რა საბაბით გარიცხეს "მოთვინიერებულმა მწერლებმა" ზვიად გამსახურდია საქართველოს მწერალთა კავშირიდან?
თითქმის ხუთი ათეული წელი გავიდა ამ მოვლენების შემდეგ და დღეს უკვე ნათელია, თუ რა გეგმა და მოქმედების მეთოდები ჰქონდა კა–გე–ბეს. არავის ეგონოს, რომ ეს მხოლოდ ისტორიული წარსულია: დღეს იგივე მეთოდეს უკვე რუსეთის სპეცსამსახურები იყენებენ საქართველოს წინააღმდეგ. ქართველი დისიდენტების კომპრომეტირების „ოპერატიული კომბინაცია“ სამ ეტაპს ითვალისწინებდა. პირველ ეტაპზე უნდა შერჩეულიყო „მსუყე სატყუარა“ იმ „ხაფანგისთვის“, რაც დისიდენტებს დაუგეს. ამ მიზნით ფაშისტური გერმანიის „ვერმახტის“ გენერლის, უკვე მხცოვანი შალვა მაღლაკელიძის კანდიდატურა მართლაც რომ იდეალური იყო. ამ, გამორჩეული ბიოგრაფიის პიროვნებასთან მხოლოდ ურთიერთობა და მოგონებების ჩაწერა, კა–გე–ბეს აზრით, საკმარისი კომპრომატი არ იქნებოდა.
ამიტომ მეორე ეტაპზე უნდა მომხდარიყო „კომპრომატების ლეგალიზებისთვის“ სათანადო პირობების შექმნა. 1977 წლის დასაწყისში დისიდენტების არალეგალურ გამოცემა „საქართველოს მოამბეში“ დაბეჭდილი გენერალ შ. მაღლაკელიძის ნეკროლოგ–მარტიროლოგი სუკ–ისთვის უკვე საკმარისი მასალა იყო ქართველი დისიდენტების წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის. მესამე ეტაპი კი დისიდენტებზე ფართი „ფრონტით“ ( პრესა, ტელევიზია, მწერალთა კავშირი, „აღშფოთებული მოქალაქეების წერილები“ და ა.შ.) შეტევას გულისხმობდა.
1977 წლის დასაწყისში საქართველოს პრესა და ტელევიზია რამდენიმე დღის მანძილზე დიდ ადგილს უთმობდა ქართველი დისიდენტების საწინააღმდეგო მასალების გამოქვეყნებას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა “ფაშისტი გენერლის, შალვა მაღლაკელიძის” შესახებ დისიდენტების არალეგალურ ჟურნალ “საქართველოს მოამბეში” დაბეჭდილ ვრცელ ნეკროლოგზე. შ. მაღლაკელიძის დადებით კონტექსტში მოხსენიება საბჭოთა საქართველოს “პროპაგანდისტულმა მანქანამ” (რომელიც კულისებიდან რა თქმა უნდა სუკ-ის მიერ იმართებოდა) დისიდენტური მოძრაობის წინააღმდეგ გამოიყენა და მათ, ზოგადად ფაშისტური იდეების სიმპათიაში დასდო ბრალი.
ზვიად გამსახურდიას დისკრედიტირებისათვის გადამწყვეტი დარტყმა კი ქართული ინტელეგენციის “უმაღლეს ორგანოს” - საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიანდეს. 1977 წლის პირველ აპრილს გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც აკაკი ბაქრაძეს რომ დავესესხოთ „მოთვინიერებული მწერლები და პოეტები “ ესწრებოდნენ.
ზვიად გამსახურდია „ავტობიოგრაფიაში“ წერს: „ სიტყვით გამოვიდნენ : ი.ნონეშვილი, მ.ფოცხიშვილი, კ.კალაძე, ი.ტარბა, გ.ნატროშვილი, ე.მაღრაძე, ხ.ბერულავა, ვ.ჭელიძე, ს.ჭილაია, ი.აბაშიძე, გ.ციციშვილი, გ.მერკვილაძე, გ. ფანჯიკიძე, ა.სულაკაური, გ.ასათიანი, ფ.ხალვაში, რ.მიმინოშვილი, რ.ჯაფარიძე, მ.ლებანიძე, შ. ნიშნიანიძე, ა. კალანდაძე . . . .მათ ისაუბრეს მამაჩემის დამსახურებაზე, რომ ჩემთან კარგად არ მუშაობდნენ, არ დამეხმარნენ ჭეშმარიტ გზაზე დადგომაში. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ლაპარაკობდა რაღაც თანაგრძნობის სიტყვებით, ცდილობდა შეემსუბუქებინა ჩემი ბედი .. . .. მათ შორის იყო ანა კალანდაძე“.
ქვემოთ მკითხველს ვთავაზობ ამონარიდებს საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერიდან (სტილი დაცულია – ბ.ა.).…
“თავმჯდომარეობს გრიგოლ აბაშიძე.
,, დღევანდელი ჩვენი სხდომა ეხება ზვიად გამსახურდიას, ჩვენ მოგვმართა რესპუბლიკის პროკურატურამ ,,სათანადო რეაგირებისათვის გეგზავნებათ… (კითხულობს)” … ეს მასალა მივიღეთ. პრეზიდიუმის წევრებმა გაიცნეს.
როგორც თქვენ ნახეთ და როგორც გაზეთები ადასტურებენ, ეს არის ანტისაბჭოთა პროპაგანდა. . . . აქ ბევრი მასალაა, მაგრამ მარტო ორს დავასახელებ ამ მასალიდან, ერთი გახლავთ ,,საქართველოს მოამბეში” გამოქვეყნებული პროკლამაცია, ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოსკოვში გაავრცელეს ფრანგმა და ნორვეგიელმა ტურისტებმა, რომლებიც ამის გამო დაპატიმრებული იყვნენ. ეს პროკლამაცია გადმობეჭდილია ამ “მოამბეში”. მეორე, რამაც გული ატკინა ჩვენ ხალხს, ეს გახლავთ ფაშისტი გენერლის მაღლაკელიძის გარდაცვალების გამო გაძოქვეყნებული მასალა, სადაც ქება-დიდებაა იმ კაცისა, რომელიც მოუძღოდა ფაშისტურ ლეგიონს და რომელიც ვითომ საქართველოს სრული განთავისუფლებისათვის იბრძოდა. . . .
ზვიად გამსახურდია – რა იურიდიული საფუძველი აქვს ყველაფერ ამას, რით მტკიცდება?
თავმჯდომარე – პრესისა და პროკურატურის მასალით.
ზვიად გამსახურდია – იმ პროკურატურას რა იურიდიული საფუძველი აქვს? თქვენ საბუთებს არ გაცნობდნენ?
თავმჯდომარე – გამოიგზავნა ეს მასალა, პროკურატურა სთვლის, რომ მასალა არის საკმარისი. აი რას იწერება… „რომლებიც დაბეჭდილია და გავრცელებულია მწერალთა კავშირის წევრის ზვიად გამსახურდიას მიერ არაოფიციალურ ჟურნალში „საქართველოს მოამბეში”. . . .
ზვიად გამსახურდია – ის მთვლის მე რედაქტორად? მე ხომ ხელს არ ვაწერ. მე არა ვარ რედაქტორი. . . . .
ნოდარ დუმბაძე – ჩვენ გავეცანით მასალას, რომელიც დაბეჭდილია არალეგალურ ჟურნალ „ქართველოს მოამბეში”. კიდევ გავეცანით ჟურნალების წყებას, რომელსაც “ოქროს საწმისი“ ჰქვია. როდესაც წავიკითხე გენერალ მაღლაკელიძის ბიოგრაფია, რომელიც თურმე თანამშრომლობდა ჰიტლერთან, რომლის შთამომავალმა, რომლის შვილიშვილმა ისახელა თავი ვიეტნამის ომში იმით, რომ ჟლეტდა ვიეტნამში ხალხს და ამ ბიოგრაფიაში სწერია, ქართველი ხალხის სახელით ვიღაც პირდება, რომ დიდი სამსახურისათვის ქართველი ხალხი მას არ დაივიწყებს, – მე მიმაჩნია, რომ ამ ჟურნალის ხელმძღვანელი ან ავტორი ამ მასალისა არ არის ღირსი მწერალთა კავშირის წევრობისა და პირადად ჩემთვის, როგორც მწერლისათვის და კომუნისტისათვის მიუღებელია. .

