"მან "ჭირვეულ დედოფალს" ფაქტობრივად, გასაქანი არ მომცა და "მომარჯულა" - "მის საქართველო", რომელსაც თაყვანისმცემლებისგან ოცკაციანი შეიარაღებული არმია იცავდა
„არასასურველი თაყვანისმცემლის გამო, პოლიციაში ახსნა-განმარტებების წერამაც მომიწია და ამ ამბებიდან გამომდინარე, ჩვენი უბნის პოლიციის უფროსმა, ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, გვითხრა, რომ 20-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი მზად იყო ჩემს დასაცავად. საჭიროების შემთხვევაში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეგვეძლო ისინი გამოგვეძახა...“ - იხსენებს 1994 წელს „მის საქართველოს“ კონკურსის გამარჯვებული ლედი ხვინგია, რომელიც დღესაც შეუდარებლად გამოიყურება... იგი თავის წარსულსა და დღევანდელობაზე ვრცლად გვესაუბრა...
- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე... ოჯახში სამი და ვიზრდებოდით, მშობლები სამივეს ძალიან გვანებივრებდნენ. საკმაოდ დატვირთული, ხალისიანი და საინტერესო ბავშვობა გვქონდა. სამივე დავდიოდით მუსიკაზე, სპორტზე, ცეკვაზე... ქუთაისში ფაქტობრივად ღონისძიება არ ყოფილა, რომლის მონაწილეც არ ვიყავი. თუ ვიოლინოზე არ ვუკრავდი, კონცერტის წამყვანი ვიყავი ან ორივე ერთად... თანატოლებთან თამაშიც მიყვარდა, თუმცა ყველაფერს თოჯინებთან თამაში მერჩივნა. კარგი მოსწავლეც ვიყავი, სკოლაში "წარჩინებულთა დაფაზეც" კი იყო ჩემი ფოტო გამოკრული. წიგნის კითხვა მიყვარდა და ყოველთვის ბევრს ვკითხულობდი, დღესაც სულ ვკითხულობ... გატაცებებიდან, ალბათ მაინც ქარგვას გამოვყოფ. მიყვარს ქარგვა და შემიძლია დავიკვეხნო, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნამუშევარი მაქვს.
- როგორც ლამაზი ბავშვი, პატარაობიდან განებივრებული იყავით?
- ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდანვე სილამაზით ვიქცევდი ყურადღებას. ყოველთვის შრომისმოყვარე ვიყავი და ვცილობდი, ყველგან მაქსიმალურად მომზადებული გამოვჩენილიყავი. ალბათ ყურადღებას ჩემი სიბეჯითე უფრო იქცევდა, მაგრამ გარეგნული მონაცემებიც არ იყო მეორეხარისხოვანი. იყო შემთხვევა, როცა სკოლაში მასწავლებელმა ჩემი დაჩაგვრა მხოლოდ იმიტომ განიზრახა, რომ ძალიან კარგად მომზადებული ვიყავი. ამ შემთხვევაში, ჩემი საუკეთესო დაცვა დედა გახლდათ, რომელიც შვილის დაჩაგვრის უფლებას არავის აძლევდა. კონკურსებში ჩემი გამარჯვებაც კი, პირველ რიგში, მისი დამსახურებაა. სწორედ ის იყო საუკეთესო მოტივატორი, მხარდამჭერი, პედაგოგი, ყველაზე ობიექტური და კრიტიკული შემფასებელიც!
- როდის დაიწყეთ კონკურსებში მონაწილეობა?
- "მის საქართველომდე" იყო "მის იმერეთი"... ტელევიზიით ვნახე რეკლამა კონკურსის შესახებ და მონაწილეობის სურვილი გამიჩნდა. მაშინ მცირე სამოდელო გამოცდილება მქონდა. დედას გავუმხილე ჩემი სურვილი. მითხრა, - რატომაც არა, ვცადოთ, მაყურებლის სიმპათიას მაინც ხომ მივიღებთო... პირველ მცდელობაზე "ვიცე-მის იმერეთის" ტიტული დავიმსახურე, მაგრამ ამას არ დავჯერდი და 1993 წელს გამართულ კონკურსში ისევ მივიღე მონაწილეობა. გავიმარჯვე და "მის იმერეთი" გავხდი.
- სამოდელო გამოცდილება როგორ შეიძინეთ?
