ისევ საჰაერო ბუშტები, ამჯერად - კიევის თავზე, ცრუ საჰაერო სამიზნეების როლში... - კვირის პალიტრა

ისევ საჰაერო ბუშტები, ამჯერად - კიევის თავზე, ცრუ საჰაერო სამიზნეების როლში...

ჩრდილო-ამერიკის კონტინენტის თავზე აღმოჩენილ საჰაერო ბუშტებთან თუ ავტომატურ მოდრეიფე სადაზვერვო აეროსტატებთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ნელ-ნელა მინელდა, მაგრამ ახალი ძალით ჩაღდება უკვე ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ კი - ომის ქარცეცხლში მყოფი უკრაინის ცაში...

15 თებერვალს უკრაინელმა მეზენიტეებმა დედაქალაქ კიევზე მორიგი საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს და ათი საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, მაგრამ სასიხარულო ნაკლებად ჰქონდათ, რადგან ჩამოგდებულ სამიზნეებს შორის რამდენიმე... ჩვეულებრივი საჰაერო ბუშტი აღმოჩნდა!

2-amr-1676552587.jpg
ამ, ასდოლარიანი რუსული საჰაერო ბუშტისა და მასზე გამობმული კუთხოვანი რადიოამრეკლის ჩამოსაგდებად უკრაინის საჰაერო თავდაცვამ შეიძლება ათასჯერ ძვირი საზენიტო რაკეტა „მიახარჯა“...

ამერიკელებს ერთი კვირის წინ იმიტომ გაუჭირდათ ჩინური სადაზვერვო აეროსტატის ჩამოგდება, რომ მისი გარსი რადიოლოკატორების მიერ გამოსხივებულ რადიოტალღებს ატარებდა და თითქმის არ აირეკლვდა უკან. ამის გამო ამერიკელი მფრინავები დაელოდნენ, სანამ მზე ჩინური აეროსტატის გარსის ერთ მხარეს საკმაოდ გაათბობდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვეს მისი მიმართულებით „ჰაერი-ჰაერის“ კლასის სითბური დამიზნების მართვადი რაკეტა...

მაშინ როგორ მოახერხეს უკრაინელებმა კიევის თავზე ბევრად მომცრო საჰაერო ბუშტების ჩამოგდება „მიწა-ჰაერის“ კლასის რადიოლოკაციური დამიზნების მართვადი საზენიტო რაკეტებით, თუკი საჰაერო ბუშტის გარსი თითქმის არ ირეკლავს რადიოტალღებს?

იმიტომ, რომ ამ საჰაერო ბუშტებს რუსმა ოკუპანტებმა სპეციალურად ჩამოჰკიდეს კუთხოვანი რადიოამრეკლები, რომლებიც ლითონისგან იყო დამზადებული. ისინი უკრაინული რადიოლოკატორების მიერ გამოსხივებულ რადიოტალღებს ირეკლავდნენ და უკან აგზავნიდნენ, ხოლო ოპერატორების ეკრანებზე კი უკვე, როგორც საჰაერო სამიზნე, ისე აისახებოდნენ...

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ამ, ასიოდე დოლარის ღირებულების ცრუ საჰაერო სამიზნეების - საჰაერო ბუშტების ჩამოსაგდებად შეიძლება ათასჯერ ძვირი საზენიტო რაკეტები დახარჯა, მაგრამ, იმედია, შეცდომას მიხვდებიან და აღარ მოატყუებინებენ თავს რუს ოკუპანტებს - რადიოლოკაციური სადგურის პროფესიონალ ოპერატორს არ უნდა გაუჭიდეს ამ სახის ცრუ საჰაერო სამიზნის გამორჩევა რეალურად საფრთხის მომტანი რაკეტისგან და - თვით დრონისგანაც კი, რადგან საჰაერო ბუშტზე ჩამოკიდებული კუთხოვანი რადიოამრეკლი კი იძლევა დიდ ნიშანს რადიოლოკატორის ეკრანზე, მაგრამ მისი გადაადგილების სიჩქარე მიზერულია, რადგან ქარის სიჩქარესა და მიმართულებაზეა დამოკიდებული და ძნელად მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მოწინააღმდეგის მიერ გამოშვებულ ფრთოსან რაკეტას და თვით „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონსაც კი ფრენის სიჩქარე მიწასთან მიმართებაში ვერანაირად ვერ ექნება 20-40 კმ/სთ-ში...

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინასთან ომში კუთხოვანი რადიოამრეკლები პირველად ყირიმის ხიდის დასაცავად გამოიყენეს, როდესაც ამ ხიდის მიდამოებში ტივტივებზე მრავლად განათავსეს კუთხოვანი რადიოამრეკლები იმ იმედით, რომ რადიოლოკაციური დამიზნების სისტემის მქონე ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების - „ნეპტუნებისა“ და „ჰარპუნებისთვის“ „თავგზა“ აებნიათ, თუკი უკრაინელები მათ პუტინის სიამაყის - ყირიმის ხიდის ასაფეთქებლად გაუშვებდნენ...

უკრაინელებმა კი მაინც ააფეთქეს ყირიმის ხიდი, ისე, რომ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვება არც კი დასჭირვებიათ...

მეორედ კუთხოვანი რადიოამრეკლების დახმარებით რუსი ოკუპანტები უკვე მდინარე დნეპრზე, ხერსონთან, მთავარი სამანქანო ხიდის დაცვას ცდილობდნენ უკრაინელების „ჰაიმარსის“ რაკეტებისა და „ექსკალიბურის“ ჭურვების უზუსტესი დარტყმებისგან, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ ერთი უბრალო მიზეზის გამო - „ჰაიმარსის“ რაკეტებისა და „ექსკალიბურის“ ჭურვების დამიზნება გლობალური პოზიციონირების სისტემის - „ჯი-პი-ესის“ მეშვეობით ხდება და არა - რადიოლოკატორის გამოსხივებით...

3-amr-1676552623.jpg
ცოტა ხნით ადრე უკრაინის თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი ასე პოზიორობდა ხერსონის ხიდიდან ალაფად წამოღებულ კუთხოვან რადიოამრეკლთან ერთად...

რუსი ოკუპანტების მესამე მცდელობა კუთხოვანი რადიოამრეკლების გამოყენების თვალსაზრისით, შედარებით წარმატებული აღმოჩნდა და უკრაინელ მეზენიტეებს შეიძლება, მართლაც დაახარჯვინეს რამდენიმე ძვირად ღირებული საზენიტო რაკეტა, მაგრამ შეცდომებზე სწავლა შეიძლება და პირიქით - სათავისოდ მისი გამოყენებაც, როდესაც უკვე უკრაინელი სამხედროები გაუშვებენ აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ათეულობით ამგვარ საჰაერო ბუშტს, ზედ ჩამოკიდებული კუთხოვანი რადიოამრეკლებით. საჰაერო დინებები, როგორც წესი, უფრო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენაა მიმართული და ჩერნიგოვიდან, სუმიდან, ხარკოვიდან აფრენილი ასეთი საჰაერო ბუშტები რუსეთის ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდისა თუ ვორონეჟის ოლქების თავზე მასობრივად როდესაც „გაინავარდებენ“, მაშინ ნახეთ „ს-300“-ის ორტონიანი საზენიტო რაკეტების „ფოიერვერკი“ რუსული ქალაქების თავზე...