"100-დან 90 გოგონა გახდომას ითხოვს,­ ბიჭები, ძირითადად, ფორმებისთვის მუშაობენ" - კვირის პალიტრა

"100-დან 90 გოგონა გახდომას ითხოვს,­ ბიჭები, ძირითადად, ფორმებისთვის მუშაობენ"

რუბრიკა "პროფესიის" სტუმარია ფიტნესინსტრუქტორი ნინო ჩერქეზიშვილი. ის ამ პროფესიაში ბანკიდან მოვიდა და ამბობს, რომ ამით საკუთარი თავი იპოვა.

- ფიტნესინსტრუქტორობა ჩემი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა, გვიან შევიცვალე პროფესია, უკვე 35 წლის ასაკში. ერთხანს ბანკში ვმუშაობდი. მერე ინგლისში­ წავედი საცხოვრებლად. ვინაიდან ბავშვი­ აქ მყავდა დატოვებული, პერიოდულად ჩამოვდიოდი ხოლმე. ინგლისში დავიწყე ვარჯიში ჯერ ჩემთვის, აქა-იქ ინტერნეტიდან­ ამოკრეფილი ვიდეოებით, მერე ცოტა უფრო გავასერიოზულე. აქ რომ ჩამოვდიოდი, 2015-16 წლებში, და ვადარებდი აქაური და იქაური ტრენერების კვალიფიკაციას, ჩვენ ძალიან უკან ვიყავით. განუვითარებელი იყო ეს სფერო საქართველოში. იმ დროს სულ რამდენიმე დარბაზი­ იყო. მე მაშინ ჩემს შვილს ვავარჯიშებდი აქ, 2 ბებიის ხელში კარგად ნაფერები საგრძნობლად­ იყო მომატებული წონაში. ეზოში არ უშვებდნენ და სპორტზე არ დაჰყავდათ, პირველივე გაცივებაზე სახლში სვამდნენ. შესაბამისად, ანალიზებიც არ ჰქონდა სახარბიელო. ნელ-ნელა მასთან ერთად ვარჯიში დავიწყე და სხვებიც შემომიერთდნენ. მერე დადგა ის პერიოდი, როცა ინგლისიდან დაბრუნებას ვფიქრობდი და ამან განაპირობა, მიმეღო გადაწყვეტილება - ჩემი შემდეგი პროფესია იქნებოდა პერსონალური ინსტრუქტორი. ინგლისში ისე ვერ იმუშავებ დარბაზში, თუ ლიცენზია და სერტიფიკატი არა გაქვს.

- აქ იმუშავებ?

- აქ ლიცენზიასა და კვალიფიკაციას არ გთხოვენ, თუ სივიში მიუთითებ, კარგია,­ მაგრამ სავალდებულო არ არის. ინგლისში პერსონალური მწვრთნელების აკადემია დავამთავრე. 3 თვე თეორიას ვსწავლობდით, შემდეგი 3 თვე აკადემიურ პრაქტიკას ვეუფლებოდით. სწავლის შემდეგ ერთხანს ინგლისში ვიმუშავე და მერე საქართველოში­ ჩამოვედი. ინგლისში ყოფნისას დავიწყე ბლოგზე ჩემი გამოცდილების გაზიარება. თავიდან დიდი ხანი დამჭირდა, რომ მიმდევრები მომეგროვებინა, აქ რომ ჩამოვედი­, უკვე 7 პერსონალური მოსწავლე მელოდა, მერე მიმდევრები ნელ-ნელა მომემატა.

