რაჯ კაპურის საქართველოში ვიზიტის ამსახველი ექსკლუზიური ფოტოები... - კვირის პალიტრა

რაჯ კაპურის საქართველოში ვიზიტის ამსახველი ექსკლუზიური ფოტოები...

ინდოელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი, ცნობილი, როგორც „ინდური კინოს უდიდესი შოუმენი“, ინდოეთის ჩარლი ჩაპლინად წოდებული რაჯ კაპური ყოფილ საბჭოთა კავშირში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა... როგორც უკვე არა ერთხელ ითქვა, მხოლოდ ფილ­მი „ავა­რა" ყო­ფილ სსრკ-ში 64-მა მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა ნახა და მაშინ ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­სულ უცხო­ურ ფილ­მებს შო­რის, გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, მე­სა­მე ად­გილ­ზეა. 1954 წელს რაჯ კა­პუ­რი ინ­დო­ელ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვია. მათ მო­ი­ნა­ხუ­ლეს ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი, კი­ნოს­ტუ­დია, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი... ლეგენდარულ მსახიობს თან ახლდა კინოპარტნიორი ნარგისი... რაჯ კაპურის სამსახიობო და, ასევე, სარეჟისორო მოღვაწეობის განსაკუთრებით ნაყოფიერი წლები პირდაპირაა დაკავშირებული მსახიობ ნარგისთან... რაჯ კაპურის მუზად წოდებულ ნარგისს უკავშირებენ მსახიობის ყველაზე წარმატებულ კინოროლებს. მათ ერთად 16 ფილმში ითამაშეს.

screenshot-20230215-201522-chrome-1-1676833947.jpg

პრო­დი­უ­სე­რი, კი­ნომ­ცოდ­ნე, ინ­დო­ლო­გი - და­ვით ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი „კვირის პალიტრას“ რაჯ კა­პუ­რის საქართველოში ვიზიტის უნი­კა­ლურ კად­რებს აწვდის...

screenshot-20230215-201608-chrome-1-1676664770.jpg

დავით ბეჟიტაშვილი:

- 1954 წელს საქართველოში ინდოელ კინემატოგრაფისტთა დელეგაცია ჩამოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მაშინ უკვე ძალიან პოპულარული რაჯ კაპური და ნარგისი... ეკრანებზე ახალი გამოსული იყო ფილმი „ავარა“, რომელიც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით არნახული წარმატებით სარგებლობდა. სწორედ ამ პოპულარობის პიკის დროს ჩამოვიდნენ ისინი საქართველოში... დელეგაციაში იმ დროისთვის ცნობილი სხვა ინდოელი ვარსკვლავებიც იყვნენ. აეროპორტში მათ ძალიან ბევრი ადამიანი დახვდა, მისასალმებელი სიტყვით კი მიმართა აკაკი ხორავამ...

screenshot-20230215-201625-chrome-1-1676834002.jpg

ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი პროგრამა იყო... დელეგაცია პირველად ფუნიკულიორზე აიყვანეს, საიდანაც თბილისის ხედები აჩვენეს. შემდეგ კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ ესტუმრნენ, სადაც იმ დროს, პავილიონში, ფილმის - „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ გადაღება მიმდინარეობდა... იქაც მოეწყო შეხვედრა, მსახიობების გაცნობა, მათ შორის - ლეგენდარულ ლეილა აბაშიძესთან... დელეგაცია იმყოფებოდა რუსთაველის თეატრში, სადაც სპექტაკლი „ოტელო“ აკაკი ხორავას შესრულებით ნახეს.

1954 წელი იყო და ბუნებრივია, პროგრამა ამის გარეშე ვერ იქნებოდა, ინდოელი სტუმრები გორშიც წაიყვანეს, სტალინის სახლ-მუზეუმში...

- როგორ მოხდა, რომ 1954 წელს გადაღებულ კადრებს საზოგადოება პირველად ახლა იხილავს?

- რაჯ კაპურის საქართველოში ვიზიტის ძალიან ბევრი ფოტო და ვიდეო გამოქვეყნებულია, მაგრამ ამ კადრებს საზოგადოება პირველად იხილავს. წლებია, „კვირის პალიტრასთან“ თანამშრომლობა მაკავშირებს და ამ უნიკალურ კადრებს ამიტომ ვაწვდი...

screenshot-20230215-201636-chrome-1-1676834039.jpg

მართალია, რაჯ კაპურის საქართველოში ვიზიტს არ უკავშირდება, მაგრამ ასევე მაქვს ქართველი რეჟისორის - რეზო ჩხეიძის და რაჯ კაპურის ერთად გადაღებული ფოტოები... ძალიან საინტერესო ფოტოებია, რადგან კარგად ჩანს ახლო მეგობრობა ამ ორ უდიდეს რეჟისორს შორის. ერთი ფოტო მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1956 წელს არის გადაღებული, მეორე ფოტო კი - ინდოეთში ერთ-ერთი კინოფესტივალის დროს.

screenshot-20230215-201333-chrome1-1676886001.jpg

- მათ მეგობრობა აკავშირებდათ?

- ჩანს, რომ ფესტივალებზე შეხვედრის დროს მეგობრობდა ეს ორი ბუმბერაზი... ჩემთან, ინტერვიუში, 2002 წელს სოფიკო ჭიაურელმა თქვა, ფილმ „ჩემი ეზოს“ პრემიერა რომ გაიმართა, პირველი მისალოცი დეპეშა რაჯ კაპურისგან მივიღეო... მოგეხსენებათ, ამ ფილმის რეჟისორი რეზო ჩხეიძეა და რაჯ კაპურისთვის მისი სხვა ფილმებიც კინოფესტივალიდან კარგად იქნებოდა ცნობილი.

(სპეციალურად საიტისთვის)