„ვსე ბუდე დობრე“
ომი დაიწყო თუ არა, უკრაინაში მოხალისედ წავიდა და ამასობაში ერთხელ ჩამოვიდა სამშობლოში, ისიც, შვილიშვილის ჯვრისწერის აღსანიშნავად. "ქართული ლეგიონის" უხუცეს წევრს, გიორგი შიოშვილს, თანამებრძოლებმა მეტსახელად "პაპა" შეარქვეს. "ჩემი ცხოვრება მუდმივად ჩემი სამშობლოს მტერთან ბრძოლის ისტორიაა, თუმცა მანამდე არასდროს მიფიქრია, ოდესმე ჯარისკაცი და მეომარი თუ გავხდებოდი", - ამბობს პროფესიით ფილოლოგი და გვიყვება, "თანდათან როგორ გახდა ძალოვანი", რომელსაც დღემდე ოკუპანტებთან ყველა ომში მოუწია ბრძოლამ.
- "ქართული ლეგიონის" ყველაზე უხუცესი წევრი ვარ, 22 მარტს 62 წლის ვხდები. შენაერთში მეტსახელად პაპას მეძახიან, მამუკამ შემარქვა, მამულაშვილმა. ჩემთან ერთადაა არჩილ ხოფერია, ის 57 წლისაა, დათო აბულაძე (52 წლისაა). პროფესიით ფილოლოგი, ქართული ენა-ლიტერატურის სპეციალისტი ვარ, მაგრამ, ჩემი ცხოვრება მუდმივად ჩემი სამშობლოს მტერთან ბრძოლის ისტორიაა, თუმცა მანამდე არასდროს მიფიქრია, ოდესმე ჯარისკაცი და მეომარი თუ გავხდებოდი... ვფიქრობ, 1989 წლის 9 აპრილი გამოდგა გარდამტეხი. მაშინ ახალგაზრდების ჯგუფს შევუერთდი და ჩვენი მიზანი ნიჩბებისა და ფიზიკური ძალადობისგან ხალხის დაცვა-გადარჩენა იყო, მაგრამ ვერ დავიცავით... იმავე წელს დაიწყო ცხინვალის ამბები და პირველად მაშინ, 1989 წლის ნოემბერ-დეკემბერში, შევეჯახე ოკუპანტებს. მაშინ დაიწყო პროვოკაციები იმის წარმოსაჩენად, თითქოს ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტი იყო. თამარაშენში ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მის გასვენებაში ჩავედით. ოთხნი ვიყავით, სამძიმარზე მივედით, მანქანაში რაღაც თოფისმაგვარი გვქონდა, რომ გამოვედით, ცხინვალიდან "ომონმა" ალყაში მოგვაქცია და დაგვიჭირეს. იქაურმა ერთზე უთხრა, ეს ჩემი სიძეაო (საუბარია გელა გოდერძიშვილზე), ის დატოვეს, ჩვენ კი ცხინვალში გადაგვიყვანეს. იმ დროს კეხვში ჯაბა იოსელიანი იყო ბიჭებთან ერთად, მათ დააკავეს ოსების ავტობუსი და მერე მათში გადაგვცვალეს, თორემ ჩვენი გასამართლება უნდოდათ. მაშინ გავიცანი ჯაბა და ბიჭები (მათგან ბევრი ცოცხალი აღარ არის), დავმეგობრდით და ჩამოყალიბდა "მხედრიონი", "თეთრი არწივი" და სხვა შეიარაღებული ფორმირებები. ვხვდებოდით, რომ კონფლიქტი ხელოვნურად იყო აგორებული და ვცდილობდით მის განეიტრალებას, ოსებთან მოლაპარაკებას, ქართველებთან მივდიოდით სამაჩაბლოში, გვინდოდა თავიდან აგვეცილებინა კონფლიქტი, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებს აწყობდათ და მახეში არ უნდა გავბმულიყავით. სამწუხაროდ, ეს მაინც მოხდა, ჯერ სამაჩაბლოში, მერე კი აფხაზეთში. აფხაზეთში სოხუმის დაცემამდე ვიბრძოდი. ყველა ომი გამოვიარე, მას შემდეგ მოვდივარ და მოვდივარ. 2008 წელს აგვისტოს ომში ვეტერანები არ წაგვიყვანეს, მაშინ მანქანაში ჩემი 18 წლის შვილი ჩავისვი, მინდოდა ენახა, რა იყო ომი. არჩილი როკმუსიკოსია, იარაღთან საერთო არაფერი ჰქონდა და არც ახლა აქვს.
