რატომ გაფრინდა თვითმფრინავი ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით 87 მგზავრის გარეშე
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რატომ გაფრინდა კომპანია „WizzAir-ის“ კუთვნილი თვითმფრინავი ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით მგზავრების ნაწილის გარეშე.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, მგზავრებმა რეისზე დააგვიანეს, თვითმფრინავი კი მათ ვერ დაელოდებოდა.
„მგზავრებმა დააგვიანეს რეისზე. ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაგვიანებული მგზავრები რეისზე არ აეშვა. 87-მა მგზავრმა დააგვიანა და თვითმფრინავი ბერლინში 98 მგზავრით გაფრინდა. ვინც დროზე გაიარა პროცედურა და დროზე გამოცხადდა აეროპორტში, ყველა გაფრინდა. უამინდობა იყო თუ რა იყო, რისი ბრალი იყო, გზებზე საცობის ბრალი თუ რა იყო, ფაქტია, რომ დააგვიანეს და თვითმფრინავი კიდევ 1.5 საათის განმავლობაში ხომ არ დაუცდიდა მგზავრებს? დაკეტილი თვითმფრინავი იყო, მოყინვის საწინააღმდეგო პროცესი მიმდინარეობდა“, - განაცხადეს აეროპორტების გაერთიანებაში.
ცნობისთვის, ქუთაისიდან ბერლინში WizzAir-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. არსებული ინფორმაციით, დიდთოვლობისა და გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა, რომელზეც, მათ შორის, ქუთაისი-ბერლინის რეისის მგზავრებიც იმყოფებოდნენ, დააგვიანა.
IPN