- სამოდელო საქმიანობა საქართველოში სწორედ 90-იან წლებში იკიდებდა ფეხს. ამ საქმეს ქუთაისშიც საკმაოდ კარგად უმკლავდებოდნენ დიზაინერებიც და მოდელებიც. ქუთაისში მოდას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ხომ წაგიკითხავთ, დიუმა რომ წერდა, "ქუთაისური მოდა პარიზულს მხოლოდ ორი კვირით ჩამორჩებაო"... შესაბამისად, საკმაოდ კარგი, დახვეწილი და ლამაზი მოდის ჩვენებები ტარდებოდა, ძალიან ლამაზი სამოსი იქმნებოდა და ასევე ლამაზად ვცდილობდით წარგვედგინა ეს სამოსი საზოგადოებისათვის... ერთ-ერთმა შემდგომში ცნობილმა დიზაინერმა, რომელიც მაშინ ქუთაისში მუშაობდა, მთელი კოლექცია ჩემზე შექმნა. ჯერჯერობით არ მინდა დავასახელო მისი ვინაობა...
სხვათა შორის, სცენაზე სიარულს, მიხრა-მოხრას დედა მასწავლიდა, რომელიც "ვეტერანი" მოდელია. ამ ჩვენებებზე ჩემთან ერთად, ჩემი უმცროსი დაც გამოდიოდა.
- „მის საქართველოს“ კონკურსზე გვიამბეთ...
- "მის იმერეთის" კონკურსზე გამარჯვება უკვე წინა პირობა იყო იმისა, რომ "მის საქართველოს" მონაწილე ვყოფილიყავი... ქუთაისის კონკურსის ორგანიზატორებმა თბილისში გააკეთეს განაცხადი და მეც, როგორც უკვე რეგიონულ კონკურსში გამარჯვებულს, შიდა შესარჩევი ტურების გავლა აღარ მიწევდა. რომ ჩამოვედით, კონკურსამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, რეპეტიციები მუშტაიდის ბაღში ტარდებოდა.
იქ კონკურსანტებს სამეჯლისო ცეკვებს ასწავლიდნენ, რადგან სცენარის მიხედვით, ვალსი უნდა ეცეკვათ. მახსოვს, თენგიზ გაჩეჩილაძემ პირველმა გააპროტესტა ჩემი გამოჩენა, - რამდენიმე დღეში ვალსის ცეკვას როგორ ვასწავლიო. გამიკვირდა, რადგან სულ რამდენიმე წუთი მჭირდებოდა, რათა ვალსის ძირითადი ილეთები გამეხსენებინა. მე ხომ ბავშვობაში სამეჯლისო ცეკვებზე დავდიოდი და რეგიონულ კონკურსებშიც ვმონაწილეობდი.
როდესაც რეპეტიციაზე მეწყვილესთან დავდექი და ვარჯიში დავიწყეთ, ბატონმა თენგიზმა მაშინვე შენიშნა, რომ „საკითხში ვერკვეოდი“... მან თავისთან მიხმო და აღმოჩნდა, რომ ჩემი პედაგოგი, თავის დროზე ბატონი თენგიზის მოსწავლე იყო.
კონკურსამდე აღმოვაჩინეთ, რომ სტანდარტული სამოსის გარდა, საჭირო იყო კიდევ ერთი - ბერძნული კაბა, რადგან სილამაზის კონკურსების ისტორია ანტიკური საბერძნეთიდან იწყება და "მის საქართველოს" მონაწილეებს პირველი გამოსვლა სწორედ ასეთი სამოსით უნდა გვქონოდა. იმ პერიოდში ჯერ ქსოვილების მაღაზიის, შესაფერისი ქსოვილის და მკერავის პოვნა, საკმაოდ რთული იყო. თუმცა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რომ ჩამოვედით, მამიდასთან დავბინავდით და სწორედ ნელი მამიდას აღმოაჩნდა პატარა თეთრი ქსოვილი, რომლითაც მე და დედამ ერთ ღამეში შევკერეთ კაბა, რომელმაც ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა.
თბილისში წამოსვლამდე დედა მამხნევებდა და მეუბნებოდა, რომ "რაღაც პრიზს" მაინც წამოვიღებდით. თუმცა, გულწრფელად გითხრათ, მე სხვა წინათგრძნობა მქონდა; დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგ შედეგს მივიღებდი...
აქვე გეტყვით, რომ თავდაპირველად კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილებას მამას არ ვუმხელდით. ჩვენ საკმაოდ ტრადიციული ოჯახი გვაქვს და სილამაზის კონკურსები მაშინ ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო. რეპეტიციებზე რომ დავდიოდი, მამას ვეუბნებოდით, თითქოს რეპეტიტორებთან მივდიოდი, რადგან უკვე აბიტურიენტი გახლდით, სამუსიკო სასწავლებელში ვაბარებდი.... თუმცა, პირველი გამარჯვების მერე, მამა ძალიან ამაყი იყო და "მის საქართველოდან" რომ მოწვევა მივიღე, არანაირი წინააღმდეგობა აღარ გაუწევია.
