„ოცნებამ“ და ოპოზიციამ მოახერხეს და წევრობის სტატუსი და სააკაშვილი ერთმანეთს მიაბეს“
ევროპარლამენტმა 577 ხმით 33-ის წინააღმდეგ (26-მა თავი შეიკავა) სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით მისი გადაყვანისკენ, ხოლო პრეზიდენტს შეწყალებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, შესწორებაში ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც ოლიგარქი და ხაზგასმულია მისი ფუნდამენტური როლი სააკაშვილის პატიმრობაში, რომ სააკაშვილის პატიმრობა არის "ივანიშვილის პირადი ვენდეტის ნაწილი". დეპუტატები საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებენ, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. რაც მთავარია, ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაში მუდმივი უკუსვლა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს უქმნის, რადგან ისეთ პატიმარზე სასტიკად მოპყრობა, როგორიც ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილია, არის ევროპული ღირებულებებისა და მისი დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების ლაკმუსის ტესტი. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სააკაშვილთან დაკავშირება პოლიტიკის ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა სახიფათოდ მიიჩნია. კონკრეტულად რა საფრთხეს ხედავს ის, რატომ წავიდა ამაზე ევროპარლამენტი და ვის რა როლი და პასუხისმგებლობა ეკისრება ამაში, ამ საკითხებზე დავით ზურაბიშვილს ვესაუბრეთ:
- ეს არის არსებითად არასწორი ჩანაწერი, იმიტომ, რომ ევროპარლამენტს ამ თემაზე, ასე ვთქვათ, კვლევა არ ჩაუტარებია და პრინციპში, ეყრდნობოდა ერთი დაინტერესებული მხარის ინფორმაციას, მეორე მხარეს კი არ აინტერესებს ეს საკითხი და ფეხებზე ჰკიდია, რა ხდება ევროპარლამენტში. ეს კიდევ მეორე თემაა. თუ ჩვენ გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან და არა კონკრეტული პირების, მაშინ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა პასუხი მოჰყვება ამას - მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც რეალურად მხოლოდ ერთი პირის ინტერესებს წარმოადგენს, ანუ ბიძინა ივანიშვილს რაც უნდა, რაც ეჩვენება, რაც მას ჰგონია, ის უნდა გააკეთოს. აშკარაა, რამდენი ასეთი რეზოლუციაც მიიღეს, ის უფრო გაძლიერდა. ვფიქრობ, ივანიშვილი ნებისმიერ ზღვარს გადავა, ოღონდ შეინარჩუნოს ხელისუფლება. მას ეჩვენება, რომ დასავლეთს უნდა მისი გაგდება და მიშას მოყვანა. ასე ჰგონია, ასე აღიქვამს და ამას ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ის "ხალხის ძალაც", ზაზა შათირიშვილიც, რაღაცას რომ წერს. მის აზრებს ახმოვანებს ყველა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ გააფუჭებს საქმეს, ამ შემთხვევაში რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, იმიტომ, რომ სტატუსი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა იმიტომ, რომ მოვნიშნოთ, ეს შევასრულეთ და ის არაო, არამედ იმიტომ, რომ ეს გაცილებით გააძლიერებდა ევროკავშირის, ევროპის პოზიციებს საქართველოში. ამას ვალდებულებებიც მოჰყვება და ამიტომ მისი მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სააკაშვილზე გადავტეხთ ამ საკითხს, ივანიშვილი მას არავითარ შემთხვევაში არ გაათავისუფლებს. ეს გამორიცხულია. მისი გათავისუფლების ერთადერთი ვარიანტი ის არის, თუ ჩათვლის, რომ აღარ სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.
- "ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილის გულშემატკივრების ინტერესები გასაგებია, რომ ყველაფერს გააკეთებენ მსგავსი რეზოლუციების მისაღებად. ხელისუფლება თითქოს ცდილობს საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, რომ სააკაშვილი ცუდად არ არის, მაგრამ დასავლეთში ამას ვერ ახერხებს. ამიტომ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ამ ყველაფერს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი არ გადაჰყვეს?
