"კიდევ უფრო მეტ რეზოლუციაში იქნება ნახსენები ივანიშვილიც, „ოცნებაც“ და სამწუხაროდ, საქართველოც, ეს არის გარდაუვალი პროცესი" - კვირის პალიტრა

"კიდევ უფრო მეტ რეზოლუციაში იქნება ნახსენები ივანიშვილიც, „ოცნებაც“ და სამწუხაროდ, საქართველოც, ეს არის გარდაუვალი პროცესი"

კიდევ უფრო მეტ რეზოლუციებში იქნება ნახსენები ივანიშვილიც, „ოცნებაც“ და სამწუხაროდ, საქართველოც, ეს არის გარდაუვალი პროცესი, - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც 15 თებერვალს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, დემოკრატიული სამყარო ხედავს, რომ პოლიტიკოსები საქართველოში პროკურორობით არიან დაკავებულნი და მიხეილ სააკაშვილს "რაც უფრო უარეს დღეში ხედავენ, უხარიათ და კმაყოფილების განცდებს ასხივებენ".

"ჩვენ რასაც ქვეყანაში ვხედავთ, იმას კიდევ უფრო უკეთ ხედავს გარე თვალი, ის ხალხი გვაფასებს სტანდარტების შესაბამისად, მთელი დემოკრატიული სამყარო ხედავს, რომ საქართველოში ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, "ქართული ოცნების" ლიდერები დაკავებულნი არიან პროკურორობით და არა პოლიტიკოსობით, ისინი საზღვრავენ იმას, ვინ სად უნდა იყოს და როგორ, ციხეში უნდა იყოს თუ გარეთ და დაკავებულნი არიან მდარე ანგარიშსწორებით, სამაგიეროს გადახდით. რაც უფრო უარეს დღეში ხედავენ, უხარიათ და კმაყოფილების განცდებს ასხივებენ, ეს ყველაფერი რეზოლუციის ბევრ პროექტში და რეზოლუციებში გადაითარგმნება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს 15 თებერვალს უყრიან. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ევროპარლამენტში რეზოლუციის ხუთი ტექსტია წარდგენილი, რომელთაგან ორში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც არის საუბარი. ერთი ტექსტის ავტორია „ევროპის სახალხო პარტია“ , მეორესი კი - „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი“.

IPN