"პუტინი და ჯავშნიანი მატარებელი"
აშშ-ის რადიოსადგურის - "ამერიკის ხმის" (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "პუტინი და ჯავშნიანი მატარებელი" (ავტორი - ვიქტორ ვლადიმიროვი), რომელშიც საუბარია რუსეთის პრეზიდენტის გადაადგილებისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებაზე - ჯავშნიან მატარებელზე.
რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი არცთუ ისე იშვიათად გადაადგილდება ხოლმე ქვეყანაში ჯავშნიანი მატარებლით, რის გამოც პრეზიდენტის ძირითად რეზიდენციებთან წინასწარ არის მიყვანილი რკინიგზის ხაზები და რომელთა გაყოლებაზე საიდუმლო სადგურებია მოწყობილი.
ერთ-ერთი რუსული გამოცემის - "პროექტის" მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ვლადიმერ პუტინის ყველაზე საყვარელ - ვალდაის რეზიდენციასთან ექსკლუზიური სარკინიგზო მისასვლელი 2019 წელს იქნა მოწყობილი, რაც ირიბად დასტურდება კოსმოსიდან გადაღებული ფოტოსურათებით. კიდევ უფრო ადრე იქნა აგებული მსგავსი სარკინიგზო მისასვლელები მოსკოვის ოლქში მდებარე "ნოვო-ოგარიოვოსა" და სოჭში არსებულ "ბოჩაროვ-რუჩეის" რეზიდენციებთან. ყველა ნაგებობა მაქსიმალურად არის შენიღბულ-დაცული უცხო თვალისაგან.
მოგზაურობა მოსკოვიდან... ჯავშნიანი მატარებლით
ვლადიმერ პუტინი თავის "მოგზაურობას" (ანუ რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებას) კრემლიდან ასე იწყებს: იგი ავტომობილით მიდის მაღალი მესრითა და მავთულხლართით შემოღობილ "ვიპ-სადგურ" კალანჩევკაში (მოსკოვის ცენტრში), სადაც მატარებელი დგას. სარკინიგზო შემადგენლობის ყველა ვაგონი ჯავშნიანია. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის სპეცმატარებელს გადაადგილების დროს მწვანე შუქი ყველგან გარანტირებული აქვს.
სხვათა შორის, როგორც გამოკვლევაშია აღნიშნული, ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე ვლადიმერ პუტინი თვითმფრინავიდან ჯავშანმატარებელში გადაჯდა. რით არის ეს გამოწვეული, ბოლომდე გარკვეული არ არის - ან თვითონ პრეზიდენტის ინიციატივაა, ან მისი დაცვის რეკომენდაცია.
რუსული მასმედიის მონაცემებით, ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციასთან ახლოს დამონტაჟებულია საზენიტო-სარაკეტო დანადგარი "პანცირი".
ამასთან, როგორც დამოუკიდებელი დამკვირვებლები აღნიშნავენ, პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განსაკუთრებული ზომები მიიღება იმ შეტყობინებების ფონზე, როცა უკრაინის არმია ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში დარტყმებს ახორციელებს. უკრაინასთან სასაზღვრო ზონაში, რომელშიც ეს ოლქებიც შედიან, ფაქტობრივად, ნახევრად სამხედრო მდგომარეობაა გამოცხადებული.
"პუტინმა მილიონობით ადამიანი ერთმანეთს გადაამტერა"
"ვლადიმერ პუტინის ქცევა-მოქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იგი უკვე დიდი ხანია, ისეთი ლიდერი აღარ არის, რომელიც ქვეყანას აერთიანებს", - ამბობს "ამერიკის ხმის" რუსულ სამსახურთან (русская служба «Голоса Америки») ოპოზიციური რუსი პოლიტიკოსი გენადი გუდკოვი. მისი აზრით, ვლადიმერ პუტინი არასდროს ცდილობდა, რომ თავი ხალხთან გაეიგივებინა.
"გავიხსენოთ, რომ ვლადიმერ პუტინი, უკრაინის ნამდვილი სახალხო ლიდერისაგან - ვოლოდიმირ ზელენსკისაგან განსხვავებით, ფრონტის ხაზზე არასდროს ყოფილა, თუმცა ომი სწორედ მან გააჩაღა. მისთვის სულ ერთია, თუ რა მდგომარეობაში არიან ბელგოროდისა და კურსკის ოლქების მშვიდობიანი მცხოვრებლები, რომლებიც უკრაინის არმიის დაბომბვის ზონაში აღმოჩნდნენ, ასევე, რუსეთის დანარჩენი მოსახლეობა, იმ უბედური რუსი მობილიზებულების ჩათვლით, რომელთა ძვლებით უკრაინაში ბრძოლის ველია მოფენილი. ასე ნაწილდება "სიკეთე" კრემლისებურად: ვის - ჯავშნიანი მატარებელი, ვის - ბილეთი ერთი მიმართულებით, რომელიც უკან მხოლოდ თუთიის კუბოთი ბრუნდება", - ამბობს გენადი გუდკოვი.
რუსული მასმედია წერდა, რომ ვლადიმერ პუტინი, თითქოს და, "საომარი მოქმედებების ზონაში იმყოფებოდაო", თუმცა სინამდვილეში მან დონის როსტოვში მხოლოდ თათბირი ჩაატარა, სამხედრო მაღალჩინოსნებთან.
