"ქართველი მაშველები მითურ პერსონაჟებს აგონებენ, მათ გამოჩენას აცრემლებული, ტაშით და იმედით ხვდებიან..."
თურქეთში დამანგრეველმა მიწისძვრამ 15 ქალაქი თითქმის მიწასთან გაასწორა. ქვეყანაში მთელი მსოფლიოდან ათასობით მაშველია ჩასული და ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში იყო. მიწისძვრას ათასობით ადამიანის დაღუპვა და ნგრევა მოჰყვა. მიწისძვრის ეპიცენტრში მყოფ დასახლებებს საგანგებო დახმარება გაუგზავნეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, რომელთა შორისაა ჯანმო და ხსნის საერთაშორისო კომიტეტი. თურქეთში სტიქიური უბედურების ზონაში ერთი კვირაა მუხლჩაუხრელად მუშაობს საქართველოდან წასული 100 მეხანძრე-მაშველი. მათი ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებისთვის მომზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით, აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის სპეციალური მოწყობილობით. ქართველმა მაშველებმა უკვე გადაარჩინეს რამდენიმე კაცი. მათ ქალაქ ადიამანში ჩასვლიდან რამდენიმე საათში ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვენი ბიჭები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, მოწყობილი აქვთ საველე ბანაკი და ადიამანში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან სისტემატური კავშირი აქვთ. თურქული მედია მოიარა ქართველი მაშველების თავდაუზოგავი მუშაობის ამსახველმა ფოტოებმა და ვიდეოებმა, ასევე მაძებარმა ძაღლმა "ტინტომ", რომელმაც ნანგრევებში ადამიანი შენიშნა, მაშველებს ყეფით ანიშნა და რამდენიმესაათიანი ურთულესი მუშაობის შემდეგ ის უვნებლად ამოიყვანეს. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა "ტინტოს" უკვე უწოდეს "ქართველი მაშველი ანგელოზი".ჩვენ მოვახერხეთ და ერთ-ერთ მაშველს დავუკავშირდით. მან გადაღლილობისა და ურთულესი სამუშაოს მიუხედავად, მაინც შეძლო ჩვენთან გასაუბრება...
- ხალხი დროებით თავშესაფარში ურთულეს პირობებში, მკაცრი ზამთრის სუსხშია. თუმცა იმდენად მძიმე ემოციური მდგომარეობა აქვთ, ამას დიდად არ ანიჭებენ მნიშვნელობას. პირველ დღეებში ზოგი იდგა თავისი საცხოვრებლის წინ, ქარსა და ყინვაში, სასწაულის მოლოდინში ლოცულობდა. ზოგმა მთელი ოჯახი დამარხა. არ ვიცი, ამაზე დიდი ტრაგედია თუ არსებობს. სტიქია მოულოდნელად დაატყდა თავს ხალხს და ნანგრევებში მოიყოლა. პირველ ხანებში ბევრს დროებითი თავშესაფარიც არ ჰქონდა და ღამით ქუჩებში, საბნებში გახვეულს ეძინა. ზოგი დანგრეულ სახლს არ შორდება, იმედი აქვს, რომ მის ახლობლებს ცოცხალს ამოიყვანენ, მაგრამ რაც დრო გადის, ამის შანსი მცირდება. ტემპერატურა დაეცა, ყინვაში ბეტონის ფილებს შორის გაძლების ალბათობა, ალბათ, ორი-სამი დღეა. იმდენად მძიმეა შედეგები, რომ სამაშველო სამუშაოები, ალბათ, რამდენიმე კვირას გაგრძელდება. ბიჭები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყოველი წუთი გამოვიყენოთ... ორი კაცი უვნებლად ამოვიყვანეთ ნანგრევებიდან. ძალიან გვეხმარებიან როგორც ჩვენი, ასევე სხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურების მაძებარი ძაღლები.
