როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა - კვირის პალიტრა

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა

რუსული პროპაგანდა და მასთან ბრძოლა საქართველოსთვის კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას რუსეთ იპროპაგანდის საშუალებით და სახელმწიფო დონეზე შემუშავებული კრემლის მხარდამჭერი ნარატივების გავრცელებით ცდილობს. რუსული პროპაგანდა, ერთი მხრივ, რუსეთის მმართველი რეჟიმისადმი საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნებას ემსახურება, მეორე მხრივ კი პროდასავლური საგარეო ორიენტაციის მქონე პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე რუსეთის დაკარგული გავლენის აღდგენასა და განმტკიცებას. ამ საკითხზე გვეუსაუბრება უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე.

პროპაგანდა და დეზინფორმაცია რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ის გათვლილია საკუთარ მოსახლეობაზე და ემსახურება კრემლის რეჟიმის შენარჩუნებას ნებისმიერი შედეგის დადგომისას - უკრაინის ომში თუ მსოფლიო ასპარეზზე. დეზინფორმაცია ასევე ფართოდ გამოიყენება დასავლური ქვეყნების და საქართველოს, როგორც რუსეთის დაინტერესების ერთ-ერთი ობიექტის, წინააღმდეგაც. რუსული პროპაგანდა წლების განმავლობაში რამდენიმე მიმართულებას ავითარებდა.უპირველესად ეს იყო ძირგამომთხრელი საქმიანობა საერთაშორისო პარტნიორებთან ან მეზობლებთან ურთიერთობაში. მაგალითად, საქართველოსთვის ეს იყო ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის ძირის გამოთხრა, რათა თავდასხმის შემთხვევაში შემცირებულიყო საერთაშორისო მხარდაჭერის, კონსოლიდაციის, სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული დახმარების შანსი. ასევე პრობლემები შექმნილიყო მეზობლებთან ურთიერთობაში, მაგალითად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან. მეორე მიმართულება - რუსეთი ამ დეზინფორმაციით მთელ მსოფლიოში მუდმივად ამკვიდრებდა აზრს, რომ თითქოს დასავლეთი ახდენს რუსეთის დემონიზებას. სინამდვილეში, რუსეთი მხოლოდ თავის ინტერესებსა და უსაფრთხოებას იცავს, დასავლეთი კი მას წარმოაჩენს როგორც ბოროტების იმპერიას და ა.შ. რუსეთი გამუდმებით ნერგავდა აზრს, რომ დასავლეთი და უპირველესად აშშ ერეოდნენ სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცვლიდნენ მათთვის არასასურველ მთავრობებს. უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ბუნებრივია, რუსული პროპაგანდის ყველა ეს პოსტულატი ისევ გამოიყენება, მაგრამ განსაკუთრებით გააქტიურდა მიმართულება, რომლის მიხედვითაც, აშშ ცდილობს ომში ჩაითრიოს სხვადასხვა ქვეყანა და მათ შორის, საქართველოც. რუსეთი ყველა ქვეყანაში შესაბამის ვორდინგს იყენებს, მაგალითად, ამერიკული სამხედრო დახმარება ახანგრძლივებს ომს, რასაც მოჰყვება ევროპული ქვეყნების ეკონომიკური სირთულეები, რომ ამერიკა ცდილობს მეორე ფრონტი გაიხსნას საქართველოში. რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში მრავალფეროვანი ინსტრუმენტებია ჩართული, თვით უმაღლესი პოლიტიკური პირების განცხადებებით დაწყებული - ეს პოსტულატები ლავროვის, ზატულინის, პესკოვისა და დუმის ბევრი დეპუტატის განცხადებებიდან გვესმის, ასევე, უცხოელი პოლიტიკოსების, ზოგჯერ უცხოური მედიის მოსყიდული ჟურნალისტებისგანაც. ამას ემატება პრიგოჟინის კონტროლირებული ტროლებისა და ბოტების არმია. თუმცა პრიგოჟინი, "ვაგნერის" დანაყოფის სახით ახლა სხვა, სამხედრო ამოცანების გადაჭრაზეა კონცენტრირებული, ამიტომ პროპაგანდისთვის ნაკლები დრო რჩება. ამასთან, როდესაც უკრაინაში ომის ღია ფაზაა, ტროლების ქარხანა ნაკლებად აქტიურობს, უფრო მეტად მაღალი რანგის პოლიტიკოსებიდან ისმის ამ კონტექსტის შემცველი განცხადებები.

