"ყველას ჰგონია, რომ უსამართლობა ხდება, "შეთქმულების თეორია" მოქმედებს..."
წლევანდელი მუსიკალური კონკურსის - "ვოისის" შედეგმა საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია: ხალხის ნაწილი მიიჩნევს, რომ ირუ ხეჩანოვმა უსამართლოდ გაიმარჯვა. მოგეხსენებათ, "ვოისის" გამარჯვებული საქართველოს სახელით "ევროვიზიის" მუსიკალურ კონკურსზე გაემგზავრება...
ჩვენ დათო ფორჩხიძეს დავუკავშირდით, რომლის გუნდის წევრიც "ვოისში" ირუ ხეჩანოვი გახლდათ.
- რა თქმა უნდა, ჩემი გუნდის წევრის გამარჯვება მიხარია, რადგან კონკურსანტის წარმატებაში მწვრთნელიც გარკვეულ როლს თამაშობს - ჩემი შრომაც ოდნავ დაფასდა, მაგრამ მთავარი მაინც კონკურსანტია - ის იმარჯვებს, პრიზს იღებს... ჩემი მთავარი გამარჯვება ის არის, რომ "ვოისში" უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა გავიცანი და მათ შორის, არა მარტო ჩემი გუნდის წევრებს ვგულისხმობ. ვგრძნობ, მათთან დავმეგობრდი და ბევრთან მომავალი მუსიკალური ურთიერთობის კონტურებიც მოვხაზე... ამ კონკურსს ის დანიშნულება აქვს, რომ მე, როგორც მუსიკოსმა, ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობა გავიცნო, მათთან ვიმეგობრო და ვითანამშრომლო.
- როცა გუნდის წევრები აარჩიეთ, მათგან პოტენციურ გამარჯვებულად ვინ გყავდათ წარმოდგენილი?
- პირველ ტურში - ექვსივე. ასევე ვფიქრობდი, რომ სხვა მწვრთნელების გუნდებშიც ძალიან მაგარი კონკურსანტები იყვნენ. რომელიმე მათგანი თუ გაიმარჯვებდა, ამაში უსამართლო არაფერი იქნებოდა.
- თქვენი აზრით, ირუ ხეჩანოვს, როგორც კონკურსანტს, რა განსაკუთრებული შარმი ჰქონდა?
- საერთოდ, კონკურსზე შემოსულ ხმათა რაოდენობაში კოლოსალური სხვაობა არ ყოფილა - მაყურებლები სხვა კონკურსანტებსაც უჭერდნენ მხარს. ვინც ირუში დაინახა რაღაც განსაკუთრებული, ცხადია, მას დაურეკა, ვინც თაკოში - თაკოს და ა.შ. ყველა კონკურსანტის სახელი ვიცი და ვგულშემატკივრობდი. მგონი, ერთადერთი მწვრთნელი ვიყავი, ვინც ფინალში მყოფ ყველა მონაწილეს შესარჩევ ტურზე მოვუტრიალდი და ვეხვეწე - ჩემს გუნდში წამოდი და ვეცდები, გაგამარჯვებინო-მეთქი... იმის შესახებ უკვე ბევრი საუბრობს, რომ "ევროვიზიისთვის" მხოლოდ ვოკალური მონაცემები არ კმარა - შოუს ელემენტებია საჭირო, რასაც თითქოს ირუ უფრო კარგად და მოხდენილად აკეთებდა. ვოკალს რაც შეეხება, ეს გემოვნების საკითხია: ზოგს მაღალი ხმა მოსწონს, ზოგს - დაბალი. ყველა კონკურსანტი კარგად მღეროდა... "ევროვიზიის" გამო, ვფიქრობ, რომ შეიძლება, ირუ თავისი უნივერსალურობით ცოტათი უფრო გამორჩეული იყო.შოუსთვის საჭირო ბევრი დეტალის გამოყენება კარგად შეძლო.
- საზოგადოებაში ასეთი მოსაზრებაც არსებობს, თითქოს პროექტის წარმომადგენლებმა ირუს უფრო შთამბეჭდავი სასცენო ნომერი დაუდგეს, ვიდრე დანარჩენ კონკურსანტებს...
