"გთხოვთ, ნუ დამტოვებთ მარტო ამ ბრძოლაში, ვერ ვუყურებ შვილის სევდიან თვალებს" - 8 წლის ანდრიას საზოგადოების დახმარება სჭირდება... - კვირის პალიტრა

"გთხოვთ, ნუ დამტოვებთ მარტო ამ ბრძოლაში, ვერ ვუყურებ შვილის სევდიან თვალებს" - 8 წლის ანდრიას საზოგადოების დახმარება სჭირდება...

8 წლის ანდრია ბაღიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. პატარას დიაგნოზია - იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა. ანდრიას ძვირად ღირებული მედიკამენტებით მკურნალობა უტარდება, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მისი ორგანიზმი ვერ ინარჩუნებს თრომბოციტებს.

ამჟამად ბავშვი თბილისში, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში წევს, ძირითად დაავადებას ახლა კოვიდიც დაერთო და ექიმები ჯერ კოვიდს ებრძვიან...

მანამდე ანდრია მშობლებმა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაშიც წაიყვანეს იმ იმედით, რომ იქნებ იქ ეპოვათ ექიმებს გამოსავალი. იქაც უმკურნალეს, თითქოს, შედეგი ჩანდა, ოჯახი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ რამდენიმე დღეში შეშფოთებულმა ანდრიამ დედას უთხრა, შარდი სხვანაირიაო. დედამ ნახა, რომ შვილის შარდი სისხლიანი იყო, ბავშვს სხეულზე ისევ გაუჩნდა სილურჯეები. ისევ სტაცეს შვილს ხელი მშობლებმა და ღამის 12 საათზე კლინიკაში გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ თრომბოციტები ისევ საშიშ ზღვრამდე, 5-მდე იყო დავარდნილი. ამ დრომდე ოჯახი ნათესავების, მეგობრების დახმარებით ახერხებდა მკურნალობის ხარჯების გაწევას, მაგრამ იმდენად ძვირად ღირებულია მკურნალობა, დღეს ოჯახს საზოგადოების გვერდში დგომა სჭირდება...

ანდრიას დედას, თეონას ძალიან გაუჭირდა ამ თემაზე ჩვენთან საუბარი. თვალცრემლიანმა მიამბო შვილის ამბავი. ისიც მითხრა, ძალიან მერიდება ხალხისთვის დახმარების თხოვნა რომ მიწევს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს... ძალიან ძნელია, როცა დედას ხელში დალურჯებული შვილი გიჭირავს, მაშინ ხვდები, რომ უკან დასახევი გზა არ გაქვს და თავდაუზოგავად იბრძვი, იბრძვი შვილის კარგად ყოფნისთვისო...

თეონა სხულუხია:

- ცოტა ძალა მოვიკრიბე და მოგიყვებით ჩვენს გასაჭირს. სამი შვილის დედა ვარ და ყველაფერს ვაკეთებთ მე და ჩემი მეუღლე შვილების კარგად ყოფნისთვის, ვშრომობთ და ვზრდით მათ. ანდრია მეორე კლასის მოსწავლეა, 8 წლის. 2021 წელს, ოქტომბერში, მთელ ოჯახს კოვიდის გადატანა მოგვიხდა. ბავშვს იმუნიტეტეტი, ალბათ, ცოტა დაქვეითებული ჰქონდა, ზაფხულში სოფელში ჩავედით და მეზობლის ძაღლმა დაკბინა, ისე იყო დაკბენილი, სასწრაფოდ საავადმყოფოში წავიყვანეთ, ცოფზე 3 აცრა გაუკეთდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ანდრიას სხეულზე სილურჯეები შევამჩნიე, პედიატრს ვაჩვენე, ანალიზები გავუკეთეთ და აღმოჩნდა, თრომბოციტები ჰქონდა დავარდნილი. სასწრაფოდ ქუთაისში, ჰემატოლოგთან წავედით. სრულყოფილი გამოკვლევა ჩაუტარა, ძვლის ტვინიც გამოიკვლიეს, სუფთაა, ლეიკემია საბედნიეროდ გამორიცხეს და ვიმკურნალეთ თრომბოციტებზე.

