"რა უნდა ამ ხალხს, რა ინტერესი აქვთ, რას ერჩიან?! ერთი გაფიქრება ვიფიქრე, შეიძლება, საქართველოშიც არ წყდება სააკაშვილის ბედი" - კვირის პალიტრა

"რა უნდა ამ ხალხს, რა ინტერესი აქვთ, რას ერჩიან?! ერთი გაფიქრება ვიფიქრე, შეიძლება, საქართველოშიც არ წყდება სააკაშვილის ბედი"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილი საწოლიდან ვეღარ დგება.

აღნიშნულის შესახებ ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ხაჭაპურიძე განმარტავს, ახლა დრომ ათვლა სააკაშვილის წინააღმდეგ დაიწყო.

„გუშინ ვნახე, ვეღარ დგება, ვეღარ გადაადგილდება, მწოლიარე მდგომარეობაშია, ძალიან ცუდადაა. საზოგადოებას ხშრად ესმის - ცუდადაა, ცუდადააო, მეორე მხარე განცხადებებს აკეთებს, რომ ეს ტყუილია, თუმცა, გავრცელებულმა კადრებმა თვალნათლივ დაანახა საზოგადოებას, რა მძიმე მდგომარეობაა. ჩვენ 14 დეკემბრამდე გვაქვს მისი იქ ცხოვრების ვიდეომასალა გამოთხოვილი, ამასაც მისი თანხმობით გავასაჯაროებთ და როცა აპელაციაში დაიწყება საქმის მასალების განხილვა, შემდეგ კადრებსაც მოვითხოვთ. იმაზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე ახლა საზოგადოება უყურებს.

მოწინააღმდეგე მხარე სასამართლოში აცხადებდა, რომ სააკაშვილს გულყრის ეპიზოდები არ ჰქონია და რომ ეს მხოლოდ მისი გადმოცემით იყო. მოსამართლემაც აღნიშნა, რომ ექიმები გულყრის ეპიზოდებს არ ადასტურებდნენ. ჩვენ 8 გულყრის ეპიზოდი ვიცოდით, დანარჩენი თვითონ სააკაშვილსაც არ ახსოვს და არც ავადმყოფობის ისტორიაშია აღწერილი, ამ დროს, ვიდეო კადრებში გულყრის ეპიზოდები ჩანს. ახლა ჯგუფი ზის და ვიდეომასალას ამუშავებს, კიდევ რამდენიმე გულყრის ეპიზოდი დაფიქსირდა.

17 მეცნიერი იყო საქმეში ჩართული და დადო თავისი დასკვნა. ამის საპასუხოდ, სასამართლოში გაყალბებული საექსპერტო დასკვნა მოიტანეს, რომელიც კიდევ კარგი, მოსამართლემ საერთოდ არ გამოიყენა თავის გადაწყვეტილებაში, საერთოდ არ შეეხო, იმდენად უსუსური დასკვნა იყო. მეორე მხრივ, ნინო ნადირაძე მოიყვანეს სასამართლოში, რომელმაც არაფერზე პასუხი არ გასცა, ამბობდა, ეს ჩემი საქმე არ არის, ისტორიებს არ ვიცნობო. გაგვართო და თქვა, სააკაშვილი არ ჭამს, თორემ ყველაფერი კარგად არისო. რა კავშირშია კვება დემენციასთან და ა.შ. ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, პასუხები ვერ მივიღეთ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება მოსამართლის დასაბუთებულ განაჩენს, როგორც ხაჭაპურიძემ განმარტა, გიორგი არევაძემ ექსპერტების მიერ დასმული დიაგნოზები არ უარყო.

„მოსამართლემ თქვა, რომ დემენციას და არც იმ დიაგნოზებს უარვყოფ, რაც აქვსო, საერთო ჯამში, 47 დიაგნოზზეა საუბარი, მაგრამ მიუხედავად ამ დიაგნოზების არსებობისა, მას კიდევ სხვა დანაშაულები აქვს ჩადენილიო. საზოგადოებამ რომ იცოდეს, რა დანაშაულზეა აქ საუბარი - სააკაშვილს, არც ვიცი - ვინ, გადასცეს წიგნი, ეს მე-12 დაწესებულებაში ჰქონდა, როცა უკვე „ვივამედში“ გადაიყვანეს და საკნის ჩხრეკა მოხდა, წიგნში 100-დოლარიანი კუპიურა იპოვეს, ამაზეა სისხლის სამართლის საქმე აღძრული - აკრძალული ნივთი ვუპოვეთ წიგნშიო. თვითონ სააკაშვილმა არც იცოდა, ეს დოლარი იქ იდო თუ არა, გამორიცხული არ არის, ეს პროვოკაციის გზით აღმოჩნდა იქ.

მეორე საქმე - სააკაშვილს ვახტანგ კიკაბიძემ მე-12 დაწესებულებაში შეაკითხა, ის დიალიზზე იყო, ცუდად გახდა, ეს გაიგო სააკაშვილმა და კარებს ხელების და ფეხების დარტყმა დაუწყო, ადამიანს უშველეთ, ცუდად არისო, ამაზეა მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრული. მოსამართლემ ამ საქმეებზე თქვა, ვინაიდან სისხლის სამართლის ეს ორი საქმეა, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, არც უნდა გათავისუფლდეს სასჯელისგან და არც უნდა გადაუვადდესო. მოსამართლემ თქვა, კი აქვს ეს დიაგნოზები, მაგრამ კანონი არ მავალდებულებს, ეს ადამიანი გავათავისუფლოო, ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ახლა სააპელაციო საჩივარი იწერება და შევიტანთ.

სტრასბურგის საკითხი თავად სააკაშვილის გადასაწყვეტია, უფრო სააპელაციო საჩივრის მომზადებაზე ვართ გადართული, საჩივარს, ხვალ, ან ზეგ შევიტანთ და 2 კვირაში სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, სხდომა ჩანიშნოს და დაამთავროს პროცესი, შეიძლება ერთ სხდომაშიც დამთავრდეს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

კითხვაზე, ხომ არ იყო მცდელობა, სააკაშვილის საკითხი პოლიტიკური მიმართულებით მოგვარებულიყო, ხაჭაპურიძემ დადებითი პასუხი გასცა.

„დასამალი არც არაფერია, იყო ეს მცდელობა, მაგრამ მეორე მხრიდან - ხელისუფლებიდან არანაირი ინტერესი არ გამომჟღავნებულა. ჩვენი პოზიცია იყო ცალსახა - რა ინტერესი გაგაჩნიათ, რა გინდათ, ადამიანი კვდება, უმძიმეს მდგომარეობაშია, რა გინდათ, გაგვაგებინეთო. ყველა ხვდება, ე.წ. განაჩენები რაც არის და კიდევ იქნება, 100-დოლარიანი განაჩენები, მთავარი რომ არ არის. რა უნდა ამ ხალხს, რა ინტერესი აქვთ, რას ერჩიან?! ერთი გაფიქრება ვიფიქრე, შეიძლება, საქართველოშიც არ წყდება სააკაშვილის ბედი. ხელისუფლებასთან მქონდა საუბარი, ერთ-ერთ წარმომადგენელთან - გაგვაგებინეთ, რა გინდათ, „სადაა ძაღლის თავი ჩამარხული-მეთქი“, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, რეაქცია - ნული. აქედან გამომდინარე ვასკვნი, რომ საქართველოში სააკაშვილის ბედი ვერც წყდებოდეს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

IPN