- როგორც ვიცი, პროექტში ასეთი წესია: მონაწილემ თავად უნდა თქვას, როგორი სასცენო ნომრის დადგმა სურს. წინა ტურებში კონკურსანტები შოუს ელემენტებს იყენებდნენ, მაგალითად - ზოგი ცეკვავდა მოცეკვავეებთან ერთად... ალბათ ფინალში ამ კონკურსანტებმა მწვრთნელებთან ერთად გადაწყვიტეს, რომ ვოკალზე უფრო მეტი აქცენტი გაეკეთებინათ, შოუს ელემენტები კი არ ისურვეს. რეჟისორი თუ მუსიკალური პედაგოგი ყველა მონაწილეს უსრულებდნენ ჩანაფიქრს, რომლის შესრულებაც შესაძლებელი იყო. მაგალითად, ირუს შოუს მეტი ელემენტი სურდა, რისგანაც თავს ვიკავებდი; ვიღაცებს დიდი ორკესტრის მოყვანა უნდოდათ, მაგრამ ფიზიკურად, იმ დარბაზში ვერ დაეტეოდნენ... მოკლედ, ბრალდება იმდენად უსუსურია, რომ განხილვაც არ ღირს. ზუსტად ვიცი, ყველა მონაწილეს და მის მწვრთნელს რაც სურდა, სცენაზე იმას აკეთებინებდნენ. ალბათ ირუ იმიტომაც ცეკვავდა, რომ იფიქრა, ამის გაკეთება შემიძლიაო, ხოლო სხვამ გადაწყვიტა - ცეკვა არ გამომდისო...
- საქართველოში ჩატარებულა "ვოისი", რომელშიც თქვენი გუნდის წევრმა ვერ გაიმარჯვა?
- სამწუხაროდ - არა. საერთოდ, მწვრთნელობა უმადურ სამსახურად მიმაჩნია. ამ საქმეში დიდ შრომას "ვდებ", ვიღლები, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ყველას ჰგონია, რომ უსამართლობა ხდება, "შეთქმულების თეორია" მოქმედებს... მივხვდი, რომ ჩემთვის "ვოისში" მწვრთნელობა სასარგებლოც აღარ არის, რა: სხვა ბავშვებისთვის ვწვალობ, როცა სახლში ძალიან მაგარი მომღერალი გოგო მიზის, ვინც ჩემს დნმ-ს ატარებს - ჩემი შვილი. "ვოისში" სხვის შვილებს თან ვყვები, ამ საქმეში არცთუ მაღალ ხელფასს ვიღებ, სხვა მწვრთნელების მსგავსად. ეს ენთუზიაზმია! არც ერთი მწვრთნელი პრიზით არ ჯილდოვდება, არც სადმე დასასვენებლად მიდის, არც თუნდაც 5 თეთრით მეტ ხელფასს იღებს (იცინის)... რთულია, როცა ისეთ გარემოში ცხოვრობ, სადაც გამარჯვებაც არ გსიამოვნებს - ნეგატიურ დამოკიდებულებას იღებ. კონკურსზე მწვრთნელს რაც შეუძლია, ისაა, რომ რინგისას 4 მონაწილე მომდევნო ტურში გადაიყვანოს, შემდეგ ტურში კი - 1-2 მონაწილე პროექტიდან "გავარდნას" გადაარჩინოს. ამის იქით მწვრთნელს შანსი არა აქვს, რომ კონკურსანტს ხელი შეუწყოს ან პირიქით - შეუშალოს. ყველაფერი ხალხის მხარდაჭერაზე, მაყურებლებისგან შემოსულ ზარებზეა დამოკიდებული.
- აღსანიშნავია, რომ "ვოისის" არც ერთ სეზონში თქვენი გუნდის წევრის გამარჯვებას ისეთი დიდი მითქმა-მოთქმა არ გამოუწვევია, როგორიც ახლა, ირუ ხეჩანოვის გამარჯვებისას. როგორ ფიქრობთ, ასე რატომ მოხდა?
- მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალური ქსელები ახლა უფრო აქტუალურია. წინათ ამხელა ძალა არ ჰქონდა, თორემ მაშინაც დიდი მითქმა-მოთქმა იყო... "ვოისთან" დაკავშირებით ახლა საოცარ მოსაზრებებს ვკითხულობ. ქსენოფობიური გამოხდომებიც იყო. მადლობა ღმერთს, რომ ეროვნებასთან დაკავშირებული სამარცხვინო განცხადებების წინააღმდეგ ვიღაცებმა ხმა აიმაღლეს... დარწმუნებული ვარ, სხვა გამარჯვებულიც ასეთივე განხილვის ობიექტი გახდებოდა, როგორიც ირუ ხეჩანოვი. თან, წელს ისეთი "ვოისი" იყო, რომ აშკარად ფავორიტი კონკურსანტი არ გამოკვეთილა, რომლის შესახებაც მთელი საქართველო იტყოდა, - ამაზე მაგარი არავინააო! ასე რომ, ნებისმიერი გამარჯვებული მეტ-ნაკლებად, ვნებათაღელვას გამოიწვევდა.
- თქვენ და თქვენს გოგონას რა გეგმები გაქვთ?
