„უკრაინელები ამოვხოცეთ, გადავწვით ქალაქები მხოლოდ იმიტომ, რომ მათ „დიად რუსეთთან“ არ უნდათ“
რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო, უმცროსი სერჟანტი პაველ ფილატიევი, რომელიც ახლა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით საფრანგეთში იმყოფება, გვიამბობს, თუ რა ხდებოდა უკრაინაზე თავდასხმის პირველ თვეებში რუსეთის არმიაში. რამდენიმე თვის წინ ემიგრაციაში მყოფმა ფილატიევმა გერმანიაში გამოსცა წიგნი, სახელწოდებით, ZOV (Законы и обычаи войны), რომელშიც რუსული არმიის პრობლემებსა და უკრაინაში მათი დაჯგუფების ქმედებებზე წერს. წიგნი გერმანულ ენაზეც გამოიცა და მალევე გახდა მსჯელობისა და კამათის საგანი. პაველ ფილატიევი რუსეთის მოსახლეობის ნაწილმა "ქვეყნის მოღალატედ" და "დასავლეთის აგენტად" შერაცხა. როგორც ამბობს, იცოდა, რომ ციხე გარდაუვალი იყო, ამიტომაც მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაცია New Dissidents Foundation-სის დახმარებით რუსეთიდან წავიდა.
- ამ წიგნში სხვის მონაყოლს არ ვყვები, ის დავწერე, რაც ჩემი თვალით ვნახე, რაც თავად გადამხდა თავს. 56-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკში ვმსახურობდი, რომელიც ბაზირებული იყო ქალაქ ფეოდოსიაში. სწორედ იქიდან შევედით უკრაინის ტერიტორიაზე, ხერსონში, თუმცა, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, არც მიფიქრია, რომ მასშტაბური ომისთვის ვემზადებოდით, რადგან არმია უმძიმეს მდგომარეობაში იყო. არმიაში დიდხანს ვიმსახურე და ვიცი, შიგნით რაც ხდებოდა. დიდი ნაწილი არც ტექნიკურად, არც ფიზიკურად და არც მორალურად მზად არ იყო ომისთვის. მეთაურობაში კორუფცია და ქაოსი იყო, რის გამოც ომამდე რამდენიმე თვით ადრე კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ განცხადებაც დავწერე, რომელიც ახალი წლის შემდეგ უნდა დაეკმაყოფილებინათ, მაგრამ ომი დაიწყო და იმ უბედურებაში მეც აღმოვჩნდი.
ოფიციალური ვერსიით, ყირიმში საშემოდგომო სწავლებები გვქონდა, სინამდვილეში კი მხოლოდ ბაზირებული ვიყავით და ახლა როგორც ვხვდები, ნელ-ნელა უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მივიწევდით. მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მით უფრო, რომ სამხედრო ნაწილში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა - ერთი ნაწილი ამბობდა, რომ უკრაინა და ნატო ყირიმზე თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, ჩვენ კი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მხარეს საზღვარი უნდა დაგვეცვა, რადგან რესპუბლიკებში რეფერენდუმის ჩატარება იგეგმებოდა და სტაბილურობა სჭირდებოდათ.
მეთაურობა გვეუბნებოდა, ნუ პანიკობთ, არავითარი ომი არ იქნებაო. არ ვიცი, მათაც არ ჰქონდათ ინფორმაცია თუ ნაბრძანები ჰქონდათ, არაფერი ეთქვათ. 20 თებერვლის ღამეს ბრძანება მოვიდა, რომ გადაადგილებისთვის მზადყოფნა ყოფილიყო, თუმცა არავის უთქვამს, საით მივდიოდით.
- როგორც თქვით, ძველ ყირიმის ტერიტორიაზე იყო რუსული ბაზა, სადაც მსახურობდით. არ გიფიქრიათ, რომ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე შედიოდით?
- უკრაინასთან ომი არც დამიშვია. ტელეფონები ყველას ჩამოგვართვეს და მეთაურობა, რომელიც მანამდე არავინ იცის, დროს რაში ფლანგავდა, უეცრად საქმიანი, მკაცრი და მომთხოვნი გახდა. ბაზიდან გასვლიდან რამდენიმე საათში გავიგონე არტილერიის ინტენსიური ხმა. ჩვენს კოლონას გამშვები პუნქტი უნდა გაევლო, მაგრამ ის უკვე აღარ არსებობდა - იქაურობას ცეცხლი ეკიდა, მანქანები დამწვარი, ინფრასტრუქტურა კი განადგურებული იყო. სროლა არ წყდებოდა. ყველა მხრიდან ისე ინტენსიურად ისროდნენ, მართლა ვიფიქრე, ნატოს ძალებს ხომ არ ვებრძვით-მეთქი, თუ ისინი გვებრძოდნენ, როგორც მეთაურობა ამბობდა და სამხედროებისა და რუსეთის მოსახლეობის ნაწილს სჯეროდა. ინტენსიური ცეცხლის მიუხედავად, არავის უთქვამს, რომ ომი დაიწყო, არ ვიცოდით, როგორ გვემოქმედა. მეთაურისთვის კითხვა დავაპირე, რა უნდა გვექნა, მან კი დაგვასწრო და გვიბრძანა, როგორც კი მანქანებიდან ჩასვლას დააპირებთ, თქვენ დეზერტირები ხართ და შესაბამისად ვიმოქმედებთო. ეს იყო გაფრთხილება - ან ტყვიას მოგვაყოლებდნენ ზურგში, ან ტრიბუნალი გველოდა. თუმცა არც მიფიქრია გაქცევა, იმის გარკვევას ვცდილობდი, რა უნდა გამეკეთებინა. ასე აღმოვჩნდით ნიკოლაევის მისადგომებთან და ჩვენკენ ზალპური ცეცხლი წამოვიდა. არ ვიცოდით, რაში მდგომარეობდა ჩვენი ამოცანა, შემდეგ კი აგვიხსნეს, რომ ხერსონი უნდა აგვეღო. არ ვიცოდი, ეს როგორ გაგვეკეთებინა, რადგან გეგმა არ გვქონდა. ხერსონში სულ რამდენიმე საათი გავატარე. რუს სამხედროებს ჩვენს მისვლამდე იქაურობა გაეპარტახებინათ. მოწინააღმდეგესა და საფრთხეზე არავინ ფიქრობდა. ჯერ საკვები და წყალი მოიხელთეს. თავადაც ნადირივით მშიოდა და რაც ხელში მომხვდა, კონსერვი, პური, ტკბილეული, ნახევარფაბრიკატი, რაც მოვასწარი, სულ შევჭამე. სული რომ მოვითქვი, თადარიგის დაჭერას შევუდექი - ვიცოდი, მომდევნო დღეებში მშიერი ვიქნებოდი და საჭმელი შევინახე. დასწრებაზე ვიყავით. ყველა ისე იქცეოდა, რის საშუალებასაც სინდისი აძლევდა. ჩვენები უკრაინელების სახლებში მაცივრებს აცარიელებდნენ, რაც ხელში მოხვდებოდათ, ჩანთაში იყრიდნენ. თუ მაცივარი გავსებული იყო, მთლიანად მოჰქონდათ და ნაწილის ეზოში კარადასავით დგამდნენ. რომ დაცარიელდებოდა, შინ გასაგზავნად ამზადებდნენ. საამისოდ სატვირთო მანქანები იყო გამოყოფილი. ერთი პუნქტიდან მეორეში გადასვლისას მანქანა გზაში ფუჭდებოდა ან საწვავი უმთავრდებოდა, რაც კარგი სამიზნე იყო უკრაინელი მოხალისეებისთვის.ხერსონის ახლოს დასახლებულ პუნქტში დავბანაკდით, სადაც ორი თვის განმავლობაში მოგვიწია ყოფნამ. რუსეთისა და უკრაინის ცხოვრების დონეში განსხვავება რომ დაგვენახა, ის პატარა ადმინისტრაციული ერთეულიც საკმარისი იყო - თურმე ისინი ცხოვრობდნენ, ჩვენ კი ვარსებობდით. ხალხს არაფერი აკლდა - მაცივრები, სათავსები, სარდაფები და სხვენები სურსათითა და ჰიგიენური საშუალებებით იყო სავსე. ჩვენ ადმინისტრაციის შენობაში დავბანაკდით, რომელიც ისე იყო მოწყობილი, სიამოვნებით დავრჩებოდი საცხოვრებლად.
