„არ ვიცი, ჩემი ქვეყანა ამ ჭრილობას ოდესმე თუ მოიშუშებს...“ - კვირის პალიტრა

„არ ვიცი, ჩემი ქვეყანა ამ ჭრილობას ოდესმე თუ მოიშუშებს...“

თურქეთში, სტიქიური უბედურების ზონაში, ნანგრევებში გადარჩენილთა პოვნა სულ უფრო ძნელდება. ჰატაის პროვინცია, რომელიც 6 თებერვლის მიწისძვრამ თითქმის გაანადგურა, ეპიდაფეთქების საფრთხის წინაშე დგას. ფოტოგრაფი მექიტ სურმელი სტიქიის ზონაში პირველივე საღამოდან მუშაობდა. ერთკვირიანი უმძიმესი სამუშაოს, სტრესისა და ფაქტობრივად, უძილო ღამეების შემდეგ, ის შინ, იზმირში, რამდენიმე დღით დაბრუნდა. როგორც ამბობს, ძალის აღდგენის შემდეგ ისევ მოხალისეობას დაუბრუნდება.

- პროვინცია ეპიდემიური აფეთქების­ საფრთხის წინაშეა. ის, ვინც დამანგრეველ სტიქიას გადაურჩა, ამბობს, მიწისძვრას გადავურჩით და ახლა ანტისანიტარიის გამო ეპიდემია შეგვიწირავსო.­ ნანგრევებში­ მოყოლილთა ცხედრების პოვნა და ამოყვანა ჯერაც ვერ მოხერხდა.­ რადგან ყველა წუთი და საათი მნიშვნელოვანი იყო, მოხალისეები და მაშველები იმ ზონებში ვმუშაობდით, სადაც გადარჩენილთა პოვნის იმედი გვქონდა. დაღლილი, გამოფიტული, ემოციებისგან დაცლილი ადამიანები იმედს არ კარგავენ, რომ მიცვალებულებს მაინც ამოიყვანენ ნანგრევებიდან, რათა მიწას მიაბარონ და თავიანთი, მიწასთან გასწორებული სახლების წინ ათენ-აღამებენ. ვნახე მოხუცი, რომელსაც ოჯახის 15 წევრი დაეღუპა, ყველა დამარხა, სასაფლაოდან დაბრუნებულმა ილოცა და მაშველებს სთხოვა, როგორმე მეთექვსმეტეც მაპოვნინეთ, მერე კი ყველაფერში დაგეხმარებითო. ვერ ვიპოვეთ.

საკვების პრობლემა არა აქვთ, ჰუმანიტარული დახმარებაც ჩამოდის და კერძო ბიზნესიც გვეხმარება, მოაქვთ მზა საკვები, ზოგი იქვე ამზადებს კერძებს და ერთ­ჯერადი ჭურჭლით ვარიგებთ. გარშემო საშინელი ანტისანიტარიაა. ქუჩაში ნაგავი გროვებად ყრია, ზოგჯერ ცხედრები მთელი დღე-ღამე ქუჩაშია ამოსაცნობად, მაგრამ უკვე ისე არიან დაზიანებული, ამოცნობა ჭირს. ქუჩებში იგრძნობა სუნი, ჰაერი მტვრით არის გაჯერებული. ნანგრევებში ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი, მათ ამოყვანას შეიძლება თვეზე მეტი დასჭირდეს.

ჩვენს ზონაში ნაპოვნი ოჯახის წევრები, მათ შორის დედა-შვილი, ერთმანეთს საავადმყოფოში შეხვდნენ. ისინი თურქმა­ მაშველებმა ნანგრევებიდან 15 საათის შემდეგ­ ამოიყვანეს. უამრავ პატარას მშობლები დაეღუპა, მათი უსაფრთხო გაშვილება, მეურვის პოვნა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა.

უარესი წინ არის. არავინ იცის, ნანგრევებქვეშ რა ხდება... ხანდახან მგონია, კოშმარულ სიზმარს ვხედავთ, რომელიც არა და არ სრულდება.

- რა ბედი ელით უსახლკაროდ დარჩენილებს?

- ჩვენ შევადგინეთ მათი სია და შემდეგ ადგილობრივ ადმინისტრაციას გადავეცით. უამრავი მათგანის ბედით ბიზნესმენები, კერძო და საოჯახო სასტუმროების მფლობელები დაინტერესდნენ, ვისაც ორი ან მეტი სახლი აქვთ, თავიანთი სახლები დაუთმეს. არის შემთხვევები, როდესაც ჩაისახლეს, განსაკუთრებით ის ოჯახები, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ­. მე მეუღლე და პატარა შვილი მყავს­. ჩვენი გოგონა რამდენიმე დღის წინ 6 თვის გახდა. სამოთა­ხიანი ბინა გვაქვს, ამიტომ მეუღლისგან­ დამოუკიდებლად ვერ მივიღებდი გადაწყვეტილებას, ის ქართველია და შეიძლება ითქვას, ბევრი რამ აქვს გამოვლილი. როდესაც მესიჯი მივწერე, დედას და ორი წლის შვილს ქუჩაში თავშესაფრებში სძინავთ-მეთქი, მაშინვე მიპასუხა, ჩვენი მისამართი მიეცი, ოთახს გავუმზადებო.

რამდენიმე დღის წინ კიდევ 22 კაცი დავაბინავეთ. ბოდრუმიდან სასტუმროს მეპატრონემ 15 კაცი წაიყვანა. იზმირიდან ქალი დამიკავშირდა, ორ ოჯახს ბინას დავუთმობ, კომუნალურ გადასახადებს დავუფარავ და სურსათსაც დავახვედრებო.

ჩემი მეგობარი, რომელიც ჰატაიში ცხოვრობს, დედ-მამა და და-ძმა დაეღუპა,­ მათი დასაფლავების შემდეგ მერსინში წავიდა, იქაურმა ახლობლებმა შეიფარეს. ისე, მოსახლეობის ერთ ნაწილს ძალიან მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება აღმოაჩნდა, მაგრამ ბოროტმოქმედები ყველა ერშია. უკვე მაროდიორები გამოჩნდნენ.

- სახლებს ძარცვავენ?

- ზოგი კორპუსი მთლი­ანად დანგ­რეული არ არის, ნაწილობრივ დაზიანდა.­ ზოგი მაროდიორი მოხალისეობას იბრალებს და ძარცვავს სახლებს. არიან ისეთები, ვინც მისამართებს ინიშნავენ და შემდეგ ღამე მიდიან. თუ ფაქტზე არ წაასწრეს, რომ სხვის ნივთებს ეზიდებიან, ამბობენ, ნანგრევებში მოყოლილ ადამიანს­ ან შინაურ ცხოველს ვეძებთო. ყოფილა შემთხვევა, რომ დაზარალებულებმა დაზიანებულ სახლში დოკუმენტების­ ან ძვირფასი ნივთების გამოსატანად შესვლა­ გაბედეს და ამ დროს გადააწყდნენ საშოვარზე გამოსულ მაროდიორებს. მხოლოდ სახლები კი არა, დაწესებულებები, მაღაზიები, აფთიაქები, საკონდიტროები კაფე-ბარები გაძარცვეს. ითქვა, მოხალისე­ებშიც აღმოჩნდნენ არაკეთილსინდისიერებიო, ვითომ დაზარალებულების დასახმარებლად მუშაობდნენ, სინამდვილეში­ იპარავდნენ. ზოგმა თავისი ნივთები იცნო, როცა მანქანაზე დატვირთული მიჰქონდათ. ახლა სიები დგება, სადაც მოხალისეთა გვარ-სახელი, მისამართი და სამსახურის დასახელება ინიშნება. მას შემ­დეგ, რაც პრეზიდენტმა ერდოღანმა­ მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა,­ სამხედროების და პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა.

- მოხალისეებს ფუნქციები განაწილებული აქვთ?

- დიახ, უკვე ორგანიზებულად ვმუშაობთ, თავიდან ცოტა ქაოსი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ დავბრუნდები და ქუჩის დასუფთავებაზე ვიმუშავებ. ამ დღეებში­ მოხალისეებს ავტობუსებში­ გვეძინა, გაყინულებს გვეღვიძებოდა, ცეცხლთან შეკრებილ ადამიანებთან მივდიოდით, ვთბებოდით და შემდეგ ისევ ვცდი­ლობდით ძილის გაგრძელებას. მერე შევეჩვიე ყინვაში ძილს, მაგრამ სტრესმა­ მაინც თავისი ქნა და მივხვდი, რომ დიდ­ხანს ვერ გავძლებდი. როგორ უნდა გამოიძინო, როდესაც ხედავ საზაფხულო ლაბადაში ჩაცმულ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ნანგრევებში მოყოლილ ფეხმძიმე­ ცოლს და მოხუც დედ-მამას ეძებს.­ ზოგს ფსიქიკამ უღალატა, ქვემოდან ხმა მესმის, მეძახიან, ჩემს სახელს ყვირიან, თქვენ როგორ არ გესმითო, გვეჩხუბებოდნენ. ამიტომაც, სტიქიურ ზონაში ფსიქოლოგთა ჯგუფებიც არიან. არ ვიცი, ჩემი ქვეყანა ამ ჭრილობას ოდესმე თუ მოიშუშებს...

ბოლო ხანებში მე და ჩემმა მეგობრებმა­ კატა გადავარჩინეთ. ცხოველი ადამიანივით მიწვდიდა თათს ნანგრევებიდან და თვალებით მთხოვდა შველას. ხმა აღარ ჰქონდა. ქუჩის ძაღლმა იპოვა, ჯერ ყეფა ატეხა, შემდეგ კი ღრენა. კატა რომ ამოვიყვანეთ, ტიროდა. პირველად ვნახე, ცხოველს ცრემლები მოსდიოდა.

- ფოტოგრაფი ხართ, როგორც ვიცი.

- რამდენიმე კომპანიისთვის ვმუშაობ. ასეთ მძიმე ადგილას პირველად მომიხდა მუშაობა. ჩვენ ხომ ადამიანურ ემოციებზე მაღლა უნდა დავდგეთ, რომ ობიექტური სურათი შევქმნათ, მაგრამ არ ვიცი, ჩემი ხალხის ტრაგედიის ასახვისას რამდენად ობიექტური ვიყავი.

90-იანი წლების ბოლოს თურქეთის დასავლეთით ძლიერ მიწისძვრას 17 ათასზე მეტი კაცი ემსხვერპლა. ახლა ბევრად მეტია. ახლა მიწისქვეშა ბიძგები უფრო ძლიერი იყო და თანაც ჩვენმა გაუმაძღარმა ბოროტმოქმედმა სამშენებლო კომპანიებმა მაღალსართულიანი საცხოვრებელი­ კორპუსები და სამედიცინო დაწესებულები, წესების დარღვევით ააშენეს. იმედია, ყველა პასუხს აგებს ამდენი ადამიანის სიცოცხლისთვის.