ქართველი დისიდენტების სასამართლო პროცესების სცენარები მოსკოვში, „ლუბიანკაზე“ იწერებოდა
საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის გადაწყვეტილება ზ. გამსახურდიას მწერალთა კავშირის რიგებიდან გარიცხვის შესახებ ქართველი დისიდენტების წინააღმდეგ რეპრესიების დასაწყისი იყო, რომელიც ოთხი დღის შემდეგ გაგრძელდა. 1977 წლის 5 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც ზ. გამსახურდია და ი. კენჭოშვილი მეცნიერ-თანამშრომლები იყვნენ, სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომა გაიმართა შემდეგი დღის წესრიგით: "ინსტიტუტის თანამშრომლების ზვიად გამსახურდიას და ირაკლი კენჭოშვილის უღირსი საქმიანობის განხილვა".
სხდომას ესწრებოდნენ "სოციალისტური რეალიზმის" პროპაგანდისტები, ცნობილი ქართველი კრიტიკოსები და მეცნიერები: ა. ბარამიძე, გ.გვერდწითელი, კ.იმედაშვილი, გ.მერკვილაძე, გ.შარაძე, ს.ცაიშვილი, გ.ციციშვილი, დ.თევზაძე და სხვ. ყველაფერი კა–გე–ბეში დაწერილი სცენარის მიხედვით წარიმართა:
"მოთვინიერებულმა მეცნიერებმა" მკაცრად დაგმეს საბჭოთა მეცნიერების "უღირსი საქმიანობა" , არალეგალური ჟურნალების გამოცემა და ანტისაბჭოთა პროპაგანდა–აგიტაცია. ზვიად გამსახურდიას სიტყვებით, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ლ. ანდღულაძემ, განაცხადა რომ ინსტიტუტის თანამშრომლებს არ აქვთ მორალური უფლება, რომ დაგმონ ზ. გამსახურდიასა და ი. კენჭოშვილის საქმიანობა. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრების ბრალდებებში კვლავ გაიჟღერა "ფაშიზმის მეხოტბეობამაც" და შალვა მაღლაკელიძის სახელმაც.
ზვიად გამსახურდიას კიდევ ერთხელ მოუხდა იმის გამეორება, რომ ის არ იცნობდა შ. მაღლაკელიძეს და "საქართველოს მოამბის" მეორე ნომერში გამოქვეყნებული ნეკროლოგ–მარტიროლოგის ავტორი თავად არ იყო. თუმცა "მოთვინიერებულმა მეცნიერებმა" ქართველი დისიდენტები ერთხმად გაათავისუფლეს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტიდან .
კა–გე–ბეში განსაკუთრებულ შეშფოთებას შ. მაღლაკელიძის "მარტიროლოგის" ერთი აბზაცი იწვევდა, სადაც აღნიშნული იყო (სტილი დაცულია – ბ.ა.): .. . ბ-ნი შალვა უკურნებელმა სენმა ლოგინს მიაჯაჭვა. ყველა, ვინც კი იცნობდა ბ-ნ შალვას, განცვიფრებული იყო მისი კაჟისებური ჯანმრთელობითა და ჩინებული მეხსიერებით. ამიტომ ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მისი უეცარი "ავად გახდომა". "საქართველოს მოამბის" რედაქციას გააჩნია შემზარავი მონაცემები იმის შესახებ, რომ ბ-ნი შალვას სიკვდილი არ უნდა ყოფილიყო "ბუნებრივი". ისიც უწყის რედაქციამ, თუ რად უნდა მომხდარიყო ამჟამად მისი მკვლელობა (მოწამვლა). მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო დღეისათვის ჩვენ ბოლომდე ფარდას არ ავხდით ამ საშინელ ბოროტმოქმედებას. თვით ბ-ნმა შალვამ უწყოდა მისი მკვლელობის ცდანი, მაგრამ იგი ამას არ იმჩნევდა, როგორც ჭეშმარიტი რაინდი, რამეთუ იყო იგი "სიკვდილთან შერიგებული"! (იგი თავად წინააღმდეგი იყო მის სიცოცხლეში მისი მოწამვლის ფაქტის გახმაურებისა)".
