„ქართული ოცნება“ ცეცხლს ეთამაშება - კვირის პალიტრა

„ქართული ოცნება“ ცეცხლს ეთამაშება

"უფსკრულის პირას დადიან და ვერ ხვდებიან, რომ ცეცხლს ეთამაშებიან", - ასე გამოე­ხმაურა პარტია "მოქალაქეების ლიდერი" ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნებისა"­ და "ხალხის ძალის" ბოლოდროინდელ განცხადებებს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვენდეტა უწოდა ევროკავშირის რეზოლუციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის "საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესების" გამო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. "ეს ის ხალხია, რომელიც იმ დროს, როცა სააკაშვილს ჰქონდა შექმნილი აქ რეჟიმი, მისი აპოლოგეტები, მისი დამცველები იყვნენ. ისე წარმოაჩენდნენ, როგორც "დემოკრატიის შუქურას". ლინკონ მიჩელმა დაწერა,­ რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი ისე ფარავდა მის დანაშაულებს, რომ შემდეგ, როცა ყველაფერ­ი გამოაშკარავდა, მათ ჰქონდათ ორი არჩევანი: უნდა ეთქვათ, რომ მან შექმნა დანაშაულებრივი რეჟიმი და ისინი ფუთავდნენ ამ ყველაფერს დემოკრატიად, ან მეორე გზა - თავის სიტყვას არ გადაუხვიონ და კვლავ იძახონ, რომ არის დემოკრატიის შუქურა. მათ ეს მარტივი გზა აირჩიეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთოდ საბჭოთა კავშირს შეადარა ეს რეზოლუცია "თავისი აბსურდულობით". "მახსოვს, 80-იან წლებში საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოში როგორი აბსურდული განხილვები იყო, რა სახის დოკუმენტებს იღებდნენ. ეს იყო აბსურდული დოკუმენტები და კანონები. ზუსტად ანალოგიური ხარისხის აბსურდულობით გამოირჩევა ევროპარლამენტის ეს რეზოლუციაც ისევე, როგორც წინა ორი... არის პოლიტიკური ინტერესი, საქართველო გახვეული იყოს შარში - ამ პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება ევროპარლამენტის რეზოლუციაც". ალეკო ელისაშვილის აზრით, "ოცნების" ლიდერების ანტიდასავლური განცხადებები "ხალხის ძალამ" დააგვირგვინა თავისი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის" შექმნას გულისხმობს. "ხალხის ძალის" განცხადებით, კანონპროექტი, ძირითადად, შედგენილია აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით და გათვალისწინებულია სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაც. ამ ყველაფერზე ვრცლად ალეკო ელისაშვილი გვესაუბრა.

- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველ დღეებში მართლა გასაგები­ იყო საქართველოს ხელისუფლების სიფრთხილე,­ მაგრამ ახლა რასაც აკეთებენ, აღარაფერში­ აღარ ჯდება. ცეცხლს ეთამაშებიან, ისე დადიან­ უფსკრულის პირას. არ ვიცი, ამას რატომ აკეთებენ, საერთაშორისო კონ­ტ­­­ე­ქსტის­ დანახვა უჭირთ თუ საკუთარი­ ნაჭუჭიდან გამოსვლა, ვერ ვხვდები. რაც შეეხება "ხალხის ძალის" ინიციატივას ჯაშუ­შ­­­ებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ, თავის მოტყუებას არავინ ვაპირ­ებთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი წარმოადგენს "ქართული­ ოცნების" ტოქსიკურ დანაყოფს,­ რისი თქმაც არ უნდა "ოცნებას", მაგრამ ძალიან აწუხებს. სამაგიეროდ, ათქმევინებს "ხალხის ძალას", რომლის დღის წესრიგიც ანტიდასავლურია. ის, რასაც "ქართული ოცნება" და მის გავლენაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფები აკეთებენ, ანტიკონსტიტუციურია.

- მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, "ქართულ ოცნებაში" კი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ფინანსების გამჭვირვალობაზე­ ამახვილებენ ყურადღებას. როგორ გგონიათ, "ოცნება" დაუჭერს მხარს ამ კანონპროექტს?

- "ოცნება" ხედავს, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივას ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ. ძალიან მკაცრი განცხადება­ გააკეთეს ამერიკელმა პარტნიორებმა. სახელმ­წიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებას არანაირი დიპლომატიური მუხრუჭი არ ახლდა თან. პირდაპირ თქვა, ასეთი კანონის მიღებამ შეიძლება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი შეარყიოსო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამის მერე "ოცნებამ" ცოტა დაამუხრუჭა. მოდი, ამ საკითხს ცოტა სხვაგვარად შევხედოთ. მედიას დღეს დღის წესრიგში ორი თემა აქვს: "ხალხის ძალა" რაღაცას ბოდავს და სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. "ხალხის ძალასაც" ის უნდა, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციოს. ჩვენ თუ ყველა ერთად, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები, დავსხდებით და ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ვისაუბრებთ, ასეთი მავნებლური თემების განხილვისთვის პოლიტიკურ დღის წესრიგში ადგილი აღარ დარჩება.

ახლა ძალიან მოდურია იმაზე საუბარი,­ რომ "ქართული ოცნება" პრორუსულია, კოლაბორაციონისტია და ასე შემდეგ... გულის სიღრმეში ხომ ყველამ ვიცით, რომ მმართველ გუნდში პერსონალურ აზრს არავინ არ გამოთქვამს - რასაც არ უნდა ფიქრობდეს, გადაწყვეტილებების მიმღები ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მასზე უნდა დაისვას კითხვა - პრორუსულია თუ პროდასავლური. მას კი პანიკურად ეშინია რუსეთის, უფრო სწორად, რუსეთის მასშტაბის. რატომ? იმიტომ, რომ სხვა ქვეყნების მასშტაბს არ იცნობს. რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, იქაურ სპეცსამსახურებთან, კრიმინალთან ჰქონდა შეხება და შესაბამისად, შიშიც იქიდან აქვს გამოყოლილი. არის კიდევ ერთი ფაქტორიც, - მე მგონია, ივანიშვილს მოსწონს რუსეთი, იმიტომ, რომ იქაურ ხელისუფლებაში ფული ადვილად იშოვება. აქედან გამომდინარე, საკუთარ თავს რუსული სტილის მმართველობაში უფრო ხედავს. ივანიშვილს არ უყვარს ჯარის, იარაღისა და ომის ხსენება. შესაბამისად,­ "ოცნების" საგარეო პოლიტიკა­ ასეთია - უნდა გავიტრუნოთ­ და ფული ვაკეთოთ. ფულის­ კეთება კი შესაძლებელია, იმიტომ, რომ ქვეყანაში ძალიან გაზრდილია ტვირთის გადაზიდვა. სიმართლე, გითხრათ, არა მგონია, საქართველოს გავლით­ სანქცირებული ტვირთების გადაზიდვა ხდებოდეს, მაგრამ სხვა ტვირთების რაოდენობა ნამდვილად არის გაზრდილი და ივანიშვილიც ფიქრობს, რატომაც არა, გავაკეთოთ ფულიო. შეიძლება ეს ხალხი რუსეთს სულაც არ გულშემატკივრობს, მაგრამ ვერ წარმოუდგენიათ, რომ პუტინის დამარცხება შეიძლება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდება. რუსებმა შარშანდელი 24 თებერვლიდან დღემდე ერთადერთი რეგიონის, ხერსონის დაკავება მოახერხეს და საბოლოოდ ისიც ვერ შეინარჩუნეს. 2014 წლის ომის შედეგს და ყირიმის დაკარგვას არ ვგულისხმობ. ამ ყველაფრის მიუხედავად, იდიოტი რუსი პროპაგანდისტები ვერ იჯერებენ, რომ პუტინი ამ ომს ვერ მოიგებს. სამწუხაროდ, ასევე ფიქრობს "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრიც. ამასობაში ჩვენ ზურგი ვაქციეთ მეგობარ უკრაინას, რომელიც ყოველთვის გვერდით გვედგა. "უნა უსოს" ძალიან ბევრი მებრძოლი შეეწირა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას. ჩვენ ახლა მარტო­ უმადურებად კი არა, დაბეჩავებულა­დაც ვჩანვართ. ბევრი კითხვა ჩნდება ჩვენს საგარეო კურსზე, საერთაშორისო ასპარეზზე. უღიმღამო და უფერული პოლიტიკა გვაქვს. ეს პერიოდი როსტომ-ხანის ეპოქას მაგონებს. მშვიდობა, სტაბილურობა და აღმშენებლობა გვქონდა, მაგრამ ხალხი იყო დაბეჩავებული.

- ასეთი პოზიციის მიუხედავად, 24 თებერვლის აქციას არ უერთდებით?

- ვანო მერაბიშვილის დაძახილზე არსად არ წავალ. მერაბიშვილი და კეზერაშვილი ვერ მასწავლიან უკრაინის სოლიდარ­ობას. არ მჭირდება იმ ხალხისგან რაიმეს მითითება, რომლებიც ჯარს ძარცვავდნენ.

- ფიქრობთ, მერაბიშვილი და კეზერაშვილი პოლიტიკაში კვლავ დაიბრუნებენ გავლენას?

