რატომ დაიწყო დაგვიანებით სინოდის სხდომა - რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი? - კვირის პალიტრა

რატომ დაიწყო დაგვიანებით სინოდის სხდომა - რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი?

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განმარტა, რატომ დაიწყო დაგვიანებით და რა საკითხები განიხილა წმინდა სინოდმა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სხდომაზე სულ სამი საკითხი იქნა განხილული.

მისივე განცხადებით, სხდომაზე კამათი არ ყოფილა და „მშვიდობიანად“ ჩაიარა."მოკლე სხდომა იყო. თუ არ ვცდები, სულ 3 საკითხი იყო განხილული. სინოდის სხდომამ მშვიდობიანად ჩაიარა. საერთოდ ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის. ამჯერად არაფერი საკამათო არ ყოფილა.

პირველი, რაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ: მივულოცეთ პატრიარქს დაბადების დღე, პატრიარქობის 50 წლის იუბილე, მთელმა სინოდმა მიულოცა.

ერთ-ერთი საკითხი რაც იყო, სამძიმრის წერილს გავუგზავნით თურქეთის სახელმწიფოს, მაგრამ პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. დანარჩენი ძალიან ყოფითი საკითხები იყო“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

როგორც მეუფე აღნიშნავს, სინოდის სხდომა დაგვიანებით იმიტომ დაიწყო, რომ პატრიარქი „სუსტად იყო“.

"პატრიარქი სუსტად იყო, ძალა მოიკრიბა და შემდეგ ჩატარდა. ჩვენ ამასობაში ვიყავით ერთად, ვისაუბრეთ, დიდი ხნის უნახავები ერთმანეთს შევხვდით და ძალიან კარგი იყო ერთად რომ ვიყავით“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

"ინტერპრესნიუსი"