გიორგი ციციშვილი – მე საშინლად ამაღელვა იმან, რომ მაღლაკელიძე აქციეთ ეროვნულ გმირად . . .
იოსებ ნონეშვილი – მე სამამულო ომის მონაწილე გახლავართ, იმ თაობას ვეკუთვნი და არა მარტო ჩემი თაობისათვის, არამედ ყველა თაობისათვის ცნობილია რა საშინელებაა ფაშიზმი. კაცობრიობის ყველა გონიერ ადამიანს ფაშიზმი ძაგს და ახლა ფაშიზმზე ლაპარაკი, ფაშისტი გენერლის ეროვნულ გმირად გამოყვანა ჩემთვის წარმოუდგენელია. . . . .

მორის ფოცხიშვილი – . .. . ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენს წრეში, მწერალთა რიგებში და საერთოდ ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ასეთ მიმართულებას მოუნახავდა ფაშისტი გენერლის მოქმედებას . . . . ამიტომ, მე, როგორც სხვებმა ბრძანეს, მიმაჩნია, რომ მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს, ის ვინც პროკლამაციას ავრცელებს და ფაშისტ გენერალს აქებს. . . .
ზვიად გამსახურდია : მოკლედ მოგახსენებთ. სოლჟენიცინი რომ გარიცხეს კავშირიდან, საკუთარი ნაწარმოებებისათვის გარიცხეს. თქვენ მაგდებთ იმისთვის, რაც ჩემი არ არის, უმთავრესად ანტიფაშისტური პროკლამაციის და მაღლაკელიძის ბიოგრაფიისათვის, რომლებიც ჩემი არ არის, ჩემი დაწერილი არ არის. მე არ ვაწერ ხელს. მე ვაგებ პასუხს მხოლოდ იმაზე, რასაც მე ვწერ და ხელს ვაწერ. ეს რომ იყოს ჩემი ჟურნალი, მაშინ მოვაწერდი ხელს. შეიძლება ბევრ რამეს მე არ ვიზიარებ, ის პროკლამაცია ჩემთვის უცხოა. თუ არის იმ ჟურნალში რაიმე დოკუმენტური მასალა, ამას ვიზიარებ. აქ ცდილობენ გაცილებით მეტი დამაბრალონ მე, ვიდრე ეს სინამდვილეშია. პრესაც ამას ცდილობს. პოზიცია? ამაზე მე თავს ვიკავებ, ამას ბოლოს ვიტყვი. . .
მე არ ვიცი, სად გამოდის ეს ჟურნალი, ვის მიერ. მე ვწერ და ვაძლევ მეგობრებს. რაც შეეხება პროკლამაციას, არ მინახია, არც მითარგმნია და საერთოდ მე არ ვარ საბჭოთა წყობილების მტერი, არც მისი დამხობის მომხრე და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ, თუ მე რაიმეს ვწერ, ვაკრიტიკებ რომელიმე დაწესებულებას, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვარ მტერი. ნუ აიღებთ თქვენს თავზე სასამართლოს ფუნქციას. მე ვიცი თქვენ ეს დაგეგმილი გაქვთ და, რაც არ უნდა ვთქვა, თქვენ ვერაფერს შესცვლით. ეს გადაწყვეტილია, მაგრამ თქვენ სასამართლო არ ბრძანდებით, თქვენა ხართ მწერალთა წრე. . . .