სტიქიაზე უამრავი ფილმი მინახავს, დოკუმენტურ მასალებს გავცნობივარ, მაგრამ იმან, რასაც ახლა ვუყურებ, მოლოდინს გადააჭარბა. დაღუპულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენის შანსი სულ უფრო მცირდება. ყველაზე მძიმე მოსასმენია ხმა, რომელიც ნანგრევებიდან ისმის, მაგრამ, იმავდროულად, სასიხარულოა. ასეთ დროს ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს. ხალხი იმედით გვიყურებს, მადლობას გვიხდის, გვლოცავს, ბევრი გადაგერჩინოთ, მნიშვნელობა არა აქვს, ჩემი ოჯახის წევრი იქნება თუ სხვისიო. ყველა ნაბიჯზე იყვნენ მოხალისეები, თუმცა მათ პოლიცია აკონტროლებდა, არავინ იცის, ასეთ დროს რა მოხდება, მით უფრო, რომ მცირედი ბიძგები მერეც ყოფილა. აქ ემოციების აყოლა არ შეიძლება, ერთი არასწორი მოძრაობა ყველასთვის შეიძლება სავალალოდ დასრულდეს. არაერთ რთულ ვითარებაში მიმუშავია, მაგრამ ამხელა ფართობზე ერთიმეორის მიყოლებით ჩამოქცეული შენობები უმძიმესი სანახავია. ვნახე მოხუცი კაცი, რომლის მთელი ოჯახი ნანგრევებმა მოიყოლა. საოჯახო სასტუმრო ჰქონია. ცოტა ინგლისურიც იცოდა და მითხრა, თავად გარეუბანში მდებარე სახლში ყოფილა და ამან გადაარჩინა, თუმცა ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვსო... რამდენჯერმე დაურეკავს ოჯახის წევრებთან, ერთი თითქოს მიპასუხა შვილმა, მაგრამ რა მითხრა, ვერ გავიგონეო... მანქანებით მოძრაობაც გაჭირდა, რადგან გზები დაბზარულია, აქამდე ძლივს მოვაღწიეო. შვილიშვილზე დარდობდა, სამ დღეში 5 წლის ხდებოდა, საჩუქარიც ნაყიდი მქონდაო. საწყალი თხელ ქურთუკში ბეტონის ფილაზე იჯდა და ტელეფონში ოჯახის წევრების ფოტოებს ათვალიერებდა. ასეთ დროს სანუგეშო სიტყვები არ არსებობს. უამრავს მთელი ოჯახი დაეხოცა. ამოჰყავთ ბავშვები, რომელთაც არავინ დარჩა.
კარგია, რომ ბევრი მაშველი მუშაობს, ყველა მათგანს სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს...
"ახლა ჩემი თურქეთი მხოლოდ ნანგრევებში ნაპოვნი ცოცხალი ადამიანების სიხარულით ცხოვრობს"
ქართველი მაშველების გმირობისა და თავგანწირვის მაგალითებს თურქული მედია აქტიურად აშუქებს. როგორია თურქი მოსახლეობის დამოკიდებულება ჩვენი ბიჭების მიმართ, ამის გასარკვევად ადგილობრივებს დავუკავშირდით. გულისა ილდიმირის წინაპრები საქართველოდან არიან. თავად ისტორიულ სამშობლოში არასდროს ყოფილა, მაგრამ ქართველ ხალხზე ბევრი რამ იცის, ახლა კი სტიქიის ზონაში ქართველების ნახვამ ძალიან გაახარა:
- ჩემი წინაპრების შესახებ მამა ხშირად მიყვებოდა. ჩემს ისტორიულ სამშობლოში არასდროს ვყოფილვარ, ახლა კი მათ ჩემს ქვეყანაში შევხვდი. ჩვენი ხალხი ქართველი მაშველების შორიახლო, ნანგრევებთან, რამდენიმე დღის უძილო, ცრემლგამშრალი დგას სასწაულის იმედად. ამბობენ, რომ ქართველი მაშველები მითურ პერსონაჟებს აგონებენ, რომელთაც შეუძლიათ შეუსვენებლად იმუშაონ, უმძიმეს პირობებს, საფრთხეს არ შეუშინდნენ, რამდენიმე მეტრის სიღრმეში ჩაძვრნენ ნანგრევებში სიცოცხლის კვალის საპოვნელად და პოულობენ კიდეც. მათ თვალებში მხოლოდ სიბრალული და თანაგრძნობა კი არა, იმედი და სიმამაცეც დავინახეთ, რაც ძალიან გვჭირდებოდა. ცდილობენ წუთიც არ დაკარგონ. ჩვენი ხალხი სასოწარკვეთილია, ბევრმა ოჯახი დაკარგა. ისინი ნანგრევებში ჩაიმარხნენ, მაგრამ მადლიერების გრძნობა არ დაუკარგავთ, ალბათ, ამიტომაც ხვდებიან ამ გმირების გამოჩენას აცრემლებული, ტაშით, იმედით... ამ ბიჭებმა ყველაფერი სხვაგვარად დაგვანახეს.
