"თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან წავიდა, ის ციხეში არ დაბრუნდება. „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის გაშვება აწყობს" - კვირის პალიტრა

"თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან წავიდა, ის ციხეში არ დაბრუნდება. „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის გაშვება აწყობს"

"ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება აწყობს და ახლა ისინი ყველაფერს იზამენ, რომ სააკაშვილი გაუშვან , - ამის შესახებ "გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ განაცხადა.

ამასთან, ხვიჩიას თქმით, წინააღმდეგია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ გაშვების, ვიდრე „ქოც-ნაცური დაპირისპირება არსებობს“.

მისივე განცხადებით, სააკაშვილი თავად რისკავს საკუთარი ჯანმრთელობით.

"თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან წავიდა, ის ციხეში არ დაბრუნდება. "ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის გაშვება აწყობს და ახლა ისინი ყველაფერს იზამენ იმისათვის, რომ სააკაშვილი გაუშვან, ამით "ნაციონალური მოძრაობა“ მათი მტრის ხატი, განადგურებას გადაარჩინონ. მე წინააღმდეგი ვარ მიხეილ სააკაშვილის გაშვების, ვიდრე ქოც-ნაცური დაპირისპირება არსებობს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში მართალია, ვიდრე ბრძოლა არ დამთავრებულა, არც ხელი ჩამოურთმევიათ, მანამდე უაზრობად მეჩვენება და მგონია, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ აწყობს და თვითონ გაათავისუფლებს ძალიან მალე, როცა აღმოაჩენს, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ აღარ წარმოადგენს საფრთხეს და სააკაშვილი გარეთ არის საჭირო.

2024 წლის არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურებული უნდა იყოს, არც ახლაა მისგან რამე დარჩენილი, ეს ყველაფერი არის "ნაციონალური მოძრაობის“ მუმია და ეს მუმია საპატიოდ უნდა დავკრძალოთ.

არავის არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში კლავენ და აწამებენ. სააკაშვილი თავად რისკავს საკუთარი ჯანმრთელობით. ის არის მებრძოლი, უბრალოდ ციხეშია და იქიდან იბრძვის“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე შეფასებით, ხელისუფლება შექმნილ მდგომარეობას იყენებს იმისთვის, რომ დასაშვები გახდეს დისკუსია - გვინდა თუ არა დასავლეთისკენ.

"ცხადია, რომ ამ წუთას საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს დასავლურ თამაშს. მან, რაღაც თვალსაზრისით პრორუსული პოზიციების გულშემატკივრობა აირჩია. არც ოპოზიციაში და არც მედიაში არ არის დალაგებული მდგომარეობა. ამას ხელისუფლება იმისთვის იყენებს, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი წმინდა წერილი არ იყოს და დასაშვები გახდეს დისკუსია, გვინდა თუ არა დასავლეთისკენ. ამას ვერა ვინ გაბედავდა, რომ არა შექმნილი მდგომარეობა, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში დატრიალდა. ფაქტობრივად, სამარცხვინოდ იქცა მიტინგზე გასვლა.

ჩემი აზრით, გამოსავალი არის ხალხში. პოლიტიკოსებმა, მედიამ თავი უნდა დავანებოთ არ არსებული ჯარის გენერლობას. ხალხი კი არ გვეპატიჟება აქციაზე, ჩვენ ვეპატიჟებით სულ. ყველა დაიღალა ამ დაპატიჟებით. ხალხმა თუ მეტი პასუხისმგებლობა არ აიღო საკუთარ თავზე, ჩვენ ჯადოქრები კი არ ვართ“,- განაცხადა ხვიჩიამ.

"ინტერპრესნიუსი"