მაჩვენებელი მედიკამენტებით აეწია, პერიოდულად ჩამოდიოდა და თავისით აიწევდა ხოლმე, მაგრამ შარშან, დეკემბერში, უკვე ძალიან დაუვარდა და თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში მივიყვანეთ, ისევ წამლებით უწევდნენ მაღლა, მაგრამ ისევ უცებ ვარდებოდა, ვერ ხვდებოდნენ ამის მიზეზს... ექიმმა გვითხრა, ასეთი სწრაფი ვარდნა არ უნდა ხდებოდეს, არ ვიცი, რა გავაკეთოო. ახალი წლის მერე, იგივე რომ განმეორდა, თურქეთში წავიყვანეთ გამოსაკვლევად. იქაც იგივე დიაგნოზი დაუსვეს, რაც ქუთაისში ჰემატოლოგმა. იქ რომ ჩავედით, საერთოდ განულებული ჰქონდა თრომბიციტები და გვითხრეს, ახლა ბავშვის გადაადგილებაც კი საშიშია და სასწრაფოდ იმუნოგლობულინის გადასხმა სჭირდებაო. იმუნოგლობულინი ძვირად ღირებულია, თან თურქეთის კლინიკაში უფრო ძვირი ღირდა და ამხელა თანხა ნამდვილად არ გვქონდა წაღებული, კვლევებისთვის შევაკოწიწეთ და არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა, ფული წყვეტდა შვილის სიცოცხლეს...

ბავშვი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ თურქმა ექიმებმა ფულის არქონის მიუხედავად, ეს მედიკამენტი მაინც გადაუსხეს, მერე გადაიხადეთ ფულიო, ასე, წამლებით აუწიეს თრომბოციტები და გამოგვიშვეს, 5 დღეში ისევ დაგვიბარეს, ეს ვალი გასასტუმრებელი იყო. რაც გვქონდა, ყველაფერი დავალომბარდეთ, ბანკიდან სესხი ავიღეთ, მეგობრებიც, ნათესავებიც დაგვეხმარნენ ფინანსურად და ისევ წავედით თურქეთში. გადავიხადეთ ის თანხაც და ანალიზებში აღმოჩნდა, რომ თრომბოციტები ისევ ძალიან დავარდნილი იყო. მერე ისევ თავიდან დაარეგულირეს და იქიდან ასე გამომიშვეს - ერთ კვირაში გააკონტროლეთ ანალიზებიო. ვნახეთ, ისევ ქვედა ზღვარზე იყო...

ერთ დღეს, საპირფარეშოდან ბავშვი შეშინებული გამოვარდა, დედა, შარდს სხვანაირი ფერი აქვსო, ვნახე და სისხლი მოჰყვებოდა... მაშინათვე დავრეკე ექიმთან, ღამის 12 საათზე გავაკეთეთ ანალიზი და თრომბოციტები 5-ზე იყო ჩამოსული. იმავე ღამით ჩამოვედით თბილისში, ქუთაისიდან წამალიც წამოვიღეთ, ამხელა თანხა არ გვქონდა, ძვირი ღირს, მაგრამ ვინც ყიდდა იმუნოგლობულინს, იმან ჩვენი მდგომარეობა რომ გაიგო, შევეცოდეთ და წამალი "ნისიაზე" მოგვცა, ასე გვენდო ისიც. სამი გადასხმის მერე წამოვიდა თრომბოციტები მაღლა, კლინიკიდან რომ გამოვედით, 140 იყო.

2 დღის მერე, ბავშვი რომ ვაბანავე და ვამშრალებდი, ისევ შევნიშნე სილურჯეები, ისევ წავედეთ კლინიკაში და, სამწუხაროდ, ისევ დავარდნილი ჰქონდა. პრობლემა ისაა, რომ მკურნალობის შემდეგ ორგანიზმი თრომბოციტებს ვერ ინარჩუნებს და საშიშ ზღვრამდე ვარდება. იმასაც ვერ მეუბნებიან, რისი ბრალია, ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში არ მქონიაო, მითხრა ექიმმა. რა არის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი, ზუსტად ესეც არ ვიცით, არის ვარაუდი, რომ ცოფის აცრის მედიკამენტებით არის ეს პრობლემა გამოწვეული. ზუსტად ვერ ამბობენ, ალბათ, მისმა ორგანიზმმა ვერ მიიღო ცოფის აცრებიო...

ქუთაისში ანალიზების ასაღებად რომ მყავდა, ბოლოს, ეტყობა მაშინ კლინიკაში კოვიდი აიკიდა. ახლა ესეც დაგვემატა და ინგოროყვას კლინიკაში წევს ანდრია, მაგრამ ჯერ კოვიდზე მკურნალობენ. ამ ფონზე სხვა მკურნალობა ვერ ტარდება. ველოდებით, რომ მალე კოვიდისგან გამოჯანმრთელდეს და შემდეგ გაგრძელდება მკურნალობა.

ძალიან გამიჭირდა ამ თხოვნით ხალხისთვის მიმართვა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. აქამდე რომ მოვედით, ესეც ახლობლების და მეგობრების დახმარებით, ხარჯები 40 000-ზე ავიდა უკვე და ამხელა თანხა ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა.

სასოწარკვეთილი ვიყავი, მათი დახმარებით ეს შევძელით. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც გვერდში დაგვიდგა და ვინც აწი გაიგებს ჩვენს მდგომარეობას და დაგვეხმარება.