- რა იყო თქვენი ამოცანა?
- ხერსონის შენარჩუნება, რაც ადვილი არ იყო. სიხარულით არავინ დაგვხვედრია, ზიზღით გვიყურებდნენ. ჯერ ქუჩაში გასვლას ვერიდებოდი, მაგრამ შემდეგ მაინც მომიწია, რადგან მოსახლეობასთან ურთიერთობა დაგვავალეს. პროამერიკული ხელისუფლება არ უნდათ და სიხარულით შეგვხვდებიანო, გვეუბნებოდა გზადაგზა მეთაურობა, თუმცა სიხარული არავის ეტყობოდა. ერთხელ ერთ უკრაინელს, რომელიც თავის მანქანაში იჯდა, სიგარეტი ვთხოვე. მოხუცი იყო, ასე 70 წელს ზევით. შემათვალიერა, მერე იქვე მდგომ სხვა რუს სამხედროებსაც გადახედა და დამცინავად გვკითხა, ბოლოს როდის ჭამეთ და იბანავეთო. ბანაობა ვის ახსოვდა, ჭამით კი წართმეული სანოვაგე ბლომად გვქონდა.
საღამოობით იქაურები, პარტიზანები, იმ ადგილების გარშემო, სადაც რუსული სამხედრო ნაწილები იყვნენ დაბანაკებული, ცეცხლს ანთებდნენ და ასე გადასცემდნენ ინფორმაციას ჩვენს პოზიციებზე, რასაც უკრაინული არტილერია შემდგომ ამუშავებდა. რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქიდან გაგვიყვანეს და იქაურობა ОМОН-მა ჩაიბარა. ეს არის შიდაპოლიციური უწყება, რომელიც რუსეთის შიდა ტერიტორიაზე ამყარებს წესრიგს, მაგრამ უკვე ყველაფერი ისე იყო ერთმანეთში არეული, აღარაფერი მიკვირდა. ჩვენ ნიკოლაევში გაგვამწესეს, სადაც უფრო ვერ გვიტანდნენ, ვიდრე ხერსონში. მოხუცი ქალისგან გავიგე, თურმე "ორკებს" გვიწოდებდნენ, შეგაკვდებით და აქაურობის დაპატრონების უფლებას არ მოგცემთო, გვითხრა. ისე ვეზიზღებოდით, მზად იყვნენ დახოცილიყვნენ, ოღონდ რუსეთს მათ ქვეყანაში ფეხი არ მოეკიდებინა. აუცილებლად ვნახავთ, როგორ დაიხოცებით, ზოგი შიმშილით, ზოგი სიცივით, ზოგიც ჭრილობებისა და უპატრონობისგან. აქ თქვენი არაფერი არ არის და ეს გახსოვდეთო!.. - გვითხრეს ერთხელ ნიკოლაევში, როდესაც ბიჭები სასურსათოდან საჭმელს ეზიდებოდნენ. ვაღიარებ, მრცხვენოდა, ჩემი ქვეყანა და საკუთარი თავი მეცოდებოდა.
ორი თვე ტალახში, შიმშილსა და სიცივეში გავატარეთ. არ გვქონდა ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევიც კი. მეთაურობამ იცოდა, რა არაადამიანურ პირობებში ვიყავით და ჟურნალისტებს არ გვაკარებდა, არადა, როგორ ვნატრობდი ვინმეს, ვისაც იმ ჯოჯოხეთზე სიმართლეს მოვუყვებოდი, ის კი, დაბრმავებულ მასებს დაანახებდა "ძლევამოსილი რუსული არმიის" ნამდვილ სახეს. გამოძიების ჩატარება არც იყო საჭირო, ერთი შეხედვითაც ცხადი იყო შიმშილისგან გასაცოდავებული, დაუბანელი რუსი სამხედროები რა პირობებში იყვნენ. სამხედროების ნაწილმა უკრაინელი სამხედროების ტანსაცმელი ჩაიცვა, ის ბევრად ხარისხიანი, თბილი და კომფორტული იყო. ჩვენი "ძლევამოსილი" სახელმწიფო კი ვითომ უკრაინის დენაციფიკაციის მიზეზით ატარებდა "სპეცოპერაციას". სინამდვილეში, მინუს 20 გრადუს ყინვაში პირდაპირ მიწაზე, საძილე ტომრების გარეშე გვეძინა. არ გვქონდა წყალი და საკვები. სამხედროები ერთიმეორის მიყოლებით ავადდებოდნენ, ხერხემლის თიაქარი, ფილტვების მწვავე ანთება იმ დღეებში ავიკიდეთ. ნიკოლაევში დავიჭერი. დაბომბვაში მოვყევით. თვალებში მიწა შემეყარა და მხედველობა დამიზიანა. სხვა პრობლემებიც მქონდა. 34 წლის ვარ, მაშინ 33 ვიყავი და იმ დღეს, როდესაც სახით მიწაში ვიყავი ჩამხობილი, ღმერთს შევპირდი, ოღონდ ახლა გადავრჩე და ამ უსამართლობაზე, ჯოჯოხეთზე აუცილებლად დავწერ წიგნს, რათა მსოფლიომ გაიგოს, რას აკეთებს რუსეთი, რა ვითარებაშია ეს კორუმპირებული ქვეყანა, თავდაცვის უწყება, არმია, რა მდგომარეობაში ჰყავს თავისი მოქალაქეები.
20-მდე დაჭრილი ძველ ПАЗ-ის სალონში ვეყარეთ, ჭუჭყიანი სახვევებით, გაწამებული ტკივილებით. ვინც მძიმედ იყო დაჭრილი, სიკვდილს ებრძოდა, შედარებით მსუბუქად დაჭრილებს უხაროდათ, რომ იმ ჯოჯოხეთს მოშორდებოდნენ. ვუყურებდი იმ უბედურ, მოტყუებულ ბიჭებს და ვფიქრობდი, რა ჯანდაბად მინდა ეს ოხერი სიცოცხლე, მას შემდეგ, რაც ჩემი ცხოვრება სამხედრო სამსახურს დაუკავშირდა, კარგი რა გამიკეთებია-მეთქი. ალბათ არაფერი. რა მინდოდა იმ ქვეყანაში, რას ვერჩოდით იმ ხალხს, მშვიდობიან მოსახლეობას, სამხედროებს, რატომ ვებრძოდით, რისთვის? რით ემუქრებოდა უკრაინა რუსეთს? ყველა ამბობდა, რომ უკრაინას ნატოში შესვლა უნდაო, მაგრამ ყველა ქვეყანას, რომელსაც ამ ორგანიზაციაში შესვლა სურს, თუნდაც ფინეთს, რომელიც ნატოს წევრი ხდება, უნდა ვეომოთ? ლატვია, ლიეტუვა პოლონეთი უკვე არიან ნატოს წევრები და მათთანაც ომს ვაპირებთ? ე.წ. სამთავრობო ექსპერტები, რომლებიც თავიანთ სახლებში თბილად იყვნენ წამოგორებული ტელევიზორის წინ, დივანზე, შვილები უსაფრთხოდ და განვითარებულ ევროპის ქვეყნებში ჰყავთ, ირწმუნებოდნენ, წუთებში დავასწარით უკრაინას, თორემ ის დაგვესხმებოდაო. სხვები ამბობდნენ, ამით დონეცკი და ლუგანსკი გადავარჩინეთო, მაგრამ რისგან? რუსეთის მხარდაჭერის მიუხედავად, ამ რეგიონების ხელმძღვანელობამ თავისი ხალხის სოციალურად უზრუნველყოფაც ვერ შეძლო. ჩემი თვალით ვნახე, როგორ უჭირთ მათ, რა პირობებში ცხოვრობენ. იქაურები მასობრივად გარბიან რუსეთსა და უკრაინის სხვა მხარეებში. თავად მქონდა მათთან ურთიერთობა და ნაციზმის შემთხვევებზე სიტყვაც არავისგან მსმენია, როგორც ამას ჩვენი სამთავრობო მედია გაჰყვიროდა. პირიქით, ომს გაურბოდნენ, საცხოვრებელს ტოვებდნენ, რადგან მშვიდობიანი ცხოვრება, მუშაობა, განვითარება სურდათ. მე ხომ ვიცი, როგორ ცხოვრობს რუსი ხალხი, კორუმპირებულებისა და მაფიოზების გარდა, ყველას უჭირს. რის საფუძველზე ვპირდებით ხალხს უკეთეს ცხოვრებას?!
საკონტრაქტო სამსახურში, სადაც ჩემსავით სხვა სფეროში ხელმოცარული ადამიანები იყვნენ (მცირე გამონაკლისის გარდა, მე კი მეორე კონტრაქტს იმიტომ მოვაწერე ხელი, რომ კოვიდპანდემიის დროს, ცხენსაშენის საქმე, რომელზეც დიდ იმედს ვამყარებდი, ჩამივარდა. სამოტივაციოდ, დღეში 69 დოლარს გვპირდებოდნენ. მაშინ რუბლის კურსი დაახლოებით 7 ათასზე იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, მოგვატყუეს.
- წიგნში ჰყვებით, რომ სამედიცინო პერსონალი "ომის" ხსენებას გიკრძალავდათ.
- დიახ, სევასტოპოლის სამოქალაქო საავადმყოფოში ნამდვილი სამოთხე დამხვდა ფრონტის ხაზთან, იმ სამედიცინო დაწესებულებებთან შედარებით, რომლებიც რუსეთში მინახავს. საავადმყოფოს "ორიონი" ერქვა. ჩემი ექიმი დაღესტნელი ქალი იყო, დანარჩენი პერსონალი - რუსი. ომის ხსენებას ყველა გვიკრძალავდა, რამდენჯერმე მკაცრად შეგვახსენეს, რომ ეს "სპეცოპერაცია" იყო და დეზინფორმაციისთვის თავი დაგვენებებინა. მხოლოდ სამთავრობო მედიას უყურებდნენ და უსმენდნენ, თუ როგორი წინსვლა ჰქონდა რუსულ არმიას, სოციალური ქსელები კი დაბლოკილი იყო. არც მაინტერესებდა, რა მდგომარეობა იყო ფრონტის ხაზზე, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ რუსეთში დაბრუნების შემდეგ წიგნს დავწერდი და ქვეყნიდან წავიდოდი.
იქაურობა მალე გადაივსო დაჭრილებით. უმძიმესი მდგომარეობა იყო სევასტოპოლის სამხედრო ჰოსპიტალში. ხერხემალი და ქვედა კიდურები დაზიანებული მქონდა, მხედველობა კი ძალიან დარღვეული, მაგრამ სხვა სამხედროებს ჩემი შურდათ, ომში დაბრუნება დიდხანს არ მოგიწევსო.