- როცა სააკაშვილზეა ლაპარაკი, ორი მომენტია - წმინდა ჰუმანური, ცუდად არის, აქ ვერ მკურნალობენ და უნდა გავუშვათ, და მეორეა პოლიტიკური, რომ ის უსამართლოდაა დაპატიმრებული და მას კლავენ, მიზანმიმართულად აწამებენ და ასე შემდეგ... სააკაშვილის მომხრეთა პოზიცია, პრინციპში, ამ ორივეს გულისხმობს, რაც, ჩემი აზრით, აბსურდია, რადგან თუ სააკაშვილს აწამებენ პუტინის დავალებით და კლავენ, მაშინ ჰუმანური მოსაზრებით როგორ გაუშვებენ? და პირიქით, თუ ჰუმანური მოსაზრებით უნდა გაუშვან, მაშინ არ უნდა იყოს ლაპარაკი, რომ მას აწამებენ, კლავენ, რომ ერთდროულად დარიშხანსა და ვერცხლისწყალს ასმევენ. ეს ორი რამ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავია. ამიტომ ნებისმიერ ვარიანტში ივანიშვილისთვის სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვება პოლიტიკური მარცხი იქნება და ამას არ გააკეთებს, ქვეყანა რომ დაიქცეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ივანიშვილი არ არის არც შევარდნაძე, არც სააკაშვილი, რომელთაც დასავლეთთან ცოტა სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ. ამას საერთოდ ფეხებზე ჰკიდია. მისთვის არ არის სახელმწიფოებრიობა მნიშვნელოვანი რამ და ეს არაერთხელ დაამტკიცა და გვაჩვენა. მთავარია, ჰყავს შემსრულებლები, ძალზე უპრინციპო ხალხი, რომელთაც სულ არ აინტერესებთ, ამას რა მოჰყვება. ამიტომ პასუხისმგებლობას რაც შეეხება, უპირველესად ხელისუფლებაა დამნაშავე ყველაფერში, რადგან ბიძინა ასე აყენებს საკითხს - ან მე, ან მიშა. 80%-ით ის არის დამნაშავე. ივანიშვილი საერთაშორისო ურთიერთობებში ცუდად ერკვეოდა და ერთხელ რომ შეაშინეს ევროპარლამენტის რეზოლუციით, მერე გაიკითხ-გამოიკითხა და ეტყობა, ვიღაცამ უთხრა, მაგას სარეკომენდაციო ხასიათი აქვსო, და ამის შემდეგ ჩათვალა, რომ ევროპარლამენტს რაც უნდა, ის დაუწერია, ვინ ჰკითხავს რამეს, მე ამერიკის პრეზიდენტთან მოვაგვარებ ან მთავრობებთან, ევროკომისრებთანო. ამიტომ არის, რომ ევროპარლამენტთან არანაირი მუშაობა არ მიდის. ხომ უნდა ცდილობდნენ თავიანთი პოზიციის კარგად წარმოჩენას, პირიქით, უშვერად ლანძღავენ, რამაც გამოიწვია საქართველოთი დაინტერესებულ ევროპარლამენტართა ძალიან დიდი გაღიზიანება. მე მეჩვენება, რომ ეს უკვე პირადულში აქვთ გადასული.
- ანუ, ფიქრობთ, რომ "ოცნება" ევროპარლამენტარებთან გარკვეულწილად მართალია?
- არა, ასე მარტივადაც არ არის. ნაწილობრივ ივანიშვილიც მართალია იმაში, რომ ევროპარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ცდება იმაში, რომ თითქოს ამას მნიშვნელობა არა აქვს. რა თქმა უნდა, აქვს. მცდარი წარმოდგენაა, რომ ევროპარლამენტი რასაც მიიღებს, საერთოდ არ ახდენდეს გავლენას პროცესებზე. რა თქმა უნდა, ახდენს და მათ შორის ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე და ცხადია, სტატუსის მოცემის საკითხზეც. ამიტომ ამ რეზოლუციასაც ყველა ვარიანტში ექნება გავლენა. ასე რომ, ფეხებზე დაკიდება გაუმართლებელი, პრინციპულად არასწორი და ანტისახელმწიფოებრივი მიდგომაა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ის საბანაძე რომ ჰყავდათ, ან ახლა ვინ ჰყავთ და საერთოდ, რა ხალხი ჰყავთ წარმომადგენლებად! იქ ხმას საერთოდ არ იღებენ და თუ ამოიღებენ, კაცმა არ იცის, რას იტყვიან. საერთოდ, რა კადრებით, რა ხალხით ელაპარაკებიან ევროპარლამენტარებს, ეს მეორე საკითხია.
- "ნაციონალების" გარდა ხომ არსებობს სხვა ოპოზიციაც და ისინი მაინც რატომ უჭერენ მხარს სააკაშვილის ევროკავშირის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებას?
- ასეთ ვითარებაში ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ალბათ, უფრო დიდი უნდა იყოს. მათ საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ევროპარლამენტთან ურთიერთობაში. მათ უნდა აუხსნან, რომ სააკაშვილზე ზრუნვა ჰუმანური მოსაზრებით კი საჭიროა, მაგრამ ეს საკითხი ცალკე უნდა იყოს, ხოლო სტატუსის მიღება ცალკე. მე ახლა ოპოზიციაში რომ ვიყო, ამ მიმართულებით ვიმუშავებდი.
მთავრობის გასაკეთებელი საქმეც კი დიდწილად ოპოზიციამ უნდა იკისროს, დაელაპარაკოს ევროპარლამენტარებს, რომ მიშას და ევროკავშირის სტატუსის გადაბმით აქ სიტუაციას გვირთულებენ იმათ, ვისაც ევროპა გვინდა და ევროპული ორიენტაცია გვაქვს. ოპოზიცია ამ საქმეს ან ძალისხმევას აკლებს, ან პირიქით, თვითონაც მიზანმიმართულად აკავშირებს ამ ორ საკითხს ერთმანეთთან. ამ შემთხვევაში უპირველესად "ნაცმოძრაობას" ვგულისხმობ, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს სააკაშვილის თემა სტატუსის საკითხს მიაბას. არადა, დაახლოებით 5 თვის წინ ამაზე არც იყო ლაპარაკი. მერე კი ივანიშვილმა და ოპოზიციამ ერთად მოახერხეს ის, რომ ეს საკითხები ერთმანეთს მიაბეს.
