გოგი წულაიას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა - კვირის პალიტრა

გოგი წულაიას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

სააპელაციო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე, გ.წ. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 მარტს, მსჯავრდებულმა მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, დაზარალებულს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე, მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით გაყოლა სთხოვა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, მსჯავრდებულმა დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ამ უკანასკნელის მიმართ ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.

გ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე გაამართლა და დამნაშავედ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი განიცადა), რისთვისაც 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

IPN