რამდენად რეალური იყო ქართველი დისიდენტების ბრალდება შალვა მაღლაკელიძის მოწამლვისა და მკვლელობის შესახებ? ამასთან დაკავშირებით საინტერესოა 2018 წლის 29 სექტემბერს "კვირის პალიტრისათვის" მიცემულ ინტერვიუში შ. მაღლაკელიძის ქალიშვილის , თამარ მაღლაკელიძის ინტერვიუდან ერთი ამონარიდი (სტილი დაცულია – ბ.ა.) :
"მამამ გარდაცვალების წინ თქვა: "მთელი ცხოვრება საქართველოს ინტერესებისთვის ვიბრძოდი და არ დამიფასდაო". ძალიან გულნატკენი იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში პოლიტიკურად აქტიური არ ყოფილა, მაგრამ ზვიად გამსახურდია და მისი თანამოაზრეები ხშირად მოდიოდნენ მასთან სახლში... მამა ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა. სრულიად ჯანმრთელი იყო. 84 წლისას საოცარი სმენა ჰქონდა, არანაირი სკლეროზი, არც სათვალეს ატარებდა. უცბად დაეწყო ავადმყოფობის უცნაური ნიშნები, რომელიც ექიმებმა ვერ გაარკვიეს. საქართველოში ვერც ერთმა ექიმმა ვერ დასვა დიაგნოზი. წითელი ჰქონდა ხახა, ყელი და ვერ ჭამდა. ამბობდა, მომწამლესო, იმიტომ, რომ ჩემთან ახალგაზრდებმა დაიწყეს სიარულიო. მამა ბოლომდე მუშაობდა, იყო მწერალთა კავშირის იურისკონსულტანტი. იქ რუსი მდივანი მუშაობდა. მამას სამსახურში მისვლისთანავე ჩაის სთავაზობდა, თურმე რამდენჯერმე ძალით დაალევინა, მამა ფიქრობდა, რომ სწორედ მან მოწამლა." ამ ვერსიის გამორიცხვა ნამდვილად არ შეიძლება. კა–გე–ბეს "ხაფანგში" უკვე გაბმული ჰყავდა ქართველი დისიდენტები და შ. მაღლაკელიძის, თუნდაც როგორც არასასურველი მოწმის, თავიდან მოცილება უკვე შეიძლებოდა. თანაც საბჭოთა სპეცსამსახურებს გააჩნდათ მრავალმხრივი დანიშნულების ქიმიურ–ბიოლოგიური "სპეციალური პრეპარატები", რომელთა გამოყენებითაც "ვერმახტის" ქართველი გენერლის თანდათანობითი მოწამალვა სრულიად რეალურია.
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას წინააღმდეგ 1977 წლის 7 აპრილს საქართველოს სსრ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით (ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა) აღიძრა სისხლის სამართლის საქმე N 131. მათ ბრალად ედებოდათ 1977 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს სსრ-ის ტერიტორიაზე არალეგალური ჟურნალების, "საქართველოს მოამბისა" და "ოქროს საწმისის" დამზადება და გავრცელება. 7 აპრილს დააპატიმრეს ზვიად გამსახურდია, ხოლო 10 აპრილს მერაბ კოსტავა. ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას საცხოვრებელ ბინებში, ასევე მათ თანამოაზრეთა და ახლობელ–ნათესავების ბინებში ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა "ანტისაბჭოთა და ნაციონალისტური" შინაარსის მქონე ლიტერატურა, მათ შორის ჟურნალები "ოქროს საწმისი" და "საქართველოს მოამბე", ასევე მოსკოვში გამომავალი "მიმდინარე მოვლენათა ქრონიკა", "სსრკ-ში ადამიანის უფლებათა დაცვის ქრონიკა" და "ანტისაბჭოური შინაარსის" მქონე სხვადასხვა ავტორთა ტექსტები.” საქმეზე დაიკითხა 140-ზე მეტი მოწმე.
ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას მონაწილეობა აღნიშნული გამოცემების მომზადებასა და გავრცელებაში დადასტურებულ იქნა გამოძიების მასალებით. ამას თავად ბრალდებულებიც არ უარყოფდნენ. 71–ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ექვსი თვიდან შვიდ წლამდე, გადასახლებას ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე.
