"ევროპარლამენტის რეზოლუციები დეზინფორმაციის წყაროდ იქცა"
"ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციისა და საქართველოზე თავდასხმის წყაროდ, რაც ძალიან სამწუხაროა", - ასეთი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის რეაქცია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელში ხაზგასმულია ის "ფუნდამენტური როლი, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაკავებაში, პირად ვენდეტაში ითამაშა". ამიტომ ევროპარლამენტი კვლავ მოუწოდებს ევროსაბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება "საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში" მისი როლისთვის. რეზოლუციაში ევროპარლამენტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება. ასევე, მოუწოდებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს სააკაშვილი. ევროპარლამენტარების აზრით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუარესება საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის. რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი თავი შეიკავა. შალვა პაპუაშვილის აზრით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბევრი უზუსტობაა და არაერთი პროცესი არაობიექტურად არის შეფასებული. რეზოლუციაში არსებულ უზუსტობებზე, ევროპარლამენტარების არაობიექტურობისა და "ქართული ოცნების" პოზიციის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ვრცლად გვესაუბრება:
- სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა - ევროპარლამენტის რეზოლუციები დეზინფორმაციის წყაროდ იქცა. წინა რეზოლუციებშიც ბევრი შეცდომა და უზუსტობა იყო. ამ რეზოლუციის პირველივე წინადადება ისე წარმოაჩენს, თითქოს სააკაშვილი სამშობლოდან დევნილი იყო. არადა, ყველამ იცის, რომ სინამდვილეში გაიქცა. ქართულმა, და არა მარტო ქართულმა მართლმსაჯულებამ ის დამნაშავედ ცნო. გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს დაადო ხელი და ქართულმა სასამართლომ სასჯელიც მიუსაჯა. კიდევ სამი საქმე ამჟამად განიხილება. მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, როგორ იჯდა სააკაშვილი რძის პროდუქტების კონტეინერში და შემოიპარა საქართველოში. ეს მარტო ჩვენ ხომ არ ვიცით?! ამის მერე დევნილის წოდება პირისთვის, რომელიც მართლმსაჯულებას გაექცა, საქართველოში უკანონოდ შემოვიდა და ამას სამშობლოში დაბრუნება უწოდა, ცინიზმია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპარლამენტარების ერთი ჯგუფი ცდილობს საქართველო მიზანმიმართულად დააზიანოს, რათა სააკაშვილი დაიხსნან ციხიდან, რაც ნიშნავს, რომ საქართველოსი კი არა, სააკაშვილის მეგობრები არიან და შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის მომავალი ამ ერთ ადამიანს გადააყოლონ.
- არსებობს მოსაზრებაც, რომ "ქართულმა ოცნებამაც" არ უნდა გადააყოლოს ამ ერთ კაცს ქვეყანა და თუ მმართველი გუნდი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ქვეყანას სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობისთვის მეტი დრო დარჩება. ამასთან, დასავლელ პარტნიორებთანაც მოგვარდება ურთიერთობა და ქვეყანას განვითარებისთვის მეტი შანსი მიეცემა.