- ამბობთ, რომ ივანიშვილი არ დათანხმდება სააკაშვილის გაშვებას, მაშინ რა გზა რჩებათ?
- ცოტა ხნის წინ ევროკომისრის წინადადებით ევროკავშირის ეგიდით უნდა ჩამოსულიყო სამედიცინო კომისია, რათა გამოეკვლია სააკაშვილის მდგომარეობა და დაეწერა დასკვნა, შეიძლება თუ არა მისი საქართველოში მკურნალობა. ვფიქრობ, ეს სწორი გამოსავალი იქნებოდა. ოპოზიციაც, ჩემი აზრით, ამას უნდა ითხოვდეს - ჩამოვიდეს ისეთი კომისია, რომელსაც მეტ-ნაკლებად ენდობა ყველა და გავიგოთ, შესაძლებელია თუ არა აქ უმკურნალონ. რეკომენდაციები სხვა არის, სხვა არის, დაინტერესებული მხარე რომ ქირაობს ვიღაცას, რაც არ უნდა კვალიფიციური იყოს, და ოფიციალური დასკვნა სხვაა.
- ევროპარლამენტი ხომ ხედავს, რომ ივანიშვილის მიმართ ეს დამოკიდებულება უარეს შედეგს იწვევს?
- ევროპარლამენტში ყველა პიროვნულად ნაწყენია ივანიშვილზე. შეურაცხყოფილი არიან, რადგან ამათ პირდაპირი მნიშვნელობით აგინეს. მათ საქართველოს მიმართ რამე განსაკუთრებული ვალდებულება არა აქვთ და თუ ჩათვლიან, ამ ხელისუფლებაში გიჟები არიან და შეურაცხყოფას გვაყენებენ, ჩვენც დავარტყამთო. ჩვენ უნდა ვცდილობდეთ ევროპარლამენტი არ იღებდეს ისეთ რეზოლუციებს, რაც ჩვენს ევროინტეგრაციას შეაფერხებს. ხელისუფლება რაც გვყავს, ვიცით, და ამიტომ საზოგადოებამ და ოპოზიციამ უნდა იზრუნონ, რომ ჩვენი ევროინტეგრაცია არ შეფერხდეს. ოპოზიციის ნაწილი შეიძლება ფიქრობდეს, მოდი, რაც უარესი, მით უკეთესი - ანუ რაც უფრო დავამძიმებთ სიტუაციას, რაც უფრო ვუბიძგებთ ხელისუფლებას მეტი ანტიდასავლურობისკენ, ხალხი დაინახავს, რა ცუდი ხელისუფლებაა და უფრო მარტივად შევცვლითო. ეს არასწორი მიდგომაა, არ მოხდება ასე. არა მგონია, ამის შედეგად რუსეთის ლუკმა გავხდეთ. არა იმიტომ, რომ ამაზე ხელისუფლება არ წავა, არამედ იმიტომ, რომ ამას არც დასავლეთი დაუშვებს და ხალხის განწყობაც არ არის საამისო. რუსეთის სფეროში ოფიციალურად გაფორმებას ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვება, ისეთი, რომ ხელისუფლებას წალეკავს. ყველა გამოკითხვა ამაზე მეტყველებს. ამიტომ ამაზე ხელისუფლება არ წავა, მაგრამ დასავლეთის დაშანტაჟებასაც არ შეეშვება და ასე გაგრძელდება, ვიდრე 2024 წლის არჩევნები არ დადგება. როგორც ჩანს, ამის იმედი აქვს ივანიშვილს. ასე თუ ისე, ვიცნობ მას და ვიცი, რომ შორს თვლის ხოლმე, მოვლენების განვითარებას უყურებს, ოპოზიციის ბევრი ლიდერისგან განსხვავებით, და მეთოდურად მიდის მიზნისკენ. ეჭვი მაქვს, ზუსტად ასე ფიქრობს, რომ ასეთ ისტერიკულ სიტუაციაში რამენაირად მიათრიოს ქვეყანა 2024-მდე, მერე იქ მოიპოვოს ტრიუმფალური გამარჯვება და ამის მერე დასავლეთი სად წავა? იძულებული იქნება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციისა და ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო გაურიგდეს ივანიშვილს და დაანებოს თავი ამ დემოკრატიის მოთხოვნას. დააკვირდით, არაერთხელ გაუმეორებიათ "ოცნების" წევრებს, რომ ევროპას უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპაო. ეს სწორედ ამას ნიშნავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ოპოზიციაში დემოკრატიული ალტერნატივა რეალურად ჩამოყალიბდეს და თუ ჩამოყალიბდება, ცხადია, დასავლეთს ურჩევნია მასთან ჰქონდეს საქმე და არა ბიძინა ივანიშვილთან. ყველაზე ცუდი ის არის, მგონი, ოპოზიცია ამაზე არც ფიქრობს.
რუსა მაჩაიძე