასევე, გამოტანილი იქნება საქართველოსთვის პრაქტიკული სამხედრო მხარდაჭერის საკითხი, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან და მოლდოვასთან ერთად.

ის, რომ მთლიანად უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე კონცენტრირებული ნატო ჩვენი საქართველოსთვისაც იცლის, მისასალმებელია, მით უმეტეს იმის ფონზე, როდესაც აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის რთული მექანიზმი გაამარტივა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით რისკის მიხედვით შეფასებული გადახდის გრაფიკი დაამტკიცეს, რათა საქართველომ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აშშ 33 მილიონი დოლარით ზრდის საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას…

ეს ოფიციალური ინფორმაცია გასულ კვირას პენტაგონმა გაავრცელა, აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ.

ეს მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრა საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ქართული ოპოზიციისთვის, რადგან წინასწარ არ ყოფილა დაანონსებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის - ჯუანშერ ბურჭულაძის გამგზავრება აშშ-ში და, შესაბამისად, ოპოზიციის ლიდერების ნაწილში შეიმჩნეოდა ერთგვარი დაბნეულობა, თუ როგორი კომენტარი გაეკეთებინათ. ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ გაჩუმება არჩია და ამ მნიშვნელოვან შეხვედრას სრული იგნორირება გაუკეთა.

სამაგიეროდ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა პენტაგონის შეხვედრა თავიანთი პოლიტიკური პლატფორმის გასაძლიერებლად გამოიყენეს - ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილი დღედაღამ რომ გვაბრალებს საქართველოს დასავლეთის კურსიდან გადახვევას, სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან სამხედრო-პოლიტიკური თანამშომლობის კიდევ უფრო გაღრმავება განა დასავლეთთან დაახლოების მაჩვენებელი არ არისო?!

და ამის დამადასტურებლად კვლავ მოჰყავთ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის გაცხადებიდან ამონარიდი -"საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში - ქართული სამხედრო ნაწილები მსახურობდნენ და თავს სწირავდნენ აშშ-სა და ნატოს ძალებთან ერთად კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში; საქართველო იყო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში, ნატოს მისიაში".

რაც შეეხება პენტაგონში ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების ოფიციალური შეხვედრის სამხედრო შემადგენელს, 33 მლნ დოლარით ამერიკული სამხედრო დახმარების გაზრდა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ნაკლებად შთამბეჭდავი იმ 33 მლრდ დოლართან შედარებით, რა მოცულობის სამხედრო მხარდაჭერა უკვე გაუწია აშშ-მა უკრაინას, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა ერთი წელია, უთანასწორო ომში ებრძვის რუს დამპყრობლებს...

ამ 33 მლნ დოლარიან დახმარებაზე უფრო მნიშვნელოვანი ახლო მომავალში ის გახდება, რომ საქართველომ აშშ-ისგან სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს, მათ შორის - ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები, იმავე "ჯაველინებისა" და "სტინგერების" სახით, რომელთა დამატებითი რაოდენობა ზედმეტი არასდროს გახდება ქართული არმიის არსენალში...

ხოლო, რას მოუტანს "რამშტაინ-9"-ის ფორმატში ნატოს თავდაცვის მინისტრების ბჭობა საქართველოს უსაფრთხობის გაზრდას, იმედია, უახლოესს მომავალში გამოჩნდება...