„ლანძღვა-გინებით ევროპარლამენტს ვერავინ შეაშინებს“ - კვირის პალიტრა

„ლანძღვა-გინებით ევროპარლამენტს ვერავინ შეაშინებს“

პარტია "ლელოს" გენერალური მდივანი­ ბადრი ჯაფარიძე "უცხოური გავლენის" თაობაზე "ხალხის ძალის" კანონპროექტს "ანტიკონსტიტუციურსა და საფრთხის შემცველს" უწოდებს. მისი აზრით, "ეს არის "ქართული ოცნების" ნაკარნახევი კანონპროექტი, ინფიცირებული მათი ქვედანაყოფის მიერ". "ლელოს" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ანტიევროპულმა ნაბიჯებმა გამოიწვია ის უნდობლობა და დამოკიდებულება, რომელიც დღეს არსებობს. "რაც დღეს ხდება, ამას წინ უძღოდა გამოკვეთილი ანტიევროპული და ანტიდასავლური ნაბიჯები. პოლიტიკური ოპონენტების დევნა, სასამართლოს ინსტრუმენტად გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. პრობლემა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანაში კი არ არის, პრობლემა ის არის, "ქართულმა ოცნებამ" მიაღწია იმას, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებს არანაირი ავტორიტეტი არა აქვს. ყველამ იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" ოფისში იწერება".

- "ქართული ოცნება" დასავლელი მეგობრების ყველა კრიტიკას აგრესიითა და შეურაცხყოფით პასუხობს. ევროპარლამენტი ევროპის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა, შესაბამისად, მის კრიტიკას თავდასხმითა და შეურაცხყოფით კი არ უნდა უპასუხო, პირიქით, მუშაობა უნდა დაიწყო ევროპარლამენტარებთან, ამ კრიტიკის გამომწვევი მიზეზები ეძებო და გამოასწორო. სამარცხვინო იყო ირაკლი კობახიძის განცხადებები, როდესაც ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირს შეადარა. მას ამ საკითხზე ან წარმოდგენა არა აქვს, ან ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მაგრამ ცრუობს.

- კობახიძეც და პაპუაშვილიც მიიჩნევენ, რომ ამ რეზოლუციაში ბევრი უზუსტობაა.

- სწორედ იმიტომ უნდა იმუშაონ უფრო მეტი, ასე რომ ფიქრობენ. თუ "ქართული ოცნება" მართლა მიიჩნევს, რომ რეზოლუციაში უზუსტობაა, შესაბამისი არგუმენტები უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტს, ლანძღვა-გინებით იქ ვერავის შეაშინებენ. პირიქით, კიდევ უარეს შეფასებებს მიიღებენ. პრობლემა ის არის, რომ "ოცნებას" საკუთარი სიმართლის დამტკიცება არ შეუძლია, ამიტომაც ილანძღება. ძალიან მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ - დიდი რისკია, რომ "ქართული ოცნების" ხელში კანდიდატის სტატუსის მიღებაზე კვლავ უარი მივიღოთ. მმართველი გუნდი კი ცდილობს­ თვალში ნაცარი შეგვაყაროს, თითქოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია შესრულებულია, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ტყუილია.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- გამოსავალი ერთადერთია - ეს ტყუილი უნდა ვამხილოთ და "ქართული ოცნება" ვაიძულოთ გააკეთოს ის, რაც აუცილებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგოს ეს უნიკალური შანსი. ნახეთ, ახლა კიდევ რა სპექტაკლი თამაშდება - გვაცნობეს, რომ შესაძლოა "ხალხის ძალის" კანონპროექტით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით" უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდებიან, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტს უცხოური ძალები აფინანსებენ. ეს იმ პერიოდს მაგონებს, ვითომდა ამბოხებულმა დეპუტატებმა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ ცვლილებას რომ არ დაუჭირეს მხარი. ჩვენ ხომ ვიცით, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მნიშვნელოვანი პროექტებისთვის მხარდაჭერას იღებენ, გამჭვირვალე ფინანსირება აქვთ? "ქართული ოცნება" ყველას, ვინც პროდასავლურ პოზიციაზე დგას, უცხოურ აგენტურად მოიხსენიებს. ახლა კიდევ რაღაც მოიგონეს და თქვეს, რომ ვითომ ამერიკული კანონმდებლობის ანალოგია, რაც სრული სიცრუეა. სინამდვილეში, "ხალხის ძალის" ინიციატივა რუსეთში აპრობირებული მეთოდია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა პირდაპირ უთხრა მათ, რომ ცრუობენ, რომ ეს კანონპროექტი უფრო რუსეთისა და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია. დასავლეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რუსეთიდან მომავალი ფინანსირება გამჭვირვალე არ არის. ნაცვლად იმისა, გაუმჭვირვალე ფინანსირებას ებრძოლონ, ყველაფერს აკეთებენ, რომ პრობლემები შეუქმნან დასავლეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს.

