თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ თაღლითები გააქტიურდნენ - როგორია სქემა, რომლითაც ისინი ხალხს ფულს სძალავენ? - კვირის პალიტრა

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ თაღლითები გააქტიურდნენ - როგორია სქემა, რომლითაც ისინი ხალხს ფულს სძალავენ?

თურქეთსა და სირიაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ, რომლის დროსაც 36 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თითქმის მთელი მსოფლიო გააერთიანა. ქვეყნები, მათ შორის - საქართველო, მეზობელ სახელმწიფოს როგორც ფინანსურად, ასევე - მაშველთა დამხმარე ძალითაც ეხმარებიან. მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ტრაგედია თაღლითებისთვის ფულის შოვნის ახალ წყაროდ იქცა.

მიწისძვრის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა უამრავი განცხადება, რომლის მიხედვითაც, ადამიანები შემოწირულობას აგროვებენ, რათა თურქეთში დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარონ, თანხის ჩარიცხვის მისამართად კი PayPal-ის პირად გვერდსა და კრიპტოვალუტის პირადი საფულის მისამართს უთითებენ.

BBC-მ რამდენიმე ასეთი მეთოდი გამოავლინა:

TikTok Live-ზე შეიქმნა კონტენტი, რომელიც დონაციის სახით საშუალებას გაძლევთ, გადარიცხოთ თქვენთვის სასურველი თანხა "თურქი ხალხის დასახმარებლად". პლატფორმაზე შეიქმნა გვერდები, რომელზეც განთავსებულია თურქეთის მიწისძვრის ფოტო და ვიდეომასალა. გვერდის ადმინისტრატორები კი ხალხს პირდაპირ ეთერში თანხის ჩარიცხვას სთხოვენ: “მოდი, დავეხმაროთ თურქეთს“, „ილოცეთ თურქეთისთვის“, „დავეხმაროთ მიწისძვრისას დაზარალებულებს“ და სხვა.

ერთ-ერთი გვერდზე, რომელიც მხოლოდ 3 საათით ფუნქციონირებდა, პირდაპირ ეთერში გაშვებული ჰქონდათ დრონით გადაღებული მიწისძვრის ვიდეო, რომელზეც ვიდეოს კუთხეები, სადაც ავტორი და ლოგოა მითითებული, დაფარული იყო.

ვიდეოს ფონად ისმოდა ჩინელი მამაკაცის ხმა, რომელიც გაურკვევლად საუბრობდა, ვიდეოს მინაწერში კი ხალხს სთხოვდნენ, ჩაერიცხათ ფული და დახმარებოდნენ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს.

სხვა პირდაპირი ჩართვისას კი ჩანდა ბავშვი, რომელიც გაურბის აფეთქებას, პირდაპირ ეთერში ჩართულ მომხმარებელს კი დონაციისკენ მოუწოდებდნენ.

es12-1676454663.jpg

აღსანიშნავია, რომ Google-ში აღმოაჩინეს, რომ ბავშვის ეს ფოტო "ტვიტერზე" ჯერ კიდევ 2018 წელს გაავრცელეს წარწერით: “შეაჩერეთ გენოციდი აფრინში“. ეს ქალაქი სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია, სადაც ქურთები იყვნენ დასახლებულები.

BBC-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ „ტიკ ტოკი“ ამტკიცებს, თითქოს ხალხის ჩარიცხული თანხიდან ძალიან მცირე რაოდენობას იღებს, BBC-მ აღმოაჩინა, რომ პლატფორმა თანხის, დაახლოებით, 70%-ს იტოვებს იმ გვერდებიდან, რომლებიც ხალხს ქველმოქმედებისკენ მოუწოდებენ.

TikTok-ის წარმომადგენელმა "ბი-ბი-სი-სთან" კომენტარი გააკეთა: „ჩვენ ძალიან ვწუხვართ იმ დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რაც თურქეთსა და სირიაში მოხდა და ჩვენი წვლილის შეტანა გვსურს. აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ხალხი არ მოატყუონ“.

თაღლითები თანხების მოძიებას „ტვიტერზეც“ არ ერიდებიან. ერთ-ერთ გვერდზე 12-ჯერ გამოქვეყნდა ფოტო, სადაც მაშველს ხელში პატარა ბავშვი ჰყავს. გვერდის ადმინისტრატორები ხალხს მოუწოდებდნენ, მიწისძვრის დაზარალებულთათვის თანხები გადაერიცხათ.

es11-1676454663.jpg

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს „ფეიკ-პროფილია“. ბერძნული გამოცემის - OEMA-ს ცნობით, ეს ფოტო ეგეოსის სახანძრო სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელმა პანაიოტის კოტრიდისმა ხელოვნური ინტელექტის - Midjourney-ს საშუალებით შექმნა.

