"მეტყველების უნარი დავკარგე, ხელ-ფეხი ამიკანკალდა" - რას ამბობს გოგო, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიამ თანხა ჩაურიცხა - კვირის პალიტრა

"მეტყველების უნარი დავკარგე, ხელ-ფეხი ამიკანკალდა" - რას ამბობს გოგო, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიამ თანხა ჩაურიცხა

ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 18 წლის სტუდენტ თიკო ლაგვილავას, სინგაპურში, კონფერენციაზე წასასვლელი თახნა ჩაურიცხა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი დიპლომატთა ასოციაცია 2023 წლის მაისში, სინგაპურში ატარებს გაეროს მოდელირებას, სადაც მენტორი ბილ კლინტონი იქნება.18 წლის, საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი, თიკო ლაგვილავა კი არჩეულია ერთ-ერთ დელეგატად.

როგორც kvirispalitra.ge -სთან ინტერვიუში თიკო აღნიშნავს, სოციალურ ქსელში დაიწყო თანხის მოსაგროვებლად კამპანია და ფეისბუქპოსტის საშუალებით გადაწყვიტა ფინანსების მოძიება:

- როგორ გაიგო ხვიჩა კვარაცხელიამ, რომ სინგაპურში გასამგზავრებლად თანხა გჭირდებოდა?

- კონფერენციაზე წასასვლელად საჭირო თანხების შესაგროვებლად, წუხელ საღამოს დავიწყეთ კამპანია სოციალური ქსელის საშუალებით. წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის დირექტორის, სალომე ფაცაციას ანგარიშზე 800 ლარი ჩაირიცხა ხვიჩა კვარაცხელიასგან. სალომემ მომწერა, ამ სასიხარულო ამბის შესახებ და ჩამიგდო "სქრინი" რომ თანხა მართლა მისი დარიცხული იყო.

- როგორი რეაქცია გქონდა, როცა გაიგე, რომ თანხა მართლა ხვიჩამ ჩაგირიცხა?

- ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, როდესაც გავიგე რომ ხვიჩამ ჩარიცხა, სრული შოკი მქონდა, მეტყველების უნარი დავკარგე, არ ველოდი ხვიჩასგან, არც კი ვიცოდი, ჩემი პოსტი თუ ხვიჩამდე მიაღწევდა.

- გვითხარი, როგორ გახდი გაეროს მოდელირების მონაწილე?

- რამდენიმე თვის წინ გავაგზავნე ჩემი აპლიკაცია მსოფლიოს ყველაზე დიდ დიპლომატთა ასოციაციაში, რომელიც გაეროს მოდელირებას წლის განმავლობაში 4-ჯერ ატარებს, ნიუ -იორკში, დუბაიში, რომსა და სინგაპურში. საწყის ეტაპზე მივიღე დასტური აპლიკაციის მიღების, მერე მქონდა ონლაინ გასაუბრება და მოვიპოვე 50%-იანი დაფინანსება. ჩავირიცხე სინგაპურის გაეროს მოდელირებაზე. გარდა იმისა, რომ ძალიან მასშტაბური კონფერენციაა, ბილ კლინტონია მენტორი და სხვა ბევრი პოლიტიკურად აქტიური დიპლომატი იღებს მონაწილეობას.

- როგორია შენი წინასწარი განწყობა და მოლოდინები?

- ჩატარდება ტრენინგები, სესიები და ამის მერე იქნება გაეროს მოდელირება. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, ბილ კლინტონი გავიცნო და მისი მოსმენის შესაძლებლობა მქონდეს. ამაზე დიდი ბედნიერება საერთაშორისო ურთიერთობების და ზოგადად, პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდასთვის რა უნდა იყოს. სხვა მოლოდინებს რაც შეეხება, კონფერენციის შემდეგ ჩემი შესაძლებლობების ასპარეზი გაიზრდება და კარიერული განვითარების კუთხით უფრო მეტი საინტერესო შემოთავაზება მექნება. ამასთან, ძალიან საინტერესოა, რომ უამრავ პერსპექტიულ ახალგაზრდას გავიცნობ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

- სწავლის გაგრძელებას სად აპირებ?

- რომელიმე ევროპულ სასწავლებელში. ყოველ შემთხვევაში ასეთი სურვილი მაქვს და იმედია, გამომივა. დარწმუნებული ვარ, საზღვარგარეთ განათლების მიღების შემდეგ დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში და აქ განვაგრძობ კარიერას.

- შეაგროვე საჭირო რაოდენობის თანხა?

- მამუკა ხაზარაძემაც ჩამირიცხა თანხა და სრულიად უცნობმა ადამიანებმაც. რისთვისაც ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. კიდევ გადასახდელი დამრჩა თანხა, ვეძებ სპონსორებს, მგზავრობისთვის საჭირო თანხის დაფინანსებაზეც უნდა ვიფიქრო. მონაწილეობის თანხა შეადგენს 1395 ევროს და ეს გადასახდელია 20 თებერვლამდე, თანხის მეორენახევარი უნდა დავფარო 20 მარტამდე. გასამგზავრებელი ბილეთებიც უნდა ვიყიდო.

(სპეციალურად საიტისთვის)