"ყველაზე ცუდი ისაა, რომ თავისი მოქმედებით ვლადიმერ პუტინი ხელს უწყობს ქვეყნის დაშლა-დანგრევას", - აზუსტებს გენადი გუდკოვი. მისი შეფასებით, პრეზიდენტის მმართველობის წლებში საზოგადოებაში შეურიგებელი წინააღმდეგობის დიდი მუხტი დაგროვდა. "ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს მილიონობით მოქალაქეს შორის სიძულვილის პოლუსები ჩამოყალიბდა, რაც ისეთი სამოქალაქო ომის დაწყების მიზეზადაც კი შეიძლება იქცეს, რომელიც ყველას წინააღმდეგ იქნება მიმართული - ომის მომხრეებისა და მისი მოწინააღმდეგეების, რუსებისა და არარუსების, მოსახლეობის დაბალი და მაღალი ფენების მონაწილეობით. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე დღევანდელი ომის ფრონტის ხაზმა არა მარტო არმიები გამიჯნა, არამედ - მან განხეთქილება შეიტანა ოჯახებში, მეგობრებში, ერთმანეთს შეაძულა ახლობლები და ნათესავები, მეზობლები და თანამშრომლები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცუდად დასრულდება", - ასკვნის პოლიტიკოსი.
"რეჟიმის თვითმიზანი: ფსევდოპოლიტიკური სივრცის შექმნა"
თავის მხრივ, გამოცემა "ეჟედნევნი ჟურნალის" მთავარი რედაქტორი ალექსანდრე რიკლინი თვლის, რომ ჯავშნიან მატარებელთან დაკავშირებული ისტორიები ვლადიმერ პუტინის მონუმენტურ პორტრეტს ბევრს არაფერს მატებს. მისი თქმით, მთელი მსოფლიოსათვის უკვე კარგად არის ცნობილი, თუ ვინ და როგორი პიროვნებაა რუსეთის პრეზიდენტი.
"მე უკვე აღარ გამიკვირდება, თუ გაირკვევა, რომ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა, როცა კონსტიტუციის გარანტის - პრეზიდენტის გადაადგილების დეტალებს გაიგებს, იტყვის (რასაკვირველია, პროპაგანდის გავლენით), - რა დიდი ამბავი ესაა? განა ისეთი რა მოხდა? ომი მიდის და, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მეთაური კარგად უნდა იყოს დაცული... ალბათ, მის წინააღმდეგ მტრის დაზვერვა დივერსანტებსა და ტერორისტებს ამზადებს. თუმცა ნორმალური ადამიანისათვის ნამდვილად ძნელია იმის გააზრება, თუ რატომ ააგეს რკინიგზის სპეციალური ხაზები და სადგურები ", - ამბობს "გოლოს ამერიკის" ჟურნალისტთან საუბრისას ალექსანდრე რიკლინი.
"ამასთან, ყველაფერი კარგად თავსდება "რუსეთში გამეფებული უგუნურების" ჩარჩოებში", - აღნიშნავს "ეჟედნევნი ჟურნალის" მთავარი რედაქტორი და ვარაუდობს: "აი, სამშაბათს ვლადიმერ პუტინი სერგეი მირონოვს შეხვდა - ფრაქცია "სამართლიანი რუსეთის" ლიდერს, სახელმწიფო სათათბიროში. მე არ მასვენებს ერთი აზრი: მაინც რა უნდა ეთქვათ მათ ერთმანეთისათვის ახალი? რა არის მათი ურთიერთობის მიზანი? ვის სჭირდება ეს იაფფასიანი სპექტაკლი? ყველაფერი ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. სერგეი მირონოვი ვლადიმერ პუტინის მარიონეტი და თოჯინაა, პრეზიდენტი მას როგორც უნდა, ისე ათამაშებს. ეს არის შიდაპოლიტიკური ცხოვრების ფალსიფიკაცია. რეჟიმის თვითმიზანი ქვეყანაში ფსევდოპოლიტიკური სივრცის შექმნა გახდა. მოსახლეობას, ხალხს, აბსურდს აჩვევენ და მას იმ აზრს უნერგავენ, რომ ყველაფერი ნორმალურია".
სერგეი მირონოვი ფორმალურად ორჯერ იყო პრეზიდენტობის კანდიდატი და ორჯერვე საარჩევნო კამპანიაში ბოლო ადგილი დაიკავა. იგი დასავლური სანქციების ქვეშაა და მისი პარტია პროკრემლურად აღიქმება.
"გარდა ამისა, უკრაინის ფრონტის ყველა სირთულის გათვალისწინებით, რუსეთის არმიის უმაღლესი მთავარსარდლის რეპუტაციისათვის, ალბათ, კარგი უნდა იყოს, რომ თუნდაც ერთხელ ბრძოლის ველზე გამოჩნდეს თავისი ჯარის გასამხნევებლად, რომელსაც ყოველდღიურად სიკვდილზე გზავნის", - ამბობს ალექსანდრე რიკლინი.
"მაგრამ ვლადიმერ პუტინი ამის გამკეთებელი არ არის. ვერაფერს ვიზამთ, რადგან იგი მშიშარა პიროვნებაა. ვერ ვიხსენებ, რომ ერთხელ მაინც ეთქვას, თუ რა მძიმე მდგომარეობაში არის რუსეთის ფრონტისპირა ოლქების მოსახლეობა. ალბათ, იმიტომ, რომ ბელგორდისა და კურსკის ოლქებში შექმნილი სიტუაცია კრემლის პროპაგანდისტულ მიზნებში არ თავსდება. განა იმიტომ დაიწყო პუტინმა "ნაციზმის" წინააღმდეგ ომი, რომ სანაცვლოდ დარტყმები მიეღო ბელგოროდში, კურსკსა და ყირიმში? ადამიანებს შეიძლება ბუნებრივად გაუჩნდეთ კითხვა: ვინ მიიყვანა ქვეყანა ასეთ მდგომარეობამდე? კრემლი უკვე ვერავის ვეღარ გააჩუმებს თავისი ტრადიციული გამოთქმით - "ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის", - ასკვნის ჟურნალისტი. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