"ამერიკას უფრო მეტად უყვარს და ზრუნავს საქართველოზე, ვიდრე "ქართული ოცნება“
რობინ დანიგანი საქართველოში ჩამოდის, რათა არჩევნების წინ „ქართულ ოცნებას“ დეგნანზე ლაპარაკი მოუსპოს. მოდის სუფთა ფურცლიდან, რომ საქართველომ ამერიკას ვერაფერი დააბრალოს - ამერიკას უფრო მეტად უყვარს საქართველო და უფრო მეტად ზრუნავს მასზე, ვიდრე „ქართული ოცნება“. ეს ამის მშვენიერი მაგალითია , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის განწყობებს ხედავენ და ამიტომ ისინი ქვეყანას მთელი გულწრფელობით ეხმარებიან.
„დასავლეთი საზოგადოების განწყობას ხედავს. როგორც რუსეთი ხედავს, რომ საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთი არ უნდა, ამას ამერიკაც, ევროპაც ხედავს. ამიტომ მათ არ უნდათ საზოგადოების დაკარგვა. მათ სახელმწიფოს დაკარგვა არ უნდათ. ხელისუფლებები მოდიან და მიდიან და საზოგადოება, სახელმწიფო რჩება. ამიტომ ისინი, რა თქმა უნდა, მთელი გულწრფელობით ეხმარებიან სახელმწიფოს. ის, რომ ახალ ელჩს ნიშნავენ, ძალიან საინტერესოა. ეს პირდაპირ სამზარეულოდან მოდის. ეს არ არის მეზობელ სახელმწიფოში ან სხვაგან მყოფი ელჩი, რომელიც აქ გადმოყავთ. ის არის პირდაპირ სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. ეს ქალბატონი მუდმივად მუშაობდა აღმოსავლეთ ევროპაზე, ვენაზე მუშაობდა. ყოფილი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ქვეყნებთან მუშაობდა. ენერგეტიკის ბრწყინვალე სპეციალისტია და აშკარად, საქართველოში ჩამოდის, რათა არჩევნების წინ „ქართულ ოცნებას“ დეგნანზე ლაპარაკი მოუსპოს. რომ არ გამოუქვეყნონ რაღაც-რაღაცები, მოდის სუფთა ფურცლიდან, რომ საქართველომ ამერიკას ვერაფერი დააბრალოს. აბა ახლა რას იზამ?! ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არჩევნების წინ ცვლიან ელჩს, რათა „ქართული ოცნების“ ვითომ გამონაყოფმა და მისმა ყველაზე უფრო აქტიურმა მხარემ „ხალხის ძალამ“ ამერიკის წინააღმდეგ ელჩის დარტყმის საშუალება არ გამოიყენოს. ამერიკას უფრო მეტად უყვარს საქართველო და უფრო მეტად ზრუნავს მასზე, ვიდრე „ქართული ოცნება“. ეს ამის მშვენიერი მაგალითია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მან გადაცემაში ასევე სინოდის სხდომასთან და პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარების საკითხთან დაკავშირებით მეუფე ნიკოლოზის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მეფეებიც გადამდგარან და ამაში საგანგაშო არაფერია.
„მეუფე ნიკოლოზის კომენტარები - „ვერავინ მოესწრება“ და ა.შ. ცოტა უცნაურია. მე მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა და დიდხანს ცხოვრება ვუსურვო. ის ყველა ქართველისთვის ღირსეული ადამიანია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მეფეებიც გადამდგარან, პატრიარქებიც, რომის პაპებიც. თუ ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის ჯობია, რომ დაისვენოს, არაფერი ტრაგედია არ არის. ამიტომ ამ თემიდან რაღაც სკანდალის გაკეთება, მოღალატეების ჩამოყალიბება არასწორი იქნება. ერთი გადაწყვეტილებაც გასაგები და მისაღები იქნება და მეორეც, ამიტომ არაა საჭირო ასეთი სკანდალი და თემის პოლარიზება. ეს არის ბუნებრივი პროცესი. თვითონ თუ არ აწევენ ტემპერატურას, არავინ არ აპირებს ტემპერატურას აწევას საქართველოში. ეს არ არის ის ინსტიტუტი, რომლის გამოც საქართველოში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. შიგნით ქმნიან დაძაბულობას,“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ პატრიარქის გადადგომას ვერავინ ვერასდროს მოესწრება.