ხელოვნური ინტელექტი გამოსახულების შექმნისას ხშირად შეცდომას უშვებს, სწორედ ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, მაშველს მარჯვენა ხელზე 6 თითი აქვს.

BBC-მ ჩაატარა ექსპერიმენტი, მათ ხელოვნურ ინტელექტს სთხოვეს შეექმნა გამოსახულება, სადაც მაშველი მიწისძვრის შემდეგ ბავშვს ეხმარება და ეს შედეგი მიიღეს:

es1-1676454662.jpg

BBC ეცადა, ყალბი გვერდის ადმინისტრატორებს დაკავშირებოდა, თუმცა მათ გამოცემას Google Translate-ის საშუალებით ნათარგმნი პასუხი გაუგზავნეს.

„ჩემი მიზანია, მქონდეს საშუალება, დავეხმარო ხალხს, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაზარალდნენ, თუ შევძლებ სახსრების შეგროვებას. კატასტროფის ზონაში ხალხი იყინება, არც საჭმელია, განსაკუთრებით - ახალშობილთათვის. ეს პროცესი ჩეკებით შემიძლია დაგიდასტუროთ“, - უპასუხა ერთ-ერთი გვერდის წარმომადგენელმა BBC-ს, თუმცა ჩეკები აქამდე არავის წარუდგენია.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტის აკს შარმას განცხადებით, ეს გვერდები უმეტესწილად ახალი ამბების სტატიებს ეხმაურებიან, აზიარებენ და ცნობილი ადამიანების პროფილებზე აკომენტარებენ, რათა საზოგადოების ყურადღება მიიქციონ.

“ეს გვერდები აღრიცხვის ყალბ სიებს ქმნიან, თითქოს სტიქიური უბედურებისას დაზარალებულებს ეხმარებიან, ისინი ნამდვილი საქველმოქმედო ორგანიზაციის ან ახალი ამბების გვერდებივით გამოიყურებიან, თუმცა შემდეგ მიღებულ შემოსავალს PayPal-ის პირად გვერდზე რიცხავენ“, - განაცხადა ექსპერტმა გამოცემასთან.

მაგალითად, გვერდი @TurkeyRelief იანვარში შეიქმნა, 31 გამომწერი ჰყავს და სოციალურ ქსელში ხალხს PayPal-ზე თანხის ჩარიცხვას სთხოვდა. ამ ანგარიშზე 900 დოლარია ჩარიცხული, აქედან 500 დოლარი თავად გვერდის შემქმნელის შეტანილია. ექსპერტის ცნობით, ანგარიშზე თანხას თავად გვერდის შემქმნელებიც რიცხავენ, რათა საქმიანობა უფრო დამაჯერებელი იყოს.

es2-1676454662.jpg

აღსანიშნავია, რომ მიწისძვრის შემდეგ, სხვადასხვა სოციალურ ქსელში ათასობით ასეთი გვერდი შემქმნა, რომელთა უმეტესი ნაწილი თაღლითურია.

ექსპერტის თქმით, დონორების არჩევისას დიდი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ, რადგან მათ PayPal-ის ადგილმდებარეობად თურქეთი აქვთ მითითებული, PayPal-ი კი თურქეთში 2016 წლიდან აღარ ფუნქციონირებს.

ექსპერტის თქმით, ნამდვილი საქველმოქმედო გვერდები დიდ თანხებს აგროვებენ და ეს ინფორმაცია გამჭვირვალეა, ყალბი ანგარიშები კი ხშირად 100 დოლარსაც ვერ აგროვებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი საუკეთესო მიზნებით ხელმძღვანელობენ და ქველმოქმედებისთვის PayPal-ის ანგარიშებს იყენებენ. არიან ადამიანები, რომლებიც სხვათა ქველმოქმედებასა და გულუხვობას ცუდად იყენებენ.

PayPal-ის გუნდი ყოველთვის მუშაობს იმისთვის, რომ ყალბი გვერდები დაბლოკონ, მით უმეტეს - ისეთი შემთხვევის შემდეგ, როგორიც თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრაა, რადგან შემოწირულობა ნამდვილ მიზანს ემსახურებოდეს“, - ნათქვამია PayPal-ის გუნდის განცხადებაში.

es3-1676454663.jpg
ანგარიშები, რომელიც PayPal-მა დაბლოკა

აღსანიშნავია, რომ „ტვიტერმა“ და PayPal-მა თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ უამრავი ყალბი გვერდი დაბლოკა, რომლებიც ხალხისგან თანხების გადარიცხვას ითხოვდნენ. (წყარო)