- მუდმივი დეზინფორმაციული გზავნილებით მიაღწევს რუსეთი მიზანს?

- რუსეთი საინფორმაციო ომში, რა თქმა უნდა, მსოფლიო მასშტაბით მარცხდება, მაგრამ პატარა ქვეყნისთვის, მით უმეტეს, ისეთისთვის, რომლის საზოგადოებაც საბჭოთა გავლენისგან ჯერ ვერ გათავისუფლდა, ეს ძალიან სახიფათოა. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის პროპაგანდის პოსტულატები საქართველოში ხშირად გაისმის არა მარტო საქმეში ჩაუხედავი პირებისგან, არამედ მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგანაც. ძნელი სათქმელია, რას უნდა დავარქვათ 100%-იანი მიზნის მიღწევა, მაგრამ სახეზეა უკიდურესი პოლარიზაცია პოლიტიკურ ველზე, საქართველოს და დასავლეთს შორის ორმხრივი უნდობლობის გამოვლინება: საქართველოს პოლიტიკური წრეებისგან, მმართველი ელიტისგან არაერთხელ მოვისმინეთ, რომ დასავლეთში არსებობს "ომის პარტია", რომელიც საქართველოს აიძულებს ომში ჩართვას. ბოლო წლებია დასავლეთი მუდმივად გვაკრიტიკებს დემოკრატიის უკუსვლის გამო, თუნდაც უკრაინის ომზე გაორებული პოზიციის გამო მაშინაც კი, როცა საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გულუხვად იგზავნება. ცხადია, ამ ყველაფერში საქართველომ უნდა ეძებოს რუსული სპეცსამსახურების კვალი და ხელისუფლება უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას - ის მაინც არ დაუშვას, რომ მან ან მასთან დაახლოებულმა ჯგუფებმა არ გაავრცელონ რუსული პროპაგანდის პოსტულატები.

- მაინც რას ემსახურება კრემლის ნარატივები? პოლარიზაცია რომ ერთ-ერთი მიზანია, ცხადია. ალბათ, ჩვენც ვუწყობთ ამაში ხელს...

- ძალიან ხშირად რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდა მიმართულია პოლარიზაციის გამოსაწვევად. საქართველოში ეს უკვე მოახერხეს. განსაკუთრებით პოლარიზება პოლიტიკურ ველზე იგრძნობა. მმართველი პარტია ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება და მუდმივად იყოს ხელისუფლებაში, რისთვისაც უამრავ ინსტრუმენტს იყენებს, მათ შორის ისეთ ნარატივს ავრცელებს, რომლებიც მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. მაგალითად, ომში ჩაურევლობის ნარატივს, რომელიც ითარგმნება ისე, თითქოს ვინმე, ამ შემთხვევაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები (ყოველ შემთხვევაში, იქ არსებული გარკვეული ძალები), ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ. ეს რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან არის აღებული. ყველაზე მეტად თუ ვინმეს არ აწყობს ომი საქართველოში, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან. ახლა საქართველოში ომის დაწყებით წყალში ჩაიყრება ის ათეული მილიარდობით დახმარება, რომელიც დასავლურმა სამყარომ საქართველოს განსავითარებლად გაიღო. დასავლეთი დაკავებულია უკრაინელების მხარდაჭერით, რუსეთის შეკავებით და მას ახლა არ სჭირდება მეორე ფრონტი. ხელისუფლება ძალაუფლების გახანგრძლივებას ცდილობს, რაც მხოლოდ დემოკრატიის უკუსვლით არის შესაძლებელი, ეს კი დასავლეთის კრიტიკას და გაუგებრობებს იწვევს, ხოლო დასავლური კრიტიკა რომ მოსახლეობისთვის ასახსნელი გახადოს, მმართველი პარტია ამ კრიტიკას მიაწერს იმ გარემოებას, რომ თითქოს ეს იმიტომ ხდება, რომ ის არ დათანხმდა საქართველოს ომში ჩართვას. მეორე ფრონტი შესაძლებელია სჭირდებოდეს მხოლოდ რუსეთს, რადგან უკრაინაში ის ვერ აღწევს თავის სტრატეგიულ მიზანს. ამ მცირე გამარჯვების ილუზიის დანერგვით შესაძლოა რუსეთმა თავი გაიმართლოს ამომრჩეველთან უკრაინაში განცდილი მარცხის ფონზე.

