"აშშ საქართველოში უშვებს ყველაზე გამოცდილ და ყველაზე მეტად დიპლომატიური უნარებით დაჯილდოებულ ადამიანს" - კვირის პალიტრა

"აშშ საქართველოში უშვებს ყველაზე გამოცდილ და ყველაზე მეტად დიპლომატიური უნარებით დაჯილდოებულ ადამიანს"

ჯო ბაიდენის მიერ საქართველოში ელჩის პოსტზე რობინ დანიგანის წარდგენა მიუთითებს იმაზე, რომ ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების ხარისხს დიდ ყურადღებას აქცევს, - ამის შესახებ ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ამასთან, ბატიაშვილის შეფასებით, ელჩის პოსტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის წარდგენა იმასაც მიუთითებს, რომ ამერიკისთვის საქართველოს მომავალი მნიშვნელოვანია.

„შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, საქართველოს მომავალი, აქედან გამომდინარე, შეერთებული შტატები დიდ ყურადღებას აქცევს, დიპლომატიური ურთიერთობის დონე როგორი იქნება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის. შესაბამისად, უშვებს ყველაზე გამოცდილ და ყველაზე მეტად დიპლომატიური უნარებით დაჯილდოებულ ადამიანს. იმედს გამოვთქვამ, რომ მისი მოღვაწეობა საქართველოში იქნება შედეგის მომტანი და შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, კიდევ უფრო გაღრმავდება ახალი ელჩის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში.

ბოლო პერიოდში რომ სირთულეები დაგროვდა საქართველოს ზოგადად დასავლეთთან ურთიერთობის კუთხით და ეს მხოლოდ შეერთებულ შტატებს არ ეხება, საიდუმლოს არავისთვის არ წარმოადგენს. ე.წ. განდგომილი დეპუტატები თუ სხვადასხვა დასახელების მსგავსი ორგანიზაციები და ჯგუფები შეტევას ახორციელებს დასავლეთზე, დასავლურ ინსტიტუციებზე, დასავლურ ფასეულობებზე. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ასე აღარ გაგრძელდება და ყველაფერი დაუბრუნდება იმ კალაპოტს და გზას, რომელიც არჩეული აქვს ქართველ ხალხს და რომელიც გამაგრებულია საქართველოს კონსტიტუციით. ბევრს ავიწყდება, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია მისი დასავლური მისწრაფებების შესახებ. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში დასავლეთთან ურთიერთობა პრობლემატური აღარ იქნება“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

რობინ დანიგანი ამჟამად არის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში.

IPN