- გამოვრიცხავ. კი, მერაბიშვილმა ვაჟკაცურად მოიხადა სასჯელი, სააკაშვილივით არ უწუწუნია და არც უღირსი განცხადებები არ გაუკეთებია. მე ვიტყოდი, მერაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს სამართლებრივი მხარე და მორალური მხარე. მის დანაშაულებს ციხეში ვაჟკაცურად ჯდომა ვერ ჩამორეცხავს. არც გირგვლიანის საქმე მავიწყდება და არც მათი ავტორიტარული რეჟიმი. ვიღაცებს კი აერიათ კომპასები, ახლა აუჩუყდათ გული სააკაშვილსა და მის გუნდზე. ზუსტად ვიცი, რომ მერაბიშვილი და კეზერაშვილი "ნაცმოძრაობას" დაასამარებენ. მხოლოდ ერთი რამ არის გასარკვევი, საკუთარი სურვილით აკეთებენ ამას თუ "ოცნებასთან" არიან შეკრული.

- სიმართლე რომ ვთქვათ, "ნაციონალური მოძრაობის" დასამარება დანარჩენ ოპოზიციასაც ხომ არ აძლევს ხელს?

- "ნაცმოძრაობას" თავისი ფულითა და გავლ­ენით სრულად აქვს ათვისებული­ დღის წესრიგი­, მედიასივრცე, "ოცნებას" კი მთლიანად "ნაციონალების"­ პასუხებზე აქვს აგებული თავისი­ პოლიტიკა. რა საკით­ხზეც არ უნდა გავაკრიტი­კო მმართველი გუნდი,­ მომიტრიალდებიან­ და სისხლიან 9 წელს შემახსენებენ. როგორც კი "ნაცმოძრაობა" დასუსტდება, ჩვენ, სხვა დანარჩენ პარტიებს, ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხების წამოწევის საშუალება მოგვეცემა. ჩვენ ახლაც ვლაპარაკობთ პრობლემებზე. რა საკითხზეც შევეჭიდეთ, ყველაფერზე უკან დავახევინეთ ხელისუფლებას, იყო ეს პენსიების საკითხი, მთვრალი მძღოლების პრობლემა თუ ვეტერანების თემა. გავოგნდი, ჟურნალისტმა (გვარსა და სახელს არ დავასახელებ) რომ მითხრა,­ ახლა ვეტერანების დრო არ არისო. აბა, რისი დროა, სამკაციანი­ აქციების? რას აღწევენ ამ უაზრო­ აქციებით, გარდა იმისა, რომ საწყალ პოლიციელებს ღლიან?

- როგორ გგონიათ, რატომ ვერ ახერხებენ ხალხის მობილიზებას აქციებზე?

- როდესაც კედელს ცხრაჯერ შეასკდები შუბლით და ხალხს ეტყვი, ახლა მეათედ რომ შევასკდები, შევანგრევო, აღარავინ დაგიჯერებს. იმის მაგივრად, კედელს ან კიბე მიადგა, ან გვერდიდან მოუარო, ბოლოს და ბოლოს, კარი გაჭრა და ისე გახვიდე, ჯიუტობ და კიდევ უკან-უკან მიდიხარ, რომ რაც შეიძლება მაგრად გამოექანო და შეასკდე. ასეთ ბრიყვულ ბრძოლაში ხალხი აღარ მიჰყვება ოპოზიციას. "ნაცმოძრაობა" რაც უფრო მალე დაიშლება, მით მალე შევძლებთ პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლას და მით უფრო მალე წავა "ოცნება" ოპოზიციაში.

- თქვენ უკრაინაში თავადაც იბრძოდით. რას იტყვით ახლა ამ ომის წლისთავზე?

- იმას, რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. ყველა ქართველი, ვინც უკრაინაში იბრძვის, გმირია. ყველა მათგანს­ ვენაცვალე ვინც დაიღუპა, ვინც იბრძვის... ღმერთს ვთხოვ, ყველა მათგანი საღ-სალამათი ჩამოვიდეს. ვინც მათ დისკრედიტაციას­ ცდილობს, უმსგავსი და მავნებელია. ძალიან მინდა ბრძოლის ველზე წავიყვანო ის ხალხი, რომელიც ახლა ნიშნის მოგებით, ყელმოღერებული ლაპარაკობს ქართველ მებრძოლებზე. მაინტერესებს, როგორი ბიჭები იქნებიან, ტყვია რომ გაუზუზუნებს ყურთან,­ ისიც მაინტერესებს, ამის მერე როგორ ჩახედავენ მებრძოლ ბიჭებს თვალებში?! ქართველი მეომრები საკუთარი სისხლით რეცხავენ იმ სირცხვილს, რომელშიც პოლიტიკოსებმა არაერთხელ გახვიეს ჩვენი ქვეყანა. როდესაც უკრაინის ისტორია დაიწერება, იქ უკრაინელების შემდეგ ქართველი მეომრები იქნებიან ნახსენები.

ხათუნა ბახტურიძე