"საქართველოს პოლიტელიტა იქცევა პრინციპით "ჩემ შემდეგ წარღვნაც მოსულაო" - კვირის პალიტრა

"საქართველოს პოლიტელიტა იქცევა პრინციპით "ჩემ შემდეგ წარღვნაც მოსულაო"

მაშინ, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება და მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს, "ხალხის ძალა" ინიცირებას უწევს კანონპროექტს, რომელსაც ექსპერტთა ნაწილი "კუდიანებზე ნადირობის" ცდას უწოდებს. ეს მოძრაობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტით ითხოვს არა მარტო საქართველოში ჩვენი დასავლელი პარტნიორი ქვეყნების დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში მეტ გამჭვირვალობას, არამედ მათთვის "უცხოელი აგენტების" სტატუსის განსაზღვრას. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

tvalchrelidze-sandro.jpg

- ჩემი შეფასებით, ეს თემაა გარკვეულწილად შემოგდებულია 2 მიზეზით: ერთი - საზოგადოების ყურადღების გასაფანტავად და მეორე - "ქართული ოცნების" გეგმის შესასრულებლად. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს "ხალხის ძალა" დაფუძნდა იმ მიზნით, რომ აქციონ მეორე პოლუსზე არსებულ რადიკალურ ძალად. საქმე ისაა, ჩვენ სულ ვამბობდით ბოლო წლების განმავლობაში, რომ საჭირო იყო ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის შუალედურ პოზიციას დაიკავებდა. აქედან გამომდინარე, "ქართულმა ოცნებამ" შემდეგი რამ გადაწყვიტა: საკუთარი თავი წარმოეჩინა ამ შუალედურ ძალად და ერთ პოლუსზე "ნაციონალური მოძრაობა" შემოესკუპებინა და მეორეზე - ეს რაღაც "ხალხის ძალა". რასაკვირველია, საბოლოოდ ეს არ გამოვა, მაგრამ, ვფიქრობ, სწორედ ამას ცდილობენ. აგერ, მაგალითად, ახლა ამათ მოამზადეს კანონპროექტი "უცხოელი აგენტების შესახებ" თუ როგორც არის, რაც, თავის მხრივ, სრული ნონსენსია. ახლა ამ კანონპროექტს არ მიიღებს "ქართული ოცნება", თან გვეტყვის, ამ რადიკალური ჯგუფის აზრს არ ვიზიარებ, მე შუალედური პოზიცია მაქვს და ევროპისკენ მივდივარო.

- ექსპერტთა ნაწილის შეფასებით მთლად ასე დარწმუნებულიც ვერ ვიქნებით, რომ არ მიიღებს, რადგან "ქართული ოცნების" ლიდერების ზოგიერთი განცხადება აშკარად სხვა მოლოდინს აჩენს.

- თუ დააკვირდებით, ამ განცხადებებს აკეთებს ზოგიერთი პოლიტიკოსი, თუმცა მთავრობა დუმს. აგერ ღარიბაშვილი ევროპულ ვიზიტებს არ აცდენს, ახლახან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო, როგორც თვითონ განაცხადა, წარმატებული შეხვედრები გამართა. როცა მას ან რომელიმე მინისტრს ეკითხებიან ამ საკითხზე, ამბობენ, ჩვენთან დემოკრატიაა და ხალხი იმას ამბობს, რაც სურს, მაგრამ ეს სახელმწიფოს პოლიტიკა არ არის, ჩვენი საგარეო კურსი და მისწრაფება უცვლელიაო და ა.შ.

- თუმცა გაგახსენებთ, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, თუ არ მოგვცემენ ევროკავშირის სტატუსს, თავისთვის დაიტოვონო, ამგვარი განცხადებებით მას არც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩამორჩება.

- ნამდვილად უცნაური ვითარებაა, რადგან ამავე პარტიას წარმოადგენს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მმართველი გუნდის პოზიცია, რომ ასეთი განცხადებები მთავრობის რეალურ პოლიტიკაზე არ მოქმედებს. მე თუ მკითხავთ, ეს ანტიდასავლური განცხადებები ერთგვარად ჯუჯის ვნებებია, რომლითაც ავსებენ მასმედიას, რათა სერიოზულ საკითხებსა და პრობლემებზე არ ილაპარაკონ. არ მჯერა, რომ ამას სერიოზული გადაწყვეტილებები მოჰყვება, თუნდაც ამ ოდიოზური კანონპროექტის შესახებ. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობის რუსეთთან დამოკიდებულება ზედმეტად ფრთხილია, რაც დრო გავა, მით მეტად გამოჩნდება, რომ ეს პოზიცია შეცდომაა.

- ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდებით, მაგრამ მანამდე მინდა გკითხოთ, კი ამბობთ, რომ ეს შიდა მოხმარებისთვის სჭირდებათ, მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ეს ხუმრობად სულაც არ მიაჩნიათ. ისინი შეშფოთებული ჩანან საქართველოს ხელისუფლების პოზიციით. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლება სპეციალურად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ ევროკავშირს თვითონ ათქმევინოს საქართველოზე უარი.

- ამ ბოლო მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. ჩემი დაკვირვებით, თუნდაც ევროპარლამენტარების პოზიციას და მიღებულ რეზოლუციებს საბოლოოდ დიდი გავლენა არა აქვს ხოლმე ევროკავშირის სახელმწიფოების დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან. ევროპარლამენტმა შეიძლება ნებისმიერ თემაზე მიიღოს რეზოლუცია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის სახელმწიფოების მთავრობები იღებენ. ახლანდელი რეზოლუცია ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, ჩვენი ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები ასე კრიტიკულად არ ფასდებოდეს, მაგრამ, ვფიქრობ, უფრო სხვა თემებზეა დადებული ფსონი. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება ერთგვარად ვაჭრობას ცდილობს ამ რიტორიკით, მეტად დაგვეხმარეთ, სწრაფად მოგვეცით სტატუსი, თორემ აგერ საზოგადოებაში გაჩნდა იმგვარი განწყობა და მოძრაობა, როგორიც "ხალხის ძალააო". "ქართული ოცნება" ცდილობს ისე მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მის ძალაუფლებას მისხალი არ მოაკლდეს, რაც, რა თქმა უნდა, არასწორი პოლიტიკაა, მაგრამ ამას ვერ შევაფასებ ისე, რომ მათ თითქოს ევროინტეგრაციაზე უარის თქმა სურთ.

საქმე ისაა, რომ ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა ისეა აგებული, დასავლური გრანტების, პროგრამების გარეშე ქვეყანა ჩამოიშლება. ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი უდგანან გვერდში. ევროპელების გარეშე ძალიან გვიჭირს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობა, დაუთვლია ვინმეს, რამდენი ოჯახია დამოკიდებული საერთაშორისო გრანტებსა და დახმარებებზე?

- მინდა სწორედ ამ კონტექსტში გავაგრძელოთ საუბარი ამ "ხალხის ძალის" კანონპროექტზე. მაშინ, როცა ხელისუფლებაც კი ამბობს, რომ რუსეთისგან საფრთხე რეალურია და მასთან ომიც კი არ არის გამორიცხული, "ხალხის ძალა" პარლამენტში არეგისტრირებს კანონპროექტს და ითხოვს საქართველოში ჩვენი დასავლელი პარტნიორი ქვეყნების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში არა მარტო მეტ გამჭვირვალობას, არამედ მათთვის "უცხოელი აგენტების" სტატუსის განსაზღვრას. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის პუტინის რეჟიმის გავლილი გზის გამეორება და რომ რეალურად რუსული ფულის საქართველოში შემოსვლის გზები და რუსულ პროპაგანდაში დახარჯული მილიონების ასავალ-დასავალია გამოსაძიებელი.

- ჩემთვის არათუ გაუგებარი, წარმოუდგენელია ამგვარი კანონის მიღება მაშინ, როცა ქვეყანაში ეროვნული ბანკი, სახელმწიფო ბიუჯეტი (ნახავთ, რომ მისი შემოსავლების ნაწილში მუდმივად არის მითითებული საერთაშორისო გრანტები), საბანკო სისტემა, თავდაცვის სამინისტრო და უსაფრთხოება, რეგიონული განვითარება, სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებები საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, UშAID-ის, UNDP-ისა და სხვათა პროგრამებსა თუ გრანტებთან ისე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, რომ მათი დახმარების გარეშე ამ ქვეყნის არსებობა წარმოუდგენელია... მაგ კანონპროექტის მიხედვით, ყველაზე დიდი აგენტი ამ ქვეყანაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გამოდის, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიო ბანკში მუშაობდა და ახლაც სამსახურებრივად სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან არის დაკავშირებული (იცინის). ევროპული ფული რომ არა, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობასაც ვერ დავასრულებთ. ამიტომაც არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ, ისევე, როგორც არ მჯერა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება.

- ბრძანეთ, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ზედმეტი სიფრთხილე შეცდომაა, რაც თანდათან უფრო გამოჩნდებაო, რას გულისხმობდით?

- ბოლოს და ბოლოს, ამ წლის ბოლოს თუ გაისად ეს ომი დასრულდება, რა თქმა უნდა, რუსეთის მარცხით. მაშინ დაიწყება უკვე გარჩევა, ვინ ვის მხარეს იდგა. ეს შეეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის რიგ ქვეყნებსაც, მაგალითად, სერბეთს, უნგრეთს, ნაწილობრივ ხორვატიას და ა.შ.

დადგება დრო, როდესაც ყველას თავისი პოლიტიკური თუ ზნეობრივი ვალის გადახდა მოუწევს. დაახლოებით წლის ბოლოსთვის საქართველოს მოუწევს დაიჭიროს გარკვეული პოზიცია... ასეთი ფრთხილი პოლიტიკა ვერასდროს იცავდა სახელმწიფოებს დარტყმებისგან. პირიქით, გაიხსენეთ, პირველი მსოფლიო ომი როგორ დაიწყო, ავსტრიის ლამის ყველა მოთხოვნა შეასრულა სერბეთმა, მაგრამ ეს მოთხოვნები არ ამოიწურა და საბოლოოდ ომი ვერ აირიდა თავიდან. იმავდროულად, ისე მოქცევაც არ შეიძლება, რისკენაც მოგვიწოდებს "ნაციონალური მოძრაობა". არ შეიძლება თაგვმა სპილოს ქვები ესროლოს. ჩვენგან არავინ მოითხოვს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, მაგრამ რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დახურვა ნამდვილად შეგვიძლია.

მოკლედ, განსაზღვრული თემების შემოგდებით ხელისუფლება ამოწმებს უცხოელი პარტნიორების თუ ჩვენი მოსახლეობის რეაქციას და აქედან გამომდინარე ტაქტიკურ სვლებს აკეთებს. ეს ყველაფერი კი იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენს ხელისუფლებას სტრატეგია არ გააჩნია, მხოლოდ ტაქტიკურ ნაბიჯებს დგამს, ოღონდ ისე, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური. ამგვარი პოლიტიკა უმაღლესი დონის გამჭრიახობას მოითხოვს, რაც ჩვენს მთავრობას არა აქვს. ეს სულელური ჟესტები და განცხადებები განპირობებულია არა რაიმე გეგმით ან მსოფლმხედველობით, არამედ შეცდომებით.

- 15 თებერვალს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია "სააკაშვილის მდგომარეობაზე", რომელშიც შეშფოთება გამოთქვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. დეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი და გაუშვას უცხოეთში სამკურნალოდ. ამავე რეზოლუციას დაემატა შესწორება. მასში, ბოლო სამ თვეში უკვე მეორედ, ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილს "ოლიგარქს" უწოდებენ და ითხოვენ მისთვის სანქციების დაწესებას.

- მე მაინც ძალიან მეეჭვება, რომ ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს, როგორც უკვე გითხარით, ევროპარლამენტის რეზოლუციები და რეალური გადაწყვეტილებები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. რაც შეეხება სააკაშვილის თემას, სამწუხაროდ, ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტა იქცევა პრინციპით "ჩემ შემდეგ წარღვნაც მოსულაო". სწორედ ამგვარად ფიქრობენ და მოქმედებენ ქართველი პოლიტიკოსები, არა აქვს მნიშვნელობა ოპოზიციაში არიან თუ ხელისუფლებაში. ქვეყანაზე არ ფიქრობენ, მხოლოდ საკუთარ თავზე. სახელმწიფოს ვნებს არა მარტო "ქართული ოცნება" ან "ნაციონალური მოძრაობა", არამედ, ჩემი აზრით, მთელი პოლიტიკური სპექტრი. თუმცა საკუთარ ინტერესებზეც მხოლოდ მოკლე პერსპექტივით თუ ფიქრობენ, რაღაც მოჯადოებულ, ჩაკეტილ წრეზე დადიან.

6 თებერვალს თურქეთში მიწისძვრის გამო უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მთავრობამ მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად მაშველები გაგზავნა, რაც კარგია, მაგრამ ოპოზიციამ რა გააკეთა? თუ მიუსამძიმრეს მაინც? როგორც ვიცი, მხოლოდ "ლელომ" სცადა აქტიურობა. მაინტერესებს, სად იყვნენ ლევან ხაბეიშვილი ან სხვა პოლიტიკური ძალები. გასაოცარია, რატომ ვერ ხედავენ პრობლემის აქტუალურობას, ვერ იგებენ, როდის რა უნდა თქვან და გააკეთონ...

საბოლოოდ ყველაფერი მაინც ჩვენი საზოგადოების ბრალია. ჩვენ გვყავს ისეთი მთავრობა და ოპოზიცია, როგორსაც ვიმსახურებთ. სწორედ საქართველოს მოსახლეობის გავლენით მოხდა, რომ პოლიტიკიდან ინტელექტუალური ძალა განიდევნა. "ნაციონალურ მოძრობაში" ვინც ოდნავ გამჭრიახი იყო, ყველა წავიდა, ფაქტობრივად, ახლა ლევან ხაბეიშვილის ინტელექტის იმედად არის დარჩენილი. ასევე ბევრი ღრმად მოაზროვნე პირი წავიდა "ქართული ოცნებიდან".

- ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მიღწეული წარმატების შემდეგ თითქოს გაქრა პოლიტიკური ველიდან, ორიოდე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: "ივანიშვილისა და "ოცნების" ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს, ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად და თამამად, არამედ დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა. ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა დღეს არ არის თავის მართლების დრო, მოქმედების დროა. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დამიძახონ, დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, მე ამ ვალს დავაბრუნებ!" - როგორ ფიქრობთ, რა შანსი აქვს გიორგი გახარიას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში წარმატებისთვის?

- გიორგი გახარიას სურდა და თავიდან თითქოს ჰქონდა შესაძლებლობაც, რომ ის ცენტრალური პოზიცია დაეკავებინა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის, რაზეც თავში ვილაპარაკე. ვფიქრობ, ამ შესაძლებლობას ის კვლავ ინარჩუნებს და ამისთვის ფინანსური შესაძლებლობაც აქვს. მას ხელს უშლის ის, რომ ასოცირებული იყო ბიძინა ივანიშვილთან, ასევე 20 ივნისის ცნობილი მოვლენები, თუმცა პირადად მე ვფიქრობ, ეს იყო პარლამენტზე შეტევა და იმ ღამეს მან სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. საინტერესოა, რომ ის წამოვიდა ხელისუფლებიდან იმ დროს, როდესაც ყველაზე უფრო პოპულარული ფიგურა იყო არა მარტო "ქართულ ოცნებაში", არამედ მთელ პოლიტიკურ სპექტრში. საზოგადოდ, მასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი წყალქვეშა ლოდია, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, ის ჭკვიანი კაცია და ექსტრემალური განცხადებებითაც არ გამოირჩევა. ის ბოლო დროს გაჩერებული იყო, ვფიქრობ, თავის ადგილს ეძებდა პოლიტიკურ ასპარეზზე, გეგმავდა, თუ რა უნდა გააკეთოს, მუშაობდა პარტიულ სტრუქტურაზე. არ ვიცი, ჰყავს თუ არა კარგი სტრატეგიული ანალიტიკოსები ან რამდენად უსმენს მათ, მაგრამ თუ მოახერხებს ღრმა და სწორი ანალიზის გაკეთებას და დასკვნების გამოტანას, მაშინ, ვფიქრობ, აქვს წარმატების შანსი. თუ გახარიამ შეძლო ადამიანური და ფინანსური რესურსების მობილიზება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ გამოვრიცხავ, რომ კოალიციური მთავრობის ერთ-ერთ სუბიექტად მისი პარტია მოგვევლინოს.