- რას ვეუბნებით იმ ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრები შეეწირნენ სააკაშვილს რეჟიმს? ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ახლა ჩვენ გვიკიჟინებენ, რას უშვრებიან ადამიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ფაქტებს? თვითონ ევროპულმა სასამართლომ არ თქვა გირგვლიანის საქმეზე, რომ სააკაშვილი პირადად იყო ჩართული, რათა აერიდებინა მძიმე სასჯელი დამნაშავეებისთვის? ეს ხომ მისი ერთადერთი დანაშაული არ არის?ალბათ, ნახეთ, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება "ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ", რომელიც 2011 წელს დაკავებული პირის წამების საქმეს შეეხება. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში პატიმრის წამების ეპიზოდები დეტალურად არის აღწერილი. ალბათ, მართლაც ბედისწერაა, რომ ევროპარლამენტარების რეზოლუციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ სააკაშვილის რეჟიმის დროს ნაწამებ ადამიანს შეეხება. ადამიანი, რომელმაც რეჟიმის სისასტიკე გამოცადა, დეტალურად აღწერს ციხეში არსებულ ვითარებას, რომ პატიმრებს უწევდათ ჩურჩულით საუბარი, რომ ახალშეყვანილი პატიმრების ცემა კარანტინის დაშლის სახით იყო ყოველდღიურობა, თავად მას კი ისე სცემეს, კბილები ჩაუმტვრიეს. შემდეგ მოათავსეს ისეთ კარცერში, სადაც დაწოლაც შეუძლებელი იყო. ესეც არ აკმარეს, შეიყვანეს საშხაპეში, გააშიშვლეს, ცივი წყალი მიუშვირეს და რეზინის მილით სცემეს. მორიგი ცემის დროს გონებაც კი დაკარგა. როდესაც გამოფხიზლდა, ნახა, რომ ბორკილით იყო მილზე მიბმული. ალბათ, ამაზე უარესი აღარაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმმა უარესიც მოიფიქრა. როგორც ოჩიგავა ამბობს, ციხის მორგში გვამებთან მარტო ტოვებდნენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ასეთი სისტემის შემქმნელ პირზე დღეს ამბობენ, რომ ის "დემოკრატიის შუქურა" იყო. სინამდვილეში ის "გულაგების" პრეზიდენტია. ეს უნდა ავუხსნათ ევროპელებს. ეს არის ისტორიის ნაწილი, რომლის გადაწერასაც ითხოვს პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი, რომელიც დამნაშავის დასჯას ვენდეტას უწოდებს.
- როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში ბევრი არ უარყოფს, რომ სააკაშვილი რიგ საკითხებში დამნაშავეა, თუმცა ახლა საუბარია საკითხის ჰუმანიტარულ ასპექტში გადაწყვეტაზე. ცენტრ "ემპათიის" ექსპერტების განცხადებით, ის ახლა სავალალო მდგომარეობაშია და სხვათა შორის, ამ ორგანიზაციის დასკვნები რეზოლუციაშიც არის შეტანილი.
- წესით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ "ემპათიის" ექსპერტები ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმეზე როგორ სიყალბეს აწვდიდნენ საზოგადოებას. შაქარაშვილის საქმეზე თქვეს, თითქოს ოთხ დღეს იყო ცოცხალი. ასეთი ორგანიზაციის დასკვნა შეაქვთ რეზოლუციაში. ეს თვალებში ნაცრის შეყრაა. ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები ამ რეზოლუციას, რომ სააკაშვილის საქმე არის ლაკმუსის ტესტი. დიახ, ნამდვილად არის იმისათვის, რომ დავინახოთ, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ სააკაშვილის მეგობარი.
- აუცილებლად უნდა გკითხოთ "ხალხის ძალის" კანონპროექტზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". განიხილავს ამ საკითხს "ქართული ოცნება"?
- არასწორია, როდესაც ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, ეს ანტიდემოკრატიულია. ჩემი აზრით, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულება. მე ეს ადრეც არაერთხელ მითქვამს. მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, ვინ არის ის ხალხი, რომელიც მონაწილეობდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც მათ ცხოვრებაზე ახდენდა გავლენას. ტექნიკურ დეტალებს ვერ შევეხები, დეტალურად არა ვარ გარკვეული, მაგრამ საუბრებიდანაც ვიცით და ეს არ არის ახალი თემა, შესაძლებელია იყოს სენსიტიური თემები. ნამდვილად ყოფილა შემთხვევა, როდესაც სენსიტიური საკითხები და სხვადასხვა რეგულაცია ცუდად ყოფილა გამოყენებული, ამიტომ ამ საკითხს შესწავლა სჭირდება.
ხათუნა ბახტურიძე