წყალტუბოს მერია 1500 ლარით დაგვეხმარა, ეს ზღვაში წვეთია იმ თანხებთან შედარებით, რაც გვჭირდება. ეს წამალი არ ფინანსდება ჯანდაცვის მიერ. 6 ბოთლი გადავუსხით ახლა და მარტო ეს ერთი მედიკამენტი 18 000 ლარის იყო. ახლა რაღაც ახალი პრეპარატი დაგვინიშნეს, რომლით მკურნალობა კოვიდის მერე დაიწყება. 5 000 ლარი ჯდება წამალი, ყოველთვიურად, ერთჯერადი მკურნალობა არ შველის, მუდმივად გვჭირდება, შედეგამდე რომ მივიდეთ და სხვა, უფრო მძიმე დაავადება არ განვითარდეს.

ძალიან მძიმეა დედისთვის, როცა შვილის ჯანმრთელობისთვის იბრძვი და ხვდები, რომ ფინანსები არის ამ დროს ყველაზე მთავარი. ხედავ, როგორ გიყურებს შენი შვილი თვალებში, როგორ გეკითხება, დედა, კარგად ხომ ვიქნებიო?

ძალიან განიცდის ბავშვი ამ მდგომარეობას. ცეკვა უყვარს ძალიან, ქართულ ცეკვებზე დამყავდა, ძალიან აქტიური, ენერგიით სავსეა და სულ მეკითხება, დედა, ცეკვას ხომ გავაგრძელებ და ხომ ვისწავლიო? სკოლაშიც ვერ დადის, ამაზეც ძალიან ნერვიულობს, თანაკლასელები, პედაგოგები ამხნევებენ, მაგრამ ძალიან უნდა მათ გვერდით ყოფნა, მენატრება მეგობრებიო. ძალიან ისტრესება კლინიკაში ყოფნით. ვცდილობ, მან არ შეამჩნიოს ჩემი ემოციები, ტელეფონი რომ დარეკავს და დასალაპარაკებლად გარეთ გავდივარ, მეკითხება, ახლა ვის ელაპარაკე, რა გითხრეს, დედა, ხომ კარგად ვიქნებიო?

ვთხოვ ყველას, გულთან მიიტანოს ჩვენი გასაჭირი და დაგვეხმაროს, ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ თხოვნით მიმართვა თუ მომიწევდა, მაგრამ მე ხომ ახლა სხვა გზა არ მაქვს, ვხედავ ჩვენი ოჯახის და ახლობლების გაწეული დახმარება ვერ გაწვდება ჩვენს პრობლემას. ისიც ვიცი, ბევრი ბავშვი გადარჩენილა კეთილი ადამიანების გვერდში დგომით და ახლა ამ ხალხის იმედი მეც მაქვს.

ღმერთმა თითოეული გაღებული ლარი უკან ათასად დაგიბრუნოთ, ნუ დამტოვებთ მარტო ამ ბრძოლაში და გთხოვთ, ჩემი ტიკტიკა და საყვარელი ბიჭი გამომაჯანმრთელებინეთ. ვერ ვუყურებ მის სევდიან თვალებს, მინდა, ისევ ბედნიერი, ლაღი და ჯანმრთელი მყავდეს. ამაში თქვენი დახმარების იმედი მაქვს, კეთილო ადამიანებო.

ხალხის გვერდში დგომით, უფლის რწმენით უნდა დავამარცხოთ ჩვენ ეს დაავადება. ამ დროს ყველა წუთი მნიშვნელოვანია, დროზე უნდა მიხვიდე კლინიკამდე და უნდა გქონდეს ხელში ის ძვირად ღირებული წამალი, რომელიც შენს შვილს აუწევს თრომბოციტებს. მეუბნებიან, რომ ხანგრძლივი მკურნალობით შედეგი იქნება. მჯერა, ამას შევძლებთ. სათანადოდ ვერ მკურნალობის შემთხვევაში კი ვერაგ ავადმყოფობად გადაიქცევა... როცა დედამ ეს იცი, თანხის უქონლობის გამო შვილს რომ ვერ უშველო, რა უნდა ქნა?..

წინასწარ მინდა ვუთხრა მადლობა ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგება და დაგვეხმარება. თქვენ მე მომცემთ ფეხზე წამოდგომის ძალას და ჩემს სიცოცხლით სავსე ანდრიას გამომიჯანმრთელებთ, ღმერთი კი ყველას წინ დაგახვედრებთ გაღებულ სიკეთეს.

დახმარების მსურველებისთვის ვუთითებთ დედის ანგარიშის ნომრებს და გვჯერა, ყველას ერთად დგომით მალე ანდრია სრულად გამოჯანმრთელდება.

საქართველოს ბანკი: GE11BG0000000499210239

თიბისი : GE54თB7580945061100063

ლიბერთი ბანკი: GE89LB 0211128486792000

მიმღები: დედა - თეონა სხულუხია

(სპეციალურად საიტისთვის)