ასევე ნახეთ: "ადგილობრივები გვთხოვდნენ, თქვენ დაგვეხმარეთ, სხვა არ გვინდაო. საქართველოს რომ გაიგებენ, იმედით ივსებიან
გაზიანთეფში ჩემი ნათესავები ნანგრევებში მოყვნენ. ჩემი და და მისი ოჯახი შინ იყვნენ, როდესაც ეს საშინელება მოხდა. ორი გოგონა გადარჩა. მაშველებმა იპოვეს. ექიმები ამბობენ, რომ შინაგანი დაზიანებები აქვთ, მაგრამ გადარჩებიან. მოგვიანებით ჩემი დაც ამოიყვანეს მაშველებმა, ახლა ის რეანიმაციაშია.
როგორც კი ეს უბედურება მოხდა, მაშინვე მოხალისედ ჩამოვედი. მთელ სტიქიის ზონაში დავდივართ, დაზარალებულებს წყალს და საკვებს ვურიგებთ, თბილი პლედებითა და ტანსაცმლით ვეხმარებით. ახლა ჩემს ქვეყანას აქ ვჭირდები. ნანგრევებში არიან ჩემი ნაცნობები და მეგობრებიც.
ადიამანში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მაშველები, მათ შორის საქართველოდანაც. ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში შუახნის ქალი გადაარჩინეს.
თურქეთში 6 თებერვლის შემდეგ სიხარული გაქრა, მაგრამ ყოველი ახალი ადამიანის გადარჩენა ამ უმძიმეს პირობებში უდიდესი ბედნიერებაა, ახლა ჩემი თურქეთი მხოლოდ ნანგრევებში ნაპოვნი ცოცხალი ადამიანების სიხარულით ცხოვრობს, რომელთა რაოდენობა დროის გასვლასთან ერთად მცირდება. დიარბაქირში ღამით ტემპერატურა მინუს 10 გრადუსამდე ეცემა, არ არის შუქი, წყალი, ინტერნეტი... ქართველი მაშველები, ალბათ, რამდენიმე საათით თუ ახერხებენ დასვენებას, რადგან მუხლჩაუხრელად მუშაობენ. ერთი პატარა ლოდის ჩამოვარდნა მტვრის ბუღს აყენებს. ზოგჯერ მგონია, ყველაფერი ჩაინგრევა და ჩვენც თან ჩაგვიტანს, მაგრამ ისინი ისეთივე შემართებით განაგრძობენ მუშაობას.
6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მთელი დღე-ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ბიძგები. ასეთი დროს მუშაობა სახიფათოა. ქართველი მაშველების უკან ოჯახები დგანან და უთუოდ ძალიან ნერვიულობენ. ახლა თურქეთის სტიქიური უბედურების ზონაში ადამიანური გმირობისა და კეთილშობილების ისტორია იწერება. მამამ მითხრა, ვიცოდი, რომ ჩემი ქართველები ჩამოვიდოდნენ, თურქული მედია მათზე კიდევ ბევრს დაწერსო. მადლობა, ჩემო პატარა საქართველო, ასეთი დიდი გმირების აღზრდისთვის, გულწრფელი თანადგომისთვის, თავგანწირვისთვის. ამ უმძიმეს დღეებში მათი ემოციებით აღსავსევ თვალები მთელი ცხოვრება მემახსოვრება იმის დასტურად, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე სისხლიან დღეებში მარტო არ ვიყავით. ვამაყობ ამ ღირსეული ბიჭებით. ვამაყობ, რომ საქართველო ჩემი წინაპრების ქვეყანაა.
