"პუტინსა და ზელენსკის შორის მშვიდობის დამყარება შეუძლებელია" - რას წერს გერმანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"პუტინსა და ზელენსკის შორის მშვიდობის დამყარება შეუძლებელია" - რას წერს გერმანული გამოცემა

გერმანული ყოველკვირეული ჟურნალის - "ფოკუსის" (Focus) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით - "რუსეთისა და უკრაინის კონსტიტუციების მიხედვით, პუტინსა და ზელენსკის შორის მშვიდობის დამყარება შეუძლებელია“ (ავტორი - ანდრეას ულანდი).

გთავაზობთ ვრცელი სტატიის შინაარსს:

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს დისკუსიები, თუ როგორ შეიძლება მოინახოს გზები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დასრულებისათვის, მაგრამ ზავის მისაღწევად და მშვიდობის დასამყარებლად ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ზოგიერთი კონსტიტუციური ბარიერის გადალახვა მოუწევთ. უამისოდ მოსკოვსა და კიევს შორის არანაირი მოლაპარაკება არ შედგება, ან თუ შედგება, არავითარ შედეგს არ მოიტანს, მტკიცე მშვიდობის დასამყარებლად. ძირითად პრობლემას რუსეთისა და უკრაინის კონსტიტუციების ფუნდამენტური განსხვავება წარმოადგენს - რუსეთის კონსტიტუციის 65-ე მუხლში უკვე დაფიქსირებულია, რომ ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები რუსეთის ფედერაციის სუბიექტები არიან ანუ მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ფაქტის იურიდიული დადასტურება კომპრომისისთვის სერიოზული პრობლემაა.

რუსეთის ანექსიონისტური პოლიტიკის რეალიზება უკრაინის მიმართ 2014 წლის 18 მარტიდან დაიწყო, როცა კრემლმა ყირიმის ნახევარკუნძული თავისი ეროვნული ტერიტორიის ნაწილად გამოაცხადა და საკუთარი ხედვა გაავრცელა ანექსიის ფაქტის შესახებ. ერთ-ერთი საეჭვო არგუმენტი ის იყო, რომ ყირიმის პრობლემას თავისი სპეციფიკური ისტორია აქვს, როგორც რუსეთის იმპერიის, ასევე - საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში.

რა თქმა უნდა, კრემლის პოზიცია ცალმხრივია და მასში შერჩეული ისტორიული ფაქტებით მანიპულირებაა გამოხატული. ბევრ მთავრობას და ხელისუფლებას შეუძლია მსგავსი ხედვები გამოხატოს ტერიტორიული საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც ამა თუ იმ ისტორიულ პერიოდში რომელიმე მხარის სასარგებლოდ იყო წარმოჩენილი. ასეთი პრეცედენტები საკმაოდ ბევრია - პრინციპით "ოდესღაც ეს მიწა-წყალი ჩვენი იყო, მაგრამ ისტორიული უსამართლობის გამო ახლა სხვა სახელმწიფოს აქვს დაკავებული“, ბევრი მთავრობა სარგებლობს.

გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც: უკრაინის ტერიტორიული პრობლემა მჭიდროდ უკავშირდება გაეროს ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფოს (უკრაინის სსრ გაეროს წევრი იყო 1945-1991 წლებში) არსებობას.

უკრაინის კონსტიტუციის 133-ე მუხლის თანახმად, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა, მიკოლაევის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები უკრაინის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილებს წარმოადგენენ.

არც ერთი მხარე - არც რუსეთი და არც უკრაინა - არ აპირებენ საკუთარი კონსტიტუციის დარღვევას ანუ კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას ტერიტორიული დათმობების საკითხში. ეს არგუმენტი საკმარისია იმისათვის, რომ მოლაპარაკება საერთოდ არ გაიმართოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოლაპარაკების წინ რუსეთმა საკუთარ კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შეიტანოს - გააუქმოს 2014 და 2022 წლის შესწორებები და აღნიშნული ოლქების დასახელება ქვეყნის ძირითადი კანონიდან ამოიღოს. ეს აშკარად არ მოხდება. ამას ასევე არ გააკეთებს უკრაინაც - საკუთარი კონსტიტუციიდან ყირიმს, ზაპოროჟიეს, მიკოლაევს და დონეცკ-ლუგანს ვერ ამოშლის.

უკრაინამ რომ ტერიტორიებზე უარი თქვას, ეს ფაქტი სამომავლოდ ნეგატიურ შედეგებს მოიტანს - მსოფლიო რიგი სახელმწიფოები, რუსეთის მსგავსად, მოისურვებენ სამხედრო-პოლიტიკური გზით მეზობლების მიწა-წყლის ანექსიას, რაც საერთაშორისო წესრიგს საფრთხეს შეუქმნის.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