- გარდა კაბისა, ვარცხნილობას, მაკიაჟს თავად უზრუნველყოფდით?
- ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი გასაკეთებელი იყო. დედამ თეატრალური ინსტიტუტიც დაამთავრა, იქ კი მაკიაჟის ხელოვნებას ასწავლიან. კონკურსზე სასცენო მაკიაჟიც და ვარცხნილობაც დედამ უზრუნველყო... კონკურსი ორი დღის მანძილზე, 25-26 აპრილს რუსთაველის თეატრში იმართებოდა. პირველ დღეს ნახევარფინალისტები შეარჩიეს, მეორე დღეს ფინალი იყო. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მოცეკვავეები, მხატვრები, მსახიობები... ცნობილი ხელოვანებიდან მახსოვს, მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი იყო, ხოლო ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ "თელას" ხელმძღვანელი თენგიზ გაჩეჩილაძე.
ორგანიზატორებს სურდათ კონკურსის ქართული ელემენტებისთვის გაესვათ ხაზი და კონკურსს "საქართველოს დედოფალი" დაარქვეს. გვირგვინიც ქართული ელემენტებით, სპეციალურად ამ კონკურსისათვის დამზადდა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ის პირველ დედოფალს დარჩებოდა და ახლა ეს გვირგვინი ჩემი ოჯახის რელიკვიაა.
- როგორ იხსენებთ დღეს, როდესაც გამარჯვებული გამოაცხადეს?
- ეს რა თქმა უნდა, დაუვიწყარი წუთებია. უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან სცენაზე დგახარ იქ, სადაც კორიფეები იდგნენ და შენს სახელს აცხადებენ - დაუვიწყარი შეგრძნებაა და რა თქმა უნდა, უდიდესი სიამაყის გრძნობაც გეუფლება.
- ამ ყველაფრის პარალელურად, რთული იქნებოდა თაყვანისმცემლების არმიასთან გამკლავება...
- მე არა, მშობლებს უწევდათ მათთან "ბრძოლა"... ფაქტობრივად, დედა ყველგან დამყვებოდა და შესაბამისად, ის ჩემი საუკეთესო დაცვა იყო. მამასაც ჰქონდა მათთან შებრძოლების შემთხვევები.
- საჩუქრებსაც გიგზავნიდნენ?
- ქუთაისში, ტელევიზიაში ვმუშაობდი და იქ მხვდებოდა თაიგულები, ტკბილეული... იყო შემთხვევა, როდესაც რამდენიმე კვირის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე იგზავნებოდა ვარდების დიდი თაიგულები. მთელი სახლი აივსო ვარდის სურნელით, მაგრამ ამან არ გაჭრა (იღიმის)...
არასასურველი თაყვანისმცემლის გამო, პოლიციაში ახსნა-განმარტებების წერამაც მომიწია და ამ ამბებიდან გამომდინარე, ჩვენი უბნის პოლიციის უფროსმა, ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, გვითხრა, რომ 20-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი მზად იყო ჩემს დასაცავად. საჭიროების შემთხვევაში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეგვეძლო მათი გამოძახება.
- რა პროფესია აირჩიეთ?
- მეცხრე კლასის შემდეგ სწავლა ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, ვიოლინოს განხრით განვაგრძე. კურსელებთან ერთად, სხვადასხვა თემატურ საღამოს ვაწყობდი. შემდეგ სწავლა კონსერვატორიაში, იმავე სპეციალობით განვაგრძე... ამასთან, 15 წლიდან ტელევიზიაში ვმუშაობდი.
ამიტომაც, კონსერვატორიის შემდეგ, მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნიკური დარგის ჟურნალისტიკის სპეციალობით ჩავაბარე. როდესაც ოჯახით თბილისში გადმოვედით, შემდეგ ჩავაბარე მაგისტრატურაში და ვარ სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი... ვფიქრობ სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებას, რადგან სამაგისტრო თემად ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის საკითხი მქონდა განხილული. ეს თემა კი, სამწუხაროდ, ჯერაც არ არის შესწავლილი. შესაბამისად, ამ მიმართულებით ნაშრომზე ვფიქრობ.
- დღეს პროფესიით მუშაობთ?