"ჩვენი ხალხი ქართველი მაშველების სიმამაცეს, გამბედაობას ტაშით შეხვდა"
მარიენ სოქთ-ოღლი: - ჩვენი მოხალისეები ნანგრევებში დადიოდნენ და სიცოცხლის ნიშანწყალს ეძებდნენ. ბევრი ამბობს, რომ პირველ საათებში ნანგრევებიდან ღმუილის ხმები ისმოდა, შემდეგ თანდათან მისუსტდა, მაგრამ მაინც იმედი არ დაგვიკარგავს... მაინც დავდიოდით იმ ადგილებში, რომ სუსტი ხმა მაინც გაგვეგონა. ასე იპოვეს მოხალისეებმა ერთი შუახნის ქალი და ქართველი მაშველებისკენ გაიქცნენ დახმარებისთვის. მათ კი მაშინვე დაიწყეს მუშაობა, კიბით ჩავიდნენ სიღრმეში, ხელის ცეცებით, ძალიან ფრთხილად ეძებდნენ ნანგრევებში მოყოლილ ქალს. ხან ხელით თხრიდნენ კედლის ფრაგმენტებს, ნაშალს, ლოდებს ფრთხილად იღებდნენ... რისკი არსებობდა, თუნდაც იმიტომ, რომ პირველ დღეებში არაერთხელ განმეორდა ბიძგები, მაგრამ ეტყობოდათ, რომ ამაზე არ ფიქრობდნენ, მხოლოდ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის გადარჩენაზე იყვნენ კონცენტრირებული. ამ ბიჭებმა ადამიანის სიცოცხლის ფასი იციან. რამდენიმესაათიანი წვალების შემდეგ იპოვეს კიდეც... ჩვენი ხალხი მათ სიმამაცეს, გამბედაობას ტაშით შეხვდა, მათ კი მუშაობა გააგრძელეს. რამდენიმე საათი ისე მუშაობდნენ, წყალიც არ დაულევიათ. მე და ჩემმა მეგობარმა მიწისძვრას გადარჩენილ კვების ობიექტში ცხელი ყავა და ჩაი გავამზადეთ და ცეცხლის გარშემო შეკრებილებს ჩამოვურიგეთ, ქართველ მაშველებსაც დავუტოვეთ.
დეიდაჩემი გარეუბანში ცხოვრობს. მისი შვილები იზმირში არიან. ავად არის და ხშირად ვაკითხავ. იმ დღესაც მთელი ოჯახი მასთან ვიყავით და ამან გადაგვარჩინა. სახლზე ლაპარაკიც კი უხერხულია, როდესაც ათასობით ადამიანი ნანგრევებშია ჩამარხული... ჩემი ყველა მეზობელი ჩაიტანა ნანგრევებმა. რაც დრო გადის, მხოლოდ სასწაულის იმედად ვართ, სასწაული კი მართლაც ბევრი ვნახეთ, თუნდაც თვეების ბავშვი და დედა სამი დღე-ღამის შემდეგ ამოიყვანეს, კიდევ თუთიყუშიანი პატარა ბიჭი... გთხოვთ, ილოცეთ ჩვენთვის!..
"დედა ნანგრევებთან დანთებულ ცეცხლთან იდგა და 9 წლის შვილს ელოდებოდა - მკვდარიც რომ იყოს, აქ, ცეცხლთან ჩემი ჩახუტებით გავათბობ და გამიცოცხლდებაო..."