არავითარი მაღლაკელიძის შესახებ წერილის ავტორი მე არა ვარ. გადახედეთ და ნახავთ – არც ერთი სიტყვა ჩემი არ არის. და სხვათა შორის, მაღლაკელიძის შესახებ უნდა მოგახსენოთ, – ის თქვენი „მერნის“ კონსულტანტი იყო, თუ ის ფაშისტი გახლდათ, რატომ არ მოხვდა ნიურნბერგის პროცესში? იმიტომ, რომ სწორედ ის იყო ანტიჰიტლერელი, ანტიფაშისტი, უბრალო სამხედრო. ის გახლდათ შულენბერგის დაჯგუფების წევრი, ანტიფაშისტი და არც ვიცნობდი და არც ვმეგობრობდი მაღლაკელიძეს, ის თქვენი გამომცემლობა „მერნის“ თანამშრომელი იყო წლების განმავლობაში და ყველა თქვენთაგანს მასთან პური უჭამია და კარგი სიტყვა უთქვამს.
არჩილ სულაკაური – ისიც მართალია, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს. ზვიადი ისე უნდა მოსულიყო, რომ სასამართლოს დაემტკიცებინა ეს. ისე ვიზიარებ საერთო აზრს. . . .
მურმან ლებანიძე – გაოცებული ვარ იმ მდგომარეობით და გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული და სამტკიცებელი ხდება ჩვენს სხდომაზე, როგორც ბატონი ზვიადი აცხადებს, არის თუ არა ის ყველა ამ მასალის ორგანიზატორი, რედაქტორი და რედაქტორ-გამომცემელი.

თავმჯდომარე – ამხანაგებო, მე ოფიციალურად ვაცხადებ – როცა ეს საკითხი დაისვა, ჩვენ გვითხრეს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებულია და ნუ გავხდით სადაოს . . .
მურმან ლებანიძე – მაინც ნუთუ ზვიადს არ დაუძახეს და დღეს სალაპარაკო ხდება – არის თუ არა რედაქტორი. დღეს ზვიადი აქ უნდა მოსულიყო აბსოლუტურად განიარაღებული, აბსოლუტურად შემზადებული, რომ ეთქვა – კი ბატონო! ამის შემდეგ უნდა მოხდეს ზვიადის აღსარება და სად? – სხვაგან, ისე რომ ჩვენ არ გვეცოდინება. მაგრამ თუ ის იმ ჟურნალის რედაქტორია, სადაც პროკლამაცია და მაღლაკელიძის მოსაგონარია დაბეჭდილი, მაშინ მისთვისაც და ჩვენთვისაც ნათელია, რომ ის გაირიცხება.
თავმჯდომარე – ვინ არის მომხრე გაირიცხოს, გთხოვთ ასწიოთ ხელი, გთხოვთ დაუშვათ, ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. თავი ვინ შეიკავა? არავინ. მაშასადამე წინადადება მიღებულია ერთხმად.
მე კიდევ ვიმეორებ, თუ ზვიადი დღესვე დაამტკიცებს იმას, რაც მან განაცხადა – არა აქვს კავშირი ამ საქმიანობასთან, ჩვენ პირველები ვიშუამდგომლებთ, რომ გააუქმონ დადგენილება” – ამგვარად დაასრულა სხდომა გრიგოლ აბაშიძემ.
საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის გადაწყვეტილება ზ. გამსახურდიას გარიცხვის შესახებ, ფართოდ გაშუქდა პრესასა და ტელევიზიაში ქართველი “სამხრეებიანი ჟურნალისტების” მიერ. ზომბირებულ მოქალაქეებს კი სჯეროდათ, რომ გაზეთები: „კომუნისტის“, ახალგაზრდა კომუნისტი“, „თბილისი“, თუ „ლიტერატურული გაზეთის“ ტყუილს არ დაწერდნენ! კა–გე–ბეში კმაყოფილები იყვნენ: საზოგადოებრივი აზრი ქართველი დისიდენტების წინააღმდეგ, რომლებიც, “ფაშისტებს თანაუგრძნობენ”, უკვე ფორმირებული იყო და ამიტომ შეიძლებოდა მათი დაპატიმრება.
(მეათე ნაწილის დასასრული)