- თავდაპირველად "იბერვიზიის" ქუთაისის ფილიალში ვმუშაობდი, სადაც კონკურსის შედეგად მოვხვდი. საინფორმაციო გადაცემა "მონიტორი" მიმყავდა. "იბერვიზიის" დახურვის შემდეგ, ქუთაისის ტელევიზია "რიონიდან" მივიღე მიწვევა და იქ ჯერ პროგრამების წამყვანად, შემდეგ კი საინფორმაციო გამოშვების წამყვანად და კორესპონდენტად ვმუშაობდი....
თბილისში გადმოსვლის შემდეგ ჯერ "მოამბეში", კორესპონდენტად, შემდეგ აჭარის ტელევიზიის აღმოსავლეთ საქართველოს ბიუროს კორესპონდენტად დავსაქმდი. მოგვიანებით უკვე ბეჭდვით მედიაში გადავინაცვლე და ვიყავი სამენოვან საინფორმაციო სააგენტოში ჭორლდ ნეწს და ასევე სამენოვან ჟურნალ "ემიგრანტების" კორესპონდენტი და რედაქტორის მოადგილე... ამჟამად ვმუშაობ "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, სპეციალისტად.
- თქვენს ოჯახზე გვიამბეთ...
- დიდი ხანი არ არის, რაც ოჯახი შევქმენი. მე და ჩემმა მეუღლემ - კახა მეფარიშვილმა ექვსი წლის წინ გავიცანით ერთმანეთი და მალევე დავქორწინდით. "ჭირვეულ დედოფალს" ფაქტობრივად, გასაქანი არ მომცა, ძალიან ძლიერი შემოტევა იყო მისი მხრიდან და "მომარჯულა". გაგიკვირდებათ და, როდესაც ერთმანეთი გავიცანით, მან არც კი იცოდა ჩემი საკონკურსო წარსულის შესახებ...
ჩემი მეუღლე ნეიროქირურგია. ბავშვი იყო, როცა ოჯახთან ერთად უცხოეთში წავიდა ჯერ სასწავლებლად, შემდეგ იქ წლების განმავლობაში წამყვან კლინიკებში მუშაობდა, ნეიროქირურგიის განყოფილებებს ხელმძღვანელობდა. ზაფხულობით საქართველოში ჩამოდიოდა. რამდენიმე წლის წინ კი ნოსტალგია შემოაწვა და სამშობლოში საცხოვრებლად დაბრუნება გადაწყვიტა. მალევე გავიცანით ერთმანეთი და დავქორწინდით. კახამ საქართველოში "აკლიმატიზაცია" უკვე გაიარა და შვილების ყოლასაც ვგეგმავთ.
- ამჯერად თბილისში მუშაობს?
- დიახ... კახა საკმაოდ ძლიერი, გამოცდილი ექიმია და ამჟამად თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში ნეიროქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს... სხვა კლინიკებშიც არის დასაქმებული კონსულტანტად და მიწვეულ ექიმად.
- საუბრის დასასრულს გაგვანდეთ, ასეთ კარგ ფორმაში ყოფნას როგორ ახერხებთ?
- რომ გითხრათ, ამისთვის მუდმივად ვვარჯიშობ ან რაიმე საშუალებებს მივმართავ, ნამდვილად მოგატყუებთ. ეს, უპირველეს ყოვლის, კარგი გენეტიკის დამსახურებაა... როდესაც ვამჩნევ, რომ წონაში ოდნავ მოვიმატე, მაშინ ვარჯიშს ვიწყებ. ისე კი, არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე, მივირთმევ დღე-ღამის ნებისმიერ დროს. მიყვარს ცურვა და ზოგჯერ აუზსაც ვსტუმრობ... ბავშვობაში სინქრონულ ცურვაზე დავდიოდი, შესაბამისად, არა მხოლოდ კარგად ვცურავდი, არამედ წყალში ვცეკვავდი. ჩემი მწვრთნელი სინქრონულ ცურვაში დიდ ოლიმპიურ მომავალს მიწინასწარმეტყველებდა, მაგრამ 90-იანი წლების რთული ვითარების გამო, ეს გეგმა ვერ განხორციელდა.
- ფოტოსესიებშიც მონაწილეობთ...
- კი, მიყვარს ფოტების გადაღება. სურათი ხომ მარადისობას აფიქსირებს და თან გიჩვენებს, რომ ეს ფოტო მხოლოდ ერთი წამია მარადისობისათვის!
მანანა გაბრიჭიძე
ჟურნალი "გზა"