"ასეთი არაფერი მინახავს, მიხეილ სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, სიკვდილის პირას არის, ნამდვილად"
ასეთი არაფერი მინახავს, მიხეილ სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სიკვდილის პირასაა.
„მიხეილ სააკაშვილი ვაზიარე და წამოვედი. ასეთი არაფერი მინახავს, მიხეილ სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში. ისეთი გამხდარია, ხელზე ღრმული აქვს. იწვა და ვერც მელაპარაკა ან რაზე უნდა გველაპარაკა. ფიზიკურად კომუნიკაციაც ძალიან უჭირს, ძლივს ლაპარაკობს. თვითონაც მითხრა, ასე ცუდად არ ვყოფილვარო და კიდევ, მუცლის შიდა არეში ტკივილები დაწყებული აქვს. ე.ი. სიკვდილის პირას არის, ნამდვილად. ცხოვრებაში, შემიძლია ღვთის წინაშე ვთქვა, რომ ტყუილი არ მითქვამს და რაც არ უნდა მოხდეს არც ვიტყვი. ტყუილს არ ვამბობ, ძალიან ცუდად არის. თუ მკვლელობის განაჩენი გამოტანილი არ აქვს, სასწრაფოდ უცხოეთშია გასაშვები“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.