"წელიც კი არ ყოფილა, გუნდში თანამემამულე რომ არ მყოლოდა" - ქართველი მწვრთნელის უდიდესი წარმატება გერმანიაში - კვირის პალიტრა

"წელიც კი არ ყოფილა, გუნდში თანამემამულე რომ არ მყოლოდა" - ქართველი მწვრთნელის უდიდესი წარმატება გერმანიაში

დავით ბიჩინაშვილი ქართველი ვეტერანი მოჭიდავეა, რომელიც ამჟამად გერმანიის ქალაქ მაინცში არსებულ საჭიდაო კლუბ "ASV Mainz 88-ის" მთავარი მწვრთნელი გახლავთ. დავითის გაწვრთნილმა გუნდმა გასულ კვირაში გერმანიის ბუნდესლიგა მოიგო, რაც ძალიან დიდი შედეგი გახლავთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ASV Mainz 88" გერმანიის ჩემპიონი აქამდე ბოლოს 2013 წელს გახდა და დავით ბიჩინაშვილი მაშინდელი ტრიუმფის მონაწილე მოჭიდავის რანგში იყო.SPORTALL.GE დავით ბიჩინაშვილს გერმანიაში დავუკავშირდით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

- ბატონო დავით, გილოცავთ გერმანიის ბუნდესლიგის მოგებას. რამდენად განსაკუთრებული არის თქვენთვის ეს ტიტული?

- "გერმანულ ჭიდაობაში გუნდური შეჯიბრი ძალიან პოპულარულია. როგორც სხვა პოპულარულ სპორტში აქაც რამდენიმე ლიგაა, უმაღლესი ბუნდესლიგა გახლავთ. "მაინცი" ბოლოს ჩემპიონი 2013 წელს გახდა, მაშინ მე ოქროს მედალი მოჭიდავის სტატუსით მოვიგე, გუნდის კაპიტანი ვიყავი. იმ წელს კარიერა დავასრულე და მთავარი მწვრთნელი გავხდი. ამ დეკადის მანძილზე საუკეთესო ოთხეულში სულ ვხვდებოდით, მაგრამ ნახევარფინალში ვმარცხდებოდით. შარშან ფინალში გავედით, თუმცა გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, წელს კი ჩემპიონები ვართ.

- რა სისტემით იმართება გერმანიის ჩემპიონატი და რა არის გადამწვეტი ფაქტორი გამარჯვების მოსაპოვებლად?

- გერმანიაში თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩემპიონატი ერთობლივად ტარდება. შეჯიბრში გუნდი მონაწილეობას 10 სპორტსმენით იღებს, აქედან 5 თავისუფალი სტილით მოჭიდავეა, 5 - კლასიკურის. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი გუნდი ძალიან ძლიერი არ ყოფილა და ჩემპიონობის მთავარი საფუძველი ეს არ იყო, უფრო მეტად სწორი გათვლები გავაკეთეთ და კონკრეტულ მატჩებში სწორი მოჭიდავეები დავაყენეთ.

- გასულ სეზონში, გყავდათ თუ არა გუნდში ქართველი მოჭიდავეები?

- ჩემთან ქართველები ყოველთვის ჭიდაობდნენ, ერთი წელიც კი არ ყოფილა ისეთი, გუნდში თანამემამულე რომ არ მყოლოდა. ცხადია, მეტი მინდა მყავდეს, მაგრამ აქაური კანონმდებლობის მიხედვით კლუბში 3 არაევროკავშირის მოქალაქის ყოლის უფლება გვაქვს, შეჯიბრზე კი გუნდში მხოლოდ ერთი გადის. სხვადასხვა დროს ჩვენთან გენო პეტრიაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე, ზურაბ იაკობაშვილი ჭიდაობდნენ. ამ წელს ჩვენი გუნდის წევრი ბექა ბუჯიაშვილი იყო. გააგრძელე კითხვა