"ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია" - ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
ბატონო ბიძინა, თქვენც და „რუსული ოცნებაც“ ჩიხში ხართ! ახლა ამ ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი ამ რეზოლუციის შესრულებაა!, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ „თამაში დასრულებულია“ და საქართველოს მთავრობას ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულებისკენ მოუწოდა.
„“რუსულმა ოცნებამ“ ევროპაში არც ერთ მეგობარი არ დატოვა. უპრეცედენტოდ მაღალმა რაოდენობამ მისცა ხმა არ რეზოლუციას. „რუსულ ოცნებას“ არა თუ მეგობარი, დამლაპარაკებელიც აღარ დარჩა ევროპაში, რაც ცხადია, ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათოა.
ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია. უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებით თქვენ, უმძიმეს რეალობაშია „რუსული ოცნება" და ჩვენდა სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობაში აყენებთ ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, სასწრაფოდ მოგიწოდებთ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულებისკენ! სასწრაფოდ შეასრულეთ ეს რეზოლუცია!“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ "ფუნდამენტურ როლს, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაკავებაში, პირადი ვენდეტის ფარგლებში, ითამაშა". ამიტომ, პარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას [ევროპული] საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება „საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში“ მისი როლისთვის.
რეზოლუციაში, ევროპარლამენტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება. ასევე, ისინი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის.
რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი - თავი შეიკავა.
"ინტერპრესნიუსი"