"ყოველდღე იხოცებიან ადამიანები. ნუ გაჩუმდები, ჩვენ შეგვიძლია ამის შეჩერება!.." - კვირის პალიტრა

"ყოველდღე იხოცებიან ადამიანები. ნუ გაჩუმდები, ჩვენ შეგვიძლია ამის შეჩერება!.."

"იბრძოლე შენი უკეთესი მომავლისთვის, იბრძოლე ყველაფრის ფასად!.. არა ომს!" "პუტინის რეჟიმი კლავს, პუტინი კლავს!.. გაიღვიძე, ვიდრე გვიანი არ არის..." - ამ შინაარსის პლაკატები თითქმის ყოველდღე ჩნდება რუსეთის სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში, შენობის კედლებზე, ბოძებზე... ძალიან მამაცები მსგავსი მიმართვებით თავად გამოდიან ქუჩებში და მოსახლეობასთან პოლემიკაშიც შედიან, თუმცა გააზრებული აქვთ, რომ ეს შესაძლოა, უახლოესი წლების განმავლობაში ქუჩაში მათი ბოლო გამოსვლა იყოს, მაგრამ ამბობენ, რომ უკანდასახევი გზა არ დარჩათ.

სამოქალაქო აქტივისტი, ბლოგერი ანასტასია ისაკინა ამბობს, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც პუტინის რეჟიმს აკრიტიკებენ, მოსახლეობის უმეტესობა მოღალატეებს, მოსყიდულებს უწოდებს და მათი შემჩნევის შემთხვევაში, ხშირად თავად იძახებს პოლიციას.

- მათ ისევ და ისევ არ სჯერათ, რომ რუსეთის ხელისუფლება, არმია, პოლიცია, მოხალისეები უკრაინაში დანაშაულს სჩადიან. დარწმუნებული არიან, რომ ისინი იქ ხალხის გასათავისუფლებლად ჩავიდნენ და დასავლეთის, ნატოს ძალებს და მათ აყოლილ უკრაინელებს ებრძვიან, თორემ "ორ მოძმე ხალხს რა აქვს გასაყოფი?.." იშვიათად იცვლიან პოზიციას, რასაც ვერ ვიტყვით ახალგაზრდებზე - მათ მაინც მეტი წვდომა აქვთ ინტერნეტზე, განსხვავებულ ინფორმაციაზე და დასკვნების გაკეთება არ უჭირთ.

როდესაც პროტესტის ამსახველ ფოტოებს ვდებთ, ზოგი გვამხნევებს - პროტესტი აუცილებელია, ნელ-ნელა რყევაც ეფექტურიაო. თუმცა, ზოგი რუსული ხასიათისთვის ჩვეული წესით, მკაცრად გვწერს: ნუ ითრევთ ადამიანებს ამ უშედეგო ბრძოლაში; ისედაც უამრავია ციხეში, ამ რეჟიმს ისედაც ბევრი ეწირება, 20 წელია, მაინც არაფერი იცვლება და ვისაც წინააღმდეგობის განცდა აქვს, იმასაც ნუ სპობთო!.. ეს ნიშნავს, რომ უიმედოდ შეშინებული არიან.

- ვრცელდება ცნობები ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ...

- დიახ, იმ უმძიმესი პირობების მქონე კოლონიებში, საიდანაც ბოლო დღეებში პატიმრები გამოუშვეს, რათა ფრონტის ხაზზე გაერეკათ, ახლა პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები შეყარეს. უმეტესობას 9-10-წლიანი პატიმრობა ემუქრება, სხვადასხვა მუხლით. "უცხოეთის აგენტი", "სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური საქმიანობა", არმიაში არსებული პრობლემების შესახებ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა ანუ "ფეიკ-ნიუსები, რომლებიც არმიის დისკრედიტაციას ემსახურება", "ყალბი ინფორმაციის გავრცელება ფულის სანაცვლოდ", "ქვეყანაში აკრძალული სოციალური ქსელების შემოვლითი გზებით გამოყენება და იქ ცრუ ინფორმაციების ატვირთვა" - 20-25 წლის გოგო-ბიჭებს, ხშირად უფროსებსაც ამ ბრალდებებით აკავებენ.

- უფლებადამცველები ან ადვოკატები მათი უფლებების დაცვას არ ცდილობენ?

- მათი ხმა ახლა ყველაზე სუსტად ისმის, ვიდრე ოდესმე. ყველა ადამიანის ზურგს უკან ოჯახი დგას. თუ ის რუსეთში ცხოვრობს, ვერ რისკავს, რადგან შესაძლოა, ეს ძვირად დაუჯდეს. ქვეყნიდან წასულები აქტიურობენ, მაგრამ მათი ხმა სუსტად ისმის, რადგან კრემლის ადმინისტრაცია, "ეფესბე" ინფორმაციას ფილტრავს. მოსახლეობამდე, მასებამდე მხოლოდ ის ცნობები მიდის, რაც კრემლს ხელს აძლევს. უამრავი ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეს გადაჰყვა, მოკლეს ან დააპატიმრეს, ან სულაც, უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა... ასეთი საშინელი რამეები ხდება. მოსკოვის, პეტერბურგისა და კიდევ რამდენიმე დიდი ქალაქის ქუჩებში თითქმის ყოველდღე, მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც ეწყობა საპროტესტო გამოსვლები, ერთკაციანი აქციები, იმის გამოსახატად, რომ ბრმები და მონები არ ვართ, მაგრამ ასეთი აქტივობის ავტორებს სათვალთვალო კამერებით ეძებენ. უამრავი ადამიანი იძულებულია, ქვეყანა დატოვოს... ყველა ამ უბედურებას ემატება კრიმინალის მატება. ციხიდან გამოშვებული ბოროტმოქმედები, რომელთა უმეტესობაც მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, ზოგს კი უვადო პატიმრობაც ჰქონდა მისჯილი, ციხიდან გამოყარეს და ფრონტის ხაზზე გაუშვეს, ზოგი "ვაგნერის" დაჯგუფებაში გადაიყვანეს (რუსეთში უკვე დაუფარავად მოქმედი კერძო სამხედრო დაჯგუფება, რომელიც თავდაპირველად, პუტინის მარჯვენა ხელმა, ე.წ. პუტინის მზარეულმა ევგენი პრიგოჟინმა ჩამოაყალიბა. მასში ვეტერანი სამხედროები, ყოფილი სპეცრაზმელები გააერთიანა და განსაკუთრებით მძიმე საქმეებზე მუშაობდნენ, მათ შორის - სირიაში, ცენტრალურ აფრიკაში). მათ "თავის გამოჩენის" შემდეგ ნასამართლობის მოხსნას, დაწინაურებას, სამსახურს, კეთილდღეობას ჰპირდებიან. არადა, 50 ათასი პატიმრიდან, რომელიც "ვაგნერის" ხელმძღვანელობამ პირველ ეტაპზე გადაიბირა და პირდაპირ ფრონტის ხაზზე გაუშვა, ცოცხალი მხოლოდ 10 ათასამდე დარჩა: ზოგი დაიღუპა, ნაწილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ზოგიც დაიჭრა, ნაწილს კი ბრძოლის მიტოვებისთვის დეზერტირობის მუხლი ემუქრება. ბევრმა ომში წასვლაზე ჯერ თანხმობა განაცხადა, საპატიმრო დატოვა, შემდეგ კი გაიპარა. არავინ იცის, რამდენი ათასი მკვლელი და ბოროტმოქმედი დასეირნობს ქუჩებში თავისუფლად.

ყოფილ პატიმრებს შორის არის პეტერბურგელი კრიმინალი, ყოფილი ბიზნესმენი ალექსანდრ ტუტინი, რომელსაც 23 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ "ვაგნერის" ადმინისტრაციის ინიციატივით ციხე დატოვა. მას ერთი ოჯახის ოთხი წევრის მკვლელობის შეკვეთა ედებოდა ბრალად: ტუტინმა ჯერ თავისი ბიზნესპარტნიორი მოაკვლევინა, შემდეგ კი მთელი მისი ოჯახი ამოახოცვინა, რომ მათ კომპანიის წილზე არ ჰქონოდა პრეტენზია ან შური არ ეძიათ. მოკლულებს შორისაა მცირეწლოვანი ბიჭი... ბოლო ინფორმაციით, ტუტინი ამჟამად თურქეთში იმყოფება... ხანდახან მგონია, თრილერის ან საშინელებათა ჟანრის ფილმის სცენარს ვყვები, მაგრამ ეს ყველაფერი რუსეთში ხდება. ჩემს ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა არასდროს ყოფილა, მაგრამ რაც ახლა ხდება, სრული ქაოსია.

- როგორ ფიქრობთ, უახლოეს ხანებში რამე შეიცვლება?

- უახლოეს მომავალში არაფერი შეიცვლება. რუსეთში რჩება მოსახლეობის ის ნაწილი, რომლის უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინაში ომის გაგრძელებას. ვისთვისაც პირობები, სოციალური გარემო და პოლიტიკური ვითარება მიუღებელი იყო, ისინი ქვეყნიდან წავიდნენ...

აქ სრული ქაოსია. გუშინ რომ გმირი გვეგონა, შეიძლება ხვალ მოღალატედ გამოაცხადონ, და - პირიქით... ახლა მთავარია, შიგნით გამოფხიზლდეს ხალხი. ახლა თუ რამე არ შეიცვალა, ასე მგონია, უკრაინის ომის დასრულების შემდეგ რუსეთის ხელისუფლება ძალაუფლებას გაიმყარებს. თუ ომს წააგებს, სამთავრობო მედია ანტიდასავლურ პროპაგანდას გააძლიერებს - დასავლეთი, ნატო, ამერიკა გვებრძვის, ჩვენი დამარცხება და რუსეთის დაშლა უნდათ, ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ, რათა ვერ მოგვერიონო და ეს მესიჯები გაამართლებს. მათ კარგად იციან მასების ფსიქოლოგია. რუსეთის დაშლასა და დასუსტებას მტკივნეულად აღიქვამს მოსახლეობა. ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის გარეთ არ არის ნამყოფი, წლებია, მხოლოდ კრემლის პროპაგანდით იკვებება და არ იცის, რეალურად როგორ ცხოვრობენ ევროპასა და ამერიკაში ან მხოლოდ ის "იცის", რომ იქ ჩვენს სარწმუნოებას ებრძვიან, ჩვენი იდენტობის წაშლა უნდათ. ამ კატეგორიისთვის მთავარია, რუსეთი იარაღს ამზადებდეს და დაპყრობილ ტერიტორიებს "იცავდეს".

- ეს სენი ახალგაზრდების დიდ ნაწილსაც სჭირს, არა?

- თუ უმეტესობაზე ვსაუბრობთ - ასეა! ისინი უფროსების გავლენის ქვეშ არიან. უკრაინაში რუსეთის დამარცხების პარალელურად, თუ პუტინის რეჟიმი არ დასრულდა, ქვეყნისთვის სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება. თუ ომი რუსეთის მცირე უპირატესობით მაინც დასრულდება, ეს ნიშნავს, რომ ყველას, ვისაც ომის, რეჟიმის, პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ ხმა ამოუღია, ციხეში უკრავენ თავს. ამიტომ ვამბობთ, რომ ბრძოლას ნებისმიერ შემთხვევაში აქვს აზრი: აშკარაა, უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება და მანამდე შიდა წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივისტების რადიკალური მოქმედება კიდევ უფრო უნდა გახშირდეს.

- არის კი ასეთი ჯგუფები რუსეთში?

- დიახ, არის. სუსტად და ფრთხილად მოქმედებენ, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტის წყობიდან გამოყვანაზე მუშაობენ. სავარაუდოდო, ასეთი დაჯგუფებები დგანან "უჩინარი ხანძრების" მიღმა: მოსკოვის ოლქში მდებარე საარტილერიო საწყობისკენ მიმავალი რკინიგზა აფეთქდა, არაერთ სამხედრო საწყობში ხანძარი გაჩნდა. არ ვიცი, ისინი რომელიმე ერთიანი ცენტრიდან იმართებიან თუ ცალკეული ჯგუფები არიან, მაგრამ ფაქტია, მათი მუშაობის შედეგად, სამხედრო ტვირთის მიწოდება ფრონტზე ფერხდება, რაც უკრაინელებს დროის მოგების საშუალებას აძლევს. მათი მიზანი უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შეჩერება, პუტინის რეჟიმის დამხობა, რუსული ჯარის დასუსტება და ქვეყანაში არსებული ვითარების შეცვლაა... რამდენიმე დღის წინ, პეტერბურგში ქუჩაში გამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი პლაკატით - "არა ომს!.." სულ რაღაც 30 წუთში, 40-45 წლის ორი მამაკაცი მიუახლოვდა და ასე მიმართა, - არ გრცხვენია, ამას რომ აკეთებ?!. რამდენი გადაგიხადეს ქვეყნის ღალატშიო?.. ერთ-ერთი მიეჭრა და ქურთუკზე ძ მიაწერა, რომელიც დღეს რუსეთში "ძლიერი სახელმწიფოს სიმბოლოდ" ითვლება. გააფრთხილეს, - თუ მეორედ დაგინახავთ, ამ ასოს შუბლზე დაგაწერთ, რომ სარკეში ყოველი ჩახედვისას გაგახსენდეს, ვინ ხარ და რომელ ქვეყანას ებრძვიო... იქვე იყო პოლიციაც, მაგრამ არ ჩარეულა, ღიმილით ადევნებდა თვალს...

პირველ თებერვალს, არმიაში არსებული პრობლემების გამო გავრცელებული "ფეიკებისთვის" გაასამართლეს ახალგაზრდა დმიტრი ივანოვი. მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

- სინამდვილეში, რა შინაარსის შემცველი იყო "ფეიკნიუსი"?

- მან მოიპოვა რუსეთის ჯარის მიერ ბუჩასა და ირპენში ჩადენილი ადამიანთა წამების ფაქტები და გაავრცელა სოციალურ ქსელში, რომელიც რუსეთის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია. როგორც ჩანს, გაშიფრეს... არის სხვა მეთოდებიც: იმ დახურულ ჯგუფებში, სადაც ახალგაზრდები ამა თუ იმ თემის გარშემო მსჯელობენ, "ეფესბე" თავის ხალხს "ნერგავს". ისინი მუშაობენ, რომ ფსევდონიმით დარეგისტრირებული ახალგაზრდების ვინაობა დაადგინონ, მათთან დიალოგში შედიან, უმეგობრდებიან, შემდეგ კი რეალურ გარემოში შეხვედრას სთავაზობენ, სადაც მათი აყვანა ხდება. სახლის გაჩხრეკის მერე, რა თქმა უნდა, "მტკიცებულებების" პოვნაც არ უჭირთ და ხშირ შემთხვევაში, სტუდენტები შუაღამეს, ლოგინიდან პირდაპირ პოლიციის იზოლატორებში ხვდებიან. შემდეგ დგება საქმე, იწყება სასამართლო პროცესები, სადაც ისეთი აბსურდი ხდება, რომ კანონი საერთოდ არავის ახსოვს.

დმიტრის უფლებებს მისივე ლექტორი, ღირსეული ადვოკატი მარია ეისმონტი იცავს, რომელსაც არაერთი საქმე აქვს მოგებული, მაგრამ ახლა თვით რეჟიმს უნდა დაუპირისპირდეს, რაც სრულიად ცვლის რეალობას... დიდი ალბათობით, დმიტრის ბედი ეწევა ჩვენს მეგობარ ბლოგერ ვერონიკა შეიკსაც, რომელსაც ასევე, არმიის "დისკრედიტაციის" ამსახველი "ფეიკკადრები" ჰქონდა ინტერნეტში ატვირთული. მის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ გოგონა ჰყვება, თუ როგორ უსწორდებიან რუსი ჯარისკაცები უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას; ვიდეოზე აღბეჭდილი ზოგი სამხედრო მთვრალია და ადამიანს პირდაპირ ფეხებში მიუშვებს ხოლმე ავტომატის ჯერს...

უფროსი თაობის ნაწილი ამბობს, რომ "ეს ბავშვები" მტრის დავალებებს ასრულებენ, გადაბირებული არიან და სამშობლოს ღალატი მოდად შემოიღეს, მაგრამ მჯერა, რომ ასეთი ახალგაზრდები თავიანთი მომავლისთვის რაღაცას შეცვლიან.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"