- უკრაინაში მოხალისედ როგორ წახვედით?
- უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ჩამოვედი, ზოგიერთი უკან გამოატრიალეს, მაგრამ მე სამუშაო ვიზა გავაკეთე. 4 წელია, რაც მეუღლე გარდამეცვალა, შვილებსა და შვილიშვილებს დავემშვიდობე და წამოვედი. შარშან გაზაფხულზე ყველა მოხალისეს იარაღს აძლევდნენ. მერე, როცა ბუჩა-ირპენიდან გავყარეთ რუსები, მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, ფრონტის წინა ხაზზე არ შეიძლებოდა 60 წელს გადაცილებულების ყოფნა. მეთაურმა მითხრა, არაა საჭირო წინა ხაზზე იყო, სხვა დავალებას შეასრულებო, და დღემდე პირნათლად ვასრულებ, ვცდილობ, კარგი ჯარისკაცი ვიყო. ათასობით ქართველია რუსეთ-უკრაინის ომში, ზუსტი ციფრის დასახელება შეუძლებელია. ჩვენი ლეგიონი ქართული შენაერთია, მამუკა მამულაშვილი 8 წელზე მეტია იბრძვის. ძლიერი და ჭკვიანი მეთაურია. ჩვენ, უკრაინაში მყოფ შენაერთებთან შედარებით, ყველაზე ნაკლები მსხვერპლი გვაქვს. გუმისთაზე როცა ვიბრძოდით, ვცდილობდი, ჩემი ჯარისკაცები ცოცხლები გამომეყვანა, ასეა მამუკაც. მეთაურმა ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოს, ალყაში არ უნდა მოექცე და "ლეგიონის" რაც მომწონს ისაა, რომ ზრუნავს ქართველი ჯარისკაცების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. უკრაინელებს ძალიან უყვართ ეს შენაერთი. ჩვენი მობილური ჯგუფები ყველა ცხელ წერტილშია, ბახმუტი იქნება, დონბასი, ზაპოროჟიე თუ სხვა. "ლეგიონი" ყველაზე დიდი შენაერთია, რომელშიც 30 ეროვნებაზე მეტი თანამებრძოლია. აქ გავიცანი ამერიკელები, ბრიტანელები, ავსტრალიელები, აფრიკელები, პოლონელები, იაპონელები... უკრაინულ ენასაც ვსწავლობ, მათ არ სიამოვნებთ მტრის ენაზე საუბარი.
- თავის დროზე, უკრაინის ნაციონალური არმიის, "უნა-უნსოს" მებრძოლებიც დაუდგნენ გვერდში საქართველოს. აფხაზეთში მათთან ერთად გიწევდათ ბრძოლა..
- "უნა-უნსოს" (მათ დღესაც აქვთ დივიზია) მებრძოლები პირველები ჩამოვიდნენ აფხაზეთში და ჩვენთან ერთად იბრძოდნენ. ჩვენს ომში მათ 11 კაცი დაეღუპათ, რომლებიც დიღმის ძმათა სასაფლაოზე არიან დაკრძალული. ის უკრაინელები საქართველოში ცოტა ხანს ჩემს ოჯახშიც ცხოვრობდნენ. ახლახან ცრუინფორმაცია გავრცელდა "უნა-უნსოს" ერთ-ერთი ლიდერის, ვალერი პალჩიკის დაღუპვის შესახებ, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა. კარგია, რომ ცოცხალია და უვნებელი.
- "მხედრიონზე", თავის დროზე, ათასგვარი მითი თუ სინამდვილე ვრცელდებოდა. ეს მიზანმიმართული პროპაგანდა იყო, რაც თქვენი ფორმირების დისკრედიტაციას ემსახურებოდა, თუ ამაში სიმართლე მეტი იყო?
