"ახალი ცივი ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის მთელ მსოფლიოს მოიცავს" - კვირის პალიტრა

"ახალი ცივი ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის მთელ მსოფლიოს მოიცავს"

ესპანურ გაზეთ "ელ პაისში" (El Pais) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ახალი ცივი ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის მთელ მსოფლიოს მოიცავს" (ავტორი - ანდრეა რიცი), რომელშიც ვაშინგტონ-პეკინის ურთიერთდამოკიდებულებაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჩინური აეროსტატის ამასწინანდელი შეღწევა აშშ-ის საჰაერო სივრცეში, რომელიც, როგორც ვაშინგტონში განაცხადეს, პეკინის მასშტაბური პროგრამის ნაწილს წარმოადგენდა - მთელ მსოფლიოში სამხედრო ობიექტებისადმი დაკვირვება-თვალთვალის მიზნით, იმის ნათელი დადასტურებაა, რომ მიუხედავად განმუხტვის სიგნალებისა, რაც თითქოსდა "დიდი ოცეულის" ბალის სამიტზე შეინიშნებოდა, ორივე სახელმწიფოს ამჟამად ერთმანეთში დიდი ბრძოლა აქვთ მსოფლიოში ბატონობისათვის. ამ მეტოქეობის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ დღეს დედამიწის ზურგზე მთელი სიგრძე-სიგანით ვრცელდება".

ბევრმა ბოლოდროინდელმა მოვლენამ აჩვენა, თუ რა ნაბიჯებს დგამენ ვაშინგტონი და კიევი საერთაშორისო არენაზე, თავიანთი სამხედრო, ტექნოლოგიური და ეკონომიკური ძალების დემონსტრირებისათვის და საკუთარი პოზიციების განმტკიცებისათვის.

გასულ წელს ბევრი სიმპტომი გამოვლინდა, რაც აშშ-სა და ცისქვეშეთს შორის მზარდ გლობალურ კონფრონტაციას მოწმობდა. ასე, მაგალითად, გასულ ზაფხულს ამერიკამ შეძლო, თავისი ნატოელი მოკავშირეები დაერწმუნებინა, რომ ჩინეთი თავიანთ სტრატეგიულ კონცეფციებში ჩაერთოთ. ეს მოხდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იმ სამიტზე, რომელსაც პირველად დაესწრნენ აზია-წყნარი ოკეანის ოთხი ქვეყნის ლიდერები.

ამერიკამ პირველად გადაწყვიტა, დაეფინანსებინა ტაივანისათვის იარაღის შესყიდვა, ხოლო AUKUS-მა - ალიანსმა, რომელშიც აშშ-ის გარდა, ავსტრალია და დიდი ბრიტანეთი შედიან, თავისი ამბიციები გააფართოვა - მათ მოილაპარაკეს რომ ითანამშრომლებდნენ არა მხოლოდ ატომური წყალქვეშა ნავების მშენებლობაში, არამედ - ჰიპერბგერითი იარაღის შექმნაშიც.

ამასობაში კი ჩინეთმა, უკრაინის კონფლიქტამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთთან სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმა "უსაზღვრო" პარტნიორობაზე. დეკემბერში სი ძინპინმა მნიშვნელოვანი ვიზიტი განახორციელა ერ-რიადში (საუდის არაბეთში), რომელიც აშკარად იყო მიმართული ამ მნიშვნელოვან არაბულ სახელმწიფოსთან კავშირების განმტკიცებისაკენ, რომლის აშშ-სთან ურთიერთობა ამჟამად დაღმავალი გზით მიდის და უარესდება. ნოემბერში ჩინელმა ლიდერმა თავისთან მიიღო და უმასპინძლა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს. ამ ვიზიტმა სიმბოლურად აჩვენა, თუ როგორ ცდილობს პეკინი, წინ აღუდგეს ევროპისა და აშშ-ის სრულ გაერთიანებას. ჩინეთის ხელისუფლება, ასევე, ცდილობს, გრანდიოზული "ახალი აბრეშუმის გზის" გადაფორმატება შეძლოს, რომელმაც ბოლო წლებში გარკვეულწილად ძალა დაკარგა.

და ეს მხოლოდ მცირე გამოძახილია იმ ღრმა და მეთოდური მუშაობისა საერთაშორისო არენაზე, რომელიც ვაშინგტონისა და პეკინის დუელის განუყოფელი ნაწილი გახდა.

"ჩვენ ერთგვარ ცივ ომში ვიმყოფებით", - თვლის ალისია გარსია ერერო, ანალიტიკური ცენტრის, Bruegel-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, - "ჩვენ მოწმენი ვართ აშშ-სა და ჩინეთის დიდი სტრატეგიული კონკურენციისა, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ საჭადრაკო დაფაზე თამაშობენ, არამედ - გლობალურზეც. დიდი გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა დაიწევდა მხოლოდ იმით, რომ ორივე ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს კუნძულ ბალიზე გამართულ სამიტზე შეხვდნენ და დათბობის სიგნალები მოგვცეს. ვფიქრობ, ჩვენ ახალ რეალობაში შევედით და სიტუაცია არ შეიცვლება. ასეთ რეალობაში აღმოვჩნდით არა იმიტომ, რომ აშშ ამკაცრებს ჩინეთთან ექსპორტს, არამედ იმიტომ, რომ ორივე ქვეყანას აქვს დღის წესრიგი, რომელიც მკაცრი კონკურენციის გზით მოძრაობას ითვალისწინებს.

სხვათა შორის, ამერიკას აშკარად აქვს უპირატესობა ჩინეთზე იმ ალიანსების ქსელით, რომელსაც ვაშინგტონი ათწლეულობით "ქსოვდა" ჩინეთის ირგვლივ, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული სახელმწიფოების მონაწილეობით.

პეკინი ვაშინგტონს ორი ძირითადი მიმართულების მოქმედებით პასუხობს:

ერთი მხრივ - პეკინი მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს მოსკოვთან. პეკინს და მოსკოვს აერთიანებთ საერთო სურვილი - გადააფორმატონ (შეცვალონ) მსოფლიო წესრიგი, რომელშიც, მათი აზრით, ამერიკა და მისი პარტნიორები დომინირებენ;

მეორე მხრივ - შეიძლება ითქვას, რომ პეკინს აქვს განსაზღვრული უპირატესობა ვაშინგტონთან შედარებით, მსოფლიოს ფართო ტერიტორიაზე, ვთქვათ, აფრიკის ათობით ქვეყანაზე, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

საკითხი ეხება იმ რეგიონებს, რომლებიც ვაშინგტონს უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული და მათ "ზემოდან დაჰყურებს". თავის მხრივ, ისინიც უნდობლად უყურებენ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოს, მისივე ჩრდილოვანი მანევრების გამო. ისინი არ არიან დაინტერესებულები დემოკრატიით, კანონის უზენაესობით და გენდერული თანასწორობით. ამის ნაცვლად მათ უფრო ეკონომიკური პროგრესისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება აინტერესებთ. ისინი, იმავდროულად, ხშირად უჭერენ მხარს ავტორიტარულ რეჟიმებს.

"ძნელია, მსოფლიოში ისეთი ადგილი მოძებნო, სადაც ტიტანების ბრძოლა არ იგრძნობა. და არსებობს ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც დღევანდელი ცივი ომი შეუძლია ხვალ ცხელ ომად გადააქციოს. ეს ტაივანია. ყველაფერს ახლო პერსპექტივა გვაჩვენებს". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