"ჩვენი მთავარი ოჯახი მაინც "ერისიონია"
"ვსწავლობდი სოფელ შემოქმედში. მეშვიდე კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი. აი, მერვეში კი, ყველაფერი თავდაყირა დადგა, ამის მიზეზი, ერთი ლამაზი გოგონა გახლდათ, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა. ჩემს საკლასო ჟურნალში, ორიანების მომრავლებაც მაშინ დაიწყო და პირველი მეოთხედის ბოლოს ყველა საგანში ორიანი მყავდა. ერთადერთი ფრიადი სიმღერაში მქონდა. მამაჩემი მკაცრი აღმზრდელი იყო. ეს იცოდნენ, თუმცა ბევრი ყოყმანის შემდეგ მაინც გადაწყდა მიეწვიათ იგი. სამასწავლებლოში მეც ვიყავი. სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჭანუყვაძემ, მორიდებით გადაუშალა მამას საკლასო ჟურნალი. მამამ ყურადღებით გადაათვალიერა ჩემი "წარმატებების" ამსახველი ორიანების რიგი და იკითხა: - ბოლოში ხუთიანი რაში აქვს? - სიმღერაში, უპასუხეს ხალისიანად. აი სიმღერა მე ვასწავლე და თქვენ აფერს არ აკეთებთ, აქანა?! - თქვა და მკაცრად გადახედა სახტად დარჩენილ მასწავლებლებს", - ამონარიდი ჯემალ ჭკუასელის მოგონებებიდან.მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მხოლოდ სიმღერაში დაუწერეს ხუთიანი, სწორედ იმ შეფასებამ, ქართული ხალხური სიმღერის უზომო სიყვარულმა შეაძლებინა უფრო დიდ სიმაღლეებზე აეტანა ჩვენი ეს ფასდაუდებელი კულტურა. დღეს უკვე მის სახელს უკავშირდება ანსამბლ "ერისიონის" წარმატება. ჯემალ ჭკუასელისა და ქორეოგრაფ რეზო ჭოხონელიძის ტანდემმა ეს ანსამბლი ოქროს ასოებით ჩაწერა ჩვენს ისტორიაში. ჯერ ბატონი რეზო წავიდა... შემდეგ ბატონი ჯემალი... ბატონი ჯემალის ქალიშვილი ეკა ჭკუასელი დღეს "ერისიონის" მთავარი ქორეოგრაფია, თუმცა როგორც ამბობს, ყოველ წამს გრძნობს მამის ხელს.
- „ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე უკავშირდება ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას. ორ საუკუნეზე მეტია ეს ანსამბლი არსებობს და უკვე მესამე ათასწლეულში შეაბიჯა ფეხი. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. პირველ რიგში არის ნიჭი, მეორე რიგში არის გემოვნება, მესამე და მთავარი არ უნდა დაიღალო. "რომ დაიღალო, არ უნდა თქვა, რომ დაიღალე. სადაც ხარ, იქ პირველი უნდა იყო!" - წერდა მამა.
- როგორი იყო მამასთან ურთიერთობა, როგორც ხელმძღვანელთან?
- ზედმეტის უფლებას არასოდეს ვაძლევდი თავს, მე ჯემალის შვილი ვარ-მეთქი. ეს გამორიცხული იყო. 18 წლიდან მეც შევუერთდი ანსამბლს და 2009 წლამდე ვიდექი სცენაზე... ერთი წელი გავიდა მამის გარდაცვალებიდან და ყოველდღე მოვდივარ იმ შეგრძნებით, რომ მამა აქ არის. ამ ოთახში როცა შემოვდივარ, პირველად მის სურნელს ვგრძნობ. ხანდახან ველაპარაკები ხოლმე. ხშირად მახსენდება მისი სიტყვები, ასვლა ძნელია, მაგრამ დაშვება ძალიან ადვილიო. ეს დარიგებასავით მაქვს ჩაბეჭდილი გონებაში და ვცდილობ შევინარჩუნოთ ის თამასა, არა მარტო მე და ჩემმა ძმამ, არამედ ყველა აქ მომუშავემ... ძალიან რთულია იმაზე უკეთესი გააკეთო, რაც უკვე იყო გაკეთებული. ვცდილობთ ძველი შევინარჩუნოთ და ახალიც შემოვიტანოთ. განახლებული პროგრამით 20-21 მაისს ფილარმონიაში გვექნება კონცერტი, ვმუშაობთ ახალი დისკის გამოშვებაზეც. 2022 წლის დეკემბერს კონცერტზე გამოვიტანეთ ქართლ-კახურის ახლებური ვერსია. სხვათა შორის, ეს ცეკვა პირველი ნომერი იყო ჩვენი ანსამბლისათვის, რომელიც "ცანგალა და გოგონას" სახელით გავიდა.
ინტერვიუს დროს ოთახში ეკას მეუღლემ ანსამბლის მენეჯერმა, ბატონმა ივანე ჩხაიძემ შემოიხედა. ის წლებია, "ერისიონის" დიდი ოჯახის წევრი და სოლისტია.
- თქვენს დანახვაზე ერთი ამბავი გამახსენდა, ერთხელ ჯემალთან მოვიდა ჟურნალისტი და ჯემალმაც სულით და გულით დაუწყო ანსამბლის შექმნის ისტორიის მოყოლა. იქამდე რომ მივიდა, როცა 1986 წელს დაინიშნა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად და გაქაფული ლაპარაკობს, ჟურნალისტი ეკითხება, ესე იგი, ბატონო ჯემალ, მაშინაც თქვენ იყავით ხომ ხელმძღვანელი, 1885 წელსო? ჯემალი გაშრა, გაწითლდა და უცებ ეუბნება, კი, კი შვილოო...
- როგორც ვიცი, ეკასთან ურთიერთობაზე ბატონ ჯემალთან ვერ ახერხებდით საუბარს.- სანქტ-პეტერბურგში ვართ გასტროლზე. ეკაზე ყურებამდე ვარ შეყვარებული. 8 მარტი თენდება, ღამის სამი საათია, ხიდები იხსნება და რა ვქნა, აღარ ვიცი, ვერც მანქანას ვაჩერებ და უცებ ვხედავ, გზაზე მოდის დიდი ტრაილერი. წაყვანა ვთხოვე, სასტუმრომდე კი მივედი, მაგრამ სასტუმროს კარი დაკეტილია. ხელში მიჭირავს საჩუქარი და ყვავილები. ტრაილერის მძღოლს ვეუბნები, ვერ შევდივარ სასტუმროში-მეთქი. გაეცინა. ჩადი ერთი თუ ძმა ხარო, ჩამომიშვა ტრაილერიდან და მიაჭირა საჰაერო სიგნალს ფეხი. გამისკდა გული, ახლა რომ ჯემალმა გამოიხედოს და დამინახოს, ხომ მომკლა-მეთქი. გაიღვიძა მთელმა სასტუმრომ. დარაჯი გამოვარდა და ძლივს შევაშვებინე თავი. მივაღწიე ეკას ნომრამდე, საჩუქარი გადავეცი და კარზე კაკუნია. ვაი შენს ვანოს. გავვარდი აივანზე ყვავილებით და საჩუქრით ხელში. ეკამ შიგნიდან დაკეტა აივნის კარები. შემოვიდა ჯემალი და გაუბა საათიანი ლაპარაკი. ისეთ სიმაღლეზე ვარ, რომ ვერც გადავხტები. ბოლოს, როგორც იქნა, გავიდა ჯემალი და ლოლუებდაკიდებული ოთახიდან ისე გავვარდი, ერთი სამი დღე ეკას აღარც გავკარებივარ.- არაჩვეულებრივი შვილები გყავთ - ნიკა ჩხაიძეს დღეს ყველა იცნობს, ის წარმატებული მსახიობია...
ეკა ჭკუასელი: - ბედნიერი დედა ვარ, ჩემი ორივე შვილი, ნიკაც და ირაკლიც, თავიანთ საქმეში წარმატებულები არიან. გაგვიმართლა რძლებშიც. მამა ამითაც ძალიან ხარობდა. მოესწრო შვილთაშვილსაც...
ივანე ჩხაიძე: - ბედნიერი კაცი ვარ ჩემი შვილების, რძლებისა და შვილიშვილების შემხედვარე. თუმცა, სულ ვამბობ, ჩემი და ეკას მთავარი ოჯახი მაინც აქაა, "ერისიონში". აქ იმხელა შრომა ჩადეს ჩვენმა წინამორბედებმა, რომ არა გვაქვს უფლება, ეს საქმე ღირსეულად არ გავაგრძელოთ. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ეს ანსამბლი ჩვენი ქვეყნის საგანძურია.
რუსუდან შაიშმელაშვილი