მკურნალობის შემდეგ შვებულებაში გამიშვეს, რა დროსაც ძველ მეგობარს, ყოფილ სამხედრო ოფიცერს შევხვდი. ის კორუფციაში გაიხლართა და სამსახურის დატოვებამ მოუწია. კორუფცია არმიაში, სხვასთან შედარებით, ყველაზე "ღირსეული" მიზეზია, იქ ისეთები ხდება. მან მიამბო იმ საშინელებების შესახებ, რაც რუსმა მედესანტეებმა ბუჩაში დაატრიალეს. ვერ დავიჯერე, ვიკამათე კიდეც - ტყუილი მეგონა, თუმცა მან ფაქტებით დამარწმუნა. ვაღიარებ, ნიკოლაევში აგვიყვანია სამოქალაქო პირები და პარტიზანები, მათ ტელეფონები წავართვით, მაგრამ არავინ მომიკლავს. ორმხრივი ცეცხლის დროს არაფრისგან დაზღვეული არ ვიყავი, მაგრამ ასე პირისპირ, ხელებშეკრული ადამიანისთვის მესროლა ან მეწამებინა, არ ყოფილა. დაკავებულებს ОМОН-სა და ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურს გადავცემდით. ვიცოდი, მათ კარგი დღე არ დაადგებოდათ, მაგრამ ღირსებაზე, სწორსა და არასწორ საქციელზე ფიქრის დრო არ იყო. ჩვენ გადამცემი ფუნქცია გვქონდა, შემდეგ იყო, "როსგვარდია", რომელსაც "კადიროველები" კურირებდნენ. ვიცოდი, რომ ხერსონში აქციაზე გამოსულ მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. საბედნიეროდ, ჩვენ ქალაქი უკვე დატოვებული გვქონდა. იქ ОМОН-ი და ნაციონალური გვარდია იყვნენ. საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ ბევრმა ჩვენმა სამხედრომ მიატოვა სამსახური. ეს ძალიან საშიში იყო მათთვისაც და მათი ოჯახებისთვისაც, მაგრამ რისკავდნენ. სამხედროებს, რომლებიც სამსახურს ტოვებენ, ართმევენ ბინებს, უბლოკავენ ანგარიშებს და მოღალატეებად აცხადებენ. პუტინის მედია მათ "დასავლეთის აგენტებს" უწოდებს, ასახელებენ თანხებს, თუ რამდენად გაყიდეს სამშობლო - ანუ მორალურად კლავენ, ხშირად ფიზიკურადაც. ეფ-ეს-ბეს მანქანა აწყობილად მუშაობს. რეჟიმთან დაპირისპირება, რომელსაც მოსახლეობის აზროვნება წლებია ჩაბეტონებული აქვს, უდიდეს გამბედაობას მოითხოვს. ეს ძალიან რთულია, მაგრამ რაც უფრო მალე გაბედავს მოსახლეობის მდუმარე ნაწილი თქვას, რომ უკრაინაში არა სპეცოპერაცია, არამედ ომია, მით მალე დასრულდება ეს კოშმარი.
შეიარაღებული ძალებიდან წამოსვლის შემდეგ ერთი თვე ძალიან ცუდად ვიყავი. ვფიქრობდი, რას შევალიე ცხოვრების საუკეთესო წლები-მეთქი, მაგრამ მიზანი მქონდა, სიმართლე მეთქვა მსოფლიოსთვის წიგნით, რომელიც უკვე გამოვაქვეყნე. ის ჯარისკაცები, რომლებიც გადარჩებიან და ნაწამები შინ დაბრუნდებიან, ჩემსავით გააცნობიერებენ, რომ არავინ არ გაგვითავისუფლებია, პირიქით სახლებში შევუცვივდით, ამოვხოცეთ, გადავწვით ქალაქები მხოლოდ იმიტომ, რომ მათ "დიად რუსეთთან" არ უნდათ. ეს დღე აუცილებლად დადგება, რუსეთს დიდი დრო არ დარჩენია.
