სახიფათო პრეცედენტი - რუსულმა "კალიბრებმა" რუმინეთის ცის გავლით დაარტყეს უკრაინას, რატომ დუმს ნატო? (ბლოგი განახლებულია)
ბლოგი განახლებულია
რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომი ესკალაციისა და მასში ნატოს პირდაპირ ჩართვის შიშის გამო, თუკი დასავლეთმა ბევრ რამეზე თვალი დახუჭა, ამით აუცილებლად ისარგებლებს კრემლი...
10 თებერვალი რუსეთ-უკრაინის თითქმის ერთწლიან ომში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღედ იქცა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რადგან რუსმა ოკუპანტებმა ყველაზე დიდმასშტაბიანი საჰაერო იერიშები მიიტანეს ფრონტის ხაზის ღრმა ზურგში მდებარე უკრაინულ ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე...
ამ დღეს რუსეთმა 106 რაკეტა გაუშვა (მათგან 74 საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა გახლდათ, 32 კი - "ს-300" ტიპის გადაკეთებული საზენიტო რაკეტა, "მიწა-მიწა" კლასის მიხედვით) და 59 საჰაერო დარტყმა განახორციელა (მათგან 28 - ირანული "შაჰიდის" კამიკაძე-დრონების გამოყენებით) უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე.
უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, ქვეყნის თავდაცვის სისტემამ შეძლო 61 რუსული ფრთოსანი რაკეტისა და 22 "შაჰიდის" ჩამოგდება, თუმცა დარჩენილმა რაკეტებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს უკრაინულ თბო და ჰიდროელექტროსადგურებს, რამაც კიდევ უფრო გაართულა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მილიონობით უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლის მდგომარეობა, მით უმეტეს - ძლიერი ყინვების დაწყების წინ (უდავოა, რომ რუსეთი სპეციალურად გეგმავს ასეთ მასობრივ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სწორედ ყინვების დროს...).
რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქების მორიგ, დაუნდობელ საჰაერო დაბომბვაში გამოყენებული რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების რაოდენობა შთამბეჭდავია, მაგრამ მათგან ორ რუსულ ფრთოსან "კალიბრს" შეიძლება... მესამე მსოფლიო ომის დაწყებაც კი გამოეწვია, ნატოს თვალი რომ არ დაეხუჭა...
საქმე ის არის, რომ შავი ზღვის აკვატორიის ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროს სიახლოვიდან, რუსული ფრეგატიდან სტარტაღებულმა "კალიბრის" ტიპის ორმა ფრთოსანმა რაკეტამ უკრაინის დასავლეთ ნაწილში დასარტყმელად ფრენის უცნაური ტრაექტორია "აირჩია" და ოდესის მხრიდან კი არ შეფრინდა უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ - ჯერ მოლდოვას და შემდეგ... ნატოს წევრ რუმინეთს გადაუფრინა, დაბალ სიმაღლეზე...
ომების დროს არცთუ იშვიათად ხდება, რომ მეომარი ქვეყნების მეზობლებიც ზარალდებიან მართვადაკარგული რაკეტების გამო და შორს რომ არ წავიდეთ, ამის თვალსაჩინო მაგალითად 2020 წლის შემოდგომის ყარაბაღის ბოლო ომიც გამოდგება, როდესაც ერთ დღეში ორმა "გზააბნეულმა", აზერბაიჯანის არმიის მიერ გაშვებულმა ისრაელის წარმოების, "ჰაროპის" ტიპის კამიკაძე-დრონმა სომხეთის არმიის პოზიციების ნაცვლად, მოულოდნელი სტუმრობა საქართველოში, კახეთის მიწაზე განახორციელა, ჩვენდა საბედნიეროდ - უმსხვერპლოდ...
რუსული "კალიბრის" მიერ ჯერ მოლდოვასა და შემდეგ - რუმინეთის საჰაერო სივრცეების გადაკვეთა შემთხვევითი არ იქნებოდა, რადგან ამ რაკეტებს ფრენის ასეთი მარშრუტი წინასწარ "ჩაუდეს" მართვის სისტემაში.
მოლდოვასთვის არახალია, რომ მისი ცის გავლით რუსული ფრთოსანი რაკეტები შემდეგ უკრაინის ქალაქებში ფეთქდებიან, მაგრამ მოლდოვას საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ქართულზეც კი ბევრად სავალალოა და დაბალ სიმაღლეზე მფრენი რუსული "კალიბრების" ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენა და მით უმეტეს - მათი ჩამოგდება, აღემატება მოლდოველი მეზენიტეების ტექნიკურ შესაძლებლობებს.
სამაგიეროდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა აფიქსირებს შავი ზღვის აკვატორიიდან, რუსული სამხედრო ხომალდიდან სტარტაღებულ რაკეტებს (შეიძლება ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრებისა და შავი ზღვის თავზე დღედაღამ "ჩამოკიდებული" უპილოტო მზვერავი დრონების დახმარებითაც), მაგრამ უფრთხის მათ ჩამოგდებას მოლდოვას ცაში, რადგან ასეთმა ქმედებამ უკრაინელები ერთხელ დიდი უსიამოვნების წინაშე დააყენა, როდესაც ლვოვთან რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გაშვებულმა უკრაინულმა "ს-300"-ის საზენიტო რაკეტამ ფრენის მიმართულება იცვალა, მეზობელ პოლონეთში, სოფელში ჩამოვარდა და ორი ადგილობრივი მაცხოვრებლის სიცოცხლე შეიწირა.
ამ ბოლო შემთხვევაში კი მთავარი განსხვავება ის გახლდათ, რომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მტკიცებით, შავი ზღვის აკვატორიიდან სტარტაღებულმა რუსულმა ფრთოსანმა "კალიბრებმა" ჯერ მოლდოვას, ხოლო შემდგომ კი - ნატოს წევრი რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს, სანამ უკრაინის ცაში შეფრინდებოდნენ და ამის დამადასტურებელი ობიექტური ინფორმაცია უკრაინულმა რადიოლოკატორებმა დააფიქსირეს...
ოფიციალური კიევის ამ მტკიცებაზე მოლდოვამ დასტური მისცა, რომ რუსულმა ფრთოსანმა რაკეტებმა მართლაც გადაიფრინეს მის ცაში, მაგრამ რუმინეთმა უარყო ამის შესაძლებლობა და, შესაბამისად, ნატოს ხელმძღვანელობამაც დუმილი ამჯობინა...
რატომ?
წინააღმდეგ შემთხვევაში, რუმინეთს, როგორც ნატოს წევრ ქვეყანას, უნდა ჩამოეგდო მის თავზე მფრენი ეს რუსული რაკეტები ან ეს თუ ვერ შეძლო (რაც მიანიშნებს სერიოზულ პრობლემებზე ნატოს ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთში საზენიტო-სარაკეტო "პეტრიოტებიცაა" განთავსებული), მაშინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობასთან ერთად კატეგორიული პროტესტი მაინც უნდა განეცხადებინა კრემლისთვის...
15 თებერვალს, ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის, არც ბუქარესტს და არც ბრიუსელს ასეთი პროტესტი მოსკოვისთვის არ ჰქონდათ გაცხადებული და თუკი ამას არც გააკეთებენ, ეს ქვიშაში თავჩაყოფილი სირაქლემას პოზიციას დაემსგავსება - იმის შიშით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს და ნატო პირდაპირ შეტაკებებში არ იქნეს ჩართული რუსეთთან, დასავლეთი ეტყობა, ჯერ კიდევ ბევრის მოთმენას აპირებს, სამაგიეროდ, რუსეთი, ალბათ, გააგრძელებს მოლდოვასა და რუმინეთის საჰაერო სივრცეების გავლით უკრაინის დასავლეთ ნაწილზე შემდგომ სარაკეტო დარტყმებს...
P.S. ამ სტატიამ, გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, საინტერესო რეზონანსი გამოიწვია, არა მხოლოდ საქართველოში და ცნობილი გახდა რამდენიმე დამატებითი დეტალი, რასაც გარკვეული სიცხადე შეაქვს რუსულ „კალიბრებთან“ დაკავშირებულ ინციდენტში...
ნატოს ხელმძღვანელობა იმიტომ არ თვლის საჭიროდ რეაგირებას ამ ფაქტზე, რომ მათი ინფორმაციით, რუსულმა ფრთოსანმა რაკეტებმა, მართალია, ძალიან ახლოს ჩაუფრინეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრის - რუმინეთის სახელმწიფო საზღვარს, მაგრამ ის არ დაურღვევიათ და არ გადაუკვეთავთ რუმინეთის საჰაერო სივრცე...
ამასთან, ამ ინციდენტიდან 5 დღის გასვლის შემდეგაც, უკრაინის მხარეს ჯერ არ გაუვრცელებია რადიოლოკაციური დაკვირვების ობიექტური მონაცემები, რომელიც უპირობოდ დაადასტურებდა რუსული ფრთოსანი რაკეტების ნატოს წევრი რუმინეთის საჰაერო სივრცის გავლით უკრაინის ცაში შეჭრის ფაქტს.