„შენს გვარში ვიცი იმდენი გიჟი, საავადმყოფოს მთლიანად შეავსებსო...“
,,მე ძალიან მიყვარს ჩემი მშობლიური სოფელი, ჩემი ბოდბისხევი", - ეს სიტყვები ქართული ფსიქიატრიული სკოლის ფუძემდებელს, აკადემიკოს ავლიპ ზურაბაშვილს ეკუთვნის. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში კვლავ დგას ზურაბაშვილების ძველი სახლი. წლების წინ, იქ ავლიპ ზურაბაშვილის მემორიალური მუზეუმის გახსნა იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ვერ მოხერხდა. სოფელში მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ნახვა შევძელით, რომლებიც ავლიპ ზურაბაშვილს პირადად იცნობდნენ.
"თბილისში ხშირად აკითხავდნენ ,,ზემლიაკები"
ლიანა ზურაბაშვილი: - მე და ავლიპ ზურაბაშვილი შორეული ბიძაშვილის შვილები ვართ. ახლა 86 წლის მოვიყარე, ავლიპს კი 121 წელი შეუსრულდებოდა. ზურაბაშვილების მამა მღვდელი იყო და ოჯახი ბოდბისხევში, მთაზე, ამაღლების ტაძრის გვერდით ცხოვრობდა. ორი ვაჟიშვილი ჰყავდათ, ავლიპი და ანთიმოზი. ძმები ერთმანეთს საოცრად ჰგავდნენ. ანთიმოზი ჩვენი სოფლის ფოსტის გამგედ მუშაობდა. მღვდელმა შვილები უფლის სიყვარულით გაზარდა. ავლიპი უმაღლესი საბჭოს წევრიც გახდა, მაგრამ უფლის რწმენა არასდროს დაუკარგავს.
- თბილისში წასვლის შემდეგ სოფელში ხშირად ჩამოდიოდა?
- ახალგაზრდობაში მატარებლით უყვარდა ქიზიყში ჩამოსვლა. წნორის ბაქანზე ძმა ვირით ხვდებოდა. გადაკიდებდნენ ვირს ბარგს, წინ გაიმძღვარებდნენ და თავად მოსდევდნენ უკან ბაასით. სიარულის დროს ავლიპს ხელების უკან დაწყობა უყვარდა. ფარაჯასავით ზედა ეცვა, რომელიც ფრიალებდა ხოლმე და თავზე კახური ქუდი ეხურა. თბილისური პური ჩამოჰქონდა ხოლმე, რომელსაც ,,ბუხანკებს" ვეძახდით. ჩვენი სახლი მთავარი გზის პირას იყო. როცა ვიგებდით, ანთიმოზი უნდა დახვედროდა მატარებელს, მე, დედაჩემი და ჩემი ძმა ჩვენს ქუჩასთან ველოდებოდით. გვიხაროდა, ვიცოდით, ბავშვებსაც აუცილებლად ჩამოგვიტანდა პირის ჩასატკბარუნებელს. გახსნიდა ავლიპი ჩანთას, ამოაძვრენდა კანფეტებს და ბავშვებს დაგვირიგებდა. ეზოში დიდი ჭერმის ხე გვედგა. მის ძირში უკვე გამზადებული გვქონდა პატარა ტაბლა, რომელზეც ეწყო მაწონი, პური და სხვა თუ რაიმე გაგვაჩნდა. აუცილებლად შემოვიდოდა და როგორც ქიზიყში ჭამენ მაწონს, ისიც ისე მიირთმევდა, პირდაპირ ქილიდან. ცივი წყლის დალევა უყვარდა. იმხანად მაცივარი სად იყო. საპატიო სტუმრისთვის ანკარა ცივი წყალი რომ მიგვერთმია, ბავშვები კოკურით გავცვივდებოდით ,,ზარის წყლის" ჩამოსატანად. ჩემებო, ჩემებოო, საოცარი მოფერება იცოდა.
- ავლიპ ექიმთან ბოდბისხეველები გასასინჯად არ მიდიოდნენ?
- ჯანმრთელობის ამბებს გამოგვკითხავდა ყველას, მაგრამ არ მახსენდება, სოფელში ვინმე გასასინჯად მისულიყოს, თბილისში კი ხშირად აკითხავდნენ ,,ზემლიაკები" და ისიც ყველას ეხმარებოდა... მე მეზობელ სოფელში გავთხოვდი. დედამთილი საშინლად მკაცრი მყავდა. მისგან შევიწროებას ვეღარ ვუძლებდი და გადავწყვიტე, ისეთი რამ გამეკეთებინა, რომ ჩემი შეშინებოდა. ავდექი და ჩემს კაბას ბოლოები მაკრატლით ზიგზაგურად შემოვაჭერი. მეგონა, იფიქრებდა, გაგიჟდაო და თავს დამანებებდა. ქმრის ოჯახმა ეს ამბავი სასწრაფოდ ჩემს მშობლებს შეატყობინა. მათაც გული გაუსკდათ და მამაჩემმა თბილისში ავლიპთან გამაქცია. ავლიპს მოახსენეს, ბოდბისხევიდან არის ჩამოსული ობოლას ბიჭიო. მაშინვე გამოვიდა ჩვენს შესახვედრად, ხელი გადაგვხვია და ჩემებო, ჩემებოო, სიყვარულით გვითხრა. მამა მოუყვა ჩემს მდგომარეობას, მერე ის გარეთ გაუშვა და ისე გამსინჯა. რამდენიმე კითხვა დამისვა. ბოლოს მითხრა, ახლა მითხარი, ეგ რად ჩაიდინეო? მიხვდა, რომ ვეშმაკობდი. მეც ავდექი და ყველაფერი ვუამბე. მსუბუქი დამამშვიდებელი გამომიწერა და ხუმრობით მითხრა, წამალი დედამთილის თვალწინ დალიე და ნახავ, როგორ მოგერიდებაო...
ჩემი იქ ყოფნის დროს ერთი ასეთი ამბავი მოხდა - კორიდორიდან ხმაური შემოისმა. თეთრხალათიანი შემოვარდა ოთახში, ავადმყოფი ბიჭია, თქვენთან შემოსვლას ცდილობს და არ გვემორჩილებაო. შემოუშვითო, უთხრა ავლიპმა. წინ დაისვა, ჰკითხა, რა გვარის კაცი ხარ, სადაურიო? ან შეყვარებულს რა ჰქვიაო? ავადმყოფი გაბრაზდა, რაებს მეკითხები, იქნება ახლა ფანჯრიდან გადაგაგდოო. ავლიპი ცოტა დაფიქრდა და უპასუხა, მერე რა გგონია, ეგ კაცობაში ჩაგეთვლება? ნამდვილი ვაჟკაცი მაშინ იქნები, თუ ქვემოდან ამომაგდებ ჩემს კაბინეტშიო. სიცილი ვერ გავბედე, მაგრამ მას შემდეგ ამ ნათქვამს ხშირად ვიხსენებ.
ერთხელ მამაჩემმა ღორის დაკვლაზე დაპატიჟა. მისთვის ღორის სუკი გაამზადეს შესაწვავად, მაგრამ არ შეაწვევინა, ღორის სუკში ტრიქომონის მიკრობებია. სუკი უნდა გამოხარშოთ და მერე შეწვათო. ქათამზეც მოგვცა რჩევა - პატარა წიწილი შეწვით, დიდ ქათამს კი მიკრობები აქვს, ისიც უნდა გამოიხარშოს და მერე შეიწვასო. ავლიპი ბევრს არ სვამდა. რასაც სვამდა, იმასაც წყალს ასხამდა, ალკოჰოლი უნდა გაანეიტრალოსო.
"ურემზე გადასვეს და ისე შემოატარეს მთელი სოფელი"
ექვთიმე ზურაბაშვილი: - ყველაფერს გაპატიებდა, მაგრამ არ გაპატიებდა უცოდინარობას, ტყუილსა და უწესრიგობას. არასდროს გეტყოდა, ეს წიგნი წაიკითხეო. უბრალოდ, წიგნს დადებდა მაგიდაზე და ყველას გასაგონად იტყოდა, ეს აუცილებლად წასაკითხიაო. განსაკუთრებულად ილია ჭავჭავაძე და მისი შემოქმედება უყვარდა. მისი ყველა ლექსი და მოთხრობა ზეპირად იცოდა.
- ქეიფი უყვარდა?
- სუფრასთან მოლხენა ძალიან უყვარდა, მაგრამ გაუზავებლად ღვინოს არასდროს სვამდა. გვეუბნებოდა, 100%-იან ღვინოს ორგანიზმი ვერ ირგებს და წყალნარევი სარგებლიანია. სახლში კუპრით დალუქულ ღვინის ბოთლებს ინახავდა. სადილზე დაისხამდა ნახევარ ჭიქას, დაასხამდა წყალს, სადღეგრძელოს იტყოდა და დალევდა. ისე, მის ნათქვამს სადღეგრძელოსაც ვერც დაარქმევდი: მოჰყვებოდა საქართველოს ისტორიას და ბოლოს დააყოლებდა, მინდა საქართველო იყოს ბედნიერიო. დიდ სუფრასთან თამადა რომ იტყოდა სადღეგრძელოს, ეს კიდევ ცალკე გაშლიდა მის ნათქვამს. პროფესიულ საკითხებზე სუფრასთან და ახლობლებთან არ ლაპარაკობდა. პაციენტები შვილებივით ჰყავდა, ვინმე თუ დაცინვით რაიმეს მოჰყვებოდა, მაშინვე შუბლს შეიკრავდა და არ მისცემდა ასეთ თემაზე ხუმრობის საშუალებას.
1972 წელს ბოდბისხევში ავლიპს 80 წლის აღსანიშნავად გრანდიოზული იუბილე გადაუხადეს. ამ დღეს დაამთხვიეს სოფლის გაზიფიკაცია და ხევის გზის მოასფალტებაც, რაშიც მისი დიდი წვლილიც იყო. იქ შეჰპირდა ავლიპი ხალხს, სოფელში აუცილებლად გავხსნი ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრსო. იმხანად სიღნაღის რაიკომის პირველი მდივანი დიმიტრი გელაშვილი იყო. როცა მას შეუტყვია ავლიპის ჩანაფიქრი, თავისი აზრი გამოუხატავს, რად გვინდა სოფელში ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრი, სად გვყავს ამდენი ფსიქიკური ავადმყოფიო? ავლიპს კიდევ მიუგია, როგორ არ გვინდა, მარტო შენს გვარში ვიცი იმდენი გიჟი, საავადმყოფოს მთლიანად შეავსებს და სხვებმა რა დააშავესო? საბოლოოდ მაინც გაიხსნა ცენტრი გაურემონტებელ შენობაში, თუმცა დიდხანს არ უმუშავია...
ფინეთში ერთ-ერთ მაღალ ჯილდოდ ითვლებოდა საპატიო მეეზოვის ტიტული. ამ ჯილდოს შინაარსი პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა აღგექვა. ტიტულის კანდიდატებად მოიაზრებოდნენ როგორც ეზოს, ასევე გონების, ორგანიზმის დამსუფთავებელი ადამიანები, ანუ ექიმებიც. ავლიპი მსოფლიოში მე-12 იყო, რომელსაც ეს ჯილდო გადასცეს. ის ნევროლოგიის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი იყო. 1977 წელს ასოციაციის სხდომა ფინეთში ჩატარდა და ის ჯილდოც მაშIინ მისცეს, სამახსოვროდ კი ხე დაარგვევინეს. საქართველოში დაბრუნებული თვითმფრინავიდან საპატიო ჯილდოსთან ერთად გადაცემული ცოცხითა და ნიჩბით ხელში ჩამოვიდა.
ბოდბისხევში ხშირად ჩამოდიოდა. ყველა თავისთან ეპატიჟებოდა... იცით, კიდევ რა თვისება ჰქონდა, სახლში მოქალაქეებს იღებდა, მაგრამ თანამდებობის პირებს არა.
- მშობლიურ კუთხეში რომ გადაუხადეს იუბილე, ამის შესახებაც მომიყევით?
- ორჯერ გადაუხადეს დიდი იუბილე. 1982 წლის იუბილეზე მთელი საქართველო ბოდბისხევში იყო ჩამოსული. ავლიპი თებერვალში იყო დაბადებული, მაგრამ შემოდგომის დასაწყისში აღუნიშნეს. თბილისიდან მომავალს, სახურავგადახდილი, მორთული ,,კოლხოზნიკი" დაახვედრეს ქიზიყის შესასვლელთან. სოფლებში ხალხი ყვავილებით და შეძახილებით ეგებებოდა. ბოდბისხევის შესასვლელთან ურემზე გადასვეს და ისე შემოატარეს მთელი სოფელი. ავლიპს ნაბადი მოახურეს და თუშური ქუდი აჩუქეს. ბოდბისხეველ გოგია ჭაბაშვილს კისერზე ჰქონდა მოგდებული ბატკანი და ასე დაასაჩუქრა ჩვენი საამაყო თანასოფლელი.
"ავლიპი პაპა სოფელმა
გულით დაიტირა"
ესმა ჯანანაშვილი: - მარიამობის დღესასწაულზე ავლიპი შვილებთან ერთად ყოველთვის ჩამოდიოდა ბოდბისხევში. მთელ დღეს მათ სახლში მზადება გვქონდა. მშობლების სახლში მისი ძმა და რძალი ცხოვრობდნენ, რომელთაც შვილი არ დარჩენიათ. პატარა სახლი იყო, ერთი საძინებლით, მარნითა და ქვევრებით. ჩამოვიდოდა თუ არა, მაშინვე მშობლების საფლავზე წავიდოდა, სანთლებს დაუნთებდა. მერე ბოდბისხევის წყალზე გაისეირნებდა და ტაძრებს მოილოცავდა. ამის შემდეგ იწყებოდა ქეიფი. სხვები სვამდნენ, თავად კი წყალნარევ ღვინოს ყლუპებით სვამდა.
როცა ავლიპი გარდაიცვალა, მის დაკრძალვაზეც წავედით. შვილი მყავდა ახალი გარდაცვლილი, მაგრამ მეც არ დავრჩენილვარ სახლში. ავლიპი პაპა გულით დავიტირეთ. დიდუბის პანთეონში დავკრძალეთ ჩვენი დიდებული თანასოფლელი.
ნელი ვარდიაშვილი