ზ. გამსახურდია "ავტობიოგრაფიაში" აღნიშნავდა (სტილი უცვლელია –ბ.ა.) : "1977 წლის 7 აპრილს დამაკავეს ლიტერატურული ინსტიტუტის შენობაში, სადაც ვმუშაობდი უფროს მეცნიერ თანამშრომლად. სუკ-ში წამიყვანა ოპერატიულმა ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა არაქართველი ეროვნების პირებისგან. . . . დაიწყო დაკითხვები, პატიმრობა იზოლატორში. სანამ გამოძიება გრძელდებოდა შეიცვალა გამომძიებლები, შეიცვალა ზეწოლის მეთოდები და ფსიქოლოგიური ზემოქმედება. სიძულვილი უცვლელი დარჩა. . . . ჩემი უკანონო დაკავების პროტესტის ნიშნად პირველივე დღიდან შიმშილობა გამოვაცხადე . .. გამომძიებლებმა მითხრეს, რომ საკმარისი არ იყო ჩვენთვის 71-ე მუხლის წაყენება და აუცილებელი იყო ასევე 64-ე მუხლის დამატება "ღალატისთვის". მათი თქმით, მე ვიყავი დაკავშირებული აშშ დაზვერვასთან . . . .".
1977 წლის 16 აგვისტოს ზ. გამსახურდია ჯერ მოსკოვში, კა–გე–ბეს ლეფორტოვოს ციხეში, სადაც რამდენიმე დღე გაატარე, იქიდან კი მოსკოვის სერბსკის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტში გადაიყვანეს, სადაც ბევრ საბჭოთა დისიდენტს იძულებით "მკურნალობდნენ". თუმცა მალევე ზ. გამსახურდია კვლავ თბილისის საპყრობილეში დააბრუნეს. "საქმე #131" დაიწყო 1977 წლის 7 აპრილს და დასრულდა 1978 წლის 7 მარტს. "საქმე" შედგებოდა 56 ტომისგან. სასამართლო პროცესის სცენარი კი მოსკოვში, ლუბიანკაზე უკვე დაწერილი იყო.
სსრკ სუკ-ის საიდუმლო დოკუმენტი №785-ა სკკპ ცკ-ში 1978 წლის დასაწყისში გაიგზავნა და მას ხელს აწერენ: სსრკ სუკ-ის თავმჯდომარე იური ანდროპოვი; სსრკ გენერალური პროკურორი რომან რუდენკო და სსრკ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე ლევ სმირნოვი. ეს "შესანიშნავი სამეული" საბჭოთა იმპერიის მთავარი სადამსჯელო ძალას წარმოადგენდა, თუმცა ეს დოკუმენტი, რომ კა-გე-ბეშია შედგენილი ნათლად ჩანს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მათ 1977 შემოდგომისთვის უკვე მომზადებული ჰქონდათ "სცენარი" და სათანადოდ დამუშავებული ჰყავდათ მთავარი ბრალდებულებიც, თუმცა იმ წელს საჩვენებელი სასამართლო პროცესების გამართვისგან თავი შეიკავეს, რასაც იმით ასაბუთებდნენ, რომ "დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის" 60 წლისთავის სადღესასწაულო პერიოდში მიზანშეწონილი არ იყო ამ სახის პროცესების გამართვა". აღნიშნული დოკუმენტიდან ჩვენთვის საინტერესო ამონარიდებს ქვემოთ გთავაზობთ (სტილი დაცულია –ბ.ა.) :
"გამოძიების პერიოდში სრულიად დადასტურდა გინზბურგის, ორლოვის, მათუსევიჩის, მარინოვიჩის, გაიაუსკასის, აგრეთვე გამსახურდიასა და კოსტავას მტრული საქმიანობა, რაც ანტისაბჭოთა აგატაცია-პროპაგანდასა და განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზაციების შექმნაში გამოიხატებოდა".
"სამეული" საბჭოთა პოლიტბიუროს სასამართლო პროცესების ორგანიზაციის ისეთ ტაქტიკას სთავაზობდა, რომ მაქსიმალური ანტიდასავლური პროპაგანდისტური ეფექტი მიღწეულიყო (სტილი დაცულია –ბ.ა.) ::
"იმის გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მთავარ ძალისხმევას მიმართავს შარანსკის, გინზბურგის, ორლოვისა და გამსახურდიას საქმეების განხილვის დისკრედიტაციაზე , მიზანშეწონილად მიგვაჩნია სასამართლო პროცესების ორგანიზაცია დაიწყოს აშშ-ის სპეცსამსახურების მოქმედებების მამხილებელი მასალების პუბლიკაციით".