- აფხაზეთის ომის შემდეგ კახეთის "მხედრიონის" მეთაური და რეგიონული სამაშველო სამსახურის უფროსი ვიყავი... ჩვენი დანაყოფი ძალიან ძლიერი იყო, ამიტომაც რუსული სპეცსამსახურებისთვის "მხედრიონი" ყველაზე საშიში ძალა იყო, ვისი დისკრედიტირებაც უნდა მომხდარიყო. სპეცსამსახურებმა "ძალიან კარგად იმუშავეს" და მერე დაავალეს შევარდნაძეს, ყველა ჩვენგანი დაეჭირათ და გაესამართლებინათ. მეც გამასამართლეს, გვარდიელებიც, ზვიადის გვარდიაც და ყველა შენაერთის წევრები. დათა თუთაშხიასი არ იყოს, მთავარია, ადამიანს სახელი გაუტეხო და ის უკვე განადგურებულია. როგორ უნდა გაუტეხო? - რაც შეიძლება მეტი ცუდი უნდა დააბრალო. არ ვამბობ, რომ "მხედრიონში" ყველა ანგელოზი იყო, ზოგმა წამალიც გაიკეთა, ზოგმა მოიპარა, მაგრამ ეს ხომ მასობრივი არ იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ენის, სარწმუნოებისა და მამულის დასაცავად ვიცხოვრე და ვიბრძოლე, ამაზე მაღლა სხვა ინტერესები არ დამიყენებია და ამისთვის სიცოცხლეს ვწირავდი. მარტო "მხედრიონმა" 500 კაცი დაკარგა.
- ომში ფულის საშოვნელად მიდის ზოგიერთიო, ვიღაცებმა დაასკვნეს...
- მე არა მაქვს ხელფასი, მოხალისე ვარ. რაც აქ ვარ, ოჯახიდან გამოგზავნილი ფული, 3.000 დოლარამდე დავხარჯე. შვილებმა გამომიგზავნეს. პირველად რომ ჩამოვედი, მარტო 600 დოლარის აღჭურვილობა და ტანსაცმელი ვიყიდე, რაც მქონდა, თბილისიდან წამოვიღე, დანარჩენი ვარშავაში შევიძინე. 60 წლის ზემოთ უკრაინის კანონმდებლობით, ვერც გაგაფორმებენ შენაერთში, ეს კანონდარღვევაა. რაც მაქვს, ჩემი და ჩემი შვილების შრომით მაქვს, არავისთვის სათხოვნელი არ მაქვს. სიგარეტს არ ვეწევი, არ ვსვამ, ერთადერთი, კვება მჭირდება და ისიც სასწაულებს არ ვითხოვ, შემიძლია ჩაისა და წიწიბურაზე გადავიარო.
- საერთო მტერთან ბრძოლის ეპოპეა დიდხანს გასტანს? ან რით დასრულდება?
- ამ ომს აუცილებლად უკრაინა მოიგებს, სხვანაირად არ შეიძლება, ის ჩვენი გამარჯვებით, მთელი მსოფლიოს, ყველა დემოკრატიული ძალების გამარჯვებით დასრულდება. რუსები ველური ტომია. მათ ყველაფრის ნაკლებობა აქვთ - ეროვნულობის, კულტურის, ლოთობისა და სასმლის მეტი არაფერი აინტერესებთ, არ იციან ქალების, ბავშვების პატივისცემა. ასეთი ვის უნდა? ისტორიაში ეს არის ბოლო საშინელი ძალა, რომლის წინააღმდეგაც მსოფლიო გაერთიანდა და რომელიც უნდა დამარცხდეს. ეს ომი რამდენ ხანსაც უნდა გაგრძელდეს, მაინც უკრაინელების გამარჯვებით დასრულდება, სხვა შედეგს მსოფლიო არ დაუშვებს.
"ვსე ბუდე დობრე" (ყველაფერი კარგად იქნება - უკრ.)!