"ჭურვების შიმშილის" საბაბით, ომის წლისთავზე პრიგოჟინი პუტინს ბახმუტს "ხონჩაზე" ვეღარ მიართმევს? - კვირის პალიტრა

"ჭურვების შიმშილის" საბაბით, ომის წლისთავზე პრიგოჟინი პუტინს ბახმუტს "ხონჩაზე" ვეღარ მიართმევს?

რუსეთის მიერ წამოწყებულ ერთწლიან "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" გრძელდება ისეთი უცნაურობები, რომლებიც ეტყობა, სწორედ "რუსულ სამყაროში" შეიძლება მოხდეს...

ბახმუტისთვის ექვსთვიანი ბრძოლების შემდეგ "ვაგნერის" პოლიტიკური სახე და, ამასთანავე, პრეზიდენტ პუტინის განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურვილი პრიგოჟინი გამოდის და სახალხოდ აცხადებს, რომ მისი "ვაგნერი" სერიოზულ "ჭურვების შიმშილს" განიცდის. პრიგოჟინი მზად არის, გააგრძელოს საბრძოლო საჭურვლის "მათხოვრობა" მოსკოვის მაღალი ჩინოვნიკების კაბინეტებში, იმისდა მიუხედავად, რომ რომელიმე მათგანში შეიძლება ხელბორკილებიც კი დაადონ, "რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის" ახალი კანონის საფუძველზე...

პრიგოჟინის ამ სატელევიზიო "მათხოვრობას" წინ უძღოდა მისი "ვაგნერის" მებრძოლების, ასევე ღია ვიდეომიმართვა, რომელშიც ისინი დაუფარავად აცხადებდნენ, რომ ბახმუტის ასაღებად არ ყოფნით 120 მმ კალიბრის საარტილერიო ნაღმები, 125-მმ-იანი სატანკო და 152-მმ-იანი ჰაუბიცის ჭურვები...

ომის დროს, როდესაც ერთ-ერთი მებრძოლი მხარე საქვეყნოდ იწყებს "ტირილს" "ჭურვების შიმშილზე", ლოგიკურია, რომ ამით მოწინააღმდეგემ უნდა ისარგებლოს და ჩნდება ეჭვი, რომ "ვაგნერის" "ვაი-ვიშვიში" შეიძლება მორიგი სამხედრო ეშმაკობა გახლდეთ, ბახმუტის დამცველი უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევაზე გასატყუებლად, მაგრამ...

მაგრამ ფაქტია, რომ პრიგოჟინის "ვაგნერს" რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მართლაც თითქმის სრულიად შეუწყვიტა საბრძოლო მასალის მიწოდება და "ვაგნერი" ბახმუტთან, ფაქტობრივად, მარტო აწარმოებს იერიშს, რუსეთის არმიის რეგულარული საბრძოლო დანაყოფების აქტიური მხარდაჭერის გარეშე...

1-sh-1676633022.png
რუსულ არმიასაც შემოაკლდა ჭურვები, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერი“ სრულ „ჭურვების შიმშილზე“ დასვა, რითაც, წესით, უნდა ისარგებლონ ბახმუტის უკრაინელმა დამცველებმა...

ამის მიზეზი კი პრიგოჟინ-შოიგუს ცნობილი პიროვნული დაპირისპირებაა, რომელსაც ფესვები ჯერ კიდევ წლების წინ გაედგა, მას შემდეგ, რაც პუტინის ამ ორ, პირად ფავორიტს შორის პირველმა შავმა კატამ გაირბინა...

თავდაცვის მინისტრი შოიგუ თავს პუტინის მემკვიდრედ თვლიდა რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა იმავე პუტინის პირად მზარეულს - პრიგოჟინს საკუთარი ამბიციები გაეზარდა მას შემდეგ, რაც მისმა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა"(რისი შექმნა და ფუნქციონირება ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის კანონებს) წარმატებით შეასრულა პუტინის პირადი, საჩოთირო და საიდუმლო დავალებები აფრიკაში, სირიასა თუ უკრაინის დონბასში, რასაც კრემლი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად ვერ დაავალებდა, რადგან მოსკოვი 2022 წლის 24 თებერვლამდე, ხომ, კატეგორიულად უარყოფდა დონბასში რუსი სამხედროების ბრძოლას ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების გვერდით!

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ერთი წლის წინ, უკრაინაზე ღიად თავდასხმისას, ჩაეშალა ჯერ ბლიცკრიგის სპეცოპერაცია, კიევის სამ დღეში დასაპყრობად და უკრაინის ხელისუფლების ჩასანაცვლებლად, შემდეგ მოუწია ჯარების გაყვანამ ჩერნიგოვიდან, სუმიდან, ხარკოვის მისადგომებიდან, გამოიქცა ხერსონიდან...

კრემლში ომის წლისთავზე აუცილებლად სჭირდებათ ერთი პატარა, სიმბოლური გამარჯვება მაინც, პროპაგანდისტული მიზნებით - გასაგებია, რომ 24 თებერვლამდე რუსი ოკუპანტები ვერ დაიპყრობენ კრამატორსკსა და სლოვიანსკს და ვერ გავლენ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, მაგრამ ხომ შეიძლება, მრავალტანჯული და განადგურებული ბახმუტის "გათავისუფლება" მაინც იზეიმონ 24 თებერვალს კრემლში და ამისთვის ხომ ძალზე ცოტაღაა დარჩენილი - აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ნახევრად ალყაშემორტყმული ბახმუტის სრულ "ტომარაში" მოსაქცევად, მხოლოდ მისი დასავლეთი ნაწილის დაკავებაღაა საჭირო...

მაგრამ ასეთ დროს თავად პრიგოჟინი, რომლის "ვაგნერსაც" აქვს ჩაბარებული ბახმუტის სრული დაპყრობა, იწყებს სახალხოდ ხვეწნას... ჭურვები შემომელია და მომაწოდეთ, თორემ შეტევებში "ვაგნერის" მებრძოლები მეღუპებიან, საარტილერიო მხარდაჭერის გარეშეო...

რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და გენშტაბის უფროს გერასიმოვისთვის, რომელსაც ამ უცნაური "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" სარდლობაც ჩააბარეს, უდიდესი პირადი მნიშვნელობა აქვს, რომ პრიგოჟინის "ვაგნერმა" არათუ 24 თებერვლამდე, არამედ - საერთოდ ვერ შეძლოს ბახმუტის საბოლოო დაპყრობა, რათა კრემლის მთავარი ბინადრის - პუტინის თვალში მისივე ერთ-ერთი ფავორიტის - პრიგოჟინის ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცეს, როგორც იმ ქვეშევრდომისა, ვინც მეფეს ხონჩაზე ვერ მიართვა შეპირებული ქალაქის გასაღები...

უკრაინის დამცველებისთვის, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, როდესაც რუსი ოკუპანტების ბანაკში, უმაღლეს ეშელონებში, ასეთი სერიოზული პიროვნული დაპირისპირებაა, რაც აუცილებლად აისახება ფრონტის ხაზზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზეც...