"თბილისურმა ამბავმა" რუსულ საიტზე პრაღას და მიუნხენს აჯობა
ერთ-ერთ პოპულარულ რუსულ ინტერნეტსაიტზე - "სპლეტნიკ.რუ", რომელიც ცნობილია, როგორც რუსი ოლიგარქების, რომან აბრამოვიჩისა და ოლეგ დერიპასკას ცოლების საიტი და სადაც თავს იყრის ინტერნეტვიზიტორთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ცოტა ხნის წინ გამოცხადდა კონკურსი პირობითი სახელწოდებით "სად ცხოვრობთ?" კონკურსის მონაწილეებს ინტერნეტგვერდზე უნდა აეტვირთათ თავიანთი ქალაქების ფოტოები და მოკლედ მოეთხროთ იმ ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ, რომელსაც ხშირად სტუმრობენ. კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია ინტერნეტმომხმარებლებში და რამდენიმე დღეში ვებგვერდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების ამსახველი ფოტოებით აივსო. გამარჯვებული საიტის სარედაქციო კოლეგიას უნდა გამოევლინა, თუმცა რედაქციამაც და ვებგვერდის მომხმარებლებმაც ერთხმად კონკურსის უპირობო ლიდერად "კვირის პალიტრის"
თანამშრომლის, დუდანა ზაქარაიას ჩანაწერი აღიარეს.
ძველი და თანამედროვე თბილისის რამდენიმე შთამბეჭდავმა ფოტომ და დუდანას თბილისური ვოიაჟის ამბავმა ისე აღაფრთოვანა ინტერნეტმომხმარებელი, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, რომ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდათ და საიტზე კომენტარების ზღვა წამოვიდა.
"დუდანა, დიდი მადლობა თბილისური ამბისთვის. თბილისში მეგობრები მყავს და აუცილებლად ჩამოვალ თქვენი დედაქალაქის სანახავად".
"დუდანა, თქვენი ჩანაწერი მართლაც ყველაზე გულშიჩამწვდომია. ყველა პოსტიდან ყველაზე დიდი სიამოვნებით თბილისის ფოტოებს ვათვალიერებდი. თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ გამარჯვება".
კონკურსში მეორე ადგილი პრაღის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს ერგო, მესამე კი მიუნხენს. კონკურსში გამარჯვებული სამეული ფასიანი საჩუქრებით დასაჩუქრდება: პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა სერტიფიკატი შოპინგისთვის მაღაზიაში American Retro, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს კი EMU Australia-ს მოდური "უგები".
დუდანა ზაქარაია, "კვირის პალიტრის" თანამშრომელი: "ამ საიტზე ერთადერთი ქართველი ბლოგერი ვარ და ორი წელია უკვე აქტიურად ვაკეთებ ჩანაწერებს სხვადასხვა თემაზე საქართველოს შესახებ, მათ შორის ქართულ სამზარეულოსა თუ მის ისტორიულ კუთხეებზე. "სპლეტნიკ.რუ" პოპულარული ინტერნეტსაიტია, რომელსაც დღეში დაახლოებით 70 ათასი მნახველი ჰყავს. როდესაც გამოცხადდა კონკურსი, სადაც ინტერნეტაუდიტორიისთვის ჩვენი ქალაქის შესახებ უნდა გვეამბო, მაშინვე გადავწყვიტე მონაწილეობა. უქმეებზე ჩემს მეგობარ ფოტოგრაფთან ერთად ძველ თბილისში გავისეირნე და ჩემი ქალაქის შესახებ ერთი მცირე, მაგრამ აბსოლუტურად რეალისტური ამბავი დავწერე. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ცნობილ რუსულ ინტერნეტსაიტზე აღიარეს, რომ ყველაზე ლამაზი ქალაქი თბილისია, თუნდაც ევროპის უძველეს ქალაქებთან შედარებით".
(სპეციალურად საიტისთვის)