სამი ერიილმაზი, თურქი მოხალისე: - აქ 80-მდე ქვეყნის მაშველები მუშაობენ, ზოგიერთი მათგანის დროშა აქამდე არც კი მინახავს, მაგრამ საქართველოს დროშა მაშინვე ვიცანი... ქართველი მეგობრები მყავს, ერთ დროს ერთად ვმუშაობდით პროექტზე და რამდენიმე სიტყვაც კი ვისწავლე.
ქაჰრამანმარაშის პროვინციაში ჯოჯოხეთია - ქუჩები მიცვალებულებით არის მოფენილი. რა დროს სიხარული იყო, მაგრამ როდესაც ქართული სიტყვები მოვისმინე და მათ აღჭურვილობაზე საქართველოს დროშა შევამჩნიე, გამიხარდა. მოხუცმა ქალმა, რომელიც სკამზე შალმოხვეული იჯდა, მითხრა, გურჯი ბიჭები რამდენიმე საათია შეუსვენებლად, ლომებივით მუშაობენ მტვერში, სიცივესა და ყინვაში, ხელიდან სამუშაო იარაღებს არ უშვებენო.
უკვე აღარ გვაქვს იმედი, რომ ნანგრევებში ვინმე ცოცხალი იქნება, მაგრამ ჩვენი უფროსები ამბობენ, ქართველი მაშველების გულწრფელი დახმარება სიკეთედ მიუვა ჩვენს მიცვალებულებსო. ვნახე ახალგაზრდა დედა, რომელიც ნანგრევებთან დანთებულ ცეცხლთან იდგა და 9 წლის შვილს ელოდებოდა - მკვდარიც რომ იყოს, აქ, ცეცხლთან ჩემი ჩახუტებით გავათბობ და გამიცოცხლდებაო... ჩემი ქართველი მეგობრებიც ჩამოდიან მოხალისეებად. მიწისძვრის შემდეგ უსახლკაროდ დავრჩი, ქუჩაში, კარავში მძინავს, მაგრამ რაც მთავარია, გადავრჩი.
"მადლობა საქართველოს ასეთი ღირსეული თანადგომისთვის!.."
მუსტაფა ბაიჰანი: - ქართული ვიცი, ვიფიქრე, რომ ჩვენს ხალხს და ქართველ მაშველებს ურთიერთობაში დავეხმარებოდი, ამიტომ წამოვედი ინეგოლიდან. ქართველებს ადგილობრივ სამსახურებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და მივხვდი, ასეთ დროს ენა სულაც არ არის აუცილებელი, ადამიანებს უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. ბოლო ოცდაათი წელია ჩვენ შეუდარებელი მეზობლობა და მეგობრობა გვაქვს, მხოლოდ ოფიციალურ დონეზე კი არა, ადამიანურადაც. ქართველი ბიჭები ისე განიცდიან ჩვენს ტრაგედიას, რომ ყველა სიტყვასა და ქმედებაში ჩანს მათი გულწრფელი თანაგრძნობა. ახლა თურქეთში უამრავი მაშველი მუშაობს, არიან მოხალისეებიც, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ყველა მათგანის აქ ყოფნა უდიდესი იმედია. ცოცხლების პოვნის იმედი თითქმის ამოიწურა, მაგრამ მიცვალებულებს ნანგრევებში ვერ დავტოვებთ. არავის ვუსურვებ რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული ახალგაჭრილი საფლავების ნახვას. მათ კიდევ ბევრი მიემატება, მაგრამ დროულად უნდა მოხდეს, თორემ ეპიდემია იფეთქებს. ამას ემატება ანტისანიტარია... უამრავი ადამიანი სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფრებშია, თავშესაფრად მუყაოს ყუთებს იყენებენ და კოცონთან თბებიან. გაწმენდით სამუშაოებს, რამდენიმე კვირია დასჭირდება, შესაძლოა თვეც. ქართველმა ბიჭებმა მითხრეს, აქ იმდენ ხანს დავრჩებით, რამდენიც საჭირო იქნებაო. მადლობა საქართველოს ასეთი ღირსეული თანადგომისთვის!.. გააგრძელეთ კითხვა