- რისთვის უნდა სჭირდებოდეს "ქართულ­ ოცნებას" ასეთი კანონი?

- პროპაგანდისთვის. სურთ დასავლური ინსტიტუციური ორგანიზაციებით მომუშავე სამოქალაქო სექტორი და დამოუკი­დებელი ორგანიზაციები გააშავონ. სხვა ამოცანა ამას არა აქვს. მას შემდეგ, რაც დასავლეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს ოფიციალურად უწოდებენ უცხოეთის აგენტებს, საშუალება მიეცემათ, რომ ადამიანის გონებაში შეიტანონ აღრევა და დაარწმუნონ, რომ კანონმდებლობით უცხოეთის­ აგენტები არიან. ბოლო 10 წლის განმავლობაში არც ერთი რუსული აგენტურა არ გამოვლენილა. ამაზე კი არ არის კონცენტრირებული მთავრობა, გამჭვირვალე ფინანსირება სადაც არის, იმას ჩაჰკირკიტებენ. როდესაც ხელისგულზეა, თუ საიდან ჩაირიცხა თანხა და რაში დაიხარჯა, რა საჭიროა ასეთი ინიციატივა?

- ამ ყველაფრის შემდეგ ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ივანიშვილისა და "ოცნების" ძალაუფლების გაძლიერებას ხელი შეუწყო, რომ ეს მისი შეცდომა და ვალია ქართველი ხალხის წინაშე და რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დააბრალონ, სულ მარტოც რომ დარჩეს, ამ ვალს დააბრუნებს. თქვენ გჯერათ მისი?

- განცხადება ერთია, ქმედებები - მეორე. მას მართლაც შეუძლია ვალი დაუბრუნოს ქართველ საზოგადოებას და ისაუბროს იმ პერიოდზე, როდესაც ის პრემიერი იყო. საზოგადოებას ბევრი შეკითხვა აქვს, გასცეს ყველაფერს გულწრფელად პასუხი და მერე შევაფასებთ.

- თქვენი შეკითხვა რა იქნება?

- რა მოხდა სინამდვილეში 20 ივნისს, ასევე ბევრი კითხვა მაქვს ანაკლიის პორტზე. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარი.

- ამის მერე მასთან ითანამშრომლებთ?

- მის გულწრფელობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

- თქვენ არ აპირებდით 24 თებერვლისთვის­ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას, რომელიც­ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ეროვნულ მოძრაობად გამოაცხადა. ახლა ამბობენ, რომ ეს იქნება უკრაინის მხარდასაჭერი აქცია. "ლელოს" პოზიციაც ხომ არ შეიცვალა ამ აქციაში მონაწილეობის შესახებ?

- "ლელო" ყოველთვის აქტიურად იყო და არის ჩართული უკრაინის მხარდაჭერის საქმეში. კარგია, რაც მეტი პარტია, პოლიტიკური სუბიექტი, მოქალაქე გამოხატავს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ 24 თებერვლისთვის უკრაინელებთან ერთად გვაქვს ღონისძიება დაგეგმილი, რასაც ძალიან მალე ყველა იხილავთ.

ხათუნა ბახტურიძე