საბჭოთა იმპერიის მთავარი სადამსჯელო "სამეული" განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სასამართლო პროცესების დაწყების თარიღებს: 1978 წლის მარტიდან დაწყებული ივნისამდე საჩვენებელი სასამართლო პროცესები უნდა გამართულიყო. ამ "სრულიად საიდუმლო" დოკუმენტიდან ქართველი მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო ამონარიდს ქვემოთ გაეცნობით (სტილი დაცულია –ბ.ა.) :
"მაისის მეორე ნახევრიდან-ივლისის დასაწყისამდე დანარჩენი პროცესები უნდა გაიმართოს. მიზანშეწონილია ის დაიწყოს მოსკოვში ორლოვის საქმის განხილვით. რაც დროში უნდა დაემთხვეს თბილისში გამსახურდიასა და კოსტავას საქმის განხილვას. ამგვარი თანხვედრა ტაქტიკურად გამართლებული იქნება, რადგანაც გამსახურდია სრულიად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ის არის ცნობილი ქართველი მწერლის ვაჟი, აქვს ფართო კავშირები შემოქმედებით ინტელიგენციასთან, ამიტომაც მისი მამხილებელი გამოსვლები, კერძოდ მოსკოვში აშშ-ის საელჩოს საფარქვეშ მოქმედი ამერიკელი მზვერავების როლის ჩვენება, გამოიწვევს ჩვენთვის სასარგებლო რეზონანსს. გამსახურდიას მამხილებელი გამოსვლები, თავის მხრივ, შექმნის გინზბურგის, შემდეგ კი შარანსკის სასამართლო პროცესების ჩატარების პირობებს".
ალბათ მკითხველისთვის მძიმე წასაკითხია ეს სტრიქონები, თუმცა ისტორიას ვერ შევცვლით. კა-გე-ბეს ხელმძღვანელობა ამ სასამართლო პროცესების პარალელურად ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა საბჭოთა მოსახლეობაზე, "სხვაგვარად მოაზროვნენი" გამოეყვანა ამერიკის აგენტებად, "ფაშიზმის მეხოტბეებად" და ზიზღის გრძნობა დაეთესა დისიდენტების მიმართ. ამისთვის იყენებდნენ კა-გე-ბესთან "დაახლოებულ" ცნობილ მწერლებსა და მეცნიერებს. 1978 წლის ივნისის დასწყისში ანდროპოვი "საიდუმლო" მოხსენება №1155-ა უგზავნის ლეონიდ ბრეჟნევს (სტილი დაცულია –ბ.ა.):
"სკკპ ცკ-ას 1978 წლის 21 მაისის №პ-105/115 გადაწყვეტილების შესასრულებლად მწერალმა იულიან სემიონოვმა, სახელწიფო უშიშროების კომიტეტის მასალების მიხედვით გაზეთ "იზვესტიაში" გამოსაქვეყნებლად მოამზადა სტატია "ვის აძლევს ხელს?", რომელიც ააშკარავებს აშშ-ში ატეხილ ჯაშუშომანიის ანტისაბჭოთა კამპანიას". ზემოთ მოყვანილი ამონარიდი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსულ-საბჭოთა იმპერიის საკულტო ფილმის "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების" სცენარის ავტორის, იულიან სემიონოვის საბჭოთა სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირსა და თანამშრომლობას.
ქართველი დისიდენტების დაპატიმრებით, გასამართლებითა და სასჯელის გამოტანით კა–გე–ბეს მზაკვრული გეგმა არ მთავრდებოდა. ეს იყო ერთიანი, ვრცელი "ოპერატიული კომბინაციის" მხოლოდ პირველი ნაწილი. ამის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო ქართველ დისიდენტებს შორის უნდობლობის ჩამოგდებისა და ღალატში ურთიერთბრალდებების "კომბინაცია", რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილი და ძირითადი ღერძი ზვიად გამსახურდიას "სასამართლო–სატელევიზიო მონანიება" უნდა გამხდარიყო.
(მეთერთმეტე ნაწილის დასასრული)