- რუსული პროპაგანდა რომელ სახელმწიფოებშია აქტიური?

- პროპაგანდის ფორმებსა და მეთოდებში ახალი არაფერია. ის ემყარება ჯერკიდევ საბჭოთა კგბ-ს აქტიური ღონისძიებების მეთოდიკას. უბრალოდ, ინტერნეტის, სოციალური ქსელების გავრცელებამ, ხელმისაწვდომობის ზრდამ, გლობალიზაციამ და ტექნოლოგიურმა ბუმმა გამოიწვია პროპაგანდის უფრო ფართოდ გავრცელება. ის უფრო მძლავრი იარაღი გახდა, უფრო მეტ ადამიანს მიეწოდება რუსული დეზინფორმაციის შხამი. მან ყველაქვეყანაში შეაღწია, თუმცა განვითარებულმა ქვეყნებმა, ბუნებრივია, იმუნიტეტი გამოიმუშავეს - სათანადო განათლების მქონე, ეკონომიკურად ძლიერ, პოლიტიკურად უფრო გათვითცნობიერებულ ამომრჩეველში, ბუნებრივია, კრემლი მიზანს იმდენად ვერ აღწევს. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული დეზინფორმაცია სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორი იყო აშშ-ში, ბრიტანეთში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. რაც შეეხება საქართველოს, ის ამ მხრივ გაცილებით მოწყვლადია, რადგან: 1. მოსახლეობის ნაწილი ინფორმაციას რუსულენოვანი არხებით იღებს, ან რუსული არხების ქართულენოვანი საიტებიდან;

2. რუსული პროპაგანდა ძალიან ხშირად ფოკუსირდება ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე, როგორიცაა ეთნიკური, რელიგიური სოციალური შუღლის გაღვივება;

3. ეკონომიკურად გაჭირვებულ მოსახლეობაში, ბუნებრივია, რუსული პროპაგანდა უფრო იკიდებს ფეხს, რადგან რუსული დეზინფორმაციის მანქანა ინფორმაციის გასავრცელებლად ზოგ შემთხვევაში მოსყიდვასაც ითვალისწინებს.

მოსყიდვა გაცილებით ადვილია ეკონომიკურად მწირი შემოსავლის მქონე ელექტორატში, ვიდრე ძლიერ საზოგადოებაში. პრობლემაა ისიც, რომ ჩვენთან მედიაწიგნიერება, განათლების დონეც ჩამოუვარდება დასავლური ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს, ამიტომ ჩვენში მოწყვლადი ჯგუფები უფრო მეტია. მეორეს მხრივ, საკუთარი მოსახლეობისთვის განკუთვნილი პროპაგანდა და დეზინფორმაცია ქმნის კრემლის რეჟიმის რეზისტენტულობას. თითქმის ერთი წელია რუსეთი ჩაბმულია სასტიკ ომში, რომელიც აჩანაგებს, ანგრევს მის ეკონომიკას, რომელსაც მოჰყვა რუსეთის იზოლაცია მთელი გარე სამყაროსგან, მაგრამ პროპაგანდით გაბრუებული მოსახლეობა მაინც არ გამოხატავს იმ ტიპის პროტესტს, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში დაიწყებოდა. მიუხედავად უზარმაზარი ეკონომიკური წნეხისა, უზარმაზარი მსხვერპლისა და ომში წარუმატებლობისა, დეზინფორმაციას რუსულ მოსახლეობაში იმდენად აქვს მეტასტაზები გაშვებული, რუს ხალხში ომის საწინააღმდეგო განწყობა არ ღვივდება.

- დღეს ისეა არეული ტყუილ-მართალი, შეუძლებელია გაარჩიო ფეიკი რეალურისგან. ან როგორ გავიგოთ, საიდანაა დეზინფორმაცია "შემოგდებული"?

- უპირველესად საჭიროა ინფორმაციის გადამოწმება. მისი წყარო უნდა იყოს ავტორიტეტული გამოცემა ან არხი. აუცილებელია გადამოწმება სხვა წყაროებშიც დაპირველ წყარომდე მისვლა, აშკარა ტყუილი,როგორც წესი, არ გამოაქვთ ხოლმე ასპარეზზე, რადგან ადვილი ამოსაცნობია. ამიტომ უნდა გადავამოწმოთ, რეალურად რა იდგა ამ ყველაფრის უკან. მსოფლიოსთვის ცნობილია რუსული პროპაგანდის ძირითადი მიმართულებები, რა ნარატივს ამკვიდრებს რუსული პროპაგანდა და მიზანშეწონილია ინფორმაცია ამ თარგზე გავზომოთ. მაგალითად, თუ ინფორმაცია იუწყება, რომ დასავლეთი ცდილობს რომელიმე ქვეყნის ომში ჩათრევას და ამას იმეორებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვიც, ბუნებრივია, ამ ორ ინფორმაციას ერთი სათავე აქვს, სადღაც რუსული სპეცსამსახურების კაბინეტებში ან კულუარებში შემუშავებული სცენარია.

- ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე დაიწყეს რუსულ დეზინფორმაციასთან დაპირისპირება. რუსი პროპაგანდისტების სანქცირებაც მიდის.უკრაინამ აკრძალა რუსული პროპაგანდისტულ იმედიასაშუალებები. ჩვენ რითი ვუპირისპირდებით ამ პრობლემას? რას უნდა აკეთებდნენ რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ უსაფრთხოების სექტორი, პოლიტიკოსები, აღმასრულებელი ხელისუფლება, არასამთავრობო სექტორი, მედია?

- არასამთავრობოები, რამდენიმე მძლავრი ფონდი დასავლური დაფინანსებით მუშაობს მოსახლეობის მედიაწიგნიერების ასამაღლებლად, ასევე, რუსული დეზინფორმაციის შესაფასებლად და მის მიმართ მდგრადობის გასაუმჯობესებლად. ნომინალურად ამას ხელისუფლებაც აკეთებს, თუმცა შედეგებისა და ნარატივების,მესიჯების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლების ბრძოლა რუსულ პროპაგანდასთან კრიტიკას ვერ უძლებს. ზოგ შემთხვევაში, ნებსით თუ უნებლიეთ, თავად ავრცელებენ რუსულ ნარატივებს, რაც ძალიან სავალალო და გამაოგნებელია. როცა შენი ნათქვამი ზუსტად ემთხვევა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამს, ეს, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობას იწვევს, რადგან ჩვენი გაცხადებული პოლიტიკური მიმართულება სულ სხვაა და ის რუსულ ნარატივთან არ უნდა იკვეთებოდეს. რაც შეეხება მასთან ბრძოლას, დასავლეთის დაფინანსებით ჩვენს შესაბამის სამინისტროებში ჩამოყალიბდა სტრატეგიული კომუნიკაციის დანაყოფები, ე.წ. სტარტკომები, რომელთა ფუნქციაა სწორედ რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, მაგრამ ხშირად ამ დანაყოფების რესურსსაც შიდა პოლიტიკური ბრძოლისათვის იყენებენ, რაც მათ ეფექტურობას უკარგავს.