როდესაც ჩემი წიგნი გამოქვეყნდა, პუტინის რეჟიმი გავაკრიტიკე, მოღალატე და გამყიდველი მიძახეს. უმეტესად ისინი მლანძღავდნენ, ვისაც ჯერ კიდევ "დიდი" წარმოდგენა აქვს რუსეთზე. სამხედროების, მათ შორის, ყოფილების, დიდი ნაწილი თანამიგრძნობს და მადლობელია, რომ სიმართლის თქმა გავბედე. მთელი ცხოვრება გვარწმუნებდნენ, რომ ხვალ თუ ნატო თავს დაგვესხმებოდა, ჩვენი ქვეყანა უნდა დაგვეცვა. ბევრს, ვინც ახლა ფრონტის ხაზზეა, დაბალი განათლება აქვს და იმის სჯერა, რასაც მეთაურობა ეუბნება. სჯერათ, რომ მართლა ნატო გვებრძვის და რუსეთი უნდა დაიცვან. სანამ ისინიც არ მიხვდებიან, რომ ხელისუფლება, კორუმპირებული გენერალიტეტი ატყუებს და საზარბაზნე ხორცად იყენებს, არაფერი შეიცვლება. ახალგაზრდები ომში ისევ წავლენ და დაიხოცებიან. ხშირად მეკითხებიან, თუ საჭირო გახდა, მათ წინააღმდეგ იარაღს ავიღებ თუ არა? ვერ ავიღებ, რადგან მათი უმეტესობა დაბრმავებულია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ როგორმე თვალი აეხილოთ. აი, კრემლის წინააღმდეგ ავიღებ თუ არა იარაღს, სხვა საკითხია. ვფიქრობ, ამის გაკეთება შემიძლია, რადგან ყველანაირი ბოროტების სათავე კრემლიდან მოდის. პუტინი და მისი თანამოაზრეები წლების განმავლობაში აზომბირებდნენ მოსახლეობას პროპაგანდისტული მედიით და ამას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ახალგაზრდობის წლები მაინც აქვს საბჭოთა კავშირში გატარებული, ყველაზე ადვილი გადასაბირებელია - ისინი მთელი ცხოვრება "ოერტეს" უსმენდნენ, სადაც ძლევამოსილ არმიასა და დასავლელ მტრებზე ელაპარაკებიან და სჯერათ კიდეც. ჯერ თავად დაიჯერეს, შემდეგ კი შვილებს დააჯერეს "ნაციონალ-ფაშისტების" არსებობა. ზოგს პროპაგანდაში ფულსაც უხდიან, მაგრამ უმეტესად ეს არც სჭირდებათ, რადგან ძალიან ბევრს ოცნებად აქვს ისევ საბჭოთა კავშირის აღდგენა, რომლის შემადგენლობაში კვლავ იქნებიან საქართველო, მოლდოვა, უკრაინა... სამწუხაროდ, რუსულ პროპაგანდას სხვა ქვეყნებშიც აქვს ფესვები გადგმული, რაც მაკვირვებს. რუსეთში გასაგებია, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში კიდევ სჯერათ "რუსეთის უძლეველობის". სავალდებულო სამხედრო სამსახურს თუ არ ჩავთვლით, ორი საკონტრაქტო სამსახური გავატარე რუსულ ჯარში და ვიღაცები მაინც "მიხსნიან", თუ რა შეიარაღება და მომზადება აქვს რუსეთის არმიას...
- რა იცით პატიმრების "ვაგნერში" გადაბირებაზე?
- მხოლოდ "ვაგნერში" კი არა, საკონტრაქტო სამსახურში უამრავი პატიმარი მიჰყავთ. მე ვიცნობდი ერთ კონტრაქტორს, სამხედრო ექიმს, რომელსაც ნარკოტიკზე ერთი-ორჯერ ხელი წაუცდა და დაიჭირეს. ექვს წლამდე ჰქონდა მისჯილი, მაგრამ შეუთავაზებიათ, თუ ფრონტის ხაზზე თავს ისახელებდა, სასჯელს გაუუქმებდნენ. ისიც დათანხმდა. ზოგს ციხეში ჯდომას ყველაფერი ურჩევნია და ამაზეც მიდის... ხშირად მეკითხებიან, ბოდიშს ვუხდი თუ არა უკრაინელ ხალხს, ბოდიში არ კმარა, მე სიცოცხლით ვარ ვალში მათ წინაშე, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადავრიცხო უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში. რუსეთის არმიის მიერ დახოცილ ადამიანებს ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ ამ წიგნით ვამბობ - არა ომს!
p.s. წიგნის ონლაინვერსია ხელმისაწვდომია სოციალურ ქსელშიც.