თავიდანვე პერსონალურ ტრენერად ვმუშაობდი - ან 1 კაცთან ვმუშაობ ან ოთხკაციან ჯგუფზე. მე ნუტრიციოლოგიც­ ვარ და სავარჯიშო პროგრამის შედგენა­სთან ერთად, კვების რეჟიმსაც ვადგენ. ადრე ყველას, ძირითადად, გახდომა უნდოდა, ახლა ჩემს მოსწავლეებში ეს დამოკიდებულება შეიცვალა და კილოგრამებს ისტერიკულად აღარ უყურებენ. პრიორიტეტია უფრო ჯანმრთელობა, ფუნქციური ვარჯიშები და სხეულის ფუნქციურად გამართვა. რა თქმა უნდა, ჩემს პროფესიაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მოსწავლეებისთვის ენერგიის მიცემას, რომ არ მოიწყინონ, არ მოდუნდნენ და საათების განმავლობაში დადებითად დამუხტულები­ იყვნენ.

- ერთი მწვრთნელი მახსენდება, მოსწავლეებს ხშირად უმეორებდა, განსაკუთრებით ქალებს: "ნუ იქნები სპილო, იყავი გედი".

- ვიცნობ იმ კოლეგას, მე მასავით ელეგანტური ფრაზები არა მაქვს. დარბაზში საჯდომგაბზეკილი გოგონები რომ ვარჯიშობენ ხოლმე, ვეუბნები: "საჯდომის გაბზეკა ქმარსა და პარტნიორთან, ჩემთან ფიტნესი".

- ქალები და მამაკაცები რა მოთხოვნით მოდიან?

- 100-დან 90 გოგონა გახდომას ითხოვს,­ მერე ბევრს ვმუშაობ, მხოლოდ მოტივაციითა და ვარჯიშებით არ შემოვი­ფარგლები. ყოველთვის ვცდილობ მინილექციები ჩავრთო ადამიანის ანატომიურ შესაძლებლობებზე. კუნთების აგებულება, შიდაჰორმონული გამოპასუხება თუნდაც ვარჯიშზე თუ კვებაზე. ამ ყველაფრის შემდეგ ეცვლებათ დამოკიდებულება თავიანთ სხეულთან, იმასთან, თუ რამდენად ზედაპირულია მხოლოდ გახდომა. ყველაზე უინტერესო ფიტნესინსტრუქტორისთვის გახდომის მოსურნესთან მუშაობაა, იმიტომ, რომ ტრენერი არაფერში მონაწილეობს. პასუხისმგებლობა მხოლოდ მოსწავლეს ეკისრება. ის ჩემთან კვირაში 3 საათია მხოლოდ, დანარჩენი თვითონ უნდა აკონტროლოს,­ რას ჭამს და რამდენს. მე ვერ გავაკონტროლებ, ის სახლში რას იზამს. ფუნქციური გამართვა თუ სახსრების შეზღუდვები უკვე ჩემი საქმეა და საინტერესო სამუშაო პროცესიცაა. ჩემთან მოდიან, ვარჯიშობენ, როგორც კი დარბაზიდან გადიან კი "სნიკერსებს" ჭამენ. მოკლედ, ქალებს სურთ გახდომა, საჯდომის დაყენება და მუცლის დაგდება, მამაკაცებს კი მკლავებისა და მკერდის ვარჯიშები უყვართ და საერთოდ არ აქცევენ ქვედა ტანს ყურადღებას, ამიტომაც ვარჯიშის შემდეგ ზოგჯერ ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან. ბიჭები, ძირითადად, ფორმებისთვის უფრო მუშაობენ და თუ ძალიან ჭარბ­წონიანები არ არიან, გახდომაზე მაინცდამაინც არ არიან ჩაკირკიტებული.

ისე, ჩვენი ხალხი ძალიან პასიურია, ფიზიკური აქტივობა უკანა პლანზე აქვთ გადაწეული. ეს სიარულის მანერაზე ეტყობათ, დგომაზეც... მაგალითად, ზოგი 40 წლის შემდეგ იწყებს ასაკთან ბრძოლას, არადა, სასურველია შეიძლება მანამდე დაიწყოს.

- ცეკვაც ფიზიკურ აქტივობად განიხილება?

- რა თქმა უნდა. ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც აბედნიერებს, იქნება ცეკვა, ცურვა თუ ძუნძული. ფიზიკური აქტივობა მხოლოდ გარეგნობისთვის არ არის. კუჭის მოქმედებით დაწყებული და შიდა პროცესებითა და აღდგენით დამთავრებული, ძალიან დიდ როლს თამაშობს. როგორი მეტაბოლიზმი გაქვთ, რამდენად სწრაფად ებრძვით ვირუსულ დაავადებებს - ამ ყველაფერს აძლიერებს ფიზიკური აქტივობა.

- ჩვენი მენიუ რამდენად არის კავშირში ჩვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობასთან?

- მე არ ვარ შეზღუდვებისა და აკრძალვების მომხრე, პირიქით, თანამედროვე­ ნუტრიცია გადასულია იმაზე, რომ ყველა­ფრის ზომიერად ჭამა შეიძლება. რაც უფრო ჯანსაღია ჩვენი რაციონი, რაც უფრო გაჯერებულია ხილითა და ბოსტნეულით, მცენარეულ პროდუქტებით, მით უფრო ჯანსაღია ჩვენი ორგანიზმი, ეს კი გარეგნობაზეც აისახება და ჯანმრთელობაზეც, ძილზეც, ხასიათზეც, ყველაფერზე... ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ, საუზმეზე იმდენი გვიჭამია, რომ ძილი გვერევა დაღლილობისგან, იმიტომ, რომ არასწორად ულუფა ვჭამეთ, დაუბალანსებელი ნახშირწყლებით. ჭამის დროს უნდა დავნაყრდეთ და არა გავძღეთ. საკვებმა უნდა მოგვცეს ენერგია,­ თუ გვაძინებს, ესე იგი, ნახშირწყლების არასწორი ულუფა მივიღეთ. ნახშირწყლები ღლის ორგანიზმს, ჭარბი დოზის მიღების შემდეგ ისინი გარდაიქმნება გლუკოზად. როგორც კი გლუკოზა ჭარბი რაოდენობით შედის ორგანიზმში, სხეულს უკვე აქვს სიგნალი, რომ პანკრეასმა ინსულინი გამოუშვა, ინსულინი კი ორგანიზმს ღლის...

- ბევრი ჩივის, 7-ის მერე არ ვჭამ, პურს და შაქარს არ ვეკარები და მაინც ვსუქდებიო...

- იმიტომ, რომ მთავარია, რამდენ კალორიას ვიღებთ და არა ის, პურსა და შაქარზე რომ უარს ვამბობთ. ყველა ადამიანს გვაქვს განსხვავებული სიმაღლე, წონა, ასაკი და ფიზიკური აქტივობა. ამის მიხედვით, ყველა ადამიანს დღის განმავლობაში განსხვავებული კალორაჟი სჭირდება. თუ იმაზე მეტს ჭამს, არა აქვს მნიშვნელობა, რაციონიდან პურს ამოიღებს თუ შაქარს, მაინც მოიმატებს. 7-ის მერე უჭმელობაც მითია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საათზე შეჭამ. მთავარია, ძილის წინ 2 საათით ადრე შეწყვიტო ჭამა, რათა სხეულმა­ დაისვენოს. ჩვენ ნაწლავებში გვყავს, ასე ვთქვათ, კეთილი და დამსვენებელი ბაქტერიები. როდესაც ვასვენებთ კუჭ-ნაწლავს, მაშინ ეს ბაქტერიები აღდგენით და გამწმენდ სამუშაოებს იწყებენ. ეს ხდება ძირითადად ძილის დროს. ვგულისხმობ ნორმალურ ძილს.

- როგორია ნორმალური ძილი?

- დავიძინოთ დღეს და გავიღვიძოთ ხვალ, კალენდარულად. მთავარია, 12-მდე დავიძინოთ.

- რამდენ ხანში ემჩნევათ ეფექტი სავარჯიშოდ პირველი მოსვლიდან?

- ცვლილება შესაძლოა 1 კვირაში­ დაინახოს მოვარჯიშემ, რადგან სხეულში იწყება სისხლის მოძრაობა და ჩქარდება შეკავებული სითხის გამოდინება. ფიზიკური­ აქტივობა ამას კარგად ეხმარება.­ სითხის გამოდინება სწრაფად ეტყობა ადამიანს. როცა ჯანსაღი წონაა, ცვლილება 1 თვეში­ შესამჩნევია, განსაკუთრებით საჯდომზე, მუცლის არეში... გააჩნია, ვინ სად აგროვებს­ ცხიმს. სადაც ცხიმი მეტად გროვდება, იქ, როგორც წესი, ყველაზე ბოლოს იწყება პროცესები. თუ ადამიანი აგროვებს ცხიმს ქვედა ტანში და უნდა გახდომა, გახდომა დაიწყება ზედა ტანიდან და ყველაზე ბოლოს ქვედა ტანი გაუხდება.

ბევრი საინტერესო ამბავი უკავშირდება ჩემს საქმიანობას, მათ შორის ზოგიერთი კურიოზული. ადრე ჩემთან დადიოდა გოგონა, რომელსაც დაღლისას უჭირდა ემოციებისა და უწმაწური სიტყვების შეკავება.­ დაღლილზე რომ ვეტყოდი, ახლა ამდენი აზიდვა უნდა გააკეთო-მეთქი, ეგრევე გადმოდიოდა გინებაზე, მერე კი ბოდიშებზე.­ აშკარად ნერვიული პრობლემა ჰქონდა, ერთხელ გადაამლაშა კიდეც... ერთხელ სავარჯიშო ინვენტარზე იდგა. რომ ვუთხარი, კარგად ჩაბუქნე და ისე ამოიწიე-მეთქი, უკვე დაღლილი იყო და უცებ გაფიცხდა და უხეშად მითხრა, ხომ ჩავდივარ, რა გინდაო. უცებ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ყველამ ჩემკენ მოიხედა. თავიდან ვცდილობდი მისთვის გამეგო, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენი გზები გაიყო...

- წყვილები თუ დადიან თქვენთან?

- ბევრი წყვილი დადის. ჩემი ერთი მოსწავლე თავიდან რომ მოვიდა სავარჯიშოდ, მალევე გადაწყვიტა, რომ ქმარიც მოეყვანა. რა თქმა უნდა, მაშინვე გადაიხადა­ მისი ვარჯიშის საფასურიც, ქმარი კი პირველი­ ვარჯიშის შემდეგ ყოველ ჯერზე ატყუებდა ცოლს, რომ მოდიოდა. რადგან გადახდილი იყო ცოლ-ქმრის ვარჯიშის საფასური, იმ გოგომ გადაწყვიტა ყოველდღე ევლო, ერთი დღე თავის, მეორე დღე კი ქმრის მაგივრად. მას მერე ისე მოეწონა ვარჯიში, ახლა ყოველდღე ვარჯიშობს და ჩემი საუკეთესო მეგობარიც გახდა.

- უკაცრავად, მეუღლე როგორ ჰყავს?

- მისი მეუღლე წონაში პროგრესირებს... მაინც ვერ შემოიტყუა ვარჯიშზე.

- რა არის აუცილებელი, რომ თქვენს პროფესიაში წარმატებული იყო?

- უპირველესად ინფორმაცია ადამიანის სხეულზე, არ ვგულისხმობ ენდოკრინოლოგიისა და ნუტრიციოლოგიის შესწავლას, საჭიროა ვიცოდეთ, გადამუშავების პროცესში რა ჰორმონები მონაწილეობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერსონალურმა მწვრთნელმა დაინახოს შეცდომა­ ვარჯიშის დროს. ხშირად ვერ ხედავენ ხოლმე... არ ვიცი, რისი ბრალია ეს, გულგრილობის თუ არამახვილი თვალის. ბევრჯერ შეიძლება ტრენერი მამაკაცს მოერიდოს.... როდესაც მუშაობას ვიწყებთ, მოსწავლისგან ვიღებთ ნებართვას, რომ შეიძლება მუცელზე მოგვიწიოს შეხებამ, ან წელის არეში...

kuba2-1676806464.jpg

- ამას თქვენი მეუღლე როგორ ხვდება?

- მეუღლეში ძალიან გამიმართლა. ავიმარი კუბელია, უკვე 12 წელია საქართველოში ცხოვრობს. 4 წელია ერთად ვართ.

- საქართველოში როგორ მოხვდა?

- აქ კუბური ბარი იხსნებოდა და ბარის ერთმა მეწილემ შესთავაზა მუშაობა. თავიდან ბარში კუბურ სიგარებს აკეთებდა და ბარშიც ეხმარებოდა... მერე ბარიდან წამოვიდა, ცოტა ხანს ჩემთანაც იყო ტრენერად, მაგრამ მივხვდი, მისი ტრენერობა მე უფრო მინდოდა, ვიდრე მას. ახლა რაც აბედნიერებს, იმაზე მუშაობს, მანქანის პლასტმასის დეტალებზე მუშაობს, პლასტმასის სპეციალისტია.

- რა აკვირვებს ყველაზე მეტად ჩვენს ტრადიციებში?

- ხუმრობს ხოლმე, როდესაც ვეტყვი,­ 1 საათში მანდ ვარ-მეთქი, მეკითხება, ქართულ 1 საათში თუ ნამდვილ 1 საათშიო? ასევე გაუკვირდა დედაჩემის სტუმრობა.

- რას გულისხმობთ?

- კუბელებს ბებიის კულტი აქვთ. როდესაც ბებია სტუმრობთ, ყველაზე კარგი საძინებელი მას უნდა დაუთმონ, ეს ტრადიციაა. დედაჩემი რომ რჩებოდა ჩვენთან, ტახტზე წვებოდა და ამაზე სულ მეკითხებოდა, ჩვენს საძინებელს რატომ არ უთმობო? კუბელები ამბობენ, რომ ყველა ცეკვა ბებიისგან აქვთ ნასწავლი. ოჯახი ამათთანაც წმინდაა. საათობით ესაუბრება ხოლმე ოჯახის წევრებს. მე მათ ჯერ არ შევხვედრივარ, ონლაინურთიერთობა გვაქვს. კუბაში 7 მარტს პირველად მივემგზავრები.

- კუბელებიც ცეკვა-სიმღერის ხალხია, ჩვენ ცეკვა-სიმღერაზე რა რეაქცია აქვს?

- ძალიან მოსწონს. ამათაც იციან შეძახილები, "ეპაა"... წამოიძახებენ ხოლმე. იგივე რეაქციები აქვთ ჩვენი ცეკვაზეც.

კუბელების სამზარეულოში ბრინჯსა და ლობიოს ერთად იყენებენ. ძალიან უყვართ ღორის ხორცი და ზედ ბანანს აყოლებენ. იქ უამრავი სახეობის ბანანია, ზოგს წვავენ, ზოგს ჭამენ... ჩვენს პატარა მატეოსაც ისე შეაყვარა ბანანი, რომ მის გარეშე არაფერს ჭამს. კუბელებისთვის ბანანი, დაახლოებით იგივეა, ჩვენ რომ კიტრისა და პამიდვრის სალათას მოვიხმართ ხოლმე. მაგალითად, მენიუ ასეთია: წიწიბურა, ბანანი და კატლეტი, ან პიურე, ბანანი და კატლეტი.

- ოჯახისა და სამსახურის შეთავსება, ალბათ, რთულია.

- კი, დიდი ენერგია მიაქვს, რაც მთავარია, ორივეში დიდ სიყვარულს ვდებ და დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ჩემს გასაკეთებელს. ჩემი პროფესია მაბედნიერებს, მე ჩემი თავი 35 წლის ასაკში ვიპოვე.