- ჩემი მთავარი გეგმა ის არის, რომ საქართველოში ჩემი შვილი არასოდეს არც ერთ კონკურსზე არ გამოვიდეს - ამას შევასრულებ. თუ კონკურსში მონაწილეობა უნდა, უცხოეთში წავიდეს... საზოგადოების ნაწილისგან ნეგატური დამოკიდებულება ახლაც ძალიან მწყინს, თუმცა ვერ მოვიტყუები, ისე ძლიერ განვიცდი, როგორც - იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ირუს ადგილას ჩემი შვილი იქნებოდა-მეთქი. ჩემი შვილის მიმართ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება ჯერ მხოლოდ იმიტომ ექნებოდა, რომ ჩემი შვილია. როგორ შეიძლება, თუ ბავშვს ცნობილი მამა ჰყავს, მან თავისი ნიჭიერებით გაიმარჯვოს?!. ხალხის აზრით, ის აუცილებლად მამამ "გაიყვანა". ეს უკვე ჩვენი ერის კრედოა. ბევრჯერ მინახავს, რომ ცნობილი ადამიანების შვილები იჩაგრებიან. მაგალითად, წლების წინ, ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის 15 წლის შვილმა, რომელიც მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობდა, 3 000-მდე შეტყობინება მაჩვენა, რომელშიც მას აგინებდნენ. ბავშვმა მაშინ სოციალურ ქსელებში თავისი "პროფილები" გააუქმა. მოვეფერე, ვანუგეშე - ყველანაირად შენ გვერდით ვარ-მეთქი. მერე "აღმოჩნდა", რომ ეს ადამიანი ნიჭიერიც არის, ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს... წარმატებული გოგოა!.. რეალურად, "ვოისშიც", "ევროვიზიაზეც" ბევრი ადამიანი გამოდიოდა, რომლებიც ხან ჩემთან, ხან ჩემს მეგობარ მუსიკოსებთან მოდიან და გვთხოვენ, - სიმღერა დაგვიწერე, არ გვაქვსო. საბოლოო ჯამში, ყველა მომღერალს სჭირდება სიმღერა, სტუდია, მუსიკა, ტექსტი, არანჟირება... კონკურსანტებს ყოველთვის ვეუბნები, - მოდი, მე და ჩემი კოლეგები გასწავლით, დაგეხმარებით... მუსიკა "აკეთეთ", რომელიც პოპულარობას, სამუშაოს მოგიტანთ. კონკურსზე აქცენტს ნუ აკეთებთ. განა იმიტომ, რომ ცუდია. უბრალოდ, დროებითია, მალე სრულდება, შენი ჰიტი კი ხალხს წლობით ახსოვს, კონცერტებზე გიწვევენ, ჰონორარი გაქვს, რეალიზებული მომღერალი ხარ... მომღერალი "კონკურსანტს" ხომ არ ნიშნავს, არა? ვიღაცები "ევროვიზიაზე" ვერ წავიდნენ, მაგრამ შანსი კიდევ ექნებათ. მათი მთავარი საფიქრალი მუსიკის შექმნა უნდა იყოს. უცხოურ სიმღერებს ასრულებენ, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქართველებს მეორე ბიონსე ან სტივ უანდერი არ სჭირდებათ? მათ სიმღერებს "ორიგინალში" უსმენენ. ყველა კონკურსანტთან ამ დიდაქტიკით ვსაუბრობდი, რასაც ყურადღებას არ აქცევდნენ. ალბათ ფიქრობდნენ, - ეს რას ყბედობსო?! ვიცი, ამაზე ფიქრი მოუწევთ: თუ გინდა, რომ აქტუალური მომღერალი იყო, შენი სიმღერა უნდა გქონდეს - ეს არის "კანონი"! კონკურსებით ფონს ვერ გახვალ. იცი, ხალხი სატელევიზიო კონკურსებს როგორ უყურებს?.. ვინ მოიგო, ვინ წააგო - მხოლოდ ეს აინტერესებთ. შეიძლება, "ცეკვავენ ვარსკვლავებს" მეც ამ ინტერესით ვუყურო, რადგან ცეკვის სფეროში დილეტანტი ვარ, მაგრამ როცა მუსიკოსი ხარ და მუსიკალურ პროექტს ეხება საქმე, იქ უკვე პროფესიული აზრის გაცვლა-გამოცვლა ხდება: ნიჭიერი მონაწილეები მომავალს მომცემენ, მე კი - ცოდნას და გამოცდილებას გავუზიარებ მათ. მაგალითად, "ვოისის" ფინალისტები (დათო ევგენიძის გუნდიდან) - გიორგი დათიაშვილი და კახა ასლამაზაშვილი ძალიან მომწონს. ყველანაირად ვცდილობ, სულ ჩემ გვერდით იყვნენ. ჩემი გუნდის წევრ ბავშვებსაც სულ ვეუბნები, - თუკი რომელიმე სხვა მწვრთნელი დაგეხმარებათ, უმაგრესი ხალხია და აუცილებლად გამოიყენეთ (კარგი გაგებით) და თქვენც გამოადექით-მეთქი. ამ კონკურსით ხომ არ დაიწყო და დასრულდა საქართველოს ისტორია, არა? ირუ ხეჩანოვს არ ვუგულშემატკივროთ?! "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით გადის და ვნახოთ, იქნებ კარგი შედეგი "დადოს"...
ეთო ყორღანაშვილი