"ოტობაია" ეკრანზე დიდი ასოებით დაწერეს ნიუ-იორკის ფილმების ფესტივალზე“
ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვარი ეთერ ჭკადუა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად იბრძვის, თან ცდილობს მსოფლიოს შეახსენოს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიც აქვს ოკუპირებული. ის ახლახან კინოფილმ "ოტობაიაში" გადაიღეს, რომელსაც ნიუ-იორკში მაყურებელი და ფეხზე წამომდგარი ოვაციით შეხვდა.
- ჯერ კიდევ უკარინაში ომის დაწყებამდე, 12 თებერვალს, სოციალური მედიის მეშვეობით მივმართავდი ქართველ არტისტებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გამოფენა გაგვემართა. ჩვენდა გასახარად არა მარტო ქართველი, საბჭოთა კავშირის ყოფილი კოლონიების არტისტებიც ჩაგვერთნენ. ვფიქრობდი, თუ ასეთი მასშტაბური გამოფენა ჯერ საქართველოში გაიმართებოდა, შემდეგ სხვა ქვეყნებში გადაინაცვლებდა, დიდ ყურადღებას მივიპყრობდით და მსოფლიოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს გავახსენებდით. ჩემი მიმართვიდან 12 დღეში პუტინმა უკრაინასთან ომი დაიწყო. მყისვე დავიწყე მიმოწერა ნიუ-იორკში მცხოვრებ არტისტებთან, რათა როგორმე ამეყოლიებინა უკრაინის მხარდასაჭერი გამოფენების გამართვაში. მალე სხვადასხვა ორგანიზაციამ აუქციონები გამართა, მე ჩემი ნახატების პრინტები შევთავაზე გასაყიდად და თანხა უკრაინის დასახმარებლად გადავრიცხე. ეს იყო შესაძლებლობა, უცხოელებისთვის შემეხსენებინა ჩვენი პატარა ქვეყანა და მისი პრობლემა.
- სად გაიმართა აუქციონი?
- ნიუ-იორკის ახლოს პატარა ქალაქში, სადაც რამდენიმე წლის წინ ამერიკელმა ცნობილმა არტისტებმა აიპრილ გორნიკმა და ერიკ ფიშლმა ძველი ეკლესია ხელოვნების ცენტრად გადააკეთეს. სხვა არტისტების ნამუშევრებთან ერთად იყო წარმოდგენილი ჩემი იმ ნახატების პრინტები, სადაც აფხაზეთის ოკუპაციაზე ვყვები. რასაკვირველია, ამ ქალაქში არაფერი იციან აფხაზეთზე და ნახატის თემაზე დაწერილი ჩემი ტექსტები ინტერესს იწვევდა. ეს შესაძლებლობას მაძლევდა საქართველოზე ყველასთან დეტალურად მესაუბრა. ამით ვახერხებდი, რომ საბჭოთა კავშირის გადმონაშთი რუსეთის დიდი სურათი გამეცნო ამერიკელი ხალხისთვის. ერთ-ერთი 2010 წელს დახატული "ოტობაიის" პრინტი იყო. ორიგინალი ცნობილი კანადელი კოლექციონერის კოლექციაშია.
ოტობაია აფხაზეთის ძალიან პატარა, ულამაზესი სოფელია! იქ დაიბადნენ ჩემი ბებია, ეთერ სოტკილავა, და მისი და-ძმანი. მათი ნათესავი გახლდათ ცნობილი ტენორი ზურაბ სოტკილავა. ზაფხულში დედაჩემი ჯერ სოხუმში წაგვიყვანდა, სადაც მისი დეიდები, თამარ და ტატიანა სოტკილავები ცხოვრობდნენ. ორივე პედაგოგი იყო. ენგურზე ბორნით გადავდიოდით და ოტობაიაში რამდენიმე კვირას ვრჩებოდით. დედას ბიცოლას საოცრად ლამაზი ბაღები და ეზოები ჰქონდა, ლეღვის, თხილის, კარალიოკის... რუსეთის ოკუპაციის გამო უმეტესობამ სოფელი დატოვა, მაგრამ მერი ბიცოლა ბოლომდე დარჩა. ის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი იყო, ის იყო იმ დროს პირველი ქალი, რომელიც საკუთარი მანქანით დადიოდა. მის ბიბლიოთეკაში ვნახე და წავიკითხე პირველად ფოლკნერის "სოფელი". დღეს ამერიკელებს ვუყვები, რომ პირველად ამერიკულ ლიტერატურას სოფელ ოტობაიაში გავეცანი.
- ბავშვობის მერე იქ აღარ ყოფილხართ?
- რუსეთის ოკუპაციის მერე მოვახერხე და შევიპარე. ტანსაცმელში დამალული პატარა ვიდეოკამერით ვიღებდი. როცა სოფელში შევაღწიე, იქ მერი ბიცოლას გადავუღე და ის ფირი ახლაც შენახული მაქვს... "ოტობაიის" პრინტის აუქციონზე წარდგენის დროს ამას ვუყვებოდი ამერიკელებს. იმ დღეებში გავიცანი ქეთი ბერაია, ჟურნალისტი, რომელმაც "ოტობაია" გადაიღო. ფილმის ჩვენება ჯერ ნიუ-იორკის ინსტიტუტის ეკრანზე გაიმართა, შემდეგ ნიუ-იორკის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე. ფილმის დამთავრების შემდეგ ხალხი ორივეჯერ ფეხზე წამოდგა ოვაციით. ძალიან გახარებული ვიყავი, როდესაც "ოტობაია" დიდი ასოებით დაწერეს ნიუ-იორკის ფილმების ფესტივალზე. ამერიკა დიდი ქვეყანაა და ვის რა დაამახსოვრდება, არ ვიცი, მაგრამ ასეთი ფაქტები თითქოს წარსულს აცოცხლებს. ძალიან ბევრმა გაიგო, რომ ჩვენი ქვეყნის ულამაზესი მხარეც ოკუპირებულია.
- აფხაზეთის ომის დროს თქვენმა ოჯახმა დიდი ტრაგედია გადაიტანა.
- დედაჩემის დეიდები, ტატიანა და თამარ სოტკილავები, სოხუმიდან გადმოსვლისას უღელტეხილზე გაიყინენ და გზაში დაასაფლავეს შვილებმა. მე იმ დროს მონრეალში ვცხოვრობდი, ზუსტად წინაღამით ჩემი დიდი ხნის წინ გარდაცვლილი დედა დამესიზმრა, მეუბნებოდა, ძალიან მცივაო. გავიღვიძე და საქართველოდან ჩემმა ძმამ შემატყობინა ეს საშინელი ამბავი.
- თქვენ პოლიტიკოსებსაც მიმართავთ, რომ აფხაზეთი მეტად შეახსენონ მსოფლიოს...
- 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს უფრო მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ, შესაძლებელია პუტინს არც უკრაინასთან გაეჩაღებინა ომი...
- თქვენ რამდენიმე ნახატი შექმენით რუსეთის ოკუპაციაზე.
- 2007 წელს დავიწყე ამ თემაზე ნახატების შექმნა: ,,თამადა", "შავი ზღვა", "მყვინთავი" - მყვინთავი უდიდეს გემ "მისტრალს" აფეთქებს. საფრანგეთის მთავრობა აპირებდა რუსეთისთვის მიეყიდა საომარი გემი - mistral მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომიდან მხოლოდ ერთი წელი იყო გასული. საოცარი იყო ასეთი ორმაგი სტანდარტი: საფრანგეთის მთავრობა დაეხმარა რუსეთ-საქართველოს ომის გასაჩერებლად კომუნიკაციაში და ერთი წლის მერე ამხელა ბიზნესი ჩაღდებოდა. 2014 წელს რუსეთმა ყირიმი რომ დაიპყრო, საფრანგეთმა ვეღარ გაბედა და რუსეთის ნაცვლად "მისტრალი" ეგვიპტეს მიჰყიდა.
2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე 8 თვით ადრე, იამაიკაზე ვიყავი და ერთ დღეს ჩემი ყურადღება გაზეთ "გარდიანის" სტატიამ მიიპყრო. მთელ გვერდზე სოხუმის სანაპიროს ერთი მონაკვეთის ფოტო იყო და ეწერა, შეიძლება ამ რეგიონში სერიოზული კონფლიქტი მოხდესო. როგორც კი ეს სტატია წავიკითხე, მაშინვე "შავი ზღვისა" და "სნაიპერის" დახატვა დავიწყე. როგორც კი დავასრულე, მგონი, ერთ თვეში რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომიც დაიწყო. ცხრა თვით ადრე "გარდიანში" იმ სტატიის არსებობა კარგად მოწმობს, რამდენად დიდი აბსურდი იყო ვერსიების არსებობა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ომები ასე უბრალოდ არ ხდება!
- თქვენთვის უკრაინის გამარჯვება დემოკრატიის გამარჯვებას ნიშნავს?
- აბსოლუტურად! ჯერ კიდევ არსებობს ის თაობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ცხოვრობდნენ და ის წყობა მოსწონთ. სხვა ქვეყნებში არასოდეს ყოფილან და როგორც პროპაგანდა არწმუნებდა, სოციალიზმი იყო სწორი წყობა. რუსეთში ასეთი ბევრი ადამიანია. თუმცა ამერიკაში უამრავი რუსი გავიცანი და მათთან ნამდვილად ვერ გავაიგივებ. მჯერა, საბჭოთა თაობა რომ წავა, მომავალი ახალგაზრდა რუსი პოლიტიკოსები ბევრად პროგრესულად იაზროვნებენ. უკრაინის გამარჯვება საბჭოთა დიქტატურის დამარცხება იქნება.