"თუ ვინმე ვერ მობრუნდება ვერასდროს პრემიერად, ეს გახლავთ გიორგი გახარია" - რას აცხადებს თაკო ჩარკვიანი?
თუ ვინმე ვერ მობრუნდება ვერასდროს პრემიერად, ეს გახლავთ გიორგი გახარია - დღეს მოვისმინე - „მოიცა, ყველაფერი მაგრად იქნება, ოღონდ მე მოვალ“. შენ უკვე იყავი, თვალები დაგვთხარე, არასახელმწიფოებრივად იაზროვნე და მარტო თვალის პაჭუნისთვის ვის ვინ მოჰყავს?! - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ჩარკვიანის თქმით, გიორგი გახარიას განცხადებისგან დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის რაღაცას არ ამბობს და მასთან კითხვები აქვს.
„როდესაც ადამიანი ინანიებს, ძალიან უხერხულია, რომ შენ ამ დროს რაღაცნაირად მორალისტის როლში დახვდე. მე არ მაქვს მოსმენილი ის სიმართლე, თუ არის ასეთი სიმართლე, რა მოხდა 20 ივნისს. მე მისგან ეს არ მომისმენია. მე მოვისმინე, რომ ის რაღაცას არ ამბობს. რომ არ ამბობს, ეს არ მომწონს და მე მასთან კითხვები მაქვს. ბოლომდე არ მჯერა მისი გულწრფელობის. ვიცი, რომ რაღაცას ბოლომდე ვერ ამბობს,“ - აღნიშნა ჩარკვიანმა.
ჩარკვიანის განცხადებით, „გამორიცხულია, გახარია ოდესმე საქართველოში პრემიერად მობრუნდეს“.
„მე ყოველთვის თავს ვგრძნობ ჯერ მოქალაქედ და შემდეგ პოლიტიკაში შემოსულად. როგორც მოქალაქე, ვარ შეურაცხყოფილი და ამ კაცისგან ვერასდროს მოვისმინე რაღაცაზე საუბარი. ვერასოდეს. ახლა მოვისმინე დღეს, რომ „მოიცა ყველაფერი მაგრად იქნება, ოღონდ მე მოვალ“. შენ უკვე იყავი, თვალები დაგვთხარე, არასახელმწიფოებრივად იაზროვნე, არაფორმალური გვაგრძნობინე, ამაზე არაფერი არ გაგვიგონია და ახლა მარტო თვალის პაჭუნისთვის ვის ვინ მოჰყავს?!,“ - განაცხადა ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტიდან გადადგომიდან ორ წელი შეაფასა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების" ძალაუფლების გაძლიერებას მანაც შეუწყო ხელი. მისი თქმით, ეს არის მისი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე და რაც არ უნდა მოხდეს, ამ ვალს დააბრუნებს. ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს არ არის თავის მართლების დრო, არამედ მოქმედების დროა.
„ივანიშვილის და „ოცნების" ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე - რაც არ უნდა მოხდეს, დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, ამ ვალს დავაბრუნებ!“ - განაცხადა გახარიამ.