რა სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი თბილისში არსებული შენობები?!
თურქეთში მომხდარმა მიწისძვრამ გაგვახსენა, რომ მიწისძვრები საქართველოშიც ხდება და მაშინ, როცა მუდმივად გვესმის ავარიულ შენობებსა თუ უხარისხო მშენებლობებზე წუწუნი, იბადება კითხვა - აქაც რომ მოხდეს ძლიერი მიწისძვრა, რა გველოდება? მით უმეტეს, 2002 წელს გაცილებით სუსტი მიწისძვრის გამო თბილისში შენობები დაინგრა და მსხვერპლიც იყო. თსუ-ს გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორის ხელმძღვანელის, ნინო წერეთლის თქმით, დღეს მთავარი პრობლემა ის არის, რომ სეისმური საშიშროების რუკა, რომლის საფუძველზეც ადგენენ სამშენებლო ნორმებს, არასწორია და ხელისუფლება დღემდე არ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ ახალი რუკები არსებობს. ამიტომ მშენებლობების სტანდარტებს იდეალურადაც რომ იცავდნენ, საფრთხე მაინც დიდია. როგორია სხვაობა მოქმედ და ახალ რუკებს შორის და ეს რა საფრთხეს ქმნის დიდი ქალაქებისა და განსაკუთრებით თბილისისთვის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და რატომ არ ცვლის ხელისუფლება რუკას, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ნინო წერეთელს ესაუბრა.
- სეისმური რისკი, ძირითადად, განპირობებულია შენობებით - თუ გვაქვს მაღალი ხარისხის შენობები, მიწისძვრები დიდად ვერ დაგვაზიანებს. ეფექტი მაინც ექნება, მაგრამ არა ტრაგიკული და არა ისეთი, როგორიც თურქეთში მოხდა. ძალზე ძლიერი მიწისძვრები ხდება იაპონიაში, მაგრამ მათი უნიკალური შენობების წყალობით, თავის დაცვას ახერხებენ. ასეთი გამოთქმაც არსებობს - მიწისძვრა არ კლავს, კლავს შენობები. თბილისში სეისმური რუკები არ განახლებულა, სეისმურად აქტიურ რეგიონში კი სამშენებლო ნორმები სეისმური საშიშროების რუკაზე გამოითვლება. რუკა 1937 წლიდან, როდესაც საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოშიც, პირველად შემოვიდა, ყოველთვის არასწორი იყო და შესაბამისად, ნორმები, რომლებიც მასზე გაითვალა, ვერ იქნება სწორი. ამიტომ აუცილებელია სამშენებლო ნორმების შეცვლა და მისი დაფუძნება იმ ახალგათვლილ რუკებზე, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს მიაწოდა ორმა ინსტიტუტმა - გეოფიზიკის ინსტიტუტმა და დედამიწის შემსწავლელმა ინსტიტუტმა.

- სეისმური საშიშროება როგორია ამ რუკებზე და ერთმანეთისგან თუ განსხვავდება?
- სეისმური საშიშროება 2 სიდიდით განისაზღვრება - ერთი არის ბალი და მეორე - გრუნტის რყევის პიკური აჩქარებები. მათ შორის დამოკიდებულების კანონზომიერება არსებობს. რუკებს შორის განსხვავება ნამდვილად არის. მაგალითად, ჩვენი, გეოფიზიკის ინსტიტუტის მიხედვით, თბილისის რისკები უფრო მაღალი დონით არის შეფასებული და თუ განვიხილავთ შესაბამისობას, რაც არსებობს გრუნტის რყევის პიკურ აჩქარებებსა და ბალიანობას შორის, ჩვენი გათვლებით, პიკური აჩქარებები 8 ბალის შესაბამისია, დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გათვლით კი უფრო დაბალია, თუმცა ზოგიერთ ადგილას მათი გათვლები უფრო მაღალია. სხვადასხვა მეთოდით არის გათვლილი, ამიტომაც არის განსხვავება ამ რუკებს შორის. დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გათვლილი რუკა ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რაც თავის დროზე ჰქონდათ წარდგენილი. ჩვენ მიერ გათვლილი აჩქარებები თბილისის რეგიონში უფრო უახლოვდება 8 ბალს, ვიდრე დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ გათვლილი. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ორივე რუკა ძალიან განსხვავდება იმ რუკისგან, რომლის მიხედვითაც ხდება დღეს მშენებლობის სტანდარტების გათვლა. ჩვენი რუკებით აჩქარებები ზოგიერთ ადგილას 2,5-ჯერ აღემატება მოქმედ რუკას. მაგალითად, თბილისში პიკური აჩქარებები 0,17-ზეა გათვლილი. ჯერ ერთი, ამხელა ტერიტორია ერთი რიცხვით რომ ფასდებოდეს, წარმოუდგენელია, რადგან სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ იცვლება, თანაც, მაქსიმალურზე რომ იყოს გათვლილი, კიდევ ვინ ჩივის, სრულიად არაადეკვატურია 0,17. ჩვენი გათვლებით, 0,28-დან ლამის 0,38-მდე ავდივართ. წარმოიდგინეთ, რამხელა განსხვავებაა.
- თბილისში მაღალი აჩქარება კონკრეტულად რა ტერიტორიაზეა მოსალოდნელი?
- რაც უფრო სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მივდივართ, პიკური აჩქარებები იზრდება 0,28-დან 0,38-მდე. ჩრდილოეთით გადის დიდი აქტიური სტრუქტურა და რაც უფრო ვუახლოვდებით მას, მით უფრო იზრდება პიკური აჩქარებები.
- ანუ დღევანდელი შენობები 0,17 პიკურ აჩქარებაზეა გათვლილი და ძლიერი მიწისძვრისას რა მოხდება?
- თბილისი გათვლილია 0,17 პიკურ აჩქარებაზე. ეს ნიშნავს, რომ გათვლილია ისეთ მიწისძვრებზე, რომელთა გრუნტის აჩქარება არ იქნება 0,17-ზე მეტი. შესაბამისად, თუ მოხდება ისეთი მიწისძვრა, რომლის გრუნტის აჩქარება იქნება 0,17-ზე მეტი, 0,19 იქნება თუ 0,24 და მით უმეტეს, 0,28 და 0,37, შენობა, რაც უნდა კარგად იყოს აშენებული, ვერ გაუძლებს. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ კითხვას სეისმომედეგების სპეციალისტებს დაუსვამთ.
- სულ არსებობს ეჭვი, რომ შენობები სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ეს ნიშნავს, რომ 0,17-ზე გათვლილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და ვინც ამას ამბობს, გულისხმობს, რომ სტანდარტებია არაადეკვატური?
- არ მიყვარს ლაპარაკი იმაზე, რაც არ შემიძლია დოკუმენტებით დავასაბუთო. მე რომ ვთქვა, შენობები არ აკმაყოფილებს იმ ნორმებსაც კი, რაც მოქმედია-მეთქი, უნდა მქონდეს საბუთები. ის, რისი საბუთიც მაქვს და რაც საერთაშორისო ექსპერტიზის დამტკიცებულია, არის ის, რომ თბილისში არსებული ნორმები, რომლებიც არსებობს XX საუკუნის დამდეგიდან დღემდე, რეალობასთან მიახლოებულიც არ არის. ამიტომ აუცილებელია რუკის შეცვლა და თბილისმა უნდა დაიწყოს მომზადება იმ რეალური საფრთხისთვის.
- ანუ მშენებლობის ნორმებს რომც იცავდნენ, საფრთხე მაინც დიდია. ამბობთ, რომ ბევრჯერ მიმართეთ ეკონომიკის სამინისტროს რუკების შესაცვლელად. რატომ არ ცვლიან?
- რუკის შეცვლა მშენებლობის გაძვირებას გამოიწვევს და ვფიქრობ, ამიტომაც არ ცვლიან. სხვა ახსნა არ მაქვს.
- რამდენი წელია, რაც ახალი რუკები მზად გაქვთ?
- ორივე ინსტიტუმა ახალი რუკები დადო 2021 წელს, მაგრამ ჩვენი ეკონომიკის სამინისტროსთვის მიწოდებული მაქვს 2014 წელს ჩემი ინიციატივით, მეორე - 2018 წელს მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალურად 2017 წელს მოითხოვა ორივე ინსტიტუტიდან რუკა. თუმცა, "დედამიწის შემსწავლელმა ინსტიტუტმა" მაშინ არ მიაწოდა და სამინისტროს ამ წლების განმავლობაში ჰქონდა ჩემ მიერ ორჯერ გაგზავნილი რუკა. 2021 წლიდან აქვთ ორივე ინსტიტუტის რუკები და ჩვენი არის მესამედ გადათვლილი.
- 1937 წლამდე აშენებული შენობები, ანუ სანამ ეს არასწორი სტანდარტები დაწესდებოდა, რომლებიც, ცხადია, არ არის დაზიანებული, შეიძლება უფრო მყარი იყოს, ვიდრე თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული, მაგრამ არასწორი სტანდარტებით?
- ამაზე ზოგადი პასუხის გაცემა შემიძლია - მაგალითად, მცხეთის 1275 წლის მიწისძვრას სვეტიცხოველმა გაუძლო, მხოლოდ გუმბათი ჩამოიშალა. მით უმეტეს, რომ იქ ცუდი გრუნტია. ამის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა წინაპრებმა მშენებლობა იცოდნენ სეისმური ნორმების გარეშეც და ცხადია, შესაძლებელია ამ ემპირიულ ცოდნაზე დამყარებით მშენებლებს მყარი შენობები აეშენებინათ. თუმცა კონკრეტულად რომელი ვარგა და რომელი არა, ვერ ვიტყვი, რადგან სეისმომედეგობის სპეციალისტი არა ვარ, თუმცა გამორიცხული ნამდვილად არ არის. მაგალითად, სპიტაკში ყველა ახალი შენობა იმიტომ დაინგრა, რომ გათვლილი იყო 7 ბალზე და მოხდა 10-ბალიანი მიწისძვრა. მაშინ რამდენიმე ძველი ნაგებობა არ დანგრეულა.
- შენობების სეისმომედეგობის ანალიზი თუ არის შესაძლებელი და რაც მთავარია, როგორ უნდა მოგვარდეს უკვე აშენებულის სტანდარტებთან შეუსაბამისობის პრობლემა?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. სწორედ ამას უნდა ვაკეთებდეთ. უნდა გვქონდეს მონაცემთა საიმედო ბაზები, ე.წ. შენობების ინვენტორული რუკები. უნდა აღიწეროს თითოეული შენობა, შემოწმდეს დაზიანებები, რომელ წელს აშენდა, რა მასალით, რა გადახურვაა, რა გრუნტზე დგას და ა.შ. ინვენტორული რუკები უნდა შეიქმნას როგორც შენობებისთვის, ასევე გრუნტებისთვის და შემდეგ, როდესაც შედგება მოსალოდნელი ძლიერი მიწისძვრების სცენარი, ჩვენ გვეცოდინება, სად რომელი შენობა როგორ დაზიანდება. ამის მიხედვით კი სამოქმედო გეგმის შემუშავებას შევძლებთ.
- ახალი სტანდარტები რომ შემუშავდეს, მშენებლობას როგორ გააძვირებს?
- ამაზე ვერ გიპასუხებთ, ეს ჩემი სპეციალობა არ არის. თუმცა საბჭოთა კავშირს იმიტომ არ გადაჰყავდა 7-ბალიანი თბილისი 8-ბალიანზე, რასაც ქართველი სეისმოლოგები 1970 წლიდან ითხოვდნენ, რომ მაშინდელი გათვლებით, დაახლოებით 2,5-3-ჯერ ძვირდებოდა